№11 როგორ უნდა გავარჩიოთ გრიპი და ადენოვირუსი ერთმანეთისგან და არის თუ არა ბავშვებისთვის გრიპის აცრა ხელსაყრელი
ვირუსული ინფექციების გავრცელების ყველაზე ხელსაყრელი სეზონი ზამთარია. ამჟამად საქართველოში რამდენიმე ვირუსული ინფექციაა გავრცელებული: პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსული ინფექციები და სეზონური გრიპი. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადებები და რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე გავრცელებულ ვირუსებს, გვესაუბრა პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.
ინგა მამუჩიშვილი: ვირუსის აქტივაციის განსაკუთრებული ხელშემწყობი ფაქტორია ორგანიზმის გადაციება. ვირუსული ინფექციების განსაკუთრებული აქტივაცია პიკს აღწევს ზამთარში. ამჟამად, საქართველოში რამდენიმე ვირუსული ინფექციის სიხშირე შეიმჩნევა. ვხვდებით, როგორც რესპირატორულ-სინციტიალურ ვირუსს, რომელიც აზიანებს როგორც ზედა ასევე, ქვედა სასუნთქ გზებს. აგრეთვე, პარაგრიპის ვირუსს, ძირითადად, ლარინგო-ტრაქეიტების კლინიკური სურათით; ადენოვირუსულ ინფექციებს, რომელიც როგორც სასუნთქი სისტემის, ასევე თვალის კონიუნქტივისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანებით – შესაბამისად, ფარინგიტების, კონიუნქტივიტების კლინიკური სურათით, პირღებინებითა და დიარეით მიმდინარეობს. გახშირდა სეზონური გრიპის შემთხვევებიც, რომელიც ყოველ წელს ფიქსირდება. A და B ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, ძირითადად, სასუნთქ სისტემას აზიანებს.
– რა არის ადენოვირუსი?
– ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა. მას, აგრეთვე, ახასიათებს ნაწლავების ლორწოვანი გარსისა და ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანება. ეს დაავადება ზომიერი ინტოქსიკაციის მოვლენებით მიმდინარეობს. ახასიათებს მაღალი ტოქსიკურობა; გარემო პირობებისადმი გამძლეობა (რამდენიმე დღე ძლებს წყალში, მედიკამენტურ ხსნარებში, საყოფაცხოვრებო საგნებზე); დაბალი ტემპერატურის ამტანობაც ახასიათებს. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება, მაგრამ ხშირდება შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. დაავადების გადატანის შემდეგ 100-დან 95 შემთხვევაში ორგანიზმში რჩება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ამიტომ, მოზრდილებს, რომლებმაც ბავშვობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადება. ადენოვირუსი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას ახდენს. ზოგ შემთხვევაში ის ზემო სასუნთქი გზების კატარს იწვევს, ზოგში – კონიუნქტივიტს, პნევმონიას, ფარინგიტს ან სხვა დაავადებას. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-ხახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია, უმთავრესად, გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, შედარებით იშვიათად – საკვების, წყლისა და ვირუსით დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.
– რა ნიშნებით ვლინდება ადენოვირუსი?
– დაავადება, მეტწილად, მწვავედ იწყება, მაგრამ სიმპტომები თანმიმდევრულად ჩნდება. ჩვეულებრივ, ადენოვირუსული ინფექციის პირველი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მატება. ხშირად ტემპერატურა თანდათანობით იმატებს და მეორე-მესამე დღეს 38-40 გრადუსს აღწევს; ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები (გამონადენი ცხვირიდან, ხველა); კონიუნქტივიტი; ინტოქსიკაცია (მოთენთილობა, უმადობა, თავის ტკივილი, ზოგჯერ – ღებინება); ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენიტი).
– რა სიხშირით ვრცელდება ბავშვებში გრიპის ვირუსი და თუ იწვევს გართულებებს?
– გრიპის ვირუსის კლინიკური გამოვლინებები იწყება ვირუსთან კონტაქტიდან 1-5 დღეში, მისი ელიმინაცია ორგანიზმიდან დაახლოებით ერთ კვირაში ხდება, თუ გართულებებს ადგილი არ აქვს. გრიპის ვირუსი განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულთათვის, წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის. დღეს უკვე შეიმჩნევა სეზონური გრიპის აქტივაცია, თუმცა, ჯერჯერობით გართულებული შემთხვევა ბევრი არ ყოფილა. გრიპი ხასიათდება, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე მიმდინარეობით (განსაკუთრებით იმ სარისკო ჯგუფებში, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ). მას ახასიათებს უეცარი დაწყება ჰიპერთერმიით, თავის, ძვლებისა და სახსრების ტკივილით; პირღებინება – გულისრევა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ლეთარგიულობა და ადინამია. ის შეიძლება, გართულდეს პნევმონიით (ფილტვების ანთებით), რაც დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. თითქმის ყველა უჩივის ყელისა და ყურის ძლიერ ტკივილებს. ასევე, შეიძლება, გართულდეს ნეიროტოქსიკოზით (თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ცნობიერების დაბინდვა, გულყრა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოებით. შესაძლოა, გამწვავდეს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, გამოიწვიოს მენინგიტის, ენცეფალიტის განვითარება და ასე შემდეგ. სეზონური გრიპი ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით (ცემინება, ხველა), ასევე, ადამიანის შეხებით ვირუსით დაბინძურებულ საგნებსა და ზედაპირთან.
– მიზანშეწონილია თუ არა ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინის გაკეთება?
– გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ვაქცინა ყოველწლიურად მზადდება ვირუსის იმ შტამების გათვალისწინებით, რაც გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი. საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები 3-კომპონენტიანია და იცავს 3 ტიპის ყველაზე გავრცელებული ვირუსებისგან (მე-2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და პირველი ტიპის ინფლუენზა B ვირუსი). ვაქცინები ძალიან მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხო. მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება. ამ პერიოდში ვაქცინირებულები სეზონური გრიპის გავრცელების პერიოდს მომზადებულები ხვდებიან. გრიპის პროფილაქტიკის სხვა საშუალებებიც არსებობს (ყველაზე ეფექტურია ვაქცინაცია). თუმცა, ექიმის გარეშე, თვითნებურად, არანაირი საშუალება არ უნდა გამოიყენოთ.
– რა არის საჭირო გრიპის ვირუსის პრევენციისთვის?
– იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გრიპის ვირუსი, უმჯობესია, ეპიდემიის პერიოდში ბავშვები მოვარიდოთ თავშეყრის ადგილებს, ხშირად გაანიავეთ ბინები, ბავშვთა დაწესებულებების ოთახები დალაგდეს სველი წესით, ნუ გაუშვებთ ავადმყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში, ხშირად ამყოფეთ სუფთა ჰაერზე. ვიკვებოთ ბალანსირებულად და მეტად გამოვიყენოთ ცოცხალი ვიტამინები (ხილი, ბოსტნეული), დავიცვათ ჰიგიენის ნორმები (ხელების ხშირი დაბანა), უარვყოთ მისალმების ქართული წესი (გადაკოცნა), ვიხმაროთ ნიღაბი, რომელიც მაქსიმუმ, 2 საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ. ნიღბები და ერთჯერადი ხელსახოცები ჩავყაროთ ურნაში და არ დავდოთ მაგიდაზე, ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ მოიქცნენ ხველებისა და ცემინების დროს. დავტვირთოთ ისინი მეტი სითხით.