№11 რატომ გახდა საქართველოდან ბარსელონაში ჩასული ნოე ვენცელ-ლომინაძე მომპარავი და „ბომჟი” და როგორ გადაარჩინა ის სიკვდილს დედაოს ხილვამ
34 წლის მსახიობი და მომღერალი – ნოე ვენცელ-ლომინაძე, ქართველმა საზოგადოებამ, სერიალ „ტიფლისიდან“ გაიცნო. მანამდე იყო რთული ცხოვრების გზა – ერთი წელი ბარსელონაში, ქუჩაში, „ბომჟებთან” ერთად, მოსაწევი, ალკოჰოლი, ქურდობა... რამაც, საბოლოოდ, თავის მოკვლისკენ უბიძგა. რომ არა, დედაოს ხილვა და დედის მებრძოლი, რისკიანი ხასიათი, ის ახლა ვერც ბერლინში იცხოვრებდა, ვერც წარმატებული მუსიკოსი გახდებოდა და ვერც იმ მამობრივ სითბოსა და სიყვარულს შეიგრძნობდა, რასაც ხუთი წლის შვილისგან იღებს.
ნოე ვენცელ-ლომინაძე: საქართველოში, რთული პირობებისა და ცხოვრების გამო, გადავწყვიტე უცხოეთში წასვლა. 21 წლის ვიყავი და მინდოდა, ჩემი შრომით შემექმნა ჩემი ცხოვრება. ერთი წელი თურქეთში ვმუშაობდი ანიმატორად. მერე, საბერძნეთში გადავწყვიტე წასვლა. საზღვარზე არალეგალურად გადასვლისას, ისეთი შიში ვჭამე, ახლაც მიჭირს გახსენება. ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩი. თურქი მეგობრები დამეხმარნენ. დამიხაზეს სიგარეტის ქაღალდზე რუკა და იმის მიხედვით, უნდა მევლო. მოკლედ, ჩავჯექი ნავში და თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე რომ მივედი, „ბეტეერის“ ხმა მომესმა. თურქ მენავეს ვეკითები: რა ხდება-მეთქი. მიპასუხა: ჯარისკაცები მოდიან, შემოწმებაზე და დროზე, ბუჩქებში დავიმალოთ. თუ დაგვინახეს, დაგვიჭერენ და დიდი შანსია, გვესროლონო. მოკლედ, ჩავწექი ბუჩქებში, ჯვარი მეკიდა, ხელებით ჩავბღუჯე და ვთხოვდი: ღმერთო, მიშველე, გადამარჩინე-მეთქი. ამ ლოცვაში, მეგონა, საუკუნე გავიდა, სანამ იმ ჯარისკაცებმა გაიარეს და თვალს მიეფარნენ. რომ დავეჭირეთ, ხუთ წელი თურქეთის ციხე არ აგვცდებოდა. მოკლედ, ისევ გასაბერ ნავში ჩავჯექით აკანკალებულები და გავაგრძელეთ გზა. დამტოვა საზღვარზე. გზა სიბნელეში ფეხით უნდა გამეგრძელებინა ეკალ-ბარდებში. საშინელ გზაზე მიწევდა გადაადგილება. 30 კილომეტრი, შიშით, ნერვიულობით და ფიქრით ისე დავფარე, ვერ გავიგე. ამის მერე, უამრავი გაჭირვება გამოვიარე, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადავრჩი და დღეს, წარმატებულ ადამიანად ვითვლები – ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, მყავს ხუთი წლის შვილი და მაქვს მომავლის იმედი.
– მართალია, რომ ბარსელონაში, ერთი წელი ქუჩაში, „ბომჟივით” ცხოვრობდი – საჭმელსა და ტანსაცმელს იპარავდი. ამ დროს, მოვიდა სიმღერის მუზა და ამით გადარჩი?
– მართალია, ერთი წელი ბარსელონაში „ბომჟების” გვერდით, ქუჩაში ვცხოვრობდი. თავი რომ გადამერჩინა, საკვებსა და ტანსაცმელს ვიპარავდი. ტანსაცმელი რომ გამიჭუჭყიანდებოდა, შევიდოდი მაღაზიაში, ჩემსას ვტოვებდი და ახლით გამოვდიოდი. რომ არ მექურდა, სხვა გამოსავალი არ მქონდა. საბუთები არ მქონდა რომ მემუშავა. მე დედამ გამზარდა. მამა, ვილა ფრანკაში ცხოვრობდა და ესპანეთის საბუთები ჰქონდა. მასთან ჩავედი, მაგრამ „დაგვეძაბა“ და ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა. იქიდან რომ წამოვედი, მატარებელში, ქუჩის მუსიკოსი ამოვიდა, გიტარაზე დაუკრა, ფული ააგროვა. ჩემ გვერდით ცარიელი ადგილი იყო, დაჯდა და ჩაეძინა. მატარებლის საყვირის ხმაზე გამოეღვიძა, წამოხტა და გიჟივით გავარდა, ჩასვლა რომ მოესწრო. გიტარა კი, დარჩა. დაკვრა, სიმღერა და ლექსების წერა, ჩემგან ძალიან შორის იყო. მაგრამ, ამ გიტარას რომ ჩავებღაუჭე, შანსი არ იყო, ვინმესთვის დამეთმო. ფეხბურთელი ვიყავი, ბათუმის „დინამოში“ ვთამაშობდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სიმღერას დავიწყებდი. მოკლედ, დავიტოვე ეს გიტარა. ბარსელონაში რომ ჩავედი, არავის ვიცნობდი, უცხო გარემოში აღმოვჩნდი. 45 ევრო მედო ჯიბეში და ხელში გიტარა მეჭირა, რომლის დაკვრაც არ ვიცოდი. ვიყიდე არაყი, დავლიე, მოვწიე და ვიბოდიალე ღამის ქუჩებში. მერე ჩამოვჯექი პარკში და ჩამეძინა. დილით გამაღვიძა ბავშვების ჟრიამულმა. თვალები რომ გავახილე, უამრავი ადამიანი დადიოდა. შემრცხვა, კაპიუშონი წამოვიხურე თავზე და იქიდან გამოვიპარე. „მაკდონალდსის“ ტუალეტში შევედი. მივხვდი, ცუდად ვიყავი, ფეხები მიბუჟდებოდა. იქიდან გამოსულს კი, გული წამივიდა. გონზე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი. ისე ცუდად ვიყავი, კითხვებს ვერ ვპასუხობდი. ენის დამჭერი რომ გამომაცალა ექიმმა პირიდან, თავი დავაქნიე, რომ კარგად ვიყავი და ყველანაირად ვეცადე, საავადმყოფოში არ გადავეყვანე, რადგან ყალბი პასპორტი მქონდა. მოკლედ, ისევ პარკში მომიწია საღამოს დაბრუნება. ვიჯექი, გიტარას ვეხუტებოდი და ვტიროდი. წარმოიდგინეთ, ვერავის ვცნობდი, ვერც ადამიანებს, ვერც სახლებს. ჩემი არაფერი იყო... ჰაერიც კი, უცხო იყო ჩასასუნთქად. გამახსენდა მთელი ბავშვობა, მეგობრები. ვერ ვხვდებოდი, სად ვკვდებოდი. ერთადერთი, გიტარა აღმოჩნდა, რომელსაც ადამიანივით ჩავეხუტე და სიმებს თითები ჩამოვკარი, რომ ხმა გამეგო. ამ დროს დავწერე პირველი ლექსი. გონს უცბად მოვედი და ვთქვი, ეს რა იყო-მეთქი და დავიწყე ამ ლექსის გამეორება, რომ არ დამვიწყებოდა. მთელი ღამე ვიმეორე გიტარასთან ჩახუტებულმა და ასე ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე, გიტარა მოპარული დამხვდა. პირველი, რაც გავაკეთე, ავდექი და წავედი გიტარების მაღაზიაში. 1 500-ევროიანი გიტარა გადმოვაღებინე გამყიდველს და დავიწყე იმ ლექსის გამეორება, გიტარის აკორდების თანხლებით. ასე, მთელი დღე დავდიოდი გიტარების მაღაზიებში. მომშივდებოდა, სუპერმარკეტში შევიდოდი, შევჭამდი. მერე, ნელ-ნელა შევიძინე მეგობრები. იმათ მასწავლეს ადგილები, სადაც ხალხი არ დადიოდა და იქ გვეძინა. ასე დავწერე ჩემი პირველი სიმღერა და დავიწყე „ბომჟური“ ცხოვრება. წამიყვანეს ტყეში, სადაც კარვები იდგა. ამ დღის მერე, დაიწყო ჩემი არეული ერთწლიანი ცხოვრების პერიოდი – დავიწყე მოწევა, მივეძალე ალკოჰოლს...
– სახლში დედას თუ ურეკავდი და იცოდა, სადაც იყავი და რა პირობებში?
– იშვიათად ვრეკავდი სახლში. დედამ იცოდა, რომ ბარსელონაში ვიყავი და ვმუშაობდი „კაფელშიკად“. ტყუილში რომ არ გამოვეჭირე, ხანდახან, მოპარულ 50 ევროს ვაგზავნიდი. თუმცა, დედამ მაინც გაიგო, ქუჩაში რომ ვცხოვრობდი. გაყიდა ყველაფერი და ჩამომაკითხა.
– ვისგან გაიგო შენი ამბავი?
– ჩვენი მეზობელი იყო დედა თამარი და მას ჰქონდა ხილვა. მისულა და დედასთვის უთქვამს: შენი შვილი ძალიან ცუდადაა, ერთი კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი და წადი, გადაარჩინეო. იმ დღესვე, დედამ მეგობრების დახმარებით, ბანკს მიჰყიდა სახლი; ავეჯი, ჭურჭელი და ოქროულობა ეკლესიას შესწირა და ჩემთან. მანამდე წამოვიდა, სანამ ის მნახავდა, იმ დღეს თავის მოსაკლავად მივდიოდი. სამი დღით ადრე, სანამ დედა ჩამოვიდოდა, ჰალუცინაციები დამეწყო – დედა მელანდებოდა. ყვირილით რომ გავეკიდებოდი, ქრებოდა და მე ვბრაზობდი. მოკლედ, იმ დღეს შევედი მაღაზიაში და თოკი მოვითხოვე. მითხრეს, 2 ევრო ღირსო. არ მქონდა, გამოვედი და წავედი სუპერმარკეტში, რომ ზეთი მომეპარა, გამეყიდა და თოკი მეყიდა, თავის ჩამოსახრჩობად. ზეთის მოსაპარად რომ მივდიოდი, იქვე, ქართული ეკლესიაა და მესმის ისევ დედის ხმა: „დედიიიი... დედაააა... დამელოდე...“ გავხედე, დავინახე და არ შევიმჩნიე, მეგონა, ისევ უნდა ვეწვალებინე – მერბინა და გაქრებოდა. მოკლედ, ისევ მეგონა, მეჩვენებოდა და გზა გავაგრძელე. რომ აღარ გაჩერდა და ხმა მიახლოვდებოდა, მოვბრუნდი და მტირალი დედა იდგა ჩემ წინ. სანამ ხელით არ შემეხო და ჩამიხუტა, მანამდე ვერ ვიჯერებდი მის არსებობას. მეც ჩავეხუტე და ვტიროდი. ვეუბნებოდი, რატომ გამირბოდი, მე ხომ სამი დღეა, დაგდევ, ახლავე გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს და აღარ შეგარცხვენ-მეთქი. ისევ იმ აზრზე ვიყავი, რომ თავი მომეკლა. ახლაც მეტირება ამის გახსენებაზე. მოკლედ, მითხრა, სახლი გავყიდე, ეს თანხა შენია და წამოდი, ახლა ბარსელონა დამათვალიერებინე, მერე კი, პარიზში წავიდეთ. თუ არ გინდა, ეს ფული შენია, რაც გინდა, აკეთე. იყიდე სასმელი, სვი და „გაბომჟდიო“. მე სულიერად ძლიერი აღმოვჩნდი და დედის სიყვარულმა, სიძლიერემ და რისკმა ხელი შემიწყო, მეცოცხლა. მოკლედ, ბარსელონაც დავათვალიერეთ, პარიზიც და კოპენჰაგენში რომ მივდიოდით, საბუთები არ მქონდა და ბელგიისა და ჰოლანდიის საზღვარზე დამიჭირეს. ექვსი თვე გემზე, ციხეში გავატარე. იქ გამოვჯანმრთელდი და დავიწყე ახალი ცხოვრება. ექვსი თვე ციხეში ჯდომამ და იზოლაციამ, ისევ იმ ადამიანად დამაბრუნა, რაც ვიყავი. ციხეში ერთი გოგო გავიცანი და რომ გამოვედი, მასთან ვცხოვრობდი ერთი წელი. ახლა ბერლინში ვცხოვრობ. მყავს ხუთი წლის შვილი და ვწერ სიმღერებს. მაქვს კონცერტები. რომ დავფიქრდი, ეს ის გზა იყო, რომელიც უნდა გამევლო და არ ჩავრჩი იმ საშინელებაში. მე ქართველმა ხალხმა სერიალ „ტიფლისიდან“ გამიცნო, ხელოვანი ვარ, რომელიც სულ მოგზაურობაში, ახლის ძიებაშია. არ მიყვარს ერთფეროვნება. ჩემი წარსული მუქ ფერებს მოიცავს, მაგრამ ბუნებით მებრძოლი ვარ, რომელიც სულ მუზების მოლოდინშია.
– ნანობ იმ გზას, რომელიც გაიარე?
– ამ გადმოსახედიდან, იმ რთული ცხოვრების მიუხედავად, რომელიც გავიარე, არაფერს ვნანობ. მაგრამ, საკმაოდ დიდი განსაცდელია. რა თქმა უნდა, „ბომჟის“ ცხოვრებას, ქურდობასა და მოსაწევს, არავის ვურჩევ, მაგრამ, ყველას მოვუწოდებ, იყვნენ მაქსიმალისტები – ცხოვრებაში ყველაფრის დაძლევა შეუძლია ადამიანს, თუ მოინდომებს. გაუფრთხილდით იმათ, ვისაც უყვარხართ და ნაკლები ანერვიულეთ. ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ შეცდომები – მე ამ შეცდომებით ბევრი ვისწავლე. დღესაც ხშირად ვუყურებ იმ ფოტოს, ჩემთან შეხვედრისას დედას გადაღებულ ფოტოს, რომ აღარასდროს დავუბრუნდე წარსულს.
– დღეს, პირად ცხოვრებაში რა ხდება, გყავს გვერდით საყვარელი ქალი?
– გერმანელი ცოლი მყავდა და დავშორდით. საყვარელი ადამიანი ჯერ არ მყავს გვერდით. დედაჩემი და ჩემი დაიკო საქართველოში ცხოვრობენ და მე, უკვე 15 წელია, ემიგრაციაში ვარ. მაქვს კონცერტები და ესაა დღეს ჩემი პირადი ცხოვრება. კიდევ შვილი, რომელსაც სამი სახელი დავარქვი (იცინის).
– სამი სახელი რატომ?
– ჩემი სახელი – ნოე, ბავშვობაში არ მომწონდა. ძმაკაცები დამცინოდნენ: ნოე, ნოეეე... კიდობანი სად გიყენიაო (იცინის). ახლა ძალიანაც მომწონს ჩემი სახელი და მათ ვეხუმრები: კიდობანი კი მიყენია, მაგრამ თქვენი ადგილი აღარ მაქვს შიგნით-მეთქი (იცინის). ჩემს შვილს კი, იგივე პრობლემა რომ არ ჰქონდეს, არჩევნის უფლება მივეცი და სამი სახელი დავარქვი: ალექსანდრე, მაქსიმილიანი და კონსტანტინე. მე კი, მაქსს ვეძახი.