№11 რატომ დასაჯეს სიკვდილით 27 წლის ქართველი ბოროტმოქმედი
გაქცევა
1971 წლის 2 მარტს ვორკუტის ¹12 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან სამი პატიმარი გაიქცა – 39 წლის რეციდივისტი პავლე გულკინი, 42 წლის რეციდივისტი იური კოკორევი და 26 წლის ომარ კუნჭულია, რომელსაც 15 წელი ჰქონდა მისჯილი ძარცვების სერიისთვის. პატიმრებმა ზონაში გათხრილი გვირაბით ისარგებლეს და ღამის წყვდიადში გაუჩინარდნენ. წინ მათ ორმოცდაათკილომეტრიანი ტაიგა უნდა გაევლოთ, რომელიც მშიერი მგლებითა და მეტრიანი თოვლით იყო სავსე. გაქცეულებს თან ალესილი ფოლადის ნაჭერი და ცოტა სალა ჰქონდათ. გულკინი და კოკორევი გამოცდილი ბოროტმოქმედები იყვნენ. კუნჭულია კი პირველად მოხვდა ციხეში და ერთი შეხედვით, „არიფი“ ყმაწვილი, კინომსახიობს უფრო ჰგავდა, ვიდრე პირწავარდნილ ბოროტმოქმედს. ქართველი პატიმარი რუსმა რეციდივისტებმა „ძროხად“ წაიყვანეს. „ძროხა“ კი კრიმინალურ ჟარგონზე იმ ადამიანს ნიშნავს, ვინც შესაჭმელად მიჰყავთ ტაიგაში, რათა გაქცეული პატიმრები შიმშილისგან არ დაიხოცონ. სინამდვილეში, კუნჭულიამ ალღო აუღო სიტუაციას და გულკინსა და კოკორევს ყელი გამოსჭრა. შემდეგ კოკორევს თავისი სამოსი გადააცვა, რომელსაც ციხის პატიმრის ნომერი ჰქონდა მიკრული და თავად მის სამოსში გამოეწყო. ალესილი ფოლადის ნაჭერი მოიმარჯვა და მშვიდობიანად გავიდა ბაქან „ვოსტოჩნაიაზე“, საიდანაც მოსკოვში გაემგზავრა. ყელგამოჭრილი რეციდივისტები ტაიგის მგლებმა შეჭამეს და მდევრებმა მხოლოდ გასისხლიანებული სამოსი და ძვლები აღმოაჩინეს. საკავშირო ძებნა გამოცხადდა იური კოკორევზე. პავლე გულკინი და ომარ კუნჭულია კი მკვდრებად გამოაცხადეს და მათ არავინ ეძებდა.
ცრუ კვალი
26 წლის ომარ კუნჭულია მოსკოვში ალესილი ფოლადის ნაჭრით ჩავიდა, რომელზეც ძებნილი კოკორევის ხელის ანაბეჭდები იყო დაფიქსირებული. მან ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური გაძარცვა და იქიდან 40 მანეთი გაიტაცა. მოლარე-ოპერატორი კი მსუბუქად დაჭრა და „ფაქტიც“ იქვე დატოვა, ვითომდა შემთხვევით დაუვარდა. დანაშაულის ჩადენისას კუნჭულია ნიღბით მოქმედებდა და დაზარალებულმა მისი გარეგნობა ვერ აღწერა. სამაგიეროდ, „მურში“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაქცეული კოკორევი „ჩალიჩობდა“ და მასზე ნადირობა გაძლიერდა. კუნჭულია კი ლენინგრადში ჩავიდა და გრანდიოზული საქმის მომზადებას შეუდგა, რომელიც ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე ჩაიფიქრა. ქართველ ყმაწვილს ოთხკაციანი ბანდა ჰყავდა, რომელიც ძიებისას არ გაუმჟღავნებია. ლენინგრადში რომ ჩავიდა, თავისი „პაძელნიკები“ იქ დაიბარა და ხუთივე „ჩალიჩს“ შეუდგა. ომარსა და კამპანიას მიზანში ჰყავდათ ამოღებული საინკასაციო „მოსკვიჩი“, რომელსაც კიროვის სახელობის ქარხნის თანამშრომელთა ხელფასები გადაჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, ფურგონში 800 ათასი მანეთი იდო. მას ერთი მოლარე ქალი, მძღოლი და ორი ინკასატორი აცილებდა. ოთხივე პისტოლეტით იყო შეიარაღებული და მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ. კუნჭულიასა და მისი ბანდის წევრებს კი, ერთი ავტომატი, სამი პისტოლეტი და ოთხი რევოლვერი ჰქონდათ. დაიგეგმა გაძარცვის თარიღი – 1971 წლის 15 მაისი. ბანდიტებმა ქუჩიდან „მოსკვიჩი 408“ გაიტაცეს და საინკასაციო მანქანას ქარხნის შესასვლელთან ელოდებოდნენ. „მური“ კი ცრუ კვალზე იდგა და გამალებით ეძებდა იური კოკორევს.
სისხლიანი ძარცვა
1971 წლის 15 მაისს, დილის 11 საათსა და 15 წუთზე, საინკასაციო ფურგონიანმა „მოსკვიჩმა“ ბოლო მოსახვევში შეუხვია. ამ დროს მას ბანდიტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ბოროტმოქმედები საბურავებს ესროდნენ, თან გაჩერებულ „მოსკვიჩს“ ალყა შემოარტყეს, რომ ფურგონიდან ფული აეღოთ. კუნჭულია ავტომატმომარჯვებული იდგა დაზღვევაზე, რომ ყოველი შემთხვევისთვის, „პაძელნიკები“ დაეცვა. ამ დროს ფურგონი გაიღო და შიგნით მჯდომმა ინკასატორებმა პისტოლეტებიდან ცეცხლი გახსნეს. ცეცხლი გაიხსნა კაბინიდანაც და მოლარე ქალმა ერთი თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა. დანარჩენი სამი თავდამსხმელი კი ინკასატორებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. მაშინ ავტომატმომარჯვებულმა კუნჭულიამ უწყვეტი ცეცხლი გახსნა და მოლარე, მძღოლი და ინკასატორები იქვე დახოცა. შემდეგ ფულით სავსე ორი ჩანთა გადმოიტანა. გატაცებულ „მოსკვიჩში“ ჩაყარა და ავტომატიანად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეს სცენა, როგორც მოგვიანებით საგამოძიებო ექსპერიმენტზე დადგინდა, 45 წამს გაგრძელდა. იმ სისხლიან ძარცვას თვითმხილველები არ ჰყოლია და ადგილზე რვა მოკლული ადამიანი დარჩა. 26 წლის ომარ კუნჭულიამ კი გატაცებული მანქანა „ვასილის კუნძულზე“ მიატოვა. ფული ზურგჩანთაში გადააწყო. ტურისტის სამოსი გადაიცვა და ალა პორხომენკოს სახლისკენ გაემართა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ნევის გამზირზე მდებარეობდა. 37 წლის პორხომენკო უშვილო ქვრივი გახლდათ. ის „ერმიტაჟში“ მუშაობდა კონტროლიორად და ომარ კუნჭულიას საყვარელი იყო. ალას და – ბელა ლენინგრადში ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო. ალამ მას დახმარება და ომარისთვის სახის შეცვლა სთხოვა. ბელა დასთანხმდა დას და 1971 წლის 20 სექტემბერს, თავის სახლში, კერძოდ, ყოველგვარი ოფიციალური გაფორმების გარეშე, პლასტიკური ოპერაცია გაუკეთა. ბელას ასისტენტობას ალა უწევდა. ომარს ორ კვირაში მოხსნეს სახვევები და კიდევ ორი კვირის შემდეგ კი, ნაოპერაციევი სახე სრულიად დაუცხრა. ისე იყო შეცვლილი, მშობელი დედაც ვერ იცნობდა.
ფერადი ტატუ
როგორც კი სრულად გამოჯანმრთელდა, ომარ კუნჭულიამ კვალის საბოლოოდ წაშლა და ახალი საბუთის შოვნა განიზრახა. მან ჯერ ალას გარდაცვლილი მეუღლის, ივანე კოლცოვის პასპორტი მოიპარა, რომელიც ალას სამახსოვროდ ჰქონდა შენახული. მასში თავისი ახალი სურათი ჩააკრა და დაბადების თარიღი გადააკეთა, რადგან ის ომარზე თოთხმეტი წლით უფროსი იყო. შემდეგ ორივე და ვახშამზე მიიწვია ალას სახლში და დახოცა. კუნჭულიამ დები ჯერ თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გათიშა, შემდეგ კი სათითაოდ, ბალიში დაადო თავზე და პისტოლეტიდან თავში გასროლით უხმაუროდ გამოასალმა სიცოცხლეს. მკვლელობის იარაღიც და დანარჩენი ცეცხლსასროლი იარაღები ალას ბინაში დატოვა. ფულით სავსე ჩანთას ხელი დაავლო და შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოდ მიიმალა. ყალბი პასპორტითა და დიდძალი ფულით, ომარ კუნჭულია თავს თავისუფლად და დაცულად გრძნობდა. კუნჭულია საბჭოეთის თბილ რესპუბლიკებში მოგზაურობდა. სასტუმროებში ჩერდებოდა და დროს ატარებდა. 1972 წლის ივლისში კუნჭულია კურორტ სოჭში იმყოფებოდა. სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობდა და რუს ლამაზმანებთან ერთად ერთობოდა. 16 ივლისს ის მოულოდნელად დააპატიმრეს და ქალაქის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კუნჭულიას ვორკუტის კოლონიაში ფერადი ტატუ დაახატეს მარჯვენა მხარზე. ამ სპეციფიკურ ტატუზე ავტომატმომარჯვებული ეშმაკი იყო გამოსახული. შიშველი კუნჭულია პლაჟზე ერთ-ერთმა ზედამხედველმა ნახა, რომელიც სოჭში ისვენებდა. ეჭვი შეეპარა მის გარეგნობაში და მილიციაში დაასმინა. კუნჭულიამ მხოლოდ ორ დღეს გაუძლო ზეწოლას. შემდეგ კი ყველაფერი აღიარა. ის გაასამართლეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის სიკვდილით დასაჯეს 27 წლის ასაკში.