№11 რა გადააფასა წლების მატებასთან ერთად ეკა ჩხეიძემ და რის გამო არჩია მან ქმრისგან ცალკე ცხოვრება
მსახიობი ეკა ჩხეიძე ის ადამიანია, ვისაც თვალდახუჭული ენდობი, ცხოვრებაში არასდროს თამაშობს და ცდილობს, ყოველთვის გულახდილი იყოს. უკვე წლებია, ქმრისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს და ამბობს, რომ ამით გრძნობა გახუნებას გადაარჩინა, ურთიერთობა შეინარჩუნა და მისთვის სასურველ ქალად დარჩა. ხოლო, რაში „გადაახტა“ მას წინაპრების გენი, როგორ აჯობა შვილმა და რის გამო ვერ იბრძოლებს ის რამის მოსაპოვებლად, ამას ინეტრვიუდან შეიტყობთ.
ეკა ჩხეიძე: დროთა განმავლობაში, რაღაც-რაღაცებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. ვცდილობ კონკრეტული სიტუაციები „გავატარო“ და სადაც არ მინდა ყოფნა, უბრალოდ, არ წავიდე. ვის გვერდითაც ყოფნა არ მსიამოვნებს, უბრალოდ, არ ვიქნები მასთან. უკან რომ დამაბრუნოთ, არაფერს შევცვლი. ცხოვრება საინტერესოა თავისი შეცდომებით. გლობალური შეცდომა არ დამიშვია, არაფერს ვნანობ და მიმაჩნია, რომ სწორად ვიცხოვრე.
– შეიძლება არ ვიხსენებთ, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, ვინც რაიმეს არ ნანობს...
– არ ვიცი „ჩაციკვლა“ მომხდარზე. ყველაფერს, რაც ხდება, უკეთესობისკენ მიჰყავხარ. იმ მომენტში განიცდი, დარდობ, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვლილიყო შენს ცხოვრებაში. წარუმატებელი პერიოდები ჩემთვის არ არსებობს. თავად ხარ შენი თავის პატრონი – როგორც წაიყვან ცხოვრებას და განაწყობ საკუთარ თავს, ისე იქნება ყველაფერი. თუ განცდებმა ჩაგითრია და ვერ მოერიე, ვერაფერი გიშველის.
– მართალია, იმის გამო, რომ განწყობა არ გაიფუჭო, ტელევიზორს არ უყურებ?
– (იცინის). ტელევიზორში მარტო კინოებს ვუყურებ და თუ რამის გაგება მინდა, ინტერნეტითაც ვიგებ. ზოგადად, დადებითი ენერგია, აურა და განწყობაა საუკეთესო სამკურნალო საშუალება და პირდაპირ აისახება გარეგნობაზე. წლების განმავლობაში მივხვდი, ვინც მაღიზიანებს, იმას უნდა მოვერიდო. ზოგი სულ წუწუნებს, სულ ცუდ ხასიათზეა და ყველაფერში უარყოფითს ხედავს, ყველას ჭორავს და არავინ მოსწონს... ასეთ ადამიანთან კონტაქტი არ შემიძლია და არც თავს ვაძალებ. ისინი აურას გვიბინძურებენ. თავად არც მიყვარს და არც მაინტერესებს ჭორები. მეგობრები ისეთ პირადულ საკითხებს მიყვებიან და მენდობიან, გამკვირვებია კიდეც. მერე დავფიქრდი და მივხვდი – მე კარგი მსმენელი ვარ და აზრის გამოთქმა თბილად და რბილად შემიძლია.
– ჭორები ახსენე. პოპულარული ხარ, ცნობილი ოჯახის შვილი და ის, რომ შენზე იჭორავებენ გიკვირს?
– არა, არ მიკვირს, უბრალოდ, არ მაინტერესებს, რას ამბობენ ჩემზე. თუ ჭორაობენ, ესე იგი შურთ, ეჭვიანობენ ანუ მაქვს შესაშური და ძალიანაც კარგი. ჭორზე არ ვბრაზდები, რადგან ჭორაობს ვინ? – დაბოღმილი კაცი, რომელმაც ვერ მოგიპოვა და მისი ვერ გახდი; ან დაბოღმილი ქალი, რომელსაც შენი შურს ან მისი კონკურენტი ხარ საქმეში, პირადში. ჰოდა, დაბოღმილი ადამიანი რას იტყვის, არ მაინტერესებს. მათი მიზანია, გავბრაზდე, მე კი ვიცი მიზეზი რატომაც აკეთებს ის ამას და არც ვბრაზდები. ბედნიერი რომ ხარ, არც სხვაზე ჭორაობ. სხვისი ცხოვრება გაინტერესებს მაშინ, როცა შენი არ გაქვს.
– ის, რომ სცენაზე შეუდარებლად თამაშობ, ამაზე ვერავინ შემეკამათება, მაგრამ ცხოვრებაში თამაში თუ გიწევს?
– ცხოვრებაში არ მიყვარს მოთამაშე ადამიანები, ამიტომ ვცდილობ, ვიყო ბუნებრივი. ზოგადად, არა მოთამაშე, არამედ გულწრფელი, ლაღი, თავისუფალი და ბუნებრივი ადამიანი იგებს ჩემს გულს. მეც ვცდილობ, ასეთი ვიყო ყველასთან.
– ერთი შეხედვით, ძალიან ძლიერი ჩანხარ. თუმცა, ამ სიძლიერის მიღმა, ალბათ, არის პატარ-პატარა ქალური სისუსტეებიც.
– საკმაოდ მგრძნობიარე ვარ, ადვილად მწყინს და ამას ჩემში ვკლავ. ძალიან ახლობლებს უწყენინებიათ, მიპატიებია, მაგრამ ვერ დამივიწყებია, ისე ვეღარ ვენდე და ამის გამო, დავკარგე. მე ცხოვრებას „რქებით“ არ ვაწვები. ჩემი ფუფუნებაა, რომ რაც მაქვს, ძალით არაფერი მომიპოვებია, არც პირად ცხოვრებაში და არც საქმეში. არავის არაფერს ვართმევ, ძალით არცერთი კარი არასდროს შემინგრევია. ამით შეიძლება, ბევრი რამ დამიკარგავს, ბევრჯერ „გადამახტნენ“ და მე რომ უნდა მეთამაშა, ის როლი სხვამ მიიღო, მაგრამ ეს იმით მოახერხა, რომ „შეძვრა“ იქ, სადაც მე არ „შევძვრებოდი“. მე ზედმეტად ამაყი ვარ, არასდროს ვიბრძვი და ამით არ მოვიპოვებ. ამ კუთხით, არ ვარ ძლიერი. ვიბრძოლო და ამით მოვიპოვო ვინმე ან რამე, არ მინდა და სადაც არ უნდიხარ, იქ ძალით არ უნდა „შეძვრე,“ თავმოყვარეობა არ უნდა შეილახო. რასაკვირველია, უფრო მეტს აღწევს ის, ვინც „რქებით ანგრევს“ კარს. შედიან რქებით და გამოაქვთ მუშტით, მაგრამ მე ასეთი გზით მოპოვებული არ მინდა. იმიტომ არა, რომ ძალიან პატიოსანი ვარ, უბრალოდ ასე არ გამზარდეს და არ მასწავლეს. არ მინდა, ვინმეს წმიდანი ვეგონო, მაგრამ, ამ ხერხით მე არასდროს მიბრძოლია.
– სიყვარულის გამო, თავი თუ დაგიკარგავს – ილუზიებში, ოცნებებში გადაჭრილხარ და გრძნობებს აყოლილხარ?
– თუ რეალურად ხელშესახები არ არის, ოცნებებსა და ილუზიებში არ ვიძირები. მაგრამ თუ რეალურია, მაშინ ყველა ხერხი გამართლებულია. ტვინით მიყვარს ურთიერთობა და თუ ტვინში „გადავკეტე,“ აღარ მინდა.
– რახან სიყვარულის თემას შევეხეთ, აუცილებლად უნდა გკითხო – ვიცი, ქმარს უყვარხარ, პატივს გცემს, გყვავთ არაჩვეულებრივი შვილები. რატომ გადაწყვიტე მის გარეშე ცხოვრება?
– 6 წელია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. თუმცა, კარგი და ახლო ურთიერთობა გვაქვს. პირველი ზარი ლევანთანაა და მისგანაც. 20 წელი, ალბათ, ბევრი აღმოჩნდა და ეს ჩვენი ლტოლვა, სიგიჟე და სიყვარული, გადავიდა მეგობრობაში – ჩვეულებრივ ურთიერთობად იქცა. ამ ჩვეულებრივობით არ გავაფუჭე და გავახუნე სიყვარული, არ მივეცი უფლება, გადაგვარებულიყო. ამიტომ, ცალ-ცალკე ცხოვრება ვარჩიეთ. ვიღაცის გამო არ დავშორებივართ, არც შეურაცხყოფა ან წყენა ყოფილა, დღემდე უახლოესი მეგობრები ვართ და ზუსტად ვიცი, რამე რომ დამჭირდეს, თან გადამყვება. დღეში შვიდჯერ რეკავს, რამე ხომ არ გჭირდებაო. ბავშვებზე გადაყოლილია, ბევრმა ინატროს ასეთი ადამიანი. უბრალოდ, თავისუფლება მივანიჭეთ ერთმანეთს. ამის გამო, კიდევ უფრო შევინარჩუნეთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული მობეზრებაში რომ არ გადასულიყო, „გავაჩერეთ“ და ევროპულად ვცხოვრობთ (იცინის).
– მართალია, რომ შენს გოგონას მსახიობობა უნდოდა და წინააღმდეგი წახვედი?
– მსახიობობა უნდოდა და წარმოედგინა ამ პროფესიით მიღწეული წითელი ხალიჩა, ჰოლივუდი. გადავაფიქრებინე. ავუხსენი, რომ არ არის „რქებით გამტანი“ და ამის გამო, უნდა იჯდეს და ელოდოს, როდის მისცემენ როლს. თუმცა, ჩემგან განხვავებით, „რქებით გამტანი“ აღმოჩნდა. რომში დაამთავრა ინტერიერის დიზაინი, მილანში ჩააბარა მაგისტრატურაში, დიპლომიც დაიცვა. მოწონება ჰქონდა მის ყველა ნამუშევარს და შესთავაზეს სამსახური არქიტექტორ-დიზაინერად საკმაოდ ძლიერ ფირმაში. მილანში რომ სამსახურს შემოგთავაზებენ პატარა, გამოუცდელ გოგოს, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.
– საოცრად ჰგავხარ ბებიას, ქალბატონ მედეა ჩახავას ფიზიკურად. ხასიათით და დიასახლისობით თუ დაემსგავსე?
– საჭმელების კეთებაში ნამდვილად ვერ დავემსგავსე მედეას, დედაც საოცრად ამზადებს და ჩემი გოგოც – არაჩვეულებრივად. ვხუმრობ ხოლმე, მე ამ მხრივ, გენი გადამახტა-მეთქი (იცინის). მე სახლის ლაგება მიყვარს, მსიამოვნებს და არ მომყავს დამლაგებელი. აი, ხასიათით კი, ნამდვილად ვგავარ ბებიას და ფიზიკურადაც.