კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 როგორ უძლებდა აუტანელ ტკივილებს სალომე გოგეშვილი და რატომ ეზიზღებოდა მას საკუთარი სხეულის ნაწილები

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

სალომე გოგეშვილი ნამდვილად მიეკუთვნება ძლიერი ქალების რიცხვს. ის არაერთი ადამიანისთვის გახდა სტიმული, რომლისთვისაც სიტყვა „არ შემიძლია,“ არ არსებობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეორედ დაიბადა და ცხოვრება თავიდან დაიწყო. სალომე, გარდა იმისა, რომ საოცრად ქალური, მომხიბლავი და ლამაზია, მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული და ბავშვობის ოცნებებსაც ნელ-ნელა ისრულებს.
სალომე გოგეშვილი:
ცოტა ხნის წინ პარატაეკვანდოს ფედერაციამ მირჩია, სპორტის ეს სახეობა და მალე ფედერაციის პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტობაც შემომთავაზა. სხვა ქვეყნის ფედერაციებიდანაც იყო შემოთავაზებები, რომ იქ წავსულიყავი. მაგრამ, არ შემიძლია, გულით და სულით პატრიოტი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მიზანია, სხვებს ჩემს მაგალითზე მივცე მოტივაცია, ეს იქნებოდა ძალიან კარგი საშუალება. თან, ვივარჯიშებ, თან დასაქმებული ვიქნები. ასე რომ, დავთანხმდი. პარაოლიმპიურ კომიტეტსა და ტაეკვანდოს ფედერაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– თქვი: მინდა, ჩემი ცხოვრებით სტიმული, მოტივაცია გავხდე სხვებისთვისო. ადრეც, ანუ ავარიამდეც, ასე ფიქრობდი?
– ავარიამდე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი: დედა, დიასახლისი. ვმუშაობდი და ვცდილობდი, ჩემს საქმეში პროფესიონალი ვყოფილიყავი. პროფესიით ვოკალისტი ვარ, კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. სულ იმის შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც დიდი უნდა გამეკეთებინა. ავარიის შემდეგ გონს რომ მოვედი, გადავიტანე ეს ყველაფერი, ვიგრძენი: რაღაც მისია მქონდა შესასრულებელი. თუმცა, ძალიან დიდი წინააღმდეგობები შემხვდა. კომპლექსები მქონდა, საკუთარ თავს ვერ ვიღებდი. ხელის მაგივრად ის, რაც მქონდა, სიმახინჯედ მიმაჩნდა. დავდგებოდი სარკესთან, ვტიროდი, ვყვიროდი, მეზიზღებოდა ჩემი სხეულის ნაწილები. ამას ემატებოდა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ავარიის დროს ხელი ძალიან დამიზიანდა და აუტანელი ტკივილები მაწუხებდა. მერე დამჭირდა მეორე ოპერაცია. ხელის ნაწილი კიდევ მომკვეთეს, ძალიან გავწვალდი. დეპრესიაც მქონდა, საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე და ერთი პერიოდი, საქართველოდანაც წავედი ჩემს დასთან. ვფიქრობდი, ხელის პროთეზი გამეკეთებინა – ვერ შეემჩნიათ, რომ ხელი არ მქონდა. თურქეთში რამდენიმე კლინიკაში ვიყავი გამოკველევებზე. არანაირი პრობლემა არ იყო პროთეზის გაკეთება. საკმარისი დაფინანსება ვერ მივიღე სახელმწიფოს მხრიდან. ვარ მარტოხელა დედა, თუმცა არ მაქვს სტატუსი. ორი შვილი მყავს, ქირით ვცხოვრობ და ეს თანხა ფიზიკურად არ მომეპოვებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს, მერიას მივმართე,10 ათას ლარამდე შეგროვდა, მაგრამ მერე გაუქმდა, რადგან საჭირო თანხა ბოლომდე ვერ მოვიძიე. იყო კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება. თანხა რომ ჩაირიცხა, ბედნიერი ვიყავი, პროთეზი ვნახე, რომელიც ჩემს ხელს ჰგავდა.  იმედი მომეცა, რომ ისევ მექნებოდა ხელი. მაგრამ, რომ მივხვდი, ეს შეუძლებელი იყო, ამაზე ფიქრიც უნდა დამევიწყებინა, ვთქვი: სალომე, შენ უნდა შეიყვარო საკუთარი თავი, მიიღო ის ისეთი, როგორიც არის. უფლის ნება იყო, რომ გადარჩი და არ უნდა გქონოდა მარჯვენა ხელი. შევძელი და შევიყვარე საკუთარი თავი. ჩემი სხეული მივიღე ისეთი, როგორიც არის. ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, ფსიქოლოგიაც კი შევისწავლე, რომ საკუთარ თავზე მემუშავა. ვთქვი: სამყაროს, ხალხს უნდა დავანახვო, რა შემიძლია-მეთქი. დღემდე ბოლომდე არ ვარ მდგომარეობიდან გამოსული, მაქვს ჩავარდნები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად ვმგზავრობ და ხალხის მზერა უარყოფითად მოქმედებდა. არ მინდოდა, ვინმეს შევცოდებოდი. მაგრამ, რეალურად, საკუთარ თავს მივიჩნევდი საცოდავად. როგორც კი მივიღე საკუთარი თავი, მას შემდეგ უკვე აღარ მაინტერესებს, ვინ როგორ მიყურებს. დღეს, პირიქით, მეამაყება, რომ მე ამდენი შევძელი. „ნიჭიერმაც“ დიდი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერზე. 33 წლის ასაკში ავისრულე ჩემი ოცნებები და თან, ერთი ხელით. როცა ფიქრობ, შენს ცხოვრებაში ყველაფერი დამთავრდა, იწყებ იმის კეთებას, რაც მთელი ცხოვრება გინდოდა. რისიც მეშინოდა, იმისკენ მივდიოდი – ეს სავარჯიშოსავით მქონდა.
– რისი გეშინოდა ყველაზე მეტად?
– ხალხში გასვლის. წარმოიდგინე, ადამიანს არ აქვს ერთი ხელი, გადის ხალხში და ცეკვავს. ცეკვაზე რომ მივედი, ისეთი ჩაკეტილი ვიყავი, ყველაფრის მრცხვენოდა. ცეკვამ კი, თითქოს გამათავისუფლა, ბევრი პრობლემა მომიხსნა. „ნიჭიერში“ გამოსვლაც ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. მე ამით კიდევ ერთ შიშს დავამარცხებდი და ძლიერი გავხდებოდი. შემდეგ იყო სილამაზის კონკურსი. ქალბატონმა ინგა სიორიძემ დამირეკა: „ნიჭიერში“ გნახე, ძალიან მომეწონე და მინდა, ჩემს კონკურსში მიიღო მონაწილეობაო. ვუთხარი: ქალბატონო ინგა, ეს არ არის კონკურსი შშმ პირებისთვის, მე არ მაქვს ხელი. კარგად ვიცი, რა გაქვს და მინდა, მიიღო მონაწილეობაო. ჩემთვის ვფიქრობ: რა კონკურსი, სალომე, 34 წლის ხარ, ამხელა შვილები გყავს. ხელს უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ზუსტად 20 წლის წინ, 1 მარტს გავიმარჯვე კონკურსში – „გაზაფხულის დედოფალი“ გავხდი. ბოლოს ვიფიქრე: მოდი, გავბედავ და შშმ პირების მიმართ ყველა ბარიერს მოვხსნი-მეთქი. მე ნამდვილად მაქვს შეზღუდული შესაძლებლობები, მაგრამ მე ადამიანი ვარ, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მიღმა, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა და ის ამოუწურავია. ჩემთვის სიტყვა: ვერ შევძლებ, არ არსებობს. მოკლედ გამოვედი ნიჭისა და სილამაზის კონკურსზე „თქვენი სახე 2018, ლურჯი ბრილიანტი“. ვამაყობ, რომ ვარ გამარჯვებული – გავხდი ხალხის რჩეული და „ესემეს” ლიდერი.
– გაიხსენე ის დღე, როცა ავარიაში მოჰყევი.
– ავარიის შემდეგ იმდენად მინდოდა რეალურ სამყაროს დავბრუნებოდი, ნარკოტიკზე, რომელიც ტკივილებს მიყუჩებდა, უარი ვთქვი. არ მინდოდა, ნარკომანი ვყოფილიყავი. მსურდა, საღი თვალით შემეფასებინა ჩემი მდგომარეობა. ფხიზელ მდგომარეობაში უფრო ბევრს შევძლებდი. გამუდმებით ვგრძნობ ძალას, რომელიც ღმერთისგან მოდის. ჩემი მეორედ დაბადებაც უფლის ნება იყო, ისევე, როგორც მარჯვენა ხელის დაკარგვა. მანქანა ნაწვიმარზე მოსრიალდა და რკინის ჯებირს შევასკდით. გადამარჩინა იმან, რომ არ მეკეთა ღვედი და შესაძლებლობა მქონდა, დაჯახებისას გადავვარდნილიყავი – მხოლოდ ხელი მომაჭრა რკინამ. თავი რომ ავწიე, მახსოვს, ჩემი ხელი როგორ ვიგრძენი ფეხებთან. ვგრძნობდი, რომ ვკვდებოდი – თბილი სისხლის გემოს ვგრძნობდი და რომ ითიშები, მიდიხარ. ამ დროს მესმოდა უცნობი ადამიანის ხმა: ნუ გეშინია, გადარჩები... და მე ვეუბნებოდი: ორი შვილი მყავს, აუცილებლად უნდა გადამარჩინო-მეთქი. თურმე, ჩემი სახელიც მითქვამს, სისხლის ჯგუფიც. ვიცოდი, რომ არ უნდა მოვმკვდარიყავი, რადგან ბევრი რამ მქონდა გასაკეთებელი. მერე გავითიშე: იყო მოგზაურობები, გარდაცვლილი ბებია და ბაბუა – მახსოვს, რომ მეფერებოდნენ და კიდევ ანგელოზი იყო, ალბათ, რომელმაც წამომიყვანა. გონზე რომ მოვედი, გამუდმებით მესმოდა: ამპუტაცია, ამპუტირება. ფეხებს ჩვეულებრივ ვგრძნობდი. ექიმი მოვიდა, მომეფერა: შენ გადარჩიო. ხელსაც ჩვეულებრივ ვგრძნობდი, დღესაც ვგრძნობ, ხანდახან მომეფხანება ხოლმე და ვეძებ: სად არის ჩემი მარჯვენა ხელის მტევანი-მეთქი. ბინტით შეხვეული ხელი რომ დავინახე, ჩავვარდი პანიკაში. მოგვიანებით, როცა პალატაში გონს მოვეგე, მივხვდი: უფალმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა და უნდა მეცხოვრა ღირსეულად.
– სუიციდზეც გიფიქრია?
– კი. მიფიქრია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაუსაძლისი ტკივილები მქონდა. იქ გადავხტები, ამას დავლევ, ამას გავაკეთებ, მაგრამ მცდელობა არასდროს მქონია. ძალიან რთულია, ცხოვრება გააგრძელო. ღრიალში ვათენებდი ხოლმე. საშინელი უძილო ღამეები, დღეები იყო და გამუდმებით ტკივილები. ძირითადად, მეძინა, რომ ძილში გამოვსულიყავი მდგომარეობიდან. მეორე ოპერაციის შემდეგ ტკივილებმა გამიარა, თუმცა ახლა დამეწყო და მინდა, გავარკვიო რატომ.
–  ახლაც არის შესაძლებელი პროთეზის გაკეთება?
– კი, თუ თანხა მოგროვდება. უბრალოდ, აღარ მინდა, იმედი კიდევ გამიცრუვდეს.
– რა გეგმები გაქვს?
– სილამაზის კონკურსის შემდეგ რამდენიმე კომპანიამ შემომთავაზა მათთან სწავლა, გადამზადება. ბევრი კომპანიის რჩეული გავხდი. პოდიუმზეც კი გავიარ-გამოვიარე. დიზაინერის კაბა მოვირგე და „შავი ბრილიანტი“ დამარქვეს იმ დღეს. ესეც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და დიდი ძალა მომცა. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, ვიყო სამოტივაციო სპიკერი, დავეუფლო საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, განათლება მივიღო ამ კუთხით.
– მარცხენა ხელით ისწავლე ყველაფრის კეთება?
– რაღაცებს ვერ ვაკეთებ, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც ადრე არ შემეძლო. ძალიან მინდოდა, მარცხენა ხელით დამეწერა. მითხრეს, მადლიერების დღიური გააკეთეო. ვიყიდე ბლოკნოტი, გავაფორმე და დავიწყე წერა იმის, რისთვისაც ვიყავი კონკრეტულ დღეს მადლიერი. ასევე, მივაყოლე, რისთვის ვარ კარგი გოგო. იმხელა ემოცია წამოვიდა ერთი კვირის მერე რომ გადავფურცლე, მივხვდი, უნდა მეწერა. წერაც ვისწავლე, ხატვაც და დადებითი ემოციებიც მოვიზიდე ჩემკენ.
скачать dle 11.3