№12 როგორ მოვიცილოთ კანზე გაჩენილი სტრიები სახლის პირობებში
სტრიები არის კანის დაჭიმვის შედეგად გაჩენილი წითელი, ვარდისფერი ან იასამნისფერი შეფერილობის ზოლები, რომლებიც, ძირითადად, მკლავების, მკერდის, თეძოს, მუცლისა და სხეულის სხვა ზონებში ჩნდება და დროთა განმავლობაში, უფერულდება. სტრიების გაჩენის თავიდან აცილება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს მათ მიმართ განწყობა: ჰორმონული დარღვევები, თხელი მოშვებული კანი და უკვე არსებული სტრიები წონის უმნიშვნელო მერყეობისას. სიფრთხილე მართებთ იმ ქალბატონებს, რომლებიც ხშირად იმატებენ და იკლებენ წონას, ასევე, ორსულებს. სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოთ კოლაგენის, ელასტინისა და A, C, E ვიტამინების შემცველი კრემები. რაც კანს არაჩვეულებრივად ამკვრივებს, ელასტიკურობას მატებს და სტრიების გაჩენასაც ამცირებს. კარგი შედეგი აქვს ზეითუნის ზეთით კანის მსუბუქ მასაჟს, სტრიების შესაძლო წარმოქმნის ადგილებში – მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე. სტრიების საწინააღმდეგო საშუალება უნდა წაისვათ მთელ სხეულზე შხაპის შემდეგ, ყოველდღიურად.
ასევე, შეგიძლიათ, სახლის პირობებში ადვილად მოამზადოთ კრემები და პილინგები, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაეებათ.
* ერთმანეთში აურიეთ 150 მილილიტრი იოგურტი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ცალი გახეხილი ლიმონის ქერქი. დაიდეთ ეს ფაფა დაზიანებულ კანზე 20 წუთით. ჩამობანისას კარგად დაიზილეთ. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
* აიღეთ 1 ავოკადო, 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 სუფრის კოვზი ხორბლის ზეთი. ავოკადო ბლენდერში ათქვიფეთ, დაამატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს, ზეთი. დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტი ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.
* ახალგაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედებს შავი ყურძნის წვენი. შავი ყურძენი დასრისეთ, აქციეთ ფაფად და 20 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.
* შაქარი შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მკვდარი ქსოვილების მოსაშორებლად. აიღეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი და ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და შეიზილეთ უშუალოდ სტრიებზე. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა ერთი თვის განმავლობაში, სანამ სტრიები არ გაქრება.
* კარტოფილის წვენი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. ის ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას. კარტოფილს მოაჭერით სქელი ნაჭერი და ისვით დაზიანებულ ადგილას, სანამ წვენი ბოლომდე გამოუვა და მშრალი გახდება. კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* ზეითუნის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ნივთიერებებით, რომლებიც ეფექტურია კანის დაზიანებისთვის. სტრიებთან საბრძოლველად, თბილი ზეითუნის ზეთი ნაზად შეიზილეთ პრობლემურ ადგილას. ეს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და სტრიებს აუცილებლად შეამცირებს.
* ალოე მიიჩნევა ყველაზე ეფექტურ ჰომეოპათიურ საშუალებად სტრიებისა და კანის სხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ის ცნობილია თავისი სამკურნალო და დამამშვიდებელი თვისებებით. დაიმასაჟეთ პრობლემური ადგილები ალოე ვერათი და ცოტა ხანში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ სტრიებს, ორი კვერცხის ცილა გათქვიფეთ. წაისვით კვერცხის ცილა სტრიების ადგილას, სუფთა კანზე. როდესაც შეშრება, ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით ზეითუნის ზეთი. გაიმეორეთ პროცედურა ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად.