№12 როგორ უნდა გამოიძიოს ადამიანმა საკუთარი რწმენა და ქრისტიანობა და აუცილებელია თუ არა ეკლესიისთვის შესაწირის გაკეთება
სულ მალე მართლმადიდებლური სამყარო ბზობის დღესასწაულს იზეიმებს. დიდმარხვაში ქრისტიანები შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოშიც მონაწილეობენ. როგორ უნდა მოვემზადოთ ნელ-ნელა აღდგომის დღესასწაულისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ბრმად კი არ უნდა მიიღოთ ღმერთი, უნდა გამოიძიოთ თქვენი რწმენა, მართლმადიდებლობა, სიღრმეში ჩადით და მოიპოვებთ სულის ცხონებას. სიღრმეში რომ ჩავიდეთ, მაშინ, უნდა გავიგოთ‚ როგორ დავბრუნდეთ სამოთხეში. დღეს ყველას შეუძლია მარხვის შენახვა‚ თუნდაც გაჭირვების გამო, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს გააზრებულად, სინანულით, მთელი თავისი დანიშნულებით. იმიტომაც ჰქვია „დიდი მარხვა“, რომ მას შეუძლია ადამიანის ეკლესიაში დაბრუნება, ცხონება. რაც მთავარია‚ არ უნდა იყოთ ფარისევლები და ორგულები. მარხვაში კი ყველაზე მთავარია, რომ თქვენში დაცხრეს მრისხანება, განკითხვა. გაეცით მოწყალება, სიყვარული აღდგეს თქვენში. სულითა და გულით ილოცეთ, წაიკითხეთ წმიდა წერილი – ძველი და ახალი აღთქმა; და, კიდევ – სინანული, რომელიც გულწრფელი უნდა იყოს. თუკი შენ ისე გარდაიცვლები, რომ ვერ მოასწრებ მოყვასისთვის შენდობის თქმას, ვერ ცხონდები. ღმერთი არის აბსოლუტური სული, თავისუფლება, სიყვარული... მას არ უნდა, რომ მის მიერ შექმნილი ადამიანი იყოს ბიორობოტი. მას სურს, რომ ადამიანმა თავისი მოწოდების სიმაღლე კეთილი ნების გონივრული გამოყენებით დაამტკიცოს. ამიტომაც მისცა იმის საშუალება, რომ მასთან ყოფილიყო.
– მუდმივად დაისმის კითხვა: რამდენი უნდა შესწიროს ადამიანმა ღმერთს საკუთარი შემოსავლიდან, განსაკუთრებით კი, მარხვის დროს?
– ძველ აღთქმაში მალაქია წინასწარმეტყველი უფლის სიტყვით ბრძანებს: „მოიტანეთ მთელის მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში“. აქ საუბარია არა მოძღვრის სახლზე, არამედ, უფლის სახლზე. თქვენ თუ მოიტანთ მეათედს, მე თქვენ ოჯახებს ავავსებ საგანძურით – ეს არის ღვთის სიტყვა. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის სულიერი და ხორციელი მოწყალება. აუცილებელი არ არის, რომ თქვენ ეკლესიას შესწიროთ გარკვეული თანხა. ძალიან მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მართლმადიდებლად დამარხვა, რადგან, ამასთან დაკავშირებით, ადამიანებმა ბევრი რამ სწორად არ იციან, ბევრი ცრუსწავლება არსებობს. ლოცვას მიცვალებულთათვის ხომ არ სჭირდება თანხა?! შეგიძლიათ, მოძღვარს ჰკითხოთ‚ ვინ არის ეკლესიაში ცუდად. დაეხმაროთ, მოიხსენიოთ ლოცვებში. მოხარულებთან – იხარეთ, მოტირლებთან – იტირეთ‚ ამას სჭირდება მხოლოდ თქვენი ბაგეები, ლოცვა, სურვილი და რწმენა. გზაშეცდომილთა მოქცევა – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მრავლად დაეხეტებიან ქუჩაში და ჩვენ ხშირად გვეზარება მათთვის იმის თქმა: წამოდი ეკლესიაში, ნახე იქ რა ხდება. ხედავთ‚ ვიღაც ლოთია, ვიღაც მრუშია, ბილწსიტყვაობს, მაგრამ, ეს ჩვენ არ გვეხება, რადგან ჩვენი ახლობელი არ არის და ამიტომ არაფერს ვეუბნებით. უგუნურთა დამოძღვრა ძალიან ძნელია, მაგრამ, მაინც უნდა ვეცადოთ. ოღონდ, ადამიანები უნდა ამხილოთ თქვენი პირადი ქმედებით, მოაქციეთ და არ აჰყვეთ, რომ მისი მსგავსი უგუნური არ გახდეთ. შენ თუ კეთილი ხარ, იცი კეთილისა და ბოროტის გარჩევა, მაშინ‚ შეგიძლია‚ სხვას მისცე რჩევა. ადამიანი ხომ უცბად არ ხდება ბოროტი, ცუდი. ამიტომ‚ სანამ დაეცემა, მანამდე მიდი და კეთილი რჩევა მიეცი. ვის კართან დაიჩოქებს ხვალ სნეულება, არავინ იცის. რაც მთავარია‚ ნუ გახდებით შემფასებლები და, პირიქით‚ დაეხმარეთ მათ ისე, როგორც შეგიძლიათ.
– დიდმარხვაში ეკლესია შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს აღასრულებს, რომელზე დასწრებაც ყველა ქრისტიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორც ეკლესიაში დადგენილი შვიდი საიდუმლო, ზეთისცხების საიდუმლოც სათავეს იღებს წმიდა წერილიდან, კერძოდ კი, იაკობ მოციქულის ეპისტოლედან. „თუ იყოს თქვენ შორის ვინმე ავად, მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ილოცონ მასზე, სცხონ ზეთი უფლის სახელით და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამე ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება“. აქ საუბარია არა ეკლესიის გარეთ მყოფ, არამედ ეკლესიის შიგნით მყოფ ადამიანზე, რომელიც არის ეკლესიის წევრი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. როდესაც ადამიანი გახდება ცუდად, მისმა ახლობლებმა უნდა მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ნებისმიერ მოძღვარს, რომელიც მასთან მიბრძანდება, ზეთისცხების ლოცვებს წაუკითხავს და ეს ადამიანი სარწმუნოებით განიკურნება. არა მხოლოდ ზეთისცხება, არამედ რწმენის ლოცვა გადაარჩენს ადამიანს. როგორც ვიცით, შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო დიდმარხვაში აღესრულება, თუმცა, შეიძლება, ეს სხვა დროსაც აღსრულდეს. რადგან პრაქტიკაში ეს საიდუმლო იშვიათად აღესრულება, ამიტომ ეკლესიამ განაჩინა, რომ დიდმარხვაში, როდესაც ადამიანები არიან სინანულში, მარხულობენ, ეკლესიაში ერთიანი ლოცვით მიიღონ ზეთისცხებაში მონაწილეობა.
იდეალური ვარიანტია, როდესაც შვიდი მოძღვარი სცხებს ზეთს, მაგრამ, შეიძლება, ეს საიდუმლო ერთმა სასულიერო პირმაც აღასრულოს.
– სულ მალე ეკლესია ბზობის დღესასწაულს იზეიმებს. ამდენი საუკუნის შემდეგ‚ როგორ უნდა მივიღოთ სახედარზე ამხედრებული მაცხოვარი?
– თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ‚ სახედრის შვილზე ამხედრებული მესია უნდა მივიღოთ მარხვით, ლოცვითა და ეკლესიური ცხოვრებით. მას შეეძლო‚ იერუსალიმში ცხენზე ამხედრებული შესულიყო, მაგრამ, ცხენი ბრძოლის, გამარჯვების სიმბოლოა, შესაბამისად‚ მასზე ამხედრება და ისე შესვლა, ნიშნავს გამარჯვებას, აღზევებას. გაუხედნავი კვიცი კი არის მორჩილების, თავმდაბლობის სიმბოლო და, როდესაც მაცხოვარი მასზე ამხედრებული შედის, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მაცხოვარი შედის არა ამქვეყნიური დიდებისთვის, არამედ, ზეციური დიდებისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, თავმდაბლობითა და სიმშვიდით მოიპოვება. როდესაც ადამიანები ბზის ტოტებს, რტოებს აკურთხებინებენ მოძღვარს, ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარი სახლის ზღურბლს, კარიბჭეს უღებენ მაცხოვარს და მაცხოვარი მათთან შედის. როდესაც ჩვენ მიგვაქვს ბზა, სიმბოლოს მადიდებელნი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ, სიმბოლოს საწყისისა. მრავალი ქრისტიანი, რომლებსაც ბუჩქების სახით ძალიან ბევრი ბზა მიაქვთ სახლში, სასოებენ ბზის ტოტებით, მათ ჰგონიათ, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ბზა უნდა წაიღონ სახლში და ამით დიდ რწმენას გამოხატავენ. ბზობის დღესასწაულზე გამოჩნდა აჩრდილი ჯვრისა და ეს აჩრდილი ნათელი გახდება ჩვენ წინაშე, როდესაც შევუდგებით დიდ ორშაბათს. ეს არის სამზადისი იმისა, რომ‚ თუ არ ვეცვით ჯვარს‚ არ ვიტვირთეთ და არ ვიარეთ გოლგოთაზე, მაშინ ჩვენი აღდგომა, სიხარული იქნება წარმოუდგენელი. ქრისტიანებს ღვთის განდგომილების საუკუნეში გვიწევს ცხოვრება. ბოლო წლებში ცხოვრების რიტმი განსაკუთრებულად დაიძაბა. ადამიანთა ყოფა ხშირად მიწიერი, ხორციელი ინტერესებით შემოიზღუდება. მათი უმრავლესობა დაუზოგავად ხარჯავს ღვთისგან მომადლებულ ენერგიას დროებითი, წარმავალი სიამოვნების მოპოვებისთვის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, ცოდვით დაცემულმა უგუნურმა და უღმერთო ადამიანებმა, განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს, სიკვდილი მიუსაჯეს, რომელმაც, ტანჯვისა და გვემის სანაცვლოდ, მათ მიტევებით უპასუხა, შეურაცხყოფის სანაცვლოდ – ლოცვა-კურთხევით, სიკვდილის ნაცვლად – უკვდავებით. უღმერთო ადამიანებს არასდროს გამოუხატავთ შემოქმედისადმი ისეთი სიძულვილი, როგორც მაშინ, როდესაც ის ჯვარს აცვეს და ღმერთსაც არასდროს გამოუხატავს ადამიანებისადმი ისეთი სიყვარული, როგორც აღდგომის დროს. ადამიანებს უნდოდათ, ღმერთი მოკვდავად ექციათ, მაგრამ, ღმერთმა თავისი აღდგომით ადამიანები აქცია უკვდავებად.