№11 დავით ხახუტაშვილის გზა ინგლისის სამხედრო სამეფო თავდაცვის აკადემიიდან მსოფლიო დონის ბიზნესმენობამდე
ეპოქას, ჩვენი დროის გმირები ქმნიან. მათი საქმეები – შეუაფსებელია, რადგან სიყვარულით აკეთებენ სიკეთეს და ამით მარადიულს ხდიან სამყაროს. გაიცანით, ჩვენი დროის ნამდვილი გმირი – დავით ხახუტაშვილი. მისი სახელი არაერთ საქველმოქმედო პროექტთან ასოცირდება, რომელიც ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველების დასახმარებლად. სპორსტსმენი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, დღეს წარმატებული ბიზნესმენი მსოფლიოს ერთ-ერთი, ყველაზე პრესტიჟული, ლონდონის სამხედრო სამეფო თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია. „თბილისელები” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ხახუტაშვილთან.
– ინტერვიუზე თქვენი დათანხმება იოლი არ აღმოჩნდა. წარმოგვიდექით, ვინ ხართ, როგორ იწყება თქვენი წარმატების ისტორია?
– 1978 წლის პირველ სექტემბერს ყვარლის რაიონში, სოფელ ახალსოფელში დავიბადე, იქვე დავამთავრე სკოლა და თბილისში, სამხედრო სასწავლებელში ჩავაბარე, რომლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ინგლისში, სამხედრო სამეფო თავდაცვის აკადემიაში გავაგრძელე. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დიდი სურვილი გახდა ჩემი საქართველოში დაბრუნების მიზეზი. 2003 წელს, როცა ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა, მოხდა ისე, რომ შეიარაღებული ძალებიდან წავედი და მუშაობა არაბეთისა და ევროპის ქვეყნებში დავიწყე. როდესაც ყატარში დავფუძნდი, უსაფრთხოების კომპანია ჩამოვაყალიბე, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს. გვაქვს, ასევე, გადაზიდვების კომპანიები, რომლებიც არანაკლები წარმატებით ვითარდება. გვემატება ახალი პროექტებიც და შესაბამისად, იზრდება კომპანიის მუშაობის არეალიც.
– ლონდონის სამხედრო აკადემიაში ბევრი გავლენიანი მეგობარი შეიძინეთ...
– ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, ძირითადად, გაერთიანებული არაბეთის ემირატებიდან იყვნენ. სწავლის დაწყებიდან მალევე დავმეგობრდით, რასაც დღემდე ვინარჩუნებთ და ეს ყველაფერი უკვე საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა. დღეს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, პირველი პირია ყატარში. მისი კოლეგები და მეგობრები ძალიან მჭიდრო, ყოველდღიურ კონტაქტში არიან ჩემთან.
– მართალია, თქვენი კარიერა თავდაცვის სფეროში არ განვითარდა, თუმცა გავლენიან და კრეატიულ ბიზნესმენად ჩამოყალიბდით. რთული იყო პროფესიის შეცვლა?
– რთულია სამხედრო სამსახურიდან ბიზნესში წასვლა, იმიტომ რომ, ეს საერთოდ სხვადასხვა სფეროა და გარკვეული პერიოდია საჭირო ადაპტირებისთვის. რა თქმა უნდა, მეგობრების მხრიდან მხარდაჭერა ბევრად აიოლებს ამ პროცესს. ისინი დამეხმარენ, რომ ადვილად შევგუებოდი ბიზნესგარემოს. ჩემმა კოლეგებმა სამხედრო სამსახურიდან როგორც საქართველოდან, ისე მის ფარგლებს გარეთ, გამოთქვეს ინტერესი, შეგვექმნა საერთო კომპანიები. ჩვენი ერთობლივი მუშაობისა და ძალისხმების ხარჯზე კი, დღეს ეს კომპანიები საკმაოდ წარმატებულია. რაც შეეხება დაცვის სამსახურს, ფაქტობრივად, ამ ბიზნესით მოვახდინეთ ჩვენი პროფესიის ადაპტირება. გარდა ამისა, დაინტერესებულები ვართ სოფლის მეურნეობითა და ახალი ტექნოლოგიებით, ამჟამად საქართველოში ხორციელდება ჰესების მშენებლობის ორი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს იმ საქველმოქმედო პროგრამების განხორციელებას, რაც ჩაფიქრებული გვაქვს.
– როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ ექსკლუზიური უფლება, შემოიტანოთ „გრაუნდეკო” და განახორციელოთ საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიით გზების რეაბილიტაცია. ეს სერიოზული განაცხადია...
– „გრაუნდეკოს” გერმანელები აწარმოებენ, რომელიც გზის რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის ახალი ტექნოლოგიაა. მისი საშუალებით, გაცილებით სწრაფად და იაფად ხდება გზების დაგება. გზების ექსპლუატაციის ვადა 40 წელია. დიახ, „გრაუნდეკოს” გამოყენების ექსკლუზიური უფლება მოვიპოვე. ამ ინოვაციური ტექნელოგიის ავტორები იყვნენ ჩამოსულები და სატესტო რეჟიმში, ახალსოფელში 1 კილომეტრი და 300 მეტრი გზის საფარი დაიგო. „გრაუნდეკო” – ეს არის ახალი სტანდარტი ევროპაში და სამხედრო გზებს გერმანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში, სწორედ „გრაუნდეკოს” გამოყენებით აგებენ. ამით ყველაფერი ნათქვამია!
– უამრავი საქველმოქმედო პროექტი გაქვთ განხორციელებული. დააფუძნეთ „წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“, რომლის საშუალებითაც, სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. აფინანსებთ ბავშვების მკურნალობის ხარჯებს, ნიჭიერი სტუდენტების სწავლას უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. თქვენთვის პრიორიტეტია სპორტის, ხელოვნების, უცხოეთში ქართული საზოგადოების, სკოლების შექმნა და დაფინანსება. გვიამბეთ, კიდევ რა პროექტებს ახორციელებთ სრულიად უსასყიდლოდ?
– უცხოეთში ქართული საზოგადოების შექმნით, იქმნება ქართული ფუნდამენტი. მათ ენატრებათ სამშობლო და მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ფორმით შევქმნათ ის ატმოსფერო, რომ ემიგრატებმა თავი პატარა საქართველოში იგრძნონ. ისინი ერთად აღნიშნავენ ყველა ქართულ საეკლესიო დღესასწაულს. ყატარში გვაქვს ეკლესია, სადაც ქართველები დადიან და ლოცულობენ. ვფიქრობ, ერთად შეკრება და დღესასწაულების აღნიშვნა, ჩვენს თანამემამულეებს, გარკვეულწილად, შეუმსუბუქებს სამშობლოსგან შორს ყოფნით გამოწვეულ ნოსტალგიას.
ჩემს რაიონში, როდესაც დავიწყეთ პირველი პროექტის განხორციელება – საბავშვო ბაღის მშენებლობა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოსახლეობა ასე პოზიტიურად შეხვდებოდა მას და პროცესებში ჩაერთვებოდა. ბაღის მშენებლობის დამთავრების შემდეგ რამდენიმე პარკი კეთილმოეწყო, ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც დღეს ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ბავშვების ნაწილი მიდის სპორტულ სექციაში ან ახალგაზრდულ ცენტრში. ხშირად ჩავდივარ და ვხედავ, რომ იქ უსაქმურად არავინაა, რაც ძალიან მახარებს. საქართველოში ვახოციელებთ იმ ბავშვების მხარდაჭერას, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ასევე ვეხმარებით პერსპექტიულ ახლგაზრდებს უცხოეთში საწავლის გაგრძელებაში. მათ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ. მიიღონ მაღალი დონის ცოდნა საუკეთესო უნივესრიტეტში, დაუბრუნდნენ საქართველოს და საკუთარი ცოდნა თავისი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარონ.
– წარმატებული ძიუდოისტი იყავით. დღეს „კუდოს” ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. სიმართლე გითხრათ, პროფესიონალმა სპორტსმენებმაც არ იციან, სპორტის ეს სახეობა. აგვიხსენით, აქ როგორ მოხვდით და რის გაკეთებას გეგმავთ?
– დაახლოებით ორი წლის წინ, დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძელით და ჩამოვაყალიბეთ „კუდოს” ფედერაცია საქართველოში. „კუდო” გახლავთ იაპონური ორთაბრძოლა, სადაც თავმოყრილია ძალიან ბევრი პრაქტიკული და სასარგებლო ელემენტი, მათ შორის, მრავლადაა ძიუდოს ილეთები. „კუდოს” ფედერაცია საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ სპორტსმენს აერთიანებს. ვარჯიში ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. წარმატებული სპორტსმენებისთვის კი, განსაზღვრულია წამახალისებელი ჯილდოები. პარალელურად, ვხელმძღვანელობ სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერსაც,“ რომელიც ძირითადად, ძიუდოს განვითარებაზეა ორიენტირებული. ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ბავშვებს საშუალება აქვთ, უფასოდ ივარჯიშონ „ბლექ თაიგერის“ სპორტულ სექციებში. ექსკლუზიურად იმასაც გეტყვით, რომ 2 წლის წინ, დავუკვეთეთ დოკუმენტური ფილმი ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტებზე – მათ ცხოვრებასა და კარიერულ მიღწევებზე. ფილმი ახლა მონტაჟის პროცესშია და მას ქართველი საზოგადოება მალე ნახავს.