№12 სამეტყველო წვრთნა
ანუ ყველამ თავის მამიდას მოუაროსო
საქართველოს ხალხის რჩეულმა, გუგული მაღრაძემ გვაცნობა, რომ, ისურვებდა, არც მეტი, არც ნაკლები, ჟურნალისტებსა და პედაგოგებს სავალდებულო წვრთნა ჩაუტარდეთ.
რატომ? იმიტომ რომ, არც მეტი, არც ნაკლები, გამართული ქართულით იმეტყველონ.
ეს სურვილი მან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გაგვიცხადა, მას შემდეგ, რაც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილის გამოსვლას მოუსმინა.
ხოლო, რაკი ნათქვამია, ქვა მხოლოდ უცოდველმა ისროლოსო (თუმცა, ვიზიარებ ზოგად მოსაზრებას, რომ ქართულად მეტყველებისა და წერის კულტურა, მართალაც, სულს ღაფავს და უფრო ჩიქორთულია ჩვენი მეტყველება, ვიდრე ქართული), გთავაზობთ ციტატას ქ-ნი მაღრაძის გამოსვლიდან: „ძალიან მნიშვნელოვანია და რამდენად მიგაჩნიათ თქვენ მიზანშეწონილად, იგივე ჟურნალისტებმა, რაღაცა წელიწადში ერთხელ, თუ რაღაც გაიარონ ხოლმე სპეციალურად ტრენინგები, სავალდებულო ტრენინგები. იმიტომ რომ, ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, გავლენა არის ჟურნალისტებიდან და მასწავლებლებისგან.”
რაც მართალია, მართალია, ეს მეტყველებაც ჩიქორთულს ჰგავს, ოღონდ სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ქ-ნმა მაღრაძემ საკუთარ ბოსტანშიც ისროლა კენჭები: „ვერც ჩვენ ვმეტყველებთ გამართული ქართულით, ასე ვთქვათ, ამიტომ ჩვენთვისაც არ იქნება ცუდი… ყველაფერს ერთად ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ თანდათანობით იქნება ეს შესაძლებელი.“ ანუ ჩვენ, ხალხის რჩეულთ, მთლად წვრთნაც არ გვჭირდება, მაგრამ ბუკლეტები შემოგვაშველეთო იმ ფრაზების, რომლებსაც ხშირად ვიყენებთო („თხის პატრონებმა დაიძახეთ: მეეეე“).
ბ-ნი ალიბეგაშვილი დეპუტატს შეჰპირდა, რომ იქნებ გამონახოს რესურსი, რომ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ (პოლიტიკოსების სამეტყველო წვრთნა მიაყურისძირა), რომ მართებულად იმეტყველონ.
ცხადია, ენობრივი სივრცე და აზროვნება განუყოფელია და როგორც მეტყველებ, ისე აზროვნებ, ხოლო, თუ ყურს მივუგდებთ ჩვენს მეტყველებას, ადვილი წარმოსადგენია, რა დღეშია ჩვენი აზროვნება, თუმცა ამას ერთთვიანი წვრთნა კი არა, განათლების რეფორმა სჭირდება. იმას გარდა, ჩემზე მეწველმა ფურმა დამწიხლოსო.