კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 რატომ აბრალებდნენ ლაშა-გიორგის სომეხთა რჯულის მტრობას და როგორ დამთავრდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივი კამათი მის კარზე

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ქართველებსა და არმენებს შორის სარწმუნოებრივი კამათი საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც სომხებმა გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ მონოფიზიტები და შემდეგ კი მოისურვეს, დაემორჩილებინათ ქართული ეკლესია, ზოგ შემთხვევაში, ირანის იმპერიის დახმარებით. თუმცა, არ გამოუვიდათ. საერთოდ, ყველა ერის წარმომადგენლებს ახასიათებთ საკუთარი სარწმუნოებისა თუ წარმომავლობის ქება და სხვებზე უპირატესობის წარმოჩენა – ზოგ ერს ნაკლებად, ზოგს მეტად.
ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივი კამათი გაგრძელდა მას მერეც, რაც სომხებმა დაკარგეს სახელმწიფოებრიობა და ქართველ მეფეთა ქვეშევრდომობით, ცდილობდნენ საკუთარი ერის ფიზიკურ გადარჩენას და სხვათა შორის, საკუთარი სარწმუნოების შენარჩუნებასაც. სხვა პატრონი, სხვა კეთილმოსურნე, მეთერთმეტე საუკუნის შუა წლებიდან საუკუნეების განმავლობაში, სომეხ ერს, გარდა ქართველი მეფეებისა, არ ჰყოლია.
მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კავკასიაში მხოლოდ ერთი ძლიერი და მზარდი სახელმწიფო არსებობდა. მით უმეტეს, ქრისტიანული, რომელიც არავის ეპუებოდა და კავკასიის ხალხთა გაერთიანებას და გათავისუფლებას ლამობდა. ბაგრატ მეოთხე დედით სომეხი იყო და სომხებმა გადაწყვიტეს, მისი სკიპტრის ქვეშ შეეფარებინათ ანისის სომხური სამეფო. თუმცა, კამათი კი გამართეს სარწმუნოების საკითხზე ქართველებთან. არ უნდა გაგვიკვირდეს, შეიძლება, ეს სარწმუნოებრივი თვითგადარჩენის ინსტინქტიც კი იყო, ნაწილობრივ მაინც.
კამათი გაიმართა დავით აღმაშენებლის წინაშეც, რომელიც, ასევე, მფარველად მოევლინა სომეხ ხალხს.
თამარის დროსაც დიდი კამათი ყოფილა, რომელიც მეფის ამირსპასალარის, მონოფიზიტი ზაქარია მხარგრძელის უტაქტო ქმედების გამო გამართულა. შეიკრიბნენ სომეხი და ქართველი სასულიერო პირები და იკამათეს, მერე კი, ორივე მხარემ აკურთხა სეფისკვერი და შემდეგნაირად გამოსცადეს - ძაღლებს დაუდეს. სომეხთა მიერ ნაკურთხი სეფისკვერი ძაღლმა შეჭამა, ქართველთა მიერ ნაკურთხი სეფისკვერის დანახვაზე კი ძაღლი გაიქცა. მაშასადამე, სომეხთა მიერ ნაკურთხი სეფისკვერი ვერ იქცა ქრისტეს ხორცად. ამ სასწაულის გამო, რომელმაც დაადასტურა ქართველთა სარწმუნოების ჭეშმარიტება, მართლმადიდებლურად მოინათლა ამ ამბის მომსწრე ბევრი სომეხი, მათ შორის, ივანე მხარგრძელი და მთელი მისი საგვარეულო, ძმის, ზაქარიას გარდა. თუმცა, ისიც დარწმუნდა დიოფიზიტობის ჭეშმარიტებაში.
მაგრამ, შუღლი, სომეხ სასულიერო პირთა მხრიდან, კვლავ გაგრძელებულა, რადგან, ზოგ სომეხს არც კი სჯეროდა მომხდარის. მათი აზრით, თამარის დროს წირვის აღმვლენელი სომეხი მღვდლების ბრალი იყო ძაღლის მიერ სომხების სეფისკვერის შეჭმა, რადგან არ იყვნენ შესაბამისად წმიდა მოღვაწეები და ამიტომ, მათი ნაკურთხი სეფისკვერი ვერ იქცა ქრისტეს ხორცად. პიროვნებების ბრალია, ძაღლმა რომ შეჭამა ჩვენი სეფისკვერი, მონოფიზიტობა აქ არაფერ შუაში იყოო, ასე ამბობდნენ.
მეფე გიორგი მეოთხის დროს იყო ერთი დანიელ ასურელი ვართაპეტი (ვარდაპეტი, სჯულისმეცნიერი). ეტყობა, სირიაში მოღვაწეობდა და ამიტომ, ასურელად მოიხსენიება. ის ადგა და წამოვიდა ჩრდილოეთ სომხეთში, რომელიც მაშინ საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა. მივიდა ეჩმიაძინში, სომეხთა იქაური  მწყემსმთავრისგან კურთხევა მიიღო და გამოემართა ტფილისისკენ. თან იქადდა: მე ვაჩვენებ ქართველებს სასწაულსო!
მოვიდა ქართველთა, სომეხთა და სრულიად კავკასიის დედაქალაქ ტფილისში და გაჩერდა სომხურ ეკლესიასთან არსებულ სახლში. სომხური ეკლესიები ჩვეულებრივად მოქმედებდა დიდ საქართველოში, ისევე როგორც მაჰმადიანური მეჩეთები და ებრაული სინაგოგები, ყოველთვის ტოლერანტობით ცნობილ ქართველთა ქვეყანაში.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს ხელმწიფეს - ქართველთა და სომეხთა მეფესა და შირვანშასა და შაჰანშას, გიორგი მეოთხეს სთხოვა მიღება დანიელ ვართაპეტმა. ქართველი მეფეები პატივით იღებდნენ ხოლმე ცნობილ მოგზაურებს და სტუმრებს, როგორც ყოველთვის, ყველა კულტურული ქვეყნის მეფეები. ჩვენმა ხელმწიფემაც კეთილი ინება და მიიწვია სხვა ქვეყნის მოქალაქე, დანიელ ბერი, სასახლეში. ჯეროვანი პატივით მიიღო და გამოჰკითხა ტფილისში მოსვლის მიზეზი. ვართაპეტმა შეჰკადრა მეფეს, კვლავ გამოეცადათ სომეხთა და ქართველთა სარწმუნოებანი.
ლაშა-გიორგიმ მეორე დღისთვის დაიბარა ქვეყნის სტუმარი და შეჰპირდა, მოვიწვევ ჩვენს სამღვდელოებას და მათი თანდასწრებით მოგვახსენე, რაც გნებავსო.
მეორე დღეს შეიკრიბნენ ქართველი და სომეხი სამღვდელონი სამეფო კარზე. დასხდნენ მეფე და კათალიკოსი და სხვები თავ-თავისი პატივის მიხედვით, როგორც იყო გარიგებული ხელმწიფის კარზე.
დარბაზში წინ დასვეს დანიელ ვართაპეტი და მისი თანამზრახველები. დანიელმა თქვა:
– ჰოი მეფეო, მნებავს მე, რათა კვლავ შევწიროთ მსხვერპლი, ვაკურთხოთ სეფისკვერი და დაუგდოთ წმიდა კრავი ძაღლს (მღვდელმოქმედებული სეფისკვერი წმიდა კრავის, იესოს ხორცია), როგორც თამარ მეფის დროს. რადგან, როგორც ჩანს, ჩვენი, სომხების მხრიდან, ვინც მაშინ აკურთხა სეფისკვერი და წირვა ჩაატარა, არ იყვნენ სუფთა ადამიანები, რაღაც მწიკვლი ჰქონდათ. ამიტომ, მათი სეფისკვერი შეჭამა ძაღლმა. ახლა კი ჩვენ დაგიმტკიცებთ ჭეშმარიტებას!
ეს რომ გაიგეს სასულიერო პირებმა, უმალ აღმოხდათ ხმამაღლა:
– არ გამოვცადოთ ღმერთი! ისიც საკმარისია თქვენთვის, რაც მაშინ შეგემთხვათ!.
ხოლო ჩვენმა კათალიკოსმა ეტიფანემ (ეპიფანემ) ბრძანა:
– თუ მოიქცევით აქ მყოფი სომხები, მე გაჩვენებთ თქვენი მოთხოვნისამებრ!
სომხები კი პასუხობდნენ:
– ჩვენიცა შეწირული ეგოს შეუხებელად, ინებეთ ესეო! - ესე იგი, ჩვენი შეწირული მსხვერპლი, ანუ ჩვენი მღვდელმოქმედებული სეფისკვერიც გამოიცადოსო.
მაგრამ, მეფემ ბრძანა:
– არა, მამაო, მე მაშინ რომ დავსწრებოდი, ვერც გავაკეთებინებდი ამას, რადგან საშინელი და შემაძრწუნებელია ასეთი გამოცდა. თუ გნებავთ, ავიღოთ ორი ჭურჭელი და ვაკურთხოთ აიაზმა. მერე დავხუროთ ორივე ჭურჭელი, დავბეჭდოთ და დავდგათ ეკლესიაში. დავბეჭდოთ ეკლესიის კარიც და დავაყენოთ მცველნი ქართველთა და სომეხთგან. ორმოცი დღის შემდეგ გავხსნათ ისინი და ვნახოთ. რომელი ნაკუთხი წყალიც იქნება ამყრალებული, იმ წყლის მაკურთხებელთა სარწმუნოება იქნება მცდარი!
მეფის ეს სიტყვა ყველას მოეწონა და გადაწყვიტეს ასეც მოქცეულიყვნენ. მეორე დღეს შეიკრიბნენ და მოიტანეს თავ-თავიანთი ჭურჭელი. ცალ-ცალკე დადგნენ სომხები და ქართველები და დაიწყეს „აიაზმისა ხდა“. სომხები ხმამაღლა მადლობდნენ ღმერთს, ბოლოს ჩაასხეს მირონი და ასე დასრულდა კურთხევა. ორივე მხარის მიერ ნაკურთხი წყალი ჩაასხეს ორ ჭურჭელში, დახურეს, დაბეჭდეს, შეიტანეს ეკლესიაში, დადეს ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. შემდეგ დაკლიტეს ეკლესიის კარები, დაბეჭდეს ისიც და მცველებად დაადგინეს ქართველები და სომხები.
ორმოცი დღის მერე, შეიკრიბნენ ყველანი და მივიდნენ იმ ეკლესიაში. გახსნეს კარები, გამოიტანეს ორივე ჭურჭელი გარეთ და დადგეს, ალბათ, ტფილისის რომელიმე მოედანზე, რათა ყველას ენახა. იქვე იყვნენ სამღვდელოების წარმომადგენლები და ერისკაცები, მეფე, კათალიკოსი და სომეხი სასულიერონი. მოხსნეს ბეჭდები ჭურჭელს, გახსნეს, ტატუკით (პატარა ჭურჭლით) ამოიღეს ჯერ ქართველთა მიერ ნაკურთხი წყალი. დააგემოვნეს სომხებმა და ქართველებმა და ყველამ აღნიშნა, რომ იყო წყაროს წყლიდან ახლად აღებულივით.
ხოლო, როცა ამოიღეს სომეხთა მიერ ნაკურთხი წყალი, ვერავინ მიიტანა ცხვირთან, რადგან ყარდა, როგორც დამდგარი გუბის წყალი. შერცხვენილი სომხები აყვედრიდნენ ვართაპეტს, ქართველები კი სიხარულით ადიდებდნენ ღმერთს სასწაულისთვის.
იმდღევანდელი სასწაულის გამო მრავალი სომეხი გადმოვიდა ქალკედონურ სარწმუნოებაზე. მაგრამ, ანდრია ვართაპეტი მაინც ვერ ისვენებდა, ისევ ამტკიცებდა თავისი სჯულის უპირატესობას და კვლავ ითხოვდა რაიმეთი შემოწმებას. სასწაულს მოვახდენო, ამბობდა.
მეფე განრისხდა და უთხრა:  
– ვინაიდან, ქრისტეს არ აღიარებ ორი ბუნებით და წმიდა კრებათა მიერ დამტიცებულ სიმბოლოს უარყოფ, როგორ ძალგიძს რაიმე სასწაულის მოხდენა, ევტიქისა და დიოსკორეს მოწაფეს?“
ევტიქი და დიოსკორე იყვნენ მონოფიზიტიზმის ერესის შემქმნელები.
ვართაპეტი კადნიერად პასუხობდა:
– სომეხთა სარწმუნოება ჭეშმარიტია და ამ სარწმუნოების გარეშე ვერავინ ცხონდება. არ ვირწმუნებ თქვენს სარწმუნოებასა და თქვენს სასწაულს!”
ვართაპეტის კადნიერი სიტყვები იწყინეს მეფემ და კათალიკოსმა. ბრძანა თამარის ძემ მისი ტფილისიდან გაშვება. კრწანისამდე მიაცილეს და გაუშვეს თავის სახლში.
არ მოისვენა ვართაპეტმა და დაწერა წერილი, სადაც აძაგებდა ჩვენს მეფეს. მისი ნაწერი გადაწერეს სხვა სომეხმა მეისტორიეებმა და დააბრალეს ლაშა-გიორგის მათი რჯულის მტრობა. იმ ხანებში გავრცელებულა ჭორი, თითქოს თამარის ძე, მისი ამირსპასალარი და ათაბაგი, ადრე სომხური სარწმუნოების აღმსარებელი, იოანე მხარგრძელი, ვითომდა ძალით აპირებდნენ სომეხი მოსახლეობის დიოფიზიტობაზე გადმოყვანას.
ლაშა-გიორგის დროს მომხდარი ეს ამბავი, იოანე ბატონიშვილის თქმით, გადმოცემული ყოფილა „ძველთა მატიანეთა შინა და ბერძენისა ბენედიკტეს სიმვოლოს აღწერასა შინა, რომელმანცა დასწერა წელსა ქრისტეს 1218-სა, თუ მაშინდელის შურით სომეხნი ქართველთა ვითა ჰრყვნიდიან”. რომელია ის ძველი მატიანეები, ან ვინ იყვნენ მათი ავტორები, დღეისთვის უცნობია. ქართულ მატიანეებში მსგავსი ამბავი შემონახული არ არის. ალბათ, დაკარგულია თხზულება ან მატიანეები, სადაც ეს ამბავი ეწერა. სომხურ მატიანეებში გასაგები მიზეზის გამო არ იქნება აღწერილი. არ არის შემორჩენილი ბერძენი მწერლის, ბენედიქტეს ნაშრომიც – „სიმვოლო“, სადაც, ალბათ, საუბარი უნდა ყოფილიყო „სარწმუნოების სიმბოლოზე“ და ეტყობა, მოთხრობილი იყო, როგორ სასწაულებრივად დამტკიცდა საქართველოში, ლაშა-გიორგის დროს, ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივი კამათისას, მართლმადიდებლური სარწმუნოების – დიოფიზიტური მრწამსის ჭეშმარიტება.
скачать dle 11.3