№11 როგორ გადაურჩა სამჯერ სიკვდილს მაიკო კაჭკაჭიშვილი და რატომაა ყოფილი ქმარი მისთვის კარგი ნათესავი
კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რაც კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, საგრძნობლად შეიცვალა – გახდა და თითქოს წლებიც დააკლდა. ამბობს, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილია – თითქოს, ახლიდან დაიბადა. ჭარბწონიანი ქალებისთვის მისაბაძიც გახდა და მისი შედეგის მერე, მსგავსი ოპერაცია ბევრმა გაიკეთა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს წელი, მაიკოსთვის, რთულად დაიწყო – ის სამჯერ გადაურჩა სიკვდილს.
– ეს წელი შენთვის საკმაოდ უცნაურად დაიწყო. უკვე მესამედ გადაურჩი სიკვდილს. ეს უბრალო შემთხვევითობის ბრალია თუ დაუდევრობის?
– დიახ, რაც ეს წელი დაიწყო, უკვე მესამედ გადავურჩი სიკვდილს. თუმცა, უცნაურობას ვერ დავარქმევ, სამივეჯერ უბრალო შემთხვევითობა იყო. ფაქტია, სიკვდილს სამივე შემთხვევაში, ნამდვილად გადავურჩი. ბათუმიდან მოვდიოდი მინივენით, მძღოლის უკან ვიჯექი. მძღოლს ჩაეძინა, მანქანამ კონტროლი დაკარგა, მეც მძღოლი ვარ და მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ვიკივლე, ჩემს ხმაზე, ეგრევე გამოფხიზლდა მძღოლი. დანარჩენ მგზავრებსაც ეძინათ და მხოლოდ მე შევამჩნიე ეს. სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს. ამას წინათ, ყავას ვხარშავდი, გადმომივიდა. ჩაქრა გაზი, დამავიწყდა მისი გადაკეტვა და ბოლოს, თავბრუ რომ დამეხვა და ცუდად ვიგრძენი თავი, მივხვდი რაშიც იყო საქმე. ესეც მეორედ გადავრჩი. მესამე კი, ფეხის მოტეხვა იყო და მოკლედ, მგონი, გასამდა და გადავრჩი (იცინის).
– ბევრი ადამიანი ამბობს, წინასწარ ვგრძნობ მოსალოდნელ საშიშროებასო. ამ ფაქტებს წინ, რაიმე მსგავსი ხომ არ უძღოდა?
– ინტუიცია მაქვს სასწაულად განვითარებული. ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ და ყველაფერი მიხდება. ჰოდა, ყოველთვის რომ წინასწარ ვგრძნობ მოსალოდნელ საშიშროებას, ამიტომაც არ მომიხუჭავს თვალი მგზავრობისას. შინაგანად ვგრძნობდი, რომ საფრთხე მელოდა და რომ არა ჩემი სიფხიზლე და წინათგრძნობა, რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა.
– ოპერაციის მერე, საოცრად გამოიყურები, თითქოს ასაკიც დაგაკლდა. რამდენი კილოგრამი დაიკელი?
– ათი თვეა გასული ოპერაციიდან და უკვე 64 კილო დავიკელი. ვხუმრობ, კილოგრამებთან ერთად, მგონი, 20 წელიც დამაკლდა და 17 წლის ვარ-მეთქი (იცინის). არა, ვტყუი, ასე 17 წლის გამოვდივარ და ძალიან ცოტაა, უფრო 25 წლის გოგოს ვგავარ (იცინის). კუჭის დაპატარავების ოპერაციის მერე, საგრძნობლად შევიცვალე. ექიმების ყველა რჩევა გავითვალისწინე და შედეგიც სახეზეა – ფაქტობრივად, ერთი ადამიანის წონა წარსულს ჩავაბარე. მართალია, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მაინც რთულია, ტვინი შეაგუო და შეაჩვიო ახალი ცხოვრების დაწყებას. მიხარია, როცა სრულიად უცხო ადამიანებს საოცარი რეაქცია აქვთ ჩემი დანახვისას, გაოგნებულები უყურებენ გამხდარ და ფორმაში ჩამდგარ მაიკოს (იცინის). ბევრმა ახლობელმა, რომელსაც დიდი ხანია, არ ვუნახივარ, ვერც კი მიცნო. ძალიან მსიამოვნებს კომპლიმენტებს რომ მეუბნებიან, და აღნიშნავენ, ვიზუალურად კარგ ფორმაში ხარო. ჩიტივით, ენერგიით სავსე ვარ და ბოლოს როდის დავიღალე, აღარც კი მახსოვს. ჩემს თავს რომ ვუყურებ, მგონია, სულ ასეთი ვიყავი.
– ამბობ, მგონია, სულ ასეთი ვიყავიო. აბა, შედარებისთვის ხშირად რომ დებ სოციალურ ქსელში ძველ და ახალ ფოტოებს?
– ჰო, ამაზე ჩემი მეგობრები მეჩხუბებიან, ნუ დებ ძველ ფოტოებსო (იცინის). რატომ უნდა მრცხვენოდეს ძველი ფოტოების სოციალურ ქსელში დადება? სასირცხვილო არაფერი გამიკეთებია და თუ ზედმეტი წონა მქონდა, რა პრობლემაა?
– თუ ნანობ იმას, რომ აქამდე არ გაიკეთე კუჭის დაპატარავების ოპერაცია?
– არ ვნანობ, რომ აქამდე არ დავიპატარავე კუჭი. ყველაფერს თავისი დრო აქვს და მაშინ გავიკეთე, როცა საჭიროდ ჩავთვალე.
– ყველამ იცის, რომ საოცრად კარგი კულინარი ხარ და ხშირად ამზადებ სახლში გემრიელობებს. როგორ იკავებ თავს, რომ არ ჭამო?
– დამიჯერებთ, რომ ოპერაციის მერე, ჭამისთვის არ მომიმატებია და ერთი ლუკმით ზედმეტიც არ მიჭამია. ჩემი დღის რაციონი შეიცავს – დღეში ხუთჯერ, ხუთ ლუკმას. არ მშივდება და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– თქვი, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის წონა დავიკელიო, პლასტიკური ჩარევები თუ დაგჭირდა?
– ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია, მაგრამ, ალბათ პატარ-პატარა პლასტიკურ ოპერაციებს გავიკეთებ გაზაფხულზე მუცელსა და მკერდზე, რომ ფორმები დავუბრუნო. სახეზე, არ მჭირდება.
– ამ ოპერაციის მერე, ბევრი ადამიანისთვის მაგალითი გახდი და ვისაც ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა, შენთან კონსულტაციის მერე, გადაწყვიტა გარისკვა და საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა. ხომ ასეა?
– მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი გავხდი. დაახლოებით ასამდე გოგომ უკვე მომბაძა და გაიკეთა კუჭის დაპატარავების ოპერაცია – დაადგა იმ გზას, რაც მე გავიარე. ყოველდღე მწერენ, ბედნიერები ვართო. ბევრიც მწერს, გაკეთება გვინდაო და მეც არ ვიზარებ, თუ რამე კითხვა აქვთ, სიამოვნებით ვპასუხობ. მოკლედ, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს სოციალურ ქსელში და დეტალებს მეკითხება. ბევრმა დაძლია შიში და ჩემი შედეგის ნახვის მერე გადაწყვიტა საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა. ძალიან მიხარია, თუ მათთვის მაგალითი გავხდი, რადგან დიდი სიამოვნებაა, როცა ვიღაცისთვის სტიმული ხარ და ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარები. ადრე, ვერც კი წარმომედგინა, რამხელა ბედნიერებაა, როცა საკუთარი თავი, ნელ-ნელა გიყვარდება. ყველგან ვამბობ, რომ მაქსიმალისტი ვარ როგორც ყურით, ისე თვალით. ის ზედმეტი კილოგრამები თავისუფლებას მაკარგვინებდა, ახლა 64 კილო ისტორიას ჩავაბარე და ჩიტივით თავისუფალი ვარ (იცინის). მხოლოდ ვიზუალურად შევიცვალე, თორემ, შინაგანად, ისევ ის მაიკო დავრჩი, როგორიც ვიყავი.
– ძველი ტანსაცმელი სად წაიღე, გააჩუქე?
– ძველი ტანსაცმელი არც გამიჩუქებია და არც, არსად წამიღია. ერთ დღესაც, ლაივს ჩავრთავ და პირდაპირ ეთერში დავწვავ!
– ხუმრობ?
– არა, არ ვხუმრობ, მართლა საზეიმოდ უნდა დავწვა. ანდა, ახლა მოვიფიქრე, მაინც ცნობადი სახე ვარ, აუქციონს გავაკეთებ, გავყიდი და იმ ფულით, პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ (იცინის). ფული ხომ უნდა პლასტიკურს, მე კიდევ ბიზნესის ნიჭი არ გამაჩნია. ამ მხრივ უნიჭო ვარ და არც არასოდეს მიფიქრია, მქონოდა. თუმცა, ცხოვრებაში ბედიც მწყალობს და იღბლიანიც ვარ. მარტო იმიტომ ვარ ბედნიერი, კარიერას რომ თავი დავანებოთ, ორი არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ბიჭი მეზრდება. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ.
– ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ყოფილ ქმართან ნათესაური ურთიერთობა მაქვს. ხშირად მოდის ბავშვებთან და ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობა შევინარჩუნეთ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? რაც ფორმაში ჩადექი, თაყვანისმცემლები გამოჩნდნენ ასპარეზზე?
– კი, გამოჩნდნენ და ძირითადად, პატარა ბიჭებს მოვწონვარ. მართობენ, მაგრამ სერიოზულად ვერ აღვიქვამ. არაფერი არ ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში. ამის ახლა არც განწყობა მაქვს და არც დრო. პატარა გოგოსავით რომ ავმჩატდე და ფლირტაობა დავიწყო, ამის ნერვები არ მაქვს.
– გასაგებია, აწყობილი კარიერა, შვილები, მეგობრები, მაგრამ რომანტიკული შეხვედრები და ქალური ბედნიერებაც ხომ საჭიროა?
– რასაკვირველია, საჭიროა, მაგრამ ჯერ არ მაქვს და თუ მექნება, არც დავმალავ. თუ გამოჩნდა ნორმალური ადამიანი, რატომაც არა?
– ოჯახს შექმნი?
– არა, ოჯახს ნამდვილად აღარ შევქმნი, საამისოდ ჭკვიანი ვარ (იცინის).