კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 სად უნდა აშენდეს ლარსთან გვირაბი, რატომ დაუტკბა სომხური მედია საქართველოს და რატომ გვემუქრება აზერბაიჯანული მედია ზამთარში გაყინვით

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოსა და სომხეთს შორის აქტიური პოლიტიკური მიმოსვლაა: მას შემდეგ, რაც გასული წლის მიწურულს საქართველოს სომხეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ეწვია, ამ წლის მარტის დასაწყისში სომხეთი ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მოიარა, თუმცა არც აზერბაიჯანი დაუტოვებია ყურადღების მიღმა. ისეც კი მოხდა, რომ სომხურ პრესაში საქართველოს იხსენიებენ, როგორც სომხეთის სულზე უტკბეს მეზობელსა და მეგობარს, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია აქტიურად გვამადლის გაზის მოწოდებას და ჭკუის მოხმობისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას (თუ არ უნდა, რომ გავყინოთ). ამასობაში, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან ლარსის გვირაბის მშენებლობაზე ისაუბრეს, ხოლო, რაკი გვირაბების საბედისწერო გამოცდილება გვაქვს, საზოგადოების ნაწილში ამ ინფორმაციამ შეშფოთება გამოიწვია, მით უფრო, რომ სომხეთი (სანამ სულზე უტკბესები გავხდებოდით) კატეგორიულად მოითხოვდა საქართველოსგან როკის გვირაბის გავლით სომხური ტვირთების გამოტარებას. რატომ დაგვიტკბა ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორი და რატომ გვემუქრება ირიბად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? – ამ თემას ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.  
– ლარსთან გვირაბის აშენებამ პირადად მეც უსიამოვნო ასოციაციები აღმიძრა. სად იგეგმება ამ გვირაბის აშენება და რა რისკებს შეიცავს?
– როკისა და ლარსის გვირაბებს შორის პარალელს ვერ გავავლებთ, იმიტომ რომ ის სხვა ტიპის გვირაბია. ლარსის გვირაბი აშენდება ქართველებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიაზე, განსხვავებით როკის გვირაბისგან და არ დააკავშირებს ორ სახელმწიფოს, თუ ლაპარაკია იმ გვირაბზე, რომლის აშენებასაც განიხილავენ საქართველოს გეოლოგიურ წრეებში და გაამარტივებს საქართველოს სამხედრო გზის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გადაადგილებას ზამთარში.
– სომხეთი რატომაა დაინტერესებული ამ გვირაბის აშენებით?
– ლარსის გვირაბის აშენების შემთხვევაში, ლარსის გზა კლიმატზე დამოკიდებული აღარ იქნება.
– ვნებათაღელვა გამოიწვია ამ საკითხმა და ამიტომ დავაზუსტებ: ტვირთი რუსეთიდან ისევ შემოვა ლარსის გამშვები პუნქტიდან და უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გაივლიან ისინი გვირაბში?
– დიახ. საქართველოს სამხედრო გზის მთავარი უღელტეხილის გავლა, რომელიც ყველაზე რთულია, აღარ იქნება დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე. ლარსის გვირაბის აშენება გეგმაში იყო და სომხეთს არ უკავშირდებოდა ეს საკითხი. არამედ იმას, რომ საქართველო გამოსულიყო სომხეთის ზეწოლიდან და ჩათვალეთ, რომ სომხეთის პირით რუსეთი გველაპარაკებოდა, რომ როკის გვირაბიდან შემოსულიყო სომხური ტვირთები საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიის გავლით და ასე წასულიყო სომხეთისკენ, რომ უნდა გახსნილიყო აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი და ასევე, კახეთის გზა. ლარსის გვირაბის ამუშავება მოხსნის ამ თემებით სპეკულირებას, იმიტომ რომ კლიმატური პირობები სომხური ტვირთების ტრანსპორტირების შემაფერხებელი ფაქტორი აღარ იქნება. რასაკვირველია, საქართველოს სამხედრო გზა გარკვეულ მონაკვეთებში არ არის ისეთი გამტარუნარიანი, როგორიც აფხაზეთის რკინიგზა, მაგრამ მაინც გამოსავალია. ამ გვირაბის ამუშავება, მაგალითად, კახეთის გზაზე საუბარს საერთოდ დამარხავს და მცირდება არგუმენტები აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის სასარგებლოდაც. ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაპარაკია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. შეიძლება, ვიღაცას თავში მოუვიდა ეს იდეა, მაგრამ ვინც ამაზე ლაპარაკობს, არ აქცევს ყურადღებას, თუ რა ხარჯს გულისხმობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარდა ვერ ვხედავ ვერავის, ვისაც შეუძლია, ამ მშენებლობაში ჩადოს ფული. თუ ვინმე გულისხმობს, რომ ამას გააკეთებს რუსეთი, ცდება. რუსეთის ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ შეასრულა ქერჩის ხიდის აგების ვალდებულება. ის ხიდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშენებლობა გეგმიურად მიმდინარეობს, შეიძლება, ითქვას, რომ ბევრად უფრო მეტი ჯდება, ვიდრე თავიდან იყო განსაზღვრული. ახლა აფხაზეთის რკინიგზის მშენებლობაც რომ დაიწყონ და აღადგინონ ენგურის ხიდი, რომ ამ რკინიგზას მიეცეს საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ვარგისიანობის ფორმა, გამორიცხულია. პარადოქსულია, მაგრამ ასეა. ორი მილიარდი რუბლის კრედიტი გამოუყო რუსეთმა აფხაზეთს განთიადი-ლესელიძე-სოხუმის სარკინიგზო მონაკვეთის აღსადგენად, რაც აფხაზეთის ბიუჯეტს დააწვა. ოჩამჩირემდე სარკინიგზო ხაზის აღდგენა კი რუსმა სამხედროებმა განაგრძეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში იმდენი ფულია მოპარული, რომ არც ერთი მონაკვეთი კონდიციამდე არ არის მიყვანილი და საერთაშორისო გადაზიდვებს ის რკინიგზა ვერ გაუძლებს. ამდენად, თავიდანაა ასაშენებელი და ეჭვი მეპარება, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მოხერხდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამაზე ლაპარაკობდნენ პოლიტიკური ბლეფის დონეზე, მაგრამ რეალურად რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას გამოვრიცხავ.
– სომხეთთან რამ გაახშირა ასე ჩვენი ურთიერთობა?

– ეს არის რეგიონული პოლიტიკური თამაში. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ისეთი მემკვიდრეობა დახვდა, როდესაც ყველა მეზობელთან თავიდან უწევს სიტუაციის დალაგება. საზოგადოება ვერ ხედავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც ყველა თითქოს ძმობასა და მეგობრობას გვეფიცებოდა რუსეთის გარდა, მაგრამ ყველა მეზობელს ფართოდ გაეღო კარი: სომხეთს, თურქეთსა თუ აზერბაიჯანს, არა მარტო ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული აქტივობებისთვისაც. ამ კარის მიხურვა ისე, რომ ცივილიზებული სახელმწიფოს სახე შეინარჩუნო, არ არის ადვილი. საქართველოს ხელისუფლება ხუთ წელიწადს ფიქრობდა, რა სვლები შეიძლებოდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. მაგალითად, ერთ-ერთი მეზობელი სახელმწიფოს კომპანია, ფაქტობრივად, მონოპოლისტი იყო ხორბლისა და შაქრის შემოტანის, ძლივს მოხერხდა, რომ ერთი მიმართულებიდან ჩახსნილიყო ეს სტრუქტურა და მეორე მიმართულებაზე შემცირებულიყო მისი მადა. ამან გამოიწვია იმ ქვეყნის მთავრობის კულუარული აღშფოთება. პირდაპირ ვერ ამბობდნენ ამას, იმიტომ რომ ამ ბიზნესებში ჩართულნი იყვნენ იმ ქვეყნის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები და სარგებელს ნახულობდნენ. მაგრამ, ამასაც რომ თავი  დავანებოთ, იმ სახელმწიფოებისთვის მთავარი არ არის ეკონომიკური საკითხი, მათთვის მთავარია გავლენის გაზრდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს გავლენები მოიპოვება რელიგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული გზებით. და 2012 წლითვის ეს გავლენები საკმაოდ საფუძვლიანი იყო. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ რელიგიურ-პოლიტიკურ  ისლამზე და ამისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ. სხვა საკითხია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისეთი აქტიური და მკაფიო არ არის, რომ დროულად მიხუროს ეს ღია კარი ცივილიზებულად. თუმცა, ასეა თუ ისეა, სომხეთთან ურთიერთობა არის დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილი, დავარქვათ ამას რეგიონული პოლიტიკის დაბალანსება და, მეორე მხრივ, ეს არის რუსეთთან გარკვეული ხიდის გადების მცდელობა.
– რა თემებზე მსჯელობენ ქართული და სომხური მთავრობები? გვირაბს ავუშენებთ, გზას გავუიოლებთ და რას მივიღებთ სანაცვლოდ?
– სომხეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების ოცნებაა, სომხეთს ჰქონდეს ტრანზიტული ფუნქცია. ამ ფუნქციის დაკარგვა განაპირობა ყარაბაღის მოვლენებმა. დღეს ამას აცნობიერებს სომეხი საზოგადოება, მაგრამ საკუთარი წარსულის ტყვეობაშია. დღეს სომხეთის ხელისუფლებამ რომ გამოაცხადოს, ჩვენ ვთმობთ ყარაბაღის, თუნდაც, ხუთ რაიონსო, დარწმუნებული იყავით, სიტუაცია შეიცვლება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყარაბაღის კონფლიქტის არსებობამ საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია გააძლიერა, თორემ სომხეთზე მილსადენების გატარება უფრო იაფი იქნებოდა, ვიდრე საქართველოზე. როცა მეკითხებით, ჩვენ რას გვაძლევს სომხეთი მე ვსვამ კითხვას: ჩვენ რას ვაძლევთ სომხეთს?!
– აგერ ტვირთებს ვატარებთ უპრობლემოდ და გვირაბს ვუშენებთ.
– არა მარტო. გარდა ამისა, ჩვენ სომხეთს ძალიან შეღავათიანი სარკინიგზო ტარიფი დავუდგინეთ. დაახლოებით, 30 პროცენტით შევუმცირეთ ტარიფი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. სომხურ ეკონომიკურ და ბიზნესსტრუქტურებს აწყობილი ჰქონდათ მარშრუტი ფოთიდან ერევნამდე რკინიგზით, თვითმფრინავით თუ მანქანებით იმ ძველი ტარიფებით. საქართველოს მიერ სარკინიგზო ტარიფის დაკლება დიდი ვერაფერი შეღავათი იყო საშუალო ბიზნესისთვის, მაგრამ მსხვილმა ბიზნესმა და სომხურმა სახელმწიფომ დიდი შეღავათი იგრძნეს, იმიტომ რომ ეშელონებით შეაქვთ და გააქვთ ტვირთი. ანუ ეს სომხური სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თან, გაითვალისწინეთ, ბევრი მსხვილი ბიზნესის წილში იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ხვდებით, ალბათ, რომ ამ ერთი გადაწყვეტილებით, როგორ შეიქმნა ერევანში პროქართული ლობი. ამდენად, სომხური მედიის ის ტონი, რომელიც გაგიკვირდათ, არ არის გასაკვირი.
– ისეთი დათაფლული იყო, არც კი ვიცოდი, რა მეფიქრა.
– მედიის ეს ტონი განპირობებულია იმ ფაქტორით, რაც გითხარით, პლუს – ლარსის გვირაბი და კიდევ იმით, რომ სომხური მედია ცდილობს, რაც შეიძლება, გააბუქოს რეალობა, რომ ბაქოს ეწყინოს. ეს ფაქტორი ყოველთვის მუშაობს.
– და ანალოგიურად იქცევიან აზერბაიჯანელებიც. და რა ხეირს ვნახავთ პროქართული ლობით სომხეთში?
– მე შემიძლია, გითხრათ, რა ხეირს ვნახავთ: სომხეთი არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ესე იგი, ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ორი სხვადასხვა ეკონომიკური სისტემის წარმომადგენელს შეუძლია, ჰქონდეს თანაბარუფლებიანი ურთიერთობა და ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან ხიბლავთ. გარდა ამისა, სხვა რამეცაა: იმის გამო, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს, 130-მდე სომხური ფირმაა რეგისტრირებული და სომხური პროდუქცია საქართველოს მეშვეობით გადის ევროკავშირში. ზოგჯერ წარწერით – „დამზადებულია საქართველოში“. გარდა ამისა, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ხიდი. მართალია, ოფიციალური ერევნის ხმა კრემლში მაინცდამაინც არ ისმის, მაგრამ საერთო კონტექსტში ეს მნიშვნელოვანია. ამასთან, ასეთი ტიპის მეზობელი ჯობია, გყავდეს შენზე დამოკიდებული, თუნდაც, იმიტომ რომ აფხაზეთში სომხური საკითხი მეტ-ნაკლებად აკონტროლო. აკეთებ თუ არა, მეორე საკითხია, მაგრამ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ისეთი მინისტრი მოვიდეს შერიგების სამინისტროში, რომელიც ამ თემას კარგად გაიაზრებს და მთავრობას მიაწვდის ისეთი ნაბიჯების გეგმას, რომელიც აფხაზეთის სომხობის თემაზე იმუშავებს. მოკლედ, უამრავი შესაძლებლობაა. ყველაფრის ჩამოთვლა არ მინდა, ისედაც ზედმეტად ავწიე ფარდა. ჩვენთვის, როგორც რეგიონული პოლიტიკის მცოდნეთათვის, ნაცნობი სურათია და ვიცით, რაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ყველაფერს ვერ ვიტყვით.
– ტონალობა გაცვალეს ბაქომ და ერევანმა: ერევანი სიყვარულს გვიხსნის, ბაქო გაყინვით გვემუქრება. ბაქო-მეთქი, ვამბობ, რადგან აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაში ვერ დაიწერება ის, რაც არ უნდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. პრემიერი ერევნის შემდეგ ბაქოში იმიტომ მიდის, რომ დაამშვიდოს ილჰამ ალიევი?
– გეთანხმებით, რომ ბაქოში ზოგიერთ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით პარლამენტის წევრს, ზედმეტად აუვარდა თავში. პრეზიდენტის სასახლეში თუ არ არის გადაწყვეტილი, მინი-მეჯლისის ბევრი წევრი ხმას ვერ ამოიღებს. მაგრამ იქ ისეთი განწყობაა, რომ ხელს არ უშლიან ამ დეპუტატებს, გაღიზიანებულებმა ილაპარაკონ საქართველოზე, იმისთვის, რომ ქართველებმა თავიანთი ადგილი იცოდნენ.
– და ჩვენზე ეს გაწყრობის ტონი მოქმედებს? ეფექტური მეთოდია?
– არ ვიცი, მოქმედებს თუ არა, ალბათ, მოქმედებს, ამას ყველაფერს პირდაპირი მუქარა არ ურევია, მაგრამ მუქარის განწყობას ქმნის. საქმე ისაა, რომ ვერაფრით გაიგო ზოგიერთმა ტუტუცმა ქართველმა ჩინოვნიკმა, რომ დივერსიფიკაცია არის დღევანდელი მსოფლიოს მონაპოვარი და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო დივერსიფიცირებულია მისი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. დღეს ჩვენ ვართ განსაკუთრებით დამოკიდებული აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე, როდესაც ბევრად უფრო იაფად შეგვიძლია შემოვიტანოთ გაზის ნაწილი მაინც, მაგალითად, თურქმენეთიდან. ისევე, როგორც კრიტიკულ ზღვრამდე მიაღწია ჩვენმა სავაჭრო-ეკონომიკურმა ურთიერთობამ თურქეთთან და რუსეთთან. ამის დაშვება არ შეიძლება. არც ერთ მეზობელთან არ უნდა გადააბიჯო კრიტიკულ ზღვარს და არც შენზე უნდა იყოს დამოკიდებული რომელიმე შენი მეზობელი, თორემ ძუძუმწოვარა გოჭივით იქნება მოწებებული.
– და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: ქართული დიპლომატია, ქართული პოლიტიკა მომზადებულია ასეთი ნატიფი თამაშისთვის ბეწვის ხიდზე?
– არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა წამგებიანი ნაბიჯი, როდესაც დააცვედანა უშიშროების საბჭო და გააუქმა კრიზისების საბჭო. ანუ მოსპო ორგანო, რომელსაც ანალიტიკური ფუნქცია ჰქონდა. მე არ ვიცი, პრემიერი საკუთარი ინიციატივით მოქმედებს თუ ანალიტიკოსებიც მუშაობენ მასთან ერთად. მე ამას ვერ ვხედავ, იმას გარდა, რომ ბეწვის ხიდი კიდევ უფრო დავიწროებულია და ეს იმ დროს, როდესაც ჩვენთან ერთი ანალიტიკრი ორგანოც კი არ არის, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი უზარმაზარი ანალიტიკური ცენტრები მუშაობს.

скачать dle 11.3