№11 როგორ მოსთხოვეს საერთაშორისო სილამაზის კონკურსის წარმომადგენლებმა კესარია აბრამიძეს საცვლებში გადაღებული ვიდეოს გაგზავნა და რატომ გამოიწვია მისმა პარამეტრებმა გაოცება
ცოტა ხნის წინ კესარია აბრამიძეს დაუკავშირდნენ სილამაზის კონკურსიდან, Miss Trans Star International, და კონკურსში მონაწილეობა შესთავაზეს. ქასთინგის გავლის შემდეგ, ორგანიზატორები კესარიათი აღფრთოვანდნენ და ის უკვე ტრანსგენდერ ქალთა მსოფლიო კონკურსზე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ოფიციალურად მიიწვიეს. ეს კონკურსი უკვე რამდენიმე წელია, ბარსელონაში ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კესარია აბრამიძე: კონკურსის შესახებ ზოგადად ვიცოდი და ყოველ წელს თვალს ვადევნებდი. სულ მაინტერესებდა, ვინ გახდებოდა და როგორი იქნებოდა გამარჯვებული. შეიძლება ითქვას, ეს უფრო ჩემი სპორტული ინტერესი იყო. ზოგი გამარჯვებული მომწონდა, ზოგი – არა. ბოლო წლებში რამდენიმე ძალიან მომეწონა, აღვფრთოვანდი. თუმცა, სილამაზის კონკურსში მონაწილეობა აქამდე არ მდომებია. ასეთი ამბიციურიც არ ვარ და იმხელა წარმოდგენაც არ მაქვს საკუთარ თავზე, რომ მეთქვა: მე სილამაზის კონკურსზე უნდა გავიდე, ჩემი სილამაზე მსოფლიომ უნდა ნახოს-მეთქი. თუმცა, 16-17 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოშიც დავდიოდი, ვსწავლობდი. მაგრამ, ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში, მოდელებისთვის არ არის შემოსავლის წყარო. ამიტომ, უფრო ჰობის დონეზე მქონდა. თან, პოდიუმზე მეტად, ყოველთვის ფოტოგადაღებები მომწონდა.
– როგორ დაგიკავშირდნენ?
– ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა დადო ჩემი ვიდეო და როგორც აღმოჩნდა, იქ მნახეს. დამიკავშირდნენ ჯერ „ინსტაგრამზე”, შემდეგ „ფეისბუქზე”. მერე ნომრები გავცვალეთ და ჩემი პროდიუსერი, კობა დავალაპარაკე. ანუ, მათი მხრიდან იყო დაინტერესება და არა ჩემი მხრიდან, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე: სილამაზის კონკურსში უნდა მოვიღო მონაწილეობა-მეთქი, ამის ამბიცია არასდროს მქონია. თან, ამ კონკურსში, საერთოდ არც მიფიქრია. საერთაშორისო სტანდარტების მსოფლიო დონის კონკურსია, რომელშიც დედამიწის ლამაზი ქალბატონები მონაწილეობენ.
– ვის შეუძლია ამ კონკურსში მონაწილეობა, რა მოთხოვნები და კრიტერიუმები წაგიყენეს?
– არ არის ამ კონკურსში მონაწილეობა მარტივი. ფოტოებში დღეს ყველა ლამაზია. „ფეისბუქში“ ისეთ ფოტოებს ნახავ, შოკში ჩავარდები. მერე, „ლაივში“ ეს ხალხი რომ მესალმება, ვერც კი ვცნობ. დღეს ფოტოშოპი და სხვადასხვა ტექნოლოგია ისეა განვითარებული, ფოტოზე, ყველა ძალიან ლამაზია. სინამდვილეში კი, რეალური სახე სხვაა. რადგან არ ვიმყოფებოდი იმ ქვეყანაში, სადაც კონკურსი ტარდება, მთხოვეს, უმაკიაჟო ფოტოები გადამეღო და ასევე, ვიდეორგოლი საცვლებში, თმააწეული, ასე ვთქვათ, აბაზანიდან გამოსული, მოუწესრიგებელი. მართლაც გადავიღე – საცვლებში ვარ, მოუწესრიგებელი, შეკრული თმით. მას ალბათ, მეგობარსაც არ ვაჩვენებ და ამ ვიდეოზე აღფრთოვადნენ. ასევე, უნდა გამეკეთებინა საკუთარი თავის პრეზენტაცია. აინტერესებდათ, რა მქონდა გაკეთებული, რა – არა. როგორც მივხვდი, ისინი მაინც დიდ ყურადღებას ბუნებრიობას ანიჭებენ. დღეს სილამაზე იმდენად იაფი და ხელმისაწვდომი გახდა, მაინც ბუნებრიობა იმარჯვებს. შესაბამისად, მე სახეზე პლასტიკური ოპერაციები არ მაქვს გაკეთებული, მიჩეხილ-მოჩეხილი, შეცვლილი არაფერი მაქვს. ალბათ, შანსი არის და ამიტომაც დამიკავშირდნენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ველოდებოდი პასუხს, რადგან შიდა ქასთინგი მიდიოდა. რომ გადავხედე ამ კონკურსს, ძალიან ბევრი ლამაზი გოგონაა. ამიტომ, დიდი იმედი არ მქონია და არც მიფიქრია, რომ დამიკავშირდებოდნენ. ერთ დღესაც მეილზე დამხვდა ოფიციალური წერილი: თქვენ ხართ „მის ტრანს სტან ინტერნეიშენელის“ ოფიციალური მონაწილე, საქართველოს წარმომადგენელი „მის მსოფლიოზე.” თქვენ გაქვთ შანსი, რომ გახდეთ ამ კონკურსის გამარჯვებულიო. ზოგადად, ამ კონკურსზეც ისეთივე კრიტერიუმებია, როგორც სხვა სილამაზის კონკურსებზე. წონა, პარამატრები... ჩემი პარამეტრები რომ მივწერე, შოკში ჩავარდნენ, კითხვის ნიშნები მომწერეს: მართალიაო? თურმე იდეალური პარამეტრები მქონია: წელის ზომა, მკერდი, თეძოს გარშემოწერილობა, სიმაღლეც, ასაკიც – ყველაფრით არაჩვეულებრივად ჩავჯექი კრიტერიუმებში. მოეწონათ და გაკვირვებულებიც დარჩნენ. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მაგრამ, რეალობაში ამის გადმოტანა ძალიან გამიჭირდება.
– რას გულისხმობ?
– მოგეხსენება, რომ ჩემი ბიჭი ძალიან მესაკუთრე და ეჭვიანია. ამიტომ, მისთვის ეს თემა საერთოდ არ ექვემდებარებოდა განხილვას. ცოტა ცინიკურადაც უყურებდა ამ ყველაფერს. თან, მეუბნება: შენ ჩემთვის ისედაც „მის მსოფლიო“ ხარ და ამის მტკიცებას არანაირი კონკურსები არ სჭირდებაო. მის აზრს დიდ პატივს ვცემ. თან, მეუბნება: შენ გადაწყვიტეო. მაგრამ, ვიცი, არ სიამოვნებს, რადგან ისიც არ უყვარს, როცა ერთი დღე სადმე მივდივარ. ქალაქიდანაც არ გავდივარ მის გარეშე. ვნახოთ, რა იქნება. კონკურსი ოქტომბერში ტარდება ბარსელონაში.
– კონკურენტების ფოტოები ნახე უკვე?
– ჯერ არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. როგორც მითხრეს, ძალიან დიდი კონკურენციაა. რამდენიმე წელი რუსეთმა გაიმარჯვა და მეც გამიჩნდა დიდი ინტერესი. საქართველოდან ძალიან ბევრი ლამაზი გოგონა წასულა სილამაზის კონკურსზე, მაგრამ ჯერ გამარჯვებული არ გვინახავს – ქართველს რომ მიეღო „მის მსოფლიოს“ ტიტული. ამან სტიმულიც მომეცა: იქნებ საქართველო, ჩემი ქვეყანა ვასახელო და წარმოვაჩინო კარგი კუთხით. მე არ მიმაჩნია, რომ საოცარი სილამაზე მაქვს, მაგრამ რადგან დაინტერესდნენ, მათ მოვეწონე, ვცდი ბედს. თუ ჩემს ქვეყანას ვასახელებ და მის სახელს ფართო მასშტაბით გავიტან, ძალიან გამიხარდება.
– ძალიან ბევრმა გაგაკრიტიკა, ბევრმა მოგილოცა. როგორი რეაქცია გქონდა ამ ყველაფერზე?
– ზოგადად, ქართველებს გვახასიათებს ასეთი რაღაცების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. თუნდაც, სილამაზის, სიმღერის კონკურსებზე ვინც კი მიდიოდა, ყოველთვის ლანძღავდნენ, აგინებდნენ, იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა გამოეხატათ. როცა საერთაშორისო კონკურსზე მიდიხარ და გინდა, შენი ქვეყანა წარადგინო, ადამიანების შეგნებაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არავის უხარია სხვისი წინსვლა. პირადად მე, მსგავსი კონკურსი არაფერში მჭირდება, მაგრამ მინდა, ბედი ვცადო, გამოცდილება მივიღო. ათეულში ან ხუთეულშიც რომ მოვხვდე, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატება იქნება, ჩემთვის კი საინტერესო.
– ხშირად ამბობდი, დედოფალი ვარ, ყველა წლის გამარჯვებულიო.
– ჰო, ვხუმრობდი ხოლმე. ისე, რაც გინდა, იმ დადებითს კოსმოსში თუ გაუშვებ, მერე უკან დაგიბრუდნება, მეც თუ დამიბრუნდა დედოფლის გვირგვინით... ყველა სიტუაციაში დადებითს ველოდები, რადგან საკუთარი თავის ფასიც ვიცი და ისიც, რაც შემიძლია. რადგან შემომთავაზეს, ესე იგი, მაქვს საინტერესო ვიზუალიც.
– რა არის პრიზი?
– როგორც ვიცი, საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯილდო და საჩუქრები.
– ნატურალ ქალებს არ აქვთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება?
– არა, ტრანსფორმაციაგანცდილი უნდა იყო, რომ ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
– ტალანტის კონკურსიც არის?
– კი, მგონი, იქნება. ერთი ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობ, მთელი ცხოვრება მაკრიტიკებს. ისეთი საშინელებები უწერია ჩემზე: არაფერი შეუძლიაო. არადა, ძალიან ბევრი ნიჭი მაქვს, თუნდაც სიმღერის. შემიძლია, რომ ამ მხრივ წარმოვჩინდე. შეიძლება, ვიმღერო ან, საერთოდ, ქართული ჩოხით წარვდგე კონკურსზე. ვნახოთ, საბოლოოდ, ამას გადავწყვეტთ მე და ჩემი ბიჭი. არ არის ის ტიპი, რომ არჩევნის წინაშე დამაყენოს. თან, ამბობს, რომ ჩემი წარმატება ძალიან გაუხარდება. უბრალოდ, არ უნდა, რომ სილამაზე, რომელიც მას ეკუთვნის, მსოფლიოს ანახვოს.