კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ უთხრეს აკაკი შანიძეს: რატომ დაეთრევი ჯავახიშვილთანო და რატომ რცხვენოდა ივანე ჯავახიშვილს გარეთ გამოსვლის

თათია ფარესაშვილი თათა ჩიკვილაძე

ივანე ჯავახიშვილის აღუწერელი ღვაწლის მიუხედავად, მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მწირია. მასზე  უფრო  მეტის გასაგებად და ახლოს გასაცნობად, მის შვილიშვილს მივმართეთ. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ თარხუჯ ჯავახიშვილთან, რომელიც, პაპისგან განსხვავებით, პროფესიით არქიტექტორია და 30 წელზე მეტია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.
– როგორი პიროვნება იყო ივანე ჯავახიშვილი? თქვენგან გვინდა, რომ გავიცნოთ.
– ჩვენდა სამწუხაროდ, მე და პაპა დროში ავცდით ერთმანეთს – წელიწადითა და თორმეტი დღით. მე რომ უფრო ადრე დავბადებულიყავი ან, ის გარდაცვლილიყო მოგვიანებით, ალბათ, უფრო მეტის მოყოლას შევძლებდი. ასე რომ, მეც, თუ რამე ვიცი, მხოლოდ მოსმენილით. ძალიან მერიდება მასზე საუბარი ჩემი პირადი დამოკიდებულებისა და პატივისცემის გამო. ამიტომ, წაგიკითხავთ წერილს. აკადემიკოსად რომ აირჩიეს, მისალოცი ბარათები მიიღო. ერთ-ერთს ასე უპასუხა, რა თქმა უნდა, მადლობის შემდეგ: „აკადემიკოსობას უნდა, რომ ჩემს სამეცნიერო საზოგადოებრივ მოღვაწეობას გაორკეცება, გაორმაგება მოჰყვეს. ჩემი ძალღონე კი უაღრესად დაძაბულია და ჩემს ჯანმრთელობას ამაზე მეტის ატანა არ შეუძლია. გამოვა ისე, რომ ახალ მოვალეობას პირნათლად  ვერ ავასრულებ. ამას კი მიჩვეული არა ვარ და ეს ზნეობრივად დამტანჯავს.“ ეს სიტყვები რამდენჯერაც უნდა წავიკითხო, ჩემზე ძალიან მოქმედებს. უკიდურესად თვითკრიტიკული იყო ადამიანი, რომელმაც ოცი კაცის საქმე გააკეთა. ვიღაცას შეიძლება, ეგონოს, რომ რაღაც პოზა უჭირავს, მაგრამ ის მართლა ასეთი იყო. შეიძლება ითქვას,
ეს სიტყვები მისი მრწამსია. ასეთი იყო პიროვნულად.
– იმ დროს, როცა უსამართლობა და კორუფცია ყვაოდა, ალბათ, რთული გახლდათ ღირსეული ადამიანის ცხოვრება. როგორი იყო მისი ოჯახური  და მატერიალური მდგომარეობა?   
– რთული.  მე მათი წერილები მაქვს წაკითხული, იმდენად უჭირდათ, რომ ბავშვებს დახეული ფეხსაცმელები ეცვათ. სახლში გათბობა არ ჰქონდათ და ივანეს წერის დროს ხელები სულ დახეთქილი ჰქონდა. რევოლუციის შემდეგ ერთ სახლში ჩვიდმეტი ადამიანი ცხოვრობდა. ახლაც, იმ სახლში რომ  მივდივარ, სულ ვფიქრობ, რანაირად ეტეოდნენ. ოთახიდან რომ გამოდიოდა, არასდროს იყო მოუწესრიგებელი. შინაურულად და ფლოსტებით არასდროს გამოსულა. ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. არ უყვარდა კალოშები, არადა ტალახისგან მშვენივრად იცავდა ფეხსაცმელს. ერთხელ მაინც უყიდეს, ჩააცვეს. საღამოს ბრუნდება და აღარ აცვია. რა უყავიო, ცოლი ეკითხება (იცინის). იცი, რა მოხდა? ავტობუსში რომ ავდიოდი, ბევრი ხალხი იყო და ვიღაცამ დამიძახა: ბატონო, კალოში გაგძვრათო. ხომ არ ჩამოვხტებოდი, მეორეც ჩავაგდეო (იცინის).
–  კიდევ გაიხსენეთ მისი პიროვნების ამსახველი ისტორია.
– 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ამბოხის ღამეს, მეეზოვემ საიდუმლოდ შეატყობინა ოჯახს, რომ
„ჩეკადან“ იყვნენ მოსულები და ბატონი ივანე იკითხესო. გაიგო თუ არა ეს პაპამ, ფეხით  წამოვიდა თბილისში კარსნიდან. მთელი ღამე იარა და თვითონვე გამოცხადდა „ჩეკაში“. დააპატიმრეს. საკანში რომ შევიდა, პატიმრებმა იცნეს. ლოგინი გაუშალეს, მოემსახურნენ, ვახშამიც შესთავაზეს, მაგრამ ივანემ  უარი თქვა: ახლა უკვე გვიანია, მე ადრე მიყვარს დაძინება. თუმცა, ნუ მივეცემით პესიმიზმს, დილას ვიწყებ ლექციას საქართველოს ისტორიაზეო. მაგრამ, გამთენიისას დაუძახეს: „ჯავახიშვილი ს ვეშჩამი.“ ეტყობა, ეს დაპატიმრება რაღაცას ნიშნავდა.  ერთხელ, თურმე, ასეთი ხმა დაირხა თბილისში, ივანეს ფურცლები დაუშხამესო. მაგრამ უმაღლესი კულტურის ადამიანები გადაფურცვლის დროს, თითებს ნერწყვით  არ ისველებენ.
– ალბათ, მასზე დიდი ზეწოლა იყო. თქვენი აზრით, როგორ უმკლავდებოდა?   
– რა თქმა უნდა, იქნებოდა.  თუნდაც, ის ფაქტი რომ გავიხსენოთ: უმაღლესი სასწავლებლის რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენების უფლება თვით ლავრენტი ბერიასაც კი არ მისცა. როდესაც ის პაპასთან მივიდა და უთხრა, რომ მის ცოლს უნივერსიტეტში სწავლა უნდოდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სკოლის ატესტატი არ ჰქონდა და – ვერ მივიღებთ უნივერსიტეტში, წესია ასეთიო. ამაზე ბერიას უთქვამს: ბრძანება რომ იყოს ზევიდანო? ივანეს პასუხი: უნივერსიტეტში ბრძანებებს მე ვიძლევიო. ამით
დამთავრდა კიდეც ეს ამბავი.
– მეგობრებიდან ვისთან ურთიერთობდა ხშირად?
– ბოლო პერიოდში, რაც აქეთ ცხოვრობდნენ, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მძიმე დრო იყო და არ ჰქონიათ მხიარულების ხალისი.  დააპატიმრეს, ჩამოაშორეს
უნივერსიტეტს. ათას სისაძაგლეს ავრცელებდნენ მის შესახებ. ბებიასთვის უთქვამს ერთხელ:  ჩემი საზოგადოებაში  გასვლა აღარ  შეიძლება, გამირბიან, თითქოს რცხვენიათ ჩემიო. რა თქმა უნდა, ბევრი შიშით არიდებდა თვალს. ერთხელ აკაკი შანიძეს უთხრეს, რას დაეთრევი მაგ ჯავახიშვილთანო. მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომელიც სხვისი ჩაწიხვლით კარიერულ ქულებს დაიწერსო. აკაკი ბოლომდე გვერდში ედგა პაპას და ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა: დიახ, მე მისი თანამოაზრე ვარ და ვიქნებიო. ასევე, ზაქარია ფალიაშვილი სისტემატურად დადიოდა მასთან სახლში, ამხნევებდა რთულ პერიოდებში.  დაჯდებოდა როიალთან და უკრავდა. მაშინ უკვე პაპას ყურთასმენა თითქმის აღარ ჰქონდა და თურმე, ზაქარია რომ უკრავდა, ის ყურს ზემოდან ადებდა როიალს, რომ მოესმინა. სხვათა შორის, შესწორებებსაც აძევდა ხოლმე. ზაქარია პირველს პაპას ასმენინებდა მის შემოქმედებას.
– ანასტასია – თქვენი ბებია,  რა ინფორმაციას გაწვდიდათ მასზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან?

– ძალიან ჰარმონიული იყო მათი ურთიერთობა. ბებია გახლდათ ერეკლე მეორის შთამომავალი. განათლებით ერთ-ერთი პირველი მევიოლინე ქალი. ფუფუნებაში იყო გაზრდილი და პაპასთან სულ სხვა ცხოვრება მოუწია. არაფერს თაკილობდა, დადიოდა ბაზარში, იდგა ნავთის რიგში. ისე უვლიდა,  როგორც ბავშვს. ბოლოს პაპას წერა უჭირდა და ბებიამ მისი ნაშრომების გადათეთრება დაიწყო, რასაც მთელი გულით აკეთებდა.  
არაფერს გვახვევდა თავს. ძალიან მტკიცე და სერიოზული ქალბატონი გახლდათ.  ერთადერთი, რასაც გვეუბნებოდა, იყო ის, რომ: ჩვენ არანაირი დამსახურება არ გვაქვს, ივანე ჯავახიშვილი რომ ბაბუა იყო. თუ ვერ შეძლებთ, ღირსეულები იყოთ, ისე მაინც ნუ მოიქცევით, რომ შეარცხვინოთო. ძალიან უყვარდათ მათ ერთმანეთი. ბებიას ყოველთვის ემჩნეოდა მისადმი სიყვარული, შეიძლება ითქვას, კერპად ჰყავდა.
– როგორც ცნობილია, ბატონი ივანე მთელი ცხოვრება მკაცრ კვებაზე იყო და ამის მიზეზიც ჰქონდა.
– დიახ, ერთხელ ბაბუამ საშაქარლამეში შეიარა. კრემიანი ნამცხვრით მოიწამლა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მაგრამ, მთელი ცხოვრება უმკაცრეს დიეტაზე იყო, ისე დასუსტდა, ექიმმა ერთი სუფრის კოვზი წითელი ღვინო, ქორფა მწვანილი და ტვინის კატლეტები დაუნიშნა. ანასტასია ძალიან ზრუნავდა მის კვებაზე. სახლში მოჰყავდა მწვანილი, კარგ ღვინოს არჩევდა, ყოველთვის ერთი და იგივე დუქანში ყიდულობდა ხორცს. ერთ დღესაც ამ ყასაბმა უთხრა: სულ ტვინი, ტვინი... კი, მაგრამ, ვინ გყავთ სახლში ასეთი უტვინოო. რა იცოდა, რომ ივანე ჯავახიშვილზე ლაპარაკობდა (იცინის).
– სანამ საქართველოსათვის ასე იღვაწებდა, როგორი იყო ახალგაზრდობაში?
– ზაფხულია, ცხელა და ლისის ტბაზე ავიდნენ მეგობრებთან ერთად. უცბად, ხედავენ, რაღაც ჩოჩქოლია. ხალხი ყვირის, იხრჩობა! უშველეთ! უამრავი

ადამიანია შეკრებილი და ყვირილის მეტს არავინ არაფერს აკეთებს. მას კი უფიქრია: ნეტა, რას უცდიან, ვის უცდიან? ვინ არის ეს ვიღაცა, ვისაც უცდიან? ალბათ, მე მიცდიანო და გადახტა წყალში, ისე რომ, ცურვა არ იცის, არავის გადამრჩენი ის არ არის, მაგრამ  ფაქტია, გამოაფხიზლა ხალხი. ამის შემდეგ მიჰყვა ათი კაცი და ამოიყვანეს ისიც და ესეც. აი, ეს ჰქონდა მას ყოველთვის – მაგალითის მიცემისა და პასუხისმგებლობის უნარი.
– ბატონო თარხუჯ, თქვენი სახელი ძალიან იშვიათია. მგონი, ბატონ ივანეს მიუძღვის წვლილი მის არჩევაში.
– ატენში, სადაც უძველესი  ქართული კულტურული ძეგლია – ატენის სიონი, მერვე საუკუნეში აგებული, იქ, შიგნით, კედელზე არის წარწერა: „853 წლის თვესა აგვისტოსა დღესა შაბათსა რიცხვსა 6-სა თბილისი აიღო ბუღა თურქმა და მისმა სარდალმა-ზირაქ შეიპყრო კახა და ძე მისი თარხუჯი“. ივანეს, თავის კვლევებით, მიაჩნდა, რომ ეს კახაბერი და თარხუჯი იყვნენ თორელები და ჯავახიშვილების გვარიც არის თორელების განშტოება. ამიტომ მათზე ამბობდა, რომ ჩვენი წინაპრები იყვნენო. ვაჟი რომ შეეძინა, კახა დაარქვა. შემდეგ, როცა მე უნდა გავჩენილიყავი, შეიძლება, ივანეს ჩანაფიქრი იყო და მამიდაჩემმა – მოდი, თარხუჯი დავარქვათო. კახა გავრცელდა უფრო, თარხუჯი არა და სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში ჩემი სახელის ცოტა მერიდებოდა ხოლმე. იწყებოდა კითხვები: რა არის? როგორ არის? საიდან არის? რომ გავიზარდე, უკვე იუმორში გადამივიდა. უკვე ვიცი, როგორი  მოლოდინი და რეაქცია იქნება და ამიტომ მზად ვარ  ხოლმე (იცინის).

скачать dle 11.3