კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა ტრავმა მიიღო თათია შარანგიამ და როგორი ურთიერთობა აქვს მას ყოფილ ქმართან

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

პიანისტი თათია შარანგია ახალ ამპლუაშია. მან თითის ტრავმა მიიღო, რის გამოც მუსიკას დროებით გამოემშვიდობა და ონლაინ-გადაცემის წამყვანად მოგვევლინა. გადაცემაში – „სთორი“, სადაც ცნობილი ადამიანები ყვებიან თავიანთ ისტორიებს – ბავშვობიდან დღემდე, ისე როგორც თვითონ ხედავენ. თათიაც, „თბილისელებთან“ ინტერვიუში, გულახდილად გვიყვება თავისი თვალით დანახულ საკუთარი ცხოვრების ისტორიას.
თათია შარანგია: არასდროს მიფიქრია, რომ საავტორო გადაცემა მექნებოდა, თუმცა ჟურნალისტობა ბავშვობიდან მინდოდა. მერე მუსიკამ გადაფარა ეს ყველაფერი და არჩევანი მასზე შევაჩერე. მაგრამ თითზე ტრავმა მივიღე და მივხვდი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი დაკვრას. თითქოს სერიოზულს არ ჰგავდა, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ნერვი იყო დაზიანებული და თითზე მგრძნობელობის პრობლემა მქონდა. რაღაც დროის შემდეგ ეს აღდგება, მაგრამ მუსიკა ისეთი საქმეა, ამხელა პაუზებს არ გპატიობს. რა თქმა უნდა, მუსიკა რჩება ჩემთან, მაგრამ არა ისეთ დონეზე, როგორც იყო. მუსიკა ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია, მაგრამ ამ ახალი პროექტით ყველაფერს ვივსებ. მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა და ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ეს გადაცემა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ადამიანების ფსიქოლოგიის შეცნობა.  „სთორიც“ სწორედ ეს არის.
ადამიანები ყვებიან თავიანთ ცხოვრების ისტორიებს – ბავშვობიდან დღემდე, ისე როგორც თვითონ ხედავენ, სიახლეებით და უფრო სხვა კუთხით. თან, ამ გადაცემის ხიბლი ის არის, რომ შეიძლება, აქ უცხო ადამიანები მოდიან, მაგრამ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, მეგობრულად და ახლობლურად გრძნობენ თავს. მაყურებელი სიმართლეს მათ შესახებ ბევრ თემაზე გაიგებს.
– თათია, რა შეცვალა მესამე შვილის დაბადებამ შენს ცხოვრებაში?
– მესამე შვილმა ყველაფერი გააბრწყინა და დაათბო ჩვენს სახლში.  ბავშვები უფრო მეტად გააერთიანა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც კარგი აღმოჩნდა, არავინ ეჭვიანობს, რაღაც მფარველობითი გრძნობაც კი აქვთ მის მიმართ და სამივე აქტიურ მზრუნველობას იჩენს. ოთხივე ძალიან დიდი სითბოთი არიან განწყობილები ერთმანეთის მიმართ. ბავშვი ბარსელონაში გაჩნდა. ეს იმიტომ არ მოხდა, რომ საქართველოში არ მინდოდა ბავშვის გაჩენა, უბრალოდ, ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ ბავშვები გვეცოდებოდნენ ზაფხულში თბილისში. იქ აღმოჩნდა ძალიან კარგი კლინიკა, კარგი ექიმებით. ბავშვებმაც დაისვენეს და პატარაც იქ გაჩნდა. ყველაზე თბილი ზაფხული იყო, რაც კი ოდესმე გვქონია. პატარას ენდრიუ ჰქვია, ანდრიუშკას ვეძახით, ერთობლივად დავარქვით – მე მინდოდა ძალიან. ბევრი ბიჭი გვყავს და შერჩეული სახელები უკვე ამოგვეწურა, მხოლოდ ეს სახელი იყო დარჩენილი.
– რამდენად რთულია, როცა მრავალშვილიანი დედა ხარ?

– საერთოდ არ არის რთული. ძალიან დიდი სიამოვნებაა, რაც უფრო ბევრნი არიან, მით უფრო კარგია მათთვისაც. მათ ხასიათში აბსოლუტურად არ არის
ეგოიზმი... საერთოდ არ არის რთული. ამდენი შვილი რომ მყავს, ძალიან დიდი ბედნიერებაა და იმედი მაქვს, კიდევ უფრო ბევრი შვილი მეყოლება. აუცილებლად ვაპირებ შვილის გაჩენას – გოგო არ მყავს და მინდა. პიანისტობა, ბევრ შრომას მოითხოვს და ვისწავლე დროის სწორად გადანაწილება – ეს არის ყველაზე მთავარი და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება, ვის გარეშეც ვერაფერს მოვახერხებდი. თანაც, იმდენად სწორად მაქვს დღის წესრიგი დაცული, რომ ბავშვებსაც არ აკლდებათ დრო და ჩემს საქმესაც კარგად ვახერხებ. თუმცა ახლა იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, ზოგჯერ მგონია, დღე და ღამე არ მყოფნის იმ ყველაფრისთვის, რაც გეგმაში მაქვს.
– რა შეცვალა შენი და შენი მეუღლის ურთიერთობაში ენდრიუს გაჩენამ?
– ზუსტად ისე და უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი და ენდრიუს დაბადებით, ხომ საერთოდ, ყველაფერი კიდევ უფრო გამყარდა. მიმაჩნია, რომ ძალიან გამიმართლა იმ ადამიანში, რომელიც გვერდით მყავს. შეიძლება, იმ მომენტში ფიქრობდე, რომ ძალიან გაგიმართლა, მაგრამ იგივეს გრძნობდე ექვსი წლის მერე, ეს უკვე ნამდვილად სხვა გამართლებაა. რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი, საერთოდ არ ვფიქრობდი დაბადების დღის აღნიშვნაზე და სანდრომ ასეთი სიურპრიზი გამიკეთა – სიცილიაში წამიყვანა, ალბათ, სპეციალურად აირჩია ასეთი ზღაპრული ადგილი. არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ წლებმა ურთიერთობა არ გააუფერულოს?
– ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ და შემხვდა ჩემზე მეტად რომანტიკული ადამიანი. სანდრო სულ ცდილობს, ყოველი დღე დღესასწაულად აქციოს და ეს ნამდვილად კარგად გამოსდის. როდესაც ჰარმონიაა წყვილს შორის და თანაც, ორი გონებრივად ზრდასრული ადამიანია, იქ ყოველთვის ახერხებ, რომ ეს
ურთიერთობა რაღაცნაირად არ გაუფერულდეს. ჩვენს შემთხვევაში, სულ ვცდილობთ და ძალიან მარტივ რაღაცებში ვახერხებთ კიდეც. მაგალითად, წლების განმავლობაში ერთსა და იმავე დღეს დავდიოდით კინოში. ვცდილობთ, რომ მეგობრებთანაც გავატაროთ დიდი დრო, მაგრამ ხშირად მარტოებიც ვიყოთ. როცა ვახერხებთ, ქალაქიდან, ქვეყნიდან გავდივართ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველაფერს ძალიან ვაბალანსებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვახერხებთ, დავუთმოთ ერთმანეთს, ორივემ ვისწავლეთ, რომ ყველაზე მთავარი არის არა საკუთარი პოზიციების მტკიცება, არამედ მეტი დათმობა და ეს ძალიან ამარტივებს ურთიერთობას.
– სანდრო როგორ მიიღეს შენმა შვილებმა?
– რაც სანდროს ყველაზე ძალიან მაყვარებს, არის მისი დამოკიდებულება ჩემი შვილების, ედუსა და სანის, მიმართ. განსაკუთრებულია და მიამჩნია, რომ ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა. ბავშვებს იმდენად მეგობრული, მამობრივი, უშუალო განცდა აქვთ სანდროს მიმართ, თუ რაღაც უხარიათ ან რაღაცას განიცდიან, პირველად მას უყვებიან და შემდეგ – მე. სანდრო ძალიან ახლობელია მათთვის და ეს ყველა დედისთვის უმთავრესია. ჩემი შვილების ბედნიერებას, ნამდვილად, არაფერზე გავცვლიდი. კარგი არასდროს არის, როდესაც ოჯახი ინგრევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბავშვები პატარები იყვნენ და თანაც, ისეთი სანდრო შეხვდათ, შეუძლებელი იქნებოდა, ბავშვები დაძაბული ყოფილიყვნენ ან რამით უკმაყოფილო. ძალიან ბედნიერი და ლაღი ბავშვები არიან, რაც სანდროს ძალიან დიდი დამსახურებაა. მასაც ჰყავს შვილი დათო, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ვცდილობთ, მაქსიმალურად ხშირად ვნახოთ – ყოველ არდადეგებზე ან ის ჩამოდის ჩვენთან, ან ჩვენ ჩავდივართ მასთან, ან საერთოდ სხვაგან მიგვყავს. უყვარს საქართველო. თავიდან ძალიან გასაკვირი
იყო, რომ ედუს, სანის და დათოს საერთო ენა არ ჰქონდათ და მაინც ახერხებდნენ, ერთმანეთი ჰყვარებოდათ. სამწუხაროდ, დათომ ქართული არ იცის და ახლა უკვე ინგლისურად საუბრობენ. ბავშვებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. დათო მათ ისე ექცევა, როგორც უფროსი ძმა.
– როგორი ურთიერთობა აქვთ შენს შვილებს მამასთან – ლაშა შევარდნაძესთან?
– ბავშვები ძალიან ხშირად ურთიერთობენ მამასთან. ყოველ შაბათ-კვირას მასთან ატარებენ. ლაშა ძალიან კარგი მამაა, მუდმივად ჩართულია მათ ცხოვრებაში და მისგანაც ძალიან ბევრს სწავლობენ. ყველა გადაწყვეტილებას რაც ბავშვებს ეხება, მასთან ერთად ვიღებთ. ლაშასთან მეც ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
– თათია, შენ აფხაზეთიდან ხარ. მოგვიყევი შენი თვალით დანახული საკუთარი ცხოვრების ისტორია...
– ძალიან მეამაყება, ჩემი ფესვები რომ  აფხაზეთიდან მოდის. აფხაზეთი ჩემი ოჯახის დიდი ტკივილია. ძალიან რთულად გადაიტანეს, თუ შეიძლება ამას გადატანა დავარქვათ. ვგრძნობ, რომ აფხაზეთიდან წამოსულ ადამიანებს დიდი ტკივილი გვაერთიანებს, მაგრამ არსებობს იმედი, რომ ჩემი შვილები მაინც ნახავენ თავიანთ სახლს. ძალიან მტკივნეული იყო აფხაზეთის დაკარგვა. ეს იგივეა, თბილისიდან რომ წავიდე და არ მქონდეს აქ დაბრუნების იმედი. განსაკუთრებით რთული იყო ბაბუაჩემისთვის, მამასთვის. მე პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს. არც კი მეგონა, რომ ოდესმე ისეთი დღე გათენდებოდა, რომ აქ ისე იგრძნობდნენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ყველაფერი, რაც გააჩნდათ დატოვეს აფხაზეთში და აქ ნულიდან დაიწყეს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული გადასატანი იყო ყველასთვის.
– კონცერტი, რომელიც ყველაზე გამორჩეული იყო შენთვის?
– ძალიან ემოციურად მახსენდება, როდესაც საბერძნეთის კონკურსში გავიმარჯვე. გარდა იმისა, რომ გავიმარჯვე, ეს ბაბუაჩემის ძმის გარდაცვალების დღეს დაემთხვა. იგი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ მისი სახით, რაც ჩვენი ოჯახსითვის ძალიან მტკვინეულია. ამ დღეს ყველანი ძალიან დათრგუნულები ვართ. და ალბათ, გასაგებია, თუ რა განცდა იყო ამ დღეს ათი წლის ბავშვის წარმატება კონკურსზე, სადაც ყველა ჩემზე უფროსი იყო და მეორე ტურში გადასვლაც უკვე წარმატება იქნებოდა. ბაბუა ყვება: „სახლიდან არ გავდიოდი და არანაირი შეგრძნებები არ მქონდა. გაისმა ზარი და თათიას წარმატება გავიგე...“  ისე მიიღო, როგორც  რაღაც ზეციური გზავნილი, მესიჯი, რომ ცხოვრება გრძელდება, ამიტომ ეს კონკურსი განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება – გამარჯვებასთან ერთად სხვა ემოციური დატვირთვა ჰქონდა ჩემთვის.
 
скачать dle 11.3