კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 როგორ იქცნენ დღეს ქართველები სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მცირერიცხოვან ეთნოსად და რატომ იყო გასული საუკუნის 30-იან წლებში ყოველი მეორე სამხრეთკავკასიელი ქართველი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მთავრობის ინიციატივით, ყოველი ოთხ და მეტშვილიანი ოჯახი სახელმწიფოსგან მიიღებს 240-ლარიან წლიურ ვაუჩერს ელექტროენერგიაზე, იმას გარდა, რომ ოთხშვილიანები წელიწადში 240 ლარსაც მიიღებენ, თითოეულ დამატებით შვილზე კი 120-120 ლარს (წლიურად). დახმარებების ოდენობა არც თუ შთამბეჭდავია და ვერც დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას შეუწყობს ხელს. თუმცა, პირადად მე, სავალალოდ უფრო სხვა საკითხი მეჩვენება: ქვეყანაში სულ 12 000 ოთხ- და მეტშვილიანი ოჯახია. ამ რაოდენობაში არ იგულისხმება იმდენად შეძლებული ოჯახები, რომელთა ყოველთვიური კომუნალური ხარჯი 500-ლარიდან იწყება. ასეთები არც ისე ბევრია, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, დავუშვათ, რომ კიდევ ერთი ამდენი. ასეთი დემოგრაფიული რეალობის ფონზე, ცხადია, იბადება რიტორიკული კითხვები, მათ შორის, რისთვის გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუკი მოსახლეობა იმ ტერიტორიის ასათვისებლადაც არ გვყოფნის, რაც ოკუპაციის შემდეგ დაგვრჩა. არის თუ არა ადეკვატური ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა და  როგორია საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებელი რეგიონში? – ამ თემებს ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– ადეკვატურია ქვეყნის დემოგრაფიის მხარდასაჭერად ის ღონისძიებები, რომლებიც ჩამოვთვალე, არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით?
– ამ კითხვაზე პასუხი ადვილიცაა და რთულიც, ადვილი – იმიტომ რომ ყველაფერი ხელისგულზეა და რთული – იმიტომ რომ ბევრი პრობლემაა გადაჯაჭვული ამ მარტივ საკითხში და ყველა ასპექტი მას თავისკენ ექაჩება. ცნობილია, რომ საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც შობადობის დონე დაბალია და ამის გამო მოსახლეობის მედიანური ასაკი წლიდან წლამდე მატულობს. არ მივეკუთვნებით ეკონომიკურად ძლიერ სახელიწიფოებს, რომლებსაც საკმარისი რესურსი აქვთ შედარებით აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად. ზოგადად, რა არის ეს დემოგრაფიული პოლიტიკა? ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს დემოგრაფიაზე. ეს ეხება როგორც მოსახლეობის აღწარმოების, ისე მიგრაციის საკითხებს. რა გვინდა: წავახალისოთ შობადობა თუ წავახალისოთ მიგრაცია და იმიგრაცია?! მაგალითად, გასული საუკუნის 90-ანი წლების გერმანიას შეექმნა მაღალი კვალიფიკაციის პროგრამისტების დეფიციტი და მთელი მსოფლიოდან 60 000 პროგრამისტისთვის დაუშვეს შეღავათი საცხოვრებელი უფლების მინიჭებისა და სხვა უფლებებით, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ. აშშ კი ათობით წელია, ხელს უწყობს მაღალი კვალიფიკაციის ინტელექტუალების მიზიდვას და ტვინების შედინებას. ესეც პოლიტიკის ნაწილია და შეიძლება, დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილადაც მივიჩნიოთ.
ჩვენ, ამ მხრივ, საკმაოდ მოკრძალებული რესურსი გვაქვს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ. მცირერიცხოვანი იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობებია საკმაოდ მოკრძალებული, ანუ აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იკვეთება და არ ვიცი, რომელი დავაყენო წინ, კვერცხისა და ქათმის არ იყოს, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად არ იზრდება იმიტომ, რომ ეკონომიკურად შეჭირვებული მდგომარეობაა, თუ ეკონომიკურად შეჭირვებულები იმიტომ ვართ, რომ დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს და მოსახლეობის დაბერება ბევრ რამეს უშლის ხელს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინათ პატრიარქის ინიციატივამ, როდესაც მესამე და მომდევნო ბავშვების მონათვლა აიღო თავის თავზე, ის დადებითი შედეგი გამოიღო, რომ, თუ მანამდე მესამე და მომდევნო ბავშვების წილი დაბადებულთა შორის 10 პროცენტი იყო, ამ ინიციატივის შემდეგ 20 პროცენტამდე გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ნეგატიური ვექტორი რომ გარდავტეხოთ და მდგომარეობის გამოსწორებისკენ წავიდეთ, ყოველწლიურად დამატებით 12 000-15 000 ბავშვი გვჭირდება. ამჟამად შობადობის წლიური მაჩვენებელი 55 000-60 000 ბავშვის ფარგლებშია. მაგალითად, გასული საუკუნის 80-იან წლებში 30 000-იანი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი გვქონდა. ამის შემდეგ კი იყო წლები, როდესაც გარდაცვალებულთა რაოდენობა აჭარბებდა დაბადებულთა რაოდენობას, იმდენად დაეცა შობადობის მაჩვენებელი საქართველოში. ამას ემატება მიგრაციული ფაქტორიც და, საერთო ჯამში, უფრო მძიმე სურათია.
– საინტერესოა მოსახლეობის სიმჭიდროვით ერთ კვადრატულ კილომეტრზე როგორი მაჩვენებელი გვაქვს რეგიონში?
– ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელს, ჩრდილო კავკასიას, მთელ რუსეთზე არ ვილაპარაკებ, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოსახლეობის გაცილებით მაღალი სიმჭიდროვე აქვთ, ვიდრე საქართველოს.
– ეს ხომ ბუნებრივად გამოიწვევს მათ შემოდინებას მოსაზღვრე რეგიონებში?
– გადმოდინების ფაქტორმა შესაძლოა, თავის დროზე, საბედისწერო როლი შეასრულოს და უნდა მივაქციოთ ყურადღება. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი მეზობლების მოსახლეობის. მაგალითად, თურქეთის მოსახლეობა ჩვენთან შედარებით, დაახლოებით, 9 წლით ახალგაზრდაა, აზერბაიჯანის – 8 წლით, სომხეთის – 5 წლით. აქვე მოვიტან ერთ შედარებას: ჩინეთში 35 წლის განმავლობაში ატარებდნენ პოლიტიკას, „ერთი ოჯახი – ერთი შვილი“ და მოქმედებდა დამატებითი სანქციები, თუ ოჯახი ამას არ დაემორჩილებოდა და მეორე ბავშვსაც იყოლიებდა. შედეგად, 35 წლის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობა 5 წლით დაბერდა, ანუ საშუალო მედიანურმა ასაკმა 30-დან 35-წლამდე აიწია, მაშინ, როდესაც საქართველოში 1991 წლის, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობა დაბერდა 7 წლით, ანუ საშუალო მედიანური ასაკი გაიზარდა. ესე იგი, იმაზე მეტს, რასაც ჩინეთმა მიაღწია 35 წლის განმავლობაში თავისი რეპრესიული პოლიტიკით, ჩვენ საკუთარი ინციიატივით და მტრის გულის გასახარად მივაღწიეთ და გაცილებით მოკლე დროში მოვახერხეთ დაბერება. ამის კომენტირება ზედმეტია უკვე.
– რა იყო ამის მიზეზები?
– ცხოვრებისეული პირობებიც ახდენს გავლენას შობადობაზე, მაგრამ საქართველოში ყოველთვის მძიმე სოციალური პირობები იყო, თუ არ ჩავთვლით პერიოდს – დავითიდან თამარამდე, მაგრამ შობადობის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო და იაკობ გოგებაშვილის „მეფე ერეკლე და ინგილო ქალიც“ გვახსოვს, როგორი პირობები იყო, მაგრამ სამშობლოს კიდევ გავუზრდით შვილებსო. თუმცა ეს დამოკიდებულება შეიცვალა, უფრო ულტილიტარული გახდა და ელოდებიან უფრო მეტის მიღებას, ვიდრე გაცემას. საზოგადოებაში მომეტებული აგრესიაც, ცოტა სხვა თემაა თითქოს, მაგრამ ახდენს გავლენას დემოგრაფიული ქცევის მოდელზე და ამიტომ დემოგრაფიულ პოლიტიკაში ამ მომენტებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, მათ შორის, პატრიოტულ მოტივს, იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მოლოდინი, როცა კარგად ვიცხოვრებთ, მაშინ ვიყოლიებთ მეორე და მესამე ბავშვს, არასწორია და მატარებელმა შეიძლება, ისე ჩაგვიაროს, რომ მისი ვაგონის დანახვაც ვერ მოვასწროთ.
– მივეკუთვნებით თუ არა დალხენილი ქვეყნების რიცხვს, თუ დემოგრაფია არ წახალისდა, ჯერ ერთი, ჩვენი მეზობლები აითვისებენ ამ ჩვენს ტერიტორიას ზიარჭურჭლის პრინციპით და ამას ემატება ჩვენი მოსახლეობის გადინება და აზიისა და აფრიკის ეკონომიკურად ჩვენზე შეჭირვებული ქვეყნებიდან სხვა მოსახლეობის შემოდინება. ამდენად, სავსებით რეალურია, რომ, საუკეთესო ვარიანტში, დავრჩეთ უმცირესობაში, უარესში – გავქრეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ, გვაქვს თუ არა საშუალება, თუ გვინდა, გადავრჩეთ, არარსებული რესურსიც კი უნდა გამოვნახოთ დემოგრაფიის წასახალისებლად?
– იმისდა მიხედვით, რა პრობლემებია ქვეყანაში, დემოგრაფიული პოლიტიკა შეიძლება, იყოს სამნაირი: ნეიტრალური, შემზღუდველი და წამახალისებელი. ნეიტრალურია აშშ-ს პოლიტიკა: იქ ბავშვების რაოდენობის გამო კი არ ეხმარებიან, არამედ სიღარიბის მიხედვით. თუ ღარიბია ოჯახი, ეხმარებიან, თუ არ არის ღარიბი, არ ეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რამდენი შვილი ჰყავთ. რადგანაც კორელაცია ბავშვების რაოდენობასა და სიღარიბეს შორის მაღალია, გამოდის, რომ მრავალშვილიანებს ეხმარებიან. შემზღუდველი პოლიტიკა აქვს ჩინეთს და მოვიტანე უკვე ამის მაგალითი. ინდოეთშიც იგივე ხდება. ყველამ იცის ინდირა განდი, მაგრამ ნაკლებად, რომ სწორედ ინდირა განდის უფროს შვილ სინჯაის ამზადებდნენ პრემიერად, მაგრამ 1960 წელს ვერტმფრენით ავიაკატასტროფაში მოხვდა და დაიღუპა. ინდოეთში ცნობილია სანჯაის ეფექტი, რადგან, მისი ინიციატივით, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა გამოსცა ნორმატიული აქტები, რის მიხედვითაც შეღავათები ეძლეოდათ იმ მამაკაცებს, რომლებიც სტერილიზაციას ჩაიტარებდნენ. ეს შეღავათები იყო კრედიტების გაცემა, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება და სხვა. ანუ შეღავათებს იღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ფიზიკურად შეზღუდავდა შვილების ყოლას. თუმცა ამ მიდგომამ იმდენად უარყოფითი შეფასება გამოიწვია, რომ 1977 წელს ინდირა განდი არჩვენებში დამარცხდა. საბჭოთა კავშირში კი მოქმედებდა უშვილობის გადასახადი, ეს უკვე წამახალისებელი მოდელია და ყველა მამაკაცი 18 წლის ზემოთ ვალდებული იყო, თავისი ხელფასის ექვსი პროცენტი გადაეხადა ბიუჯეტში, სანამ შვილი არ ეყოლებოდა. ჩინეთში, როგორც გითხარით, პირიქით ხდებოდა: 2016 წლამდე, თუ მეორე ბავშვს იყოლიებდა, მამაკაცს 96 თვის, ანუ 8 წლის ხელფასი უნდა გადაეხადა სახელმწიფოსთვის.
– წამახალისებელი დემოგრაფიული პოლიტიკის მოდელები როგორია? და რომელი ქვეყნის მიდგომა გამოგვადგება?
– საქართველოს, ცხადია, წამახალისებელი პოლიტიკა სჭირდება და საუბრის დისაწყისში ვახსენეთ სამთავრობო ინიციატივა, ოთხშვილიანი ოჯახებისთვის წლიურად 240-ლარიანი დახმარება და ყოველ მომდევნო შვილზე – წლიურად 120-120 ლარის გაცემა. და ეს სწორედ წამახალისებელი პოლიტიკაა, მაგრამ სრულიად არასაკმარისი. შემიძლია მოვიტანო საფრანგეთის მაგალითი. მართალია, ბევრ ქვეყანაშია დემოგრაფიის წამახალისებელი პოლიტიკა, მაგრამ საფრანგეთი, ამ მხრივ, დე გოლის დროიდან მოყოლებული, გამორჩეულია და ამის წყალობით, იმდენად წამახალისებელი იყო ეს პოლიტიკა ფინანსურად თუ მორალურად, რომ საფრანგეთის მოსახლეობა 20 წელიწადში 12 მალიონით გაიზარდა და ამან დიდი გავლენა მოახდინა ქვეყანაზე. გასული საუკუნის 60-ანი წლების ბოლომდე საფრანგეთში აკრძალული იყო კონტრაცეპტივების გაყიდვა, ხოლო 1975 წლამდე – აბორტებიც კი. ყურს ჭრის, მაგრამ იმ პერიოდამდე გილიოტინაც მოქმედებდა და რომ არა ფილმი „ორნი ქალაქში“, შეიძლება, კიდევ კარგა ხანს ყოფილიყო გილიოტინა, როგორც სასჯელის აღსრულების ინსტრუმენტი. საფრანგეთში სახელმწიფო ფეხმძიმე ქალს ეხმარება ქალთა კონსულტაციაში მისვლის პირველი დღიდან, სანამ შვილი არ გახდება 23 წლის, თუ ის განაგრძობს სწავლას. ოღონდ ეხმარებიან მეორე ბავშვიდან. პირველ ბავშვზე დახმარება არ არის, მაგრამ ორ ბავშვზე თვეში 107 ევროა, სამ ბავშვზე – 244 ევრო, ოთხზე – 382 ევრო, ხუთზე – 519 ევრო, ექვსზე – 656 ევრო. ასევე, გათვალისწინებულია ყოველთვიური დანამატი 11 წლის ზემოთ ბავშვებისთვის – 30 ევრო, ხოლო, თუ ბავშვი 16 წელზე მეტი ხნისაა – კიდევ დამატებით 45 ევრო. დავთვალე და ჯამში, თუ ექვსსულიანია ოჯახი, აი, ამ დემოგრაფიული ხელშეწყობით 1 000 ევრომდე დახმარებას იღებს ოჯახი თვეში.
– ევროკავშირის სხვა ქვეყნებში როგორი წამახალისებელი მოდელებია?
– ბევრ ქვეყანაში ასეთი მოდელი არ არის. მაგალითად, თუ საფრანგეთში დახმარება იწყება მეორე ბავშვიდან, გაერთიანებულ სამეფოში პირველი ბავშვისთვის გასცემენ 103 ევროს და მომდევნო ბავშვებისთვის – 69-69 ევროს. ჩვენთან შეღავათები და დახმარებები მცირეა, იმიტომ რომ სახელმწიფოს რესურსი არ აქვს და მეტი რომ მოვითხოვოთ, ამის საშუალება მაინც არ არის. თავის დროზე, ავტორიტარული სახელმწიფოები დემოგრაფიული ფაქტორით ვაჭრობდნენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ბევრმა არ იცოდა, რომ სსრკ-ზე არ ვრცელდებოდა აშშ-ს ჯექსონ-ვენიკის შესწორება, რადგან საბჭოთა კავშირი ზღუდავდა ებრაელების ემიგრაციას ისრაელში და სანაცვლოდ აკისრებდა იმ თანხის გადახდას, რაც მათზე სახელმწიფომ დახარჯა. მაგალითად, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს რომ მოენდომებინა ემიგრაციაში წასვლა, მას უნდა გადაეხადა საშუალო ხელფასის შვიდმაგი ოდენობის თანხა, ანუ 12 200 მანეთი. სწორედ ამის გამო გავრცელდა საბჭოთა კავშირზე სანქციები. სხვათა შორის, საქართველოს მხოლოდ 2000 წელს მოუხსნეს სანქციები ჯექსონ-ვენიკის შესწორებაზე.
ასე რომ, ჩვენი სახელმწიფოს ამოცანაა, წაახალისოს დემოგრაფია და მხოლოდ ფინანსურ ბერკეტებზე აქცენტი არ იქნება სწორი. საჭიროა დამატებითი აღმზრდელობითი მუშაობა და ცხოვრების ისეთი ტიპის პროპაგანდა, რომელიც ხელს უწყობს დემოგრაფიის გაუმჯობესებას. დღეს კი, რასაც ვაკვირდები, მათ შორის, ტელევიზიებს, უმთავრეს პრობლემებად წარმოჩენილია უმცირესობების დაცვა, ნაცვლად იმისა, რომ ხელი ეწყობოდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული პრობლემების გამოსწორებას, რომ ამოვიდეთ იმ დემოგრაფიული ორმოდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა.
– როგორია ქართველების წილი სამხრეთ კავკასიაში?
– ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე ქართველები სამხრეთ კავკასიაში ითვლებოდნენ დომინანტ მოსახლეობად. ქართველების წილად მოდიოდა მთელი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის 45 პროცენტი; დღეს კი „პარადი“ მიჰყავს აზერბაიჯანს და სამხრეთ კავკასიაში ყოველ ათას ქართველზე აზერბაიჯანელების რაოდენობა რამდენჯერმე მაღალია და 2011-2012 წლებიდან სომხების რაოდენობამაც გადაუსწრო ქართველების რაოდენობას.

скачать dle 11.3