№12 საყვარელ ადამიანს რომ არ გავყოლოდი, ოჯახმა ძალით გამათხოვა
მართალია, ჩემი გათხოვების ამბის მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ ვინელებ, როგორ არ გავუწიე წინააღმდეგობა ოჯახის წევრებს და არ გავყევი იმას, ვინც გულით მიყვარდა. მართალია, მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი და შემეშინდა ოჯახის წევრებისთვის წინააღმდებოს გაწევა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რამხელა შეცდომა დავუშვი. უკვე 15 წელია, ვცხოვრობ მამაკაცთან, რომელიც ვერა და ვერ შევიყვარე. უფრო მეტიც, მძულს და მეზიზღება. ეს იციან ჩემებმა და მეუბნებიან, არ გინდა შეიყვარო და არ ცდილობო. მაგრამ გულს ვერ ვუბრძანებ. რომ გამათხოვეს, არც კი ვიცნობდი, თვალითაც არ მყავდა დანახული, ისე წამომაცვა თითზე ბეჭედი და დამნიშნა. ჩემზე 19 წლით უფროსია, ფიზიკურადაც შეუფერებლები ვართ და, რაც მთავარია, საშინელი ხასიათი აქვს. საკუთარ ნათესავზეც კი ეჭვიანობს, რატომ მოდის, მე რომ სახლში არ ვარ, შენ ხომ არ გეპრანჭებაო. ისეთი ხეპრე და გაუთლელია, ლაპარაკსა და ახსნას აზრი არ აქვს. უბრალოდ, ვჩუმდები და ჩემს დარდს გულში ვიკლავ. შვილებსაც მკაცრად ექცევა და მათზე ვარ გადაფარებული. ჩემი ყოფილი შეყვარებული, მართალია, შეძლებული არ იყო, მაგრამ ამას არც კი შევადარებ. უბრალოდ, ჩემებმა იმის გამო დაიწუნეს, რომ მის ოჯახს კარგი წარსული არ ჰქონდა, დედა გაუთხოვდა და მამამ სხვა ცოლი მოიყვანა. დედინაცვალიც ჩუმ-ჩუმად ღალატობდა ქმარს და ეს ყველამ იცოდა. მოკლედ, ამის გამო, ჩემმა ოჯახმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – ამას არ გაყვები ცოლადო. თვითონ ბიჭი, არაჩვეულებრივი კაცი დადგა, ოჯახიც შექმნა და ცოლს ხელის გულზე ატარებს. რომ დავინიშნე, სახლთან მომაკითხა, ჩუმად შევხვდი და მითხრა, გავიპაროთ, სადმე შორს წავიდეთ, ყველაფერს შევძლებთ – ვიმუშავებ, თავს არ დავზოგავ და დავუმტკიცებთ ყველას, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვსო. მე, სულელს, შემეშინდა, ჩემები მომკლავენ-მეთქი და უარი ვუთხარი. რა ვიცი, იქნებ, ეს იყო ჩემი ბედი. წლების წინ შემხვდა ჩემი ყოფილი შეყვარებული, შვილთან ერთად მოდიოდა. რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა. მომესალმა, არც კი გადამკოცნა და ცივად მომიკითხა. მინდოდა, ყველაფრისთვის ბოდიში მომეხადა, მეღრიალა, მის წინ ცრემლები მეღვარა, მაგრამ შემრცხვა. მითხრეს, თურმე, ჩემი გათხოვების ამბავი რომ გაუგია, ცხარე ცრემლით უტირია, დღეების განმავლობაში ოთახში ყოფილა გამოკეტილი და თავის მოკვლაც კი უცდია. ეს ამბავი გვიან გავიგე, უკვე დედა ვიყავი. ძალიან განვიცადე. ცოლი რომ მოიყვანა, გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ სადღაც გამიხარდა. მე ვერ გავაბედნიერე, ტკივილი მივაყენე და იქნებ, მან მაინც შეიყვაროს ისე, როგორც მე და ბევრი ბედნიერი დღე აჩუქოს-მეთქი. მერე, ისიც გავიგე, ის გოგო არ ჰყვარებია. უბრალოდ, ოჯახი რომ ჰქონოდა და შვილები გაეჩინა, იმიტომ მოიყვანა და დღესაც უსიყვარულოდ, უღიმღამოდ დადის, გულში იკლავს დარდსა და ტკივილს. მრცხვენია, ოჯახისგან დაჩაგრული ადამიანი, ჩემგანაც რომ გამწარდა და დაითრგუნა. ჩემსავით არ უყვარს თავისი მეორე ნახევარი და ორივე ცალ-ცალკე ვიტანჯებით. მართლა სასტიკი და დაუნდობელი ყოფილა ცხოვრება. მინდა, ბოდიში მოვუხადო, მაგრამ რა ვუთხრა? იმიტომ გაგწირე, რომ ჩემს ოჯახს არ უნდოდი-მეთქი? დამიჯერეთ, ამაზე საშინელება არაფერია, როცა გიყვარს და მის გვერდით არ ხარ, ხოლო ვინც გძულს, ყოველდღე მას უყურებ.
ნანა, 36 წლის.