№11 გვირილის რეცეპტები სხვადასხვა დაავადების დროს
კუჭში სიმძიმის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, მოუნელებლობა – ამ პრობლემების დროს გვირილას უნდა მიმართოთ. მცენარეს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.
თუ მუცლის ღრუს სპაზმებს, გაღიზიანებადობას ან უძილობას უჩივით, აბების ჩაყლაპვას თუ მიქსტურების სმას ნუ იჩქარებთ, მიიღეთ გვირილის ჩაი ან ნაყენი.
დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ყვავილი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე, დააყენეთ 10 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად ძილის წინ – უძილობის ან ძლიერი გადაღლილობის დროს.
შეგიძლიათ ჩაიტაროთ გვირილის ჩაით მკურნალობის კურსიც: დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ ნაკლებად ტკბილი გვირილის ჩაი. 1-2 ჩაის კოვზ ყვავილს დაასხით მდურარე წყალი და 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ. გვირილის ჩაის ყოველდღიურად სმა დიდი ხნის განმავლობაში არ არის საჭირო. ერთ თვე საკმარისია. თუ თავბრუხვევები დაგეწყოთ, ესე იგი, ზედმეტი მოგივიდათ. გვირილის ჩაი სწრაფად მოგგვრით შვებას შებერილობისა და გულისრევის, ან კუჭის აშლილობის დროს.
გვირილის ყვავილების ნაყენი: 2 ჩაის კოვზ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 4 საათი. გაწურეთ. მიიღეთ თბილი, როგორც ჩაი, 1/4 ჩაის ჭიქა 2-ჯერ დღეში გასტრიტის, ენტერიტისა და კოლიტის დროს. მეტეორიზმის შემთხვევაში დღის განმავლობაში, 1 ჩაის ჭიქა დალიეთ ერთ ჯერზე.
ყვავილების ნახარში: გვირილას იყენებენ თავის დასაბანად ქერტლის დროს და თმისთვის ოქროსფერი ელფერის მისაცემად. ამისთვის 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით 4 სადილის კოვზ ხმელ ყვავილებს და გააცხელეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. გაწურეთ. ეს ნახარში გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ.
აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, გვირილა, უკვდავა (ნეგო) და არყის ხის კვირტი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და 3 საათით დააყენეთ. მიიღეთ ძილის წინ თაფლთან ერთად. ელექსირი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სახსრების ელასტიკურობას, კურნავს სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას), ჰიპერტონიას, ორგანიზმიდან აძევებს ტოქსინებს და აუმჯობესებს მხედველობას.
აიღეთ 6 წილი გვირილის ყვავილი, 4 წილი კატაბალახას ფესვი და 1 წილი ძირა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს მეტეორიზმის დროს.
ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი კრაზანა, მინდვრის შვიტა, გვირილა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთი. დააყენეთ. 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ პირში, დღეში 5-6-ჯერ.
სამკურნალო გვირილა დატოტვილია. სწორედ ამ გვირილის ყვავილები უნდა მოკრიფოთ, თანაც უყუნწოდ და ისეთ დროს, როცა ჰორიზონტალურადაა გაშლილი. უფრო გვიან მოგროვებული ნედლეული უვარგისია. ყვავილები დაკრიფეთ ხელით ან სპეციალური სავარცხლით. შეაგროვეთ ტილოს პარკში. გააშრეთ ჰაერზე ან შენობაში, 40-45 გრადუს სითბოში. მშრალი ყვავილები შეინახეთ მუყაოს ან ხის კოლოფში. ვარგისია ორი წელი.
რეჰანი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით, რეჰანის წვენი წარმატებით შეიძლება, გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების,
მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებისა და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა მისი მიღება 100 მილილიტრის რაოდენობით, დაძინებამდე 20-30 წუთით ადრე. თირკმელებში კენჭების დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების (მათ შორის, კონიუნქტივიტის), ღრძილების ანთებისა და კბილის ტკივილის დროს: 1 სადილის კოვზ გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციებისა და ხველების დროს, მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთებისას გამოიყენეთ სავლების სახით.
დეპრესიისკენ მიდრეკილთათვის და მათთვის, ვინც მუდმივად სტრესის ქვეშაა რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობასაც. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით, ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას.
ყველა სასწაულმოქმედი თვისების მიუხედავად, რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისა და 7 წლამდე ბავშვებისთვის. ამის გარდა, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტითა და ღვიძლით დაავადებულებმა.
რეჰანს აქვს ანტისპაზმური თვისებები და ამიტომ, ძველი დროიდან გამოიყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოსადუნებლად. ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვთა სპაზმებით, საკმარისია, მიიღოთ მცენარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში იგრძნობთ შესამჩნევ გაუმჯობესებას. თუ გაწუხებთ კუნთების კრუნჩხვები და სპაზმები, შეტევის დროს ეფექტურია რეჰანის წვენის შეზილვა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს.
მცენარე ჩინებულად ხსნის სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების კუნთების სპაზმებს; დადებითად მოქმედებს კუჭსა და ნერვულ სისტემაზე; ამცირებს ნაწლავებში გაზების რაოდენობას.
გარდა ამისა, რეჰანი სასარგებლოა თირკმლებში კენჭების დროს: ის დაბლა სწევს შარდმჟავას დონეს, რომელიც მთავარი დამნაშავეა კენჭების წარმოქმნაში. მცენარის მიღება ამ დროს ხსნის მტკივნეულ შეგრძნებებს და მცირე ზომის კენჭებს შლის კიდეც.
რეჰანის საკუთარ რაციონში ჩართვა რეკომენდებულია იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანებისთვის, აგრეთვე, მძიმე ოპერაციის გადატანის შემდეგ – ორგანიზმს სწრაფ გამოჯანმრთელებაში ეხმარება.
ჭრილობის შემახორცებელი თვისებების გამო, რეჰანს უნიშნავენ მათ, ვისაც ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს.
ჟენშენი – სიცოცხლის ფესვი
ეს მცენარე სასიცოცხლო ენერგიასთან ასოცირდება. როგორც ჩანს, არც ჩინელებს გამორჩენიათ მისი უნიკალური თვისება, დაატრიალოს ორგანიზმში ენერგიის ქარიშხალი და ამიტომაც უწოდეს „სიცოცხლის ფესვი“.
იქნებ უკვე მიხვდით კიდეც – ლაპარაკია ჟენშენზე, რომელიც არაერთი საუკუნეა, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება. მის ფესვში 100-მდე აქტიური ნივთიერება მოიპოვება, რომლებიც მეტად ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე.
ჟენშენს იყენებენ როგორც მატონიზებელ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ, მასტიმულირებელ საშუალებას. ის პოზიტიურ გავლენას ახდენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციაზე (არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის მუშაობას).
ამდენად, ჟენშენი ეფექტურად შეიძლება, გამოვიყენოთ დაღლილობის (თუნდაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომის), გამოფიტვის, ხანგრძლივი და დაძაბული გონებრივი მუშაობის (მაგალითად, გამოცდებისთვის მზადებისას), ანემიის შემთხვევაში, ასევე – ინფექციის შემდგომ პერიოდში. ჟენშენის გამოყენება მიზანშეწონილია სხვა პრეპარატების პარალელურად, რომლებიც რომელიმე (მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები) ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ ინიშნება. ჟენშენის წყალობით მოძლიერებული ორგანიზმი გაცილებით იოლად იკურნება.
ასევე ეფექტურია „სიცოცხლის ფესვი“ პროფილაქტიკის მიზნით გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების ეპიდემიის დროს. ასე რომ, ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე, როდესაც იმუნიტეტი შესუსტებულია, ჟენშენის მიღება მეტად სასურველია.
ყველაზე ხშირად იყენებენ 10-პროცენტიან სპირტზე დამზადებულ ჟენშენის ნაყენს. შინაურ პირობებში ამ მცენარის ნაყენი შეგიძლიათ მოამზადოთ, როგორც ცალკე, ისე სხვა მცენარეების ნაკრებთან ერთად. ნაყენის მიღება სასურველია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დაიხსომეთ, ძილის წინ ჟენშენის ნაყენის დალევა მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლოა, გამოფხიზლდეთ და კარგა ხანს აღარ დაგეძინოთ.
ის ასტიმულირებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს, მათ შორის – სიმსივნურსაც, ასე რომ, მათთვის, ვისაც საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია ან კისტური წარმონაქმნები აქვს, ამ მცენარის ნაყენი სახიფათოც კია.
ჟენშენის გამოყენება არც მათთვისაა სასურველი, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს.
ბოლო ხანს სამედიცინო საზოგადოება სულ უფრო ხშირად მსჯელობს იმის თაობაზე, სახიფათოა თუ არა ჟენშენი ორსულისთვის. ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ ამ მცენარემ, გარდა იმისა, რომ საშვილოსნოს ტონუსის მატებას იწვევს, შესაძლოა, ნაყოფის განვითარების მანკებიც გამოიწვიოს. ამგვარად, თუ ფეხმძიმედ ხართ, ჟენშენი მხოლოდ გინეკოლოგის ნებართვის შემდეგ მიიღეთ.
უძილობის, თავის ტკივილისა და ჰიპერტონული დაავადებების სამკურნალოდ
კატაბალახას ფესვები და ფესურები ძირითადად შეიცავს ეთერზეთს – 0,5-2 პროცენტამდე, ბრონიზოვალერიანატს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას.
ნედლეული შეიცავს, აგრეთვე, ვალერიანს და ხატინინს, საპონინებს. ფესვების შენახვის ვადა 3 წელია.
სპირტიანი ექსტრაქტების მისაღებად ნედლეულად იყენებენ კატაბალახას ფოთლებსაც და ყვავილებსაც. მისი შენახვის ვადაა 2 წელი.
ცუდი ძილის დროს: აურიეთ ერთმანეთში 20 გრამი ვალერიანის ძირები, 15 გრამი მუქი წითელი კუნელი, სვიის ყვავილები და ანისულის ნაყოფი. ამ ნარევის ნაყენი მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში. უმჯობესია, დღის მეორე ნახევარში.
კატაბალახას ნაყენისთვის აიღეთ 10 გრამი (1-1,5 სადილის კოვზი) ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ 1-2 სადილის კოვზი, დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ. ნაყენი კარგად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც.
ჰიპერტონიული დაავადების პირველ სტადიიაში, როცა ადგილი აქვს საერთო ნევროზის გამოვლინებას, იღებენ კატაბალახას ნაყენს, ნახარშს ან ფხვნილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
უძილობისა და თავის ტკივილის დროს მოამზადეთ სამკურნალო ჩაი. აურიეთ თანაბარი რაოდენობით ვალერიანის ძირები, ფშუტა, ძირას ნაყოფი და ფენხელი. ამ ნარევის ნაყენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში.
ჩვეულებრივ, 50 გრამ ჩაის დაუმატეთ 20 გრამი დაფქული ვალერიანის ძირები, 30 გრამი გვირილისა და ძირას ნაყოფის ნარევის 2 ჩაის კოვზი. დაასხით 0,75 ლიტრი მდუღარე, დააყოვნეთ 15-20 წუთი. გააცივეთ და მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქა, 2-3-ჯერ დღეში.
ნახარშის მისაღებად აიღეთ 10 გრამი (1-1,5 სადილის კოვზი) კატაბალახას ფესურები და ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი, საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.