№11 როგორ მოვამზადოთ საგაზაფხულო სამკურნალო ტუჩის ნიღაბი და სკრაბი
ტუჩებს რეგურალური მოვლა და დატენიანება სჭირდება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, რადგან ამ პერიოდში მისი თხელი კანი გამომშრალია და ადვილად სკდება, იქერცლება. არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად მოამზადებთ. ამით კი, ტუჩს დაიცავთ გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან და თან, დაატენიანებთ.
ხაჭოს ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები, კარგად ათქვიფეთ და ტუჩებზე შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წლით და ვაზელინის თხელი ფენა წაისვით.
ვაშლის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ გახეხილ მწვანე ვაშლს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, ათქვიფეთ და წაისვით ტუჩებზე. 10 წუთის შემდეგ, ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ტუჩებზე ვაზელინი შეიზილეთ.
თაფლის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და მიღებული მასა 15 წუთით ტუჩებზე შეიზილეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
არაჟნის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ და სქლად წაისვით ტუჩებზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და ტუჩებზე შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ, ნიღაბი ჩამოიბანეთ და მკვებავი ბალზამი წაისვით.
ბანანის ნიღაბი – 2 სადილის კოვზ რძეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ბანანის რბილობი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სტაფილოს ნიღაბი – გახეხილი სტაფილო და ზეითუნის ზეთი (1/1-ზე პროპორციით) ერთმანეთში აურიეთ და ტუჩებზე წაისვით. გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღბების გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 3-ჯერ.
ტუჩების დაცვისა და მოვლისთვის, უნდა გამოიყენოთ ცხიმიანი ან კრემისებრი ტექსტურის საცხები, რომელსაც გააჩნია მკვებავის, დამარბილებლისა და დამატენიანებლის თვისებები. ასევე, შეარჩიეთ ტუჩის საცხი ცვილის, A და B ვიტამინების, რეტინოლისა და ნატურალური ცხიმების: ჟოჟობას, კაკაოს, ნუშისა და წიპწის ზეთის შემცველობით. გაზაფხულის სეზონზე, ყველაზე მეტად მკვრივი ტექსტურის საცხი გამოგადგებათ, რომელიც ერთგვარ დამცავ აპკს ქმნის და ხელს უშლის ცივი და ცხელი ჰაერის ტუჩებზე ნეგატიურ ზემოქმედებას. იმ შემთხვევში, თუ ძალიან მგრძნობიარე და ალერგული ტუჩის კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ტუჩების დასარბილებლად ქაცვის ზეთი გამოიყენოთ.
თუ ტუჩები დაგისკდათ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თაფლის საცხი: აურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ცოტა სოდა და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით ტუჩებზე, რამდენიმე წუთიანი მასაჟის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ. თაფლი მშვენიერი ანტისეპტიკური საშუალებაა და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.
ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სკრაბი ტუჩიდან მკვდარი კანის უჯრედებს აცლის, აცოცხლებს მის ელფერს და იდეალურ სიგლუვეს ანიჭებს.
ტუჩის მოცულობის გასაზრდელი თაფლის სკრაბი – აურიეთ ერთმანეთში თითო-თითო სადილის კოვზი შაქარი, თაფლი და ნუშის ზეთი. დაუმატეთ ცოტა დარიჩინი, რომელიც ტუჩებს მეტ მოცულობას მიანიჭებს და ამ მასით, დღეგამოშვებით, საღამოს საათებში, დაიზილეთ ტუჩები ნაზი მოძრაობით .
ტუჩის კანის აღმდგენი ყავის სკრაბი – ყავისგან მომზადებული სკრაბი აცოცხლებს ტუჩებს და აძლევს არაჩვეულებრივ შეფერილობას. 1 სადილის კოვზ მსხვილად დაფქულ ყავას შეურიეთ, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამ მასით, რბილად გაიწმინდეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით. ბოლოს წაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.
ტუჩის კანის მკვებავი ლიმონისა და თაფლის სკრაბი – ლიმონი კვებავს კანს ვიტამინებით, ხოლო თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. 1 სადილის კოვზ თაფლს, შეურიეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ათქვიფეთ, მიღებული მასა დაიდეთ ტუჩებზე და რბილად გაიწმინდეთ. ბოლოს კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.