№11 რა საიდუმლო წერილი მისწერა სტალინმა გენერალ შარლ დეგოლს, რასაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა ევროპაში
სტალინი უზადო გლობალური პოლიტიკოსი იყო და კაცობრიობის ისტორიაში შევიდა, როგორც გენიალური პრაგმატიკოსი. საბჭოთა ბელადი ყოველთვის ისე აყალიბებდა თავის პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომ ბოლოს მაქსიმალურად ხელსაყრელ შედეგებს იღებდა ამისგან და განცვიფრებაში მოჰყავდა თავისი უცხოელი კოლეგები. ჩერჩილი წერდა: „სტალინი ბრწყინვალე პოლიტიკური მოთამაშე იყო. მსოფლიო პოლიტიკის „საჭადრაკო დაფაზე“ მხოლოდ მას (სტალინს) ხელეწიფებოდა ისეთი მახვილგონივრული კომბინაციები და ფარული სვლების გაკეთება, რასაც აღტაცებაში მოვყავდით მისი კოლეგები. საბჭოთა ბელადი შეუდარებელი გროსმაისტერული ოსტატობით თამაშობდა იმ თამაშს, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკა ეწოდება და ამ ერთობლივი თამაშის სცენაზე მან ყველა პირწმინდად დაგვამარცხა...“
უინსტონ ჩერჩილის ეს სიტყვები სტალინის პოლიტიკური გენიის უპირობო აღიარებაა და რამდენიც უნდა ამტკიცონ მავანმა პუბლიცისტებმა, რომ სტალინი თითქოს ხშირად არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამდა, დემაგოგიაა და მეტი არაფერი... თავის დროზე ასეთ არასწორ პოლიტიკურ სვლად მიაწერდნენ სტალინს საფრანგეთისთვის ატომური ბომბის შექმნაში დახმარებას. თუმცა, ბოლოს გაირკვა, რომ სტალინის ეს საქციელი აბსოლუტურად გამართლებული იყო და მისმა ამ ქმედებამ წლების მერე (სტალინი უკვე გარდაცვლილი იყო) მოუტანა წარმატება საბჭოთა კავშირის პოლიტიკას. ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, 1952 წელს, დიდი ბრიტანეთი მესამე ბირთვული სახელმწიფო გახდა მსოფლიოში. ეს კი ნიშნავდა, რომ „ცივი ომის“ შემოქმედთ – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ ჩვენთან მიმართებაში სტრატეგიული შეიარაღების კუთხით. ნათელი იყო, რომ ეს ტანდემი (ამერიკა და დიდი ბრიტანეთი) პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებდა ჩვენზე. არ იყო გამორიცხული ისიც, რომ გაგულისებულ ჩვენ ყოფილ მოკავშირეებს „ცივი ომი“ ცხელში გადაეზარდათ, რაც მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდა. მისი შედეგები კი ყველასთვის ერთნაირად დამღუპველი აღმოჩნდებოდა. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, სტალინს პირისპირ ვხვდებოდი და მან მითხრა:
– რას იტყვი იმაზე, რომ დიდი ბრიტანეთი მესამე ბირთვული სახელმწიფო გახდა?
მე ჩამეცინა და ვუპასუხე:
– ეს ხომ მოსალოდნელი იყო და მიკვირს, რომ ბრიტანელებმა უფრო ადრე ვერ მოახერხეს ეს.
– იმიტომ რომ, ამერიკელებმა მოატყუეს. ჯერ კიდევ 1940 წელს გაზიდეს ბრიტანეთიდან ყველა ატომური ნედლეული ამერიკაში, ვითომდა უსაფრთხოების მიზნით. ხელს გააყოლეს ბრიტანელი ფიზიკოსების ნაშრომებიც და რამდენიმე ფიზიკოსიც. თავის ევროპელ ძმებს სიტყვიერი შეთანხმება დაუდეს, რომ ბომბს ერთად გააკეთებდნენ და გაინაწილებდნენ. სინამდვილეში კი, თავად გააკეთეს ბომბი. ბრიტანეთი გააცურეს და მშრალზე დატოვეს. ბოლოს კი ჩაიფიქრეს, რომ ბრიტანეთი ჩვენზე პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოეყენებინათ. თანაც, იცოდნენ, რომ ბრიტანელები დამოუკიდებლადაც მოახერხებდნენ ბომბის გაკეთებას და ეს პოლიტიკური წყენა რომ გაენეიტრალებინათ, მათ ბომბის დამზადებაში დაეხმარნენ. თუმცა, დიდი არაფრით, რადგან ამით ბრიტანელებმა სულ რაღაც ექვსი თვე მოიგეს. ეს ბევრი არაფერია ტექნიკური კუთხით, რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკურ-სამხედრო მხარეზე. თუმცა, ერთი აზრი მომივიდა თავში და თუკი კარგად გავიაზრებთ და ყველაფერს შევასრულებთ, ვფიქრობ, ჩვენს პოზიციებს ერთიორად გავიმაგრებთ პოლიტიკაში.
სტალინის ზოგადი ფრაზებიდან ვერაფერს მივხვდი და პირდაპირ ვკითხე:
– რას გულისხმობ, კობა?
– რას და, ვფიქრობ, საფრანგეთს დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ ატომური ბომბის შექმნაში. დაზვერვამ მაცნობა, რომ ფრანგებმა ატომური ენერგეტიკის განვითარების საიდუმლო პროგრამა დაამტკიცეს. ეს კი ბომბის შექმნის დაწყებას ნიშნავს. ვფიქრობ, საფრანგეთის მხარეს უნდა დავუკავშირდეთ და ჩვენი მოსაზრებები საიდუმლოდ გავანდოთ.
– გასაგებია. დღესვე დავუკავშირდები პრეზიდენტ ვინსენტ ორიოლას და გადაკვრით ვეტყვი, რომ საქმე გვაქვს. ის კი შეხვედრაზე მიმიწვევს, – ვთქვი მე. სტალინმა თავი გააქნია და მითხრა:
– არ ვარგა. არაეფექტურია. ორიოლამ შეიძლება, სწორად ვერ გაგვიგოს და ჩვენი წინადადება პროვოკაციად მიიჩნიოს. მასთან შუამავალი გვჭირდება, რომელიც პრეზიდენტს ყველაფერს სწორად აუხსნის და ასეთი კანდიდატურა არის.
– ალბათ, დეგოლს გულისხმობ, ხომ, კობა? – ჩამეცინა მე.
– სწორედ მაგას.
– რას მიბრძანებ, როგორ ვიმოქმედო? – ვკითხე სტალინს.
– დეგოლი ახლა მემუარებს წერს. პოლიტიკას დროებით ჩამოშორდა და ვფიქრობ, ძალებს იკრებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რომ გაემგზავრები საფრანგეთში და აღლუმს დაესწრები, იქ უეჭველად დეგოლიც იქნება. დაელაპარაკები. ჩემს წერილს გადასცემ და შემდგომ ვნახოთ, – მითხრა სტალინმა.
და მართლაც, შარლ დეგოლს პარიზში შევხვდი არაოფიციალურად და სტალინის წერილიც გადავეცი საიდუმლოდ, რასაც უკვე პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვა.“
თავის კონფიდენციალურ წერილში დეგოლისადმი, საბჭოთა ბელადი რაფინირებული, დიპლომატიური ენით ხაზს უსვამდა ფრანგი გენერლის პატრიოტიზმსა და მის უზომო წვლილს საფრანგეთის დეოკუპაციისა და საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის მეგობრობის განმტკიცების საქმეში. სტალინი ახსენებდა დეგოლს, თუ როგორ მოატყუეს ფრანგები ბრიტანელებმა და ფრანგული ატომური რესურსი ბრიტანეთში გაზიდეს. შემდგომ კი უკვე ამერიკელებმა მოატყუეს ბრიტანელები – ფრანგული ატომური ნედლეული ოკეანის გაღმა გაიტანეს და მსოფლიოში პირველი ატომური ბომბი შექმნეს. სტალინი ხაზს უსვამდა ანგლო-ამერიკელების თავხედობას, რომ ამ ტანდემს არ სურდა საფრანგეთს (ფორმალურ მოკავშირეს) დახმარებოდა ბომბის შექმნაში და ყოველმხრივ დახმარებას სთავაზობდა ამ საქმეში. სტალინის არგუმენტაცია იყო: „საფრანგეთი ევროპის მოწინავე პოლიტიკური მოთამაშეა და თუკი მას ატომური იარაღი ექნება, ვფიქრობ, ევროპაში მშვიდობის გარანტიის ხარისხი უფრო მტკიცე გახდება...“
დეგოლი მალევე პრეზიდენტ ორეოლს შეხვდა და დაარწმუნა, რომ სტალინის დახმარება უნდა მიეღო. მიღწეულ იქნა ფარული შეთანხმება და ფრანგულ „ატომურ პროექტში“ საბჭოთა ატომური ნედლეულის ექსპორტი დაიწყო... მართალია, რამდენიმე თვეში სტალინი გარდაიცვალა და ხრუშჩოვის მთავრობამ დახმარება შეწყვიტა, მაგრამ მთავარი საქმე უკვე გაკეთებული იყო. 1960 წელს ფრანგებმა ბომბი დაამზადეს და საფრანგეთი მეოთხე ბირთვული სახელმწიფო გახდა მსოფლიოში. როდესაც მათ პირველი ბომბი დაამზადეს, ანგლო-ამერიკელები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, თუმცა, უკვე გვიან იყო. საფრანგეთი ბრიტანეთის საპირწონე გახდა და ერთგვარ ჰეგემონიას წერტილი დაესვა. ერთი მხრივ, საბჭოეთმა მყარი პოლიტიკური პარტნიორი შეიძინა კაპიტალისტურ სამყაროში, მეორე მხრივ კი ბრიტანული პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა ევროპაში და სტალინის პრაგმატიზმმა, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ, მოუტანა საბჭოეთს პოლიტიკური წარმატება.