№11 ვისთვის შეიძინა სალომე გოგიაშვილის ქმარმა ცოლის შექმნილი ფეხსაცმელები და როგორ ასცდა სალომე „მეორედ მოსვლას“
სულ ცოტა ხნის წინ, სალომე გოგიაშვილმა საკუთრი ბიზნესი წამოიწყო და როგორც თავად ამბობს, მოგებაც ნახა. მართალია, ამის დასაწყებად ქმრის დახმარება დასჭირდა, მაგრამ მეუღლემ ვალად გაცემული ფული უკან არ გამოართვა. დღეს სალომე ფინანსურად დამოუკიდებელი ქალია. ხოლო, რის გამო თქვა მან უარი საფრანგეთის „ფეშენ-ვიქზე“ საკუთარი პროდუქცია ეჩვენებინა და რა სიახლეებს გეგმავს ზაფხულისთვის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სალომე გოგიაშვილი: ბავშვობაში ყველა ბავშვი პრინცესობაზე ოცნებობს, მე კი, მინდოდა, სათამაშოების გამყიდველი ვყოფილიყავი (იცინის). მეგონა, რაც მაღაზიაში იყო, ყველაფერი გამყიდველს ეკუთვნოდა. ასაკი რომ მომემატა, მომღერლობა მომინდა, ანუ რაც ცნობადობასთან იქნებოდა ახლოს. სარკესთან დავდგებოდი, წარმოვიდგენდი ჩემს თავს სცენაზე და იმას, როგორ მიკრავდნენ ტაშს. პრანჭია და „პრინცესული“ გოგო არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მთელი ცხოვრება მომწონდა გასაპრანჭი რაღაცები.
– ანუ, ბავშვობიდან, ყურადღების ცენტრში გიყვარდა ყოფნა?
– დიახ, ზუსტად ასეა. ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, ყურადღების ცენტრში ყოფნა და ის, რომ ცნობილი გავმხდარიყავი. როცა გავიზარდე, მივხვდი, ცხოვრება პრობლემებითა და სირთულეებითაა სავსე. ეს მეტ-ნაკლებად, მეც შემეხო, მაგრამ, მაინც ბედნიერი და წარმატებული ვარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მყავს ოთხი შვილი და იმაზე დიდი ბედნიერება, რომ დედა ხარ, არ არსებობს.
– თუმცა, არაერთხელ ოჯახის დანგრევა მოგიწია, რაც ყველა ქალისთვის მტკივნეული გადასატანია...
– გეთანხმებით, მაგრამ არ ვნანობ იმ ოჯახების დანგრევას და არც ტრაგიკულად, მტკივნეულად აღვიქვამ. იმ ქორწინებებიდან ხომ არაჩვეულებრივი შვილები მყავს. ზოგადად, ორ-სამ დღეზე მეტხანს არ ვნერვიულობ. თუ რამეზე გავბრაზდი, საკუთარ თავთან მაქვს ბრძოლა – რატომ დამემართა მე ეს?! ხომ შეიძლება, მეტად დავფიქრებულიყავი და მერე გადამედგა ეს ნაბიჯი-მეთქი. რომ ვხვდები, ეს წარსულია და ვერაფერს შევცვლი, აღარ ვეძიები. რაც მოსახდენია, მოხდა, შეცდომებზე უნდა ისწავლო და ცხოვრება გააგრძელო. გამოცდილება რომ გემატება, სწორად აზროვნებასაც სწავლობ და იმ შეცდომებს აღარც უშვებ.
– თქვი, ბავშვობაში გამყიდველობაზე ვოცნებობდიო. დღეს, ბიზნესლედი ხარ. ზოგადად, როგორ მიგაჩნია, გაქვს ბიზნესის ნიჭი?
– ბიზნესლედური ნიჭი ნაკლებად მაქვს გაყიდვების კუთხით. ფულთან ურთიერთობა ჩემგან შორს არის, არ ვიცი და მათემატიკაშიც სკოლაში, სულ პრობლემა მქონდა. მყავს ისეთი ბიზნესპარტნიორი – ჩემი უახლოესი მეგობარი, მანო, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აგვარებს და თავის თავზე იღებს ფინანსურ საკითხებს. ასე რომ, ამ მხრივ, მშვიდად ვარ (იცინის). მე და მანომ, ერთად შევქმენით ბრენდი „სალმანი“ და ორივე, თანაბრად ვინაწილებთ საქმეს.
– თუ შენი ბიზნესპარტნიორი ყველანაირ ფინანსურ საკითხებს აგვარებს, შენ რა გევალება ამ ბიზნესში?
– მე მევალება იდეის რეალიზება და პიარი, რომ მომხმარებელსა და საზოგადოებას მივაწოდო ჩემი სიახლეები. ესეც ნიჭია (იცინის).
– საიდან გაგიჩნდა იდეა, შეგექმნა ფუმფულა, ბეწვით გაწყობილი ფეხსაცმელი და რამდენად კმაყოფილი ხარ მისი გაყიდვით შემოსული შემოსავლებით?
– ადრე შევაკერინე ჩემთვის ასეთი ფეხსაცმელი, მერე მილანში მომიწია წასვლა და ყველა ფეხებზე მიყურებდა, მაჩერებდა და მეკითხებოდა, სად შეიძინეთო. ხუთი წელი, სულ მინდოდა დამეწყო ეს ბიზნესი, მაგრამ ვერ მოვაბი თავი, მოუცლელობის გამო. თან, გვერდით ისეთი ადამიანი მჭირდებოდა, ვინც დილით გამაღვიძებდა და მეტყოდა: არ მაინტერესებს, საქმე მაქვს და დროზე ადექი გავაკეთოთო.
– ესე იგი, ბიძგი გჭირდება?
– ბიძგი და სტიმული. ადამიანს, რომელსაც სჯერა და ჩემი იმედი აქვს, ვერ ვუმტყუნებ და ეს ადამიანი მანო აღმოჩნდა. მე იდეა მივაწოდე, მან კი ბიძგი მომცა და ორივე წარმატებული, დამოუკიდებელი ბიზნესლედი გავხდით (იცინის). ძალიან კმაყოფილი ვარ და ახალ იდეებს შევეჭიდეთ. სულ მალე – საუკეთესო ხარისხის საზაფხულო კოლექციას ვუშვებთ – ტანსაცმლის ხაზსა და ფეხსაცმელებს. ეს ხაზი არ ეღირება ძვირი – იქნება მოდური, ხარისხიანი და მისი შეძენა ყველას შეეძლება. იმდენად დამოუკიდებელი გავხდი ფინანსურად, ქმარს აღარ ვაწუხებ და ფულს არ ვართმევ (იცინის). რომ გითხრათ, მილიონერი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ჩემი შემოსავალი მყოფნის. როცა ქუჩაში მივდივარ და ვხედავ, უცნობ ადამიანს „სალმანი“ აცვია, ისე მიხარია, სახეზე მემჩნევა. ბევრმა აიტაცა ჩემი ბრენდი და ბევრმა ისიც კი მომწერა, რა ამბავია 350 ლარი, ბაზრობაზე მასეთები 20 ლარი ღირსო.
– იმიტომ ხომ არ გაიყიდა შენი პროდუქცია, რომ ეს სალომე გოგიაშვილის იყო და ამ მხრივ, შენმა ცნობადობამ დადებითად იმოქმედა?
– ესეც იყო, რასაკვირველია. სალომე გოგიაშვილის სახელმაც იმოქმედა, რადგან მიცნობენ და იციან ჩემი სტილი, გემოვნება. ჩემი ახალი იდეა ამიტომ გახდა უფრო დამაჯერებელი მათთვის, ვისთვისაც ჩემი გემოვნება თანხვედრია და შეიძინა „სალმანი“. მარტო ესეც არ ყოფილა. ყველას მართლა მოეწონა, თან იცოდნენ, როგორ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. მანოსაც ბევრი იცნობს და ზუსტად იციან, ეს ადამიანი უხარისხოსა და უგემოვნოს არაფერს შექმნის. ასე რომ, სწორად შერჩეული პარტნიორის გამო, „მეორედ მოსვლას ავცდი“ (იცინის), თუმცა, კრიტიკაც იყო. წერდნენ, ევროპაში მსგავსი ფეხსაცმელი 2 ევრო ღირს და 350 ლარი საქართველოში, რა ამბავიაო. ორევროიან, ხელოვნური ბეწვით შექმნილ ფეხსაცმელს რომ „სალმანს“ შეადარებ, ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენს ფეხსაცმელში ყველაფერი ნატურალურია და ძირიც კი, ხელითაა შეკერილი. თან, ქართული წარმოების ტყავით და უვნებელი, ნატურალური საღებავით შეღებილი ბეწვით. ეს ტყავი რუსთავში იწარმოება და იტალიასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში გადის. თუ უცხოეთში იქმნება ქართული ტყავით პროდუქცია, ჩვენ რატომ არ უნდა ვაწარმოოთ?
– როგორც ვიცი, საფრანგეთის „ფეშენ-ვიქიდან“, გქონდა მიწვევა, თუმცა უარი თქვი. რატომ?
– დიახ, უკვე მიწვევაც მივიღეთ საფრანგეთიის გრანდიოზული „ფეშენ-ვიქიდან“, სადაც ჩვენი პროდუქციით უნდა გავსულიყავით, მაგრამ უარი ვთქვით, მარტივი მიზეზის გამო – გვირჩევნია, კოლექცია დავამზადოთ და მხოლოდ ფეხსაცმლით არ წარვდგეთ. როცა ტანსაცმლის ხაზსაც გავაკეთებთ, მერე აუცილებლად ჩავალთ საფრანგეთში, „ფეშენ-ვიქზე“.
– ამას როდის გეგმავთ?
– ახლა, ზაფხულში.
– ამბობ, ბიზნესის იდეა მქონდა, პარტნიორიც ვიპოვე და ფინანსურად დამოუკიდებელი ბიზნესლედები გავხდითო. ბიზნესის დაწყებას, გარკვეული თანხები სჭირდება და ამ მხრივ, ვინ გაგიწია დახმარება?
– ზღაპარია, როცა ამბობენ, ერთი ლარი მქონდა, წავედი უცხოეთში, გავხსენი მაღაზია და დავიწყე ბიზნესიო. გამორიცხულია, ეს ამბავი! ქუთაისში ვერ ჩახვალ 1 ლარით. ბიზნესისთვის გჭიდება, გარკვეული თანხა, რომელიც ზუსტად უნდა გათვალო, რომ ზარალში არ წახვიდე. დღეს ბანკიდან თანხის გამოტანა, პრობლემა არაა და თუ, ზუსტად გაქვს გათვლილი თანხები, მოგებასაც ნახავ და ვალსაც გაისტუმრებ. ზოგადად, მე რისკიანი ვარ და სულ ვამბობ, თუ წავაგე, არა უშავს.
– შენს შემთხვევაში, როგორც ვიცი, ასე არ მოხდა და ბანკიდან, ბიზნესის დასაწყებად ფული არ გამოგიტანია სესხად. ასეა?
– არა, ჩემს შემთხვევაში ბანკი არ ყოფილა, რადგან ჩემმა პარტნიორმა ზუსტად დაითვალა რა თანხა გვჭიდებოდა და მეუღლეებმა დაგვაფინანსეს. მაგრამ, მათგან, ეს თანხა ვისესხეთ და სწორედ ჩასესხება იყო ჩვენი წარმატება.
– ანუ, ქმრებს ვალი დაუბრუნეთ?
– არა, გვითხრეს, რადგან სწორად გადადგით ნაბიჯი ბიზნსესში, არ გვინდა თქვენი ფულიო. ვალი დაიბრუნეს კი არა, ორივეს მეუღლემ შეიძინა „სალმანის“ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი და ნათესაობას ჩამოურიგეს (იცინის). ასე რომ, პირველი „სალმანები“ ჩვენმა მეუღლეებმა შეიძინეს და ჩვენც ფული ურცხვად გადავახდევინეთ (იცინის). სხვათა შორის, პირველი პარტია ისე გაიყიდა, მე და მანოს არ შეგვხვდა. მერე ვიფიქრეთ, სირცხვილია, ჩვენი შექმნილი ჩვენ არ გვეცვასო და თავიდან შევიკერეთ (იცინის).
– ავეჯის მაღაზიაც გაქვს გახსნილი. ამ მხრივაც გაგიმართლა?
– დიახ, გავხსენი იტალიური ავეჯის მაღაზია და იქაც ნატურალურ ხესა და ქსოვილზე ვარ ორიენტირებული. მაღაზიაში რომ მიდიხარ და გეუბნებიან, სუფთა იტალიურიაო, მასალა შეიძლება იტალიურია, მაგრამ იწყობა თურქეშთი. საბოლოოდ, აძლევ ძვირს და ხელში გრჩება თურქული ხარისხი. ვიღაცისთვის ეს მისაღებია, მაგრამ მე, ჩემს მაღაზიაში იგივე ფასად ვიყიდი ნატურალური ხისა და ქსოვილისგან დამზადებულ, ანტიალერეგიულ ავეჯს. თან, გარანტიაც მოჰყვება, რომ ათი წელი არ გამიფუჭდება. თუმცა, ბიზნესის გამართლებაზე თუ ვისაუბრებთ, ავეჯი არ არის „სალმანი“, რომ შეხვიდე მაღზიაში და ორი წყვილი იყიდო. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ბიზნესშიც გამიმართლა. როგორც დედა, ცოლი და შვილი – შემდგარი პიროვნება ვარ, ბიზნესში კი ახლა ვიდგამ ფეხს (იცინის).