№11 რა პატივი სცეს ირანში მყოფ ელდარ შენგელაიას მასპინძლებმა
სახელოვანი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ასეთ კურიოზს იხსენებს: „შერეკილები“ მქონდა ჩატანილი ირანში, კინოფესტივალზე. სურათის ჩვენებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მას ირანის შაჰის მეუღლე – დედოფალიც ესწრებოდა და მასაც ძალიან მოეწონა ეს სურათი. პატივისცემის ნიშნად კი, სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ – სადაც ვცხოვრობდი, – ფეშენებელურ რესტორანში „ულიმიტო სუფრით“ სარგებლობის უფლება მომანიჭეს, ანუ შემეძლო, უფასოდ მეჭამა, რაც მსურდა. ამიტომ, იმ დღეებში, რაც კი იქ გავატარე, ყოველ საღამოს ზღაპრულ სუფრას ვაშლევინებდი რესტორანში და ძალიან ბევრი ადამიანი ვაქეიფე. მოკლედ, ყოველდღე გემრიელი ვახშამი და კარგი მოლხენა გარანტირებული გვქონდა. თუმცა, დადგა წამოსვლის დროც და მეორე დღეს რომ უკვე მოსკოვში მოვფრინავდი, საღამოს, ვახშმის შემდეგ, ნომერში ავედი. დასაძინებლად ვემზადებოდი და ამ დროს რესტორნის თანამშრომელი მოვიდა. მან გრძელი ფურცელი დამიტოვა და წავიდა. ფურცელს რომ დავხედე, ლამის გული გამისკდა – ზედ ნაირ-ნაირი კერძების დასახელება და მათი ფასები ეწერა. რომ დავიანგარიშე, რამდენიმე ათასი დოლარი გამოვიდა. ვიფიქრე: ესეც შენი ულიმიტო სუფრა-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ვახშმის ანგარიში იყო, ჯიბეში კი მხოლოდ 25 დოლარი მედო. ის ღამე ფიქრებში, თეთრად გავატარე. დილით კი რესტორნის თანამშრომელი ვიხმე და პირდაპირ ვუთხარი: ფული არ მაქვს და თქვენ რომ გუშინ ვახშმის ანგარიში ამომიტანეთ, ვერ გადავიხდი-მეთქი.
რესტორნის თანამშრომელმა კი მითხრა:
– ეს ანგარიში კი არა, იმ კერძების სიაა, რომლებიც კიდევ შეგიძლიათ, მიირთვათო.
ამ სიტყვებმა ისე გამახარა, რომ ჭამა-სმა აღარც კი მახსოვდა და მოსკოვში მშვიდობიანად დავბრუნდი.“