№11 როგორ უნდა მოაგვაროს ქმართან ურთიერთობა ქალმა, რომელსაც დედამთილი ყველაფერს ურევს
პრობლემები რძლებისა და დედამთილის ურთიერთობებში არც იშვიათი მოვლენაა და არც ახალი. თითქოს შევეჩვიეთ კიდეც, რომ ამ ორ ქალს შორის სიმშვიდე არ უნდა სუფევდეს. თუმცა, დღეს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. დედამთილები და რძლები ერთად აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას მაინც ახერხებენ. რა უნდა დაუპირისპიროს რძალმა დედამთილის ფარულ თუ აშკარა აგრესიას?!
დიანა (29 წლის): ძალიან მეშინია, რომ სიყვარულით შექმნილი ოჯახი, დამენგრევა და ამის გააკეთებს დედამთილი. იქამდე არ გაჩერდება, სანამ თავის სიძულვილს ჩემზეც არ გაავრცელებს. ერთი შეხედვით, თითქოს ჩემზე გიჟდება, ვუყვარვარ, ყველაფერი კარგი უნდა...
– ჩვეულებრივი რძალდედამთილური კონფლიქტია?
– მთლად ჩვეულებრივს ვერ დავარქმევ. ჩვეულებრივი იქნებოდა, ღიად რომ მიპირისპირდებოდეს და მებრძოდეს. მაშინ რაღაც ტაქტიკას შევიმუშავებდი. ჩემი ქმარიც დაინახავდა, ვინ ვინ არის, მაგრამ ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, მხოლოდ გულზე უნდა გავსკდე. ვინერვიულო, ქმართან ურთიერთობები „ვალაგო“ და ვამტკიცო, რომ მსხვერპლი ვარ.
– დედამთილის მსხვერპლი?
– მისი ვერაგული გეგმებისა და ქმედებების მსხვერპლი. ალბათ, დაინტერესდებით, რას აკეთებს ამისთანას. მოგიყვებით და მიხვდებით, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. იცით, როგორი იმიჯი აქვს შინ და გარეთ? ყველას ანგელოზი, ფრთიანი, უწყინარი არსება ჰქონია. როცა მეუბნებიან, შენ რა გიჭირს, უმაგრესი დედამთილი გყავსო, სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტ. ამას წარმოვიდგენდი? როგორ ვოცნებობდი მშვიდ ოჯახზე. ისიც სულ მიკვირდა, დედამთილებთან საერთო ენას როგორ ვერ ნახულობენ-მეთქი.
– ანუ, თავიდან ყველაფერი კარგად იყო?
– დიახ. მაგრამ მხოლოდ თავს მაჩვენებდა, რომ მოსწონდა შვილის არჩევანი, ანუ – მე. თურმე, თავიდანვე არ მოვუვედი თვალში და შემიძულა. ზოგადად, იცით, როგორი ქალია? ყველაფრის გაკონტროლება რომ უყვარს. როცა მიხვდა, რომ ჩემზე მისი შვილი გიჟდებოდა, გადაირია. ისეთი გეგმა შექმნა და განახორციელა, ზოგჯერ ეჭვი მეპარება ჩემს სრულყოფილებაში – ისეთ დღეში ჩამაგდო.
– გინდათ, თქვათ, რომ შვილზე იეჭვიანა?
– მე არ ვიცი, რა დავარქვა ამას. შეიძლება, იეჭვიანა, შეიძლება, თავად ასეთია და ვერავის იტანს შვილის გვერდით. ფაქტია, რომ ჩემთვის სიკეთე არ უნდა. ვძულვარ და მმტრობს. ყველა საშუალებით მებრძვის. ზოგჯერ გაოგნებული მტოვებს მისი ვერაგული ზრახვები. დაიწყო იმით, რომ ჩემი კრიტიკა ჩვევად გაიხადა. უკმაყოფილო სახით აფასებდა ყველა ჩემს გაკეთებულ საქმეს. სულერთია, რას გავაკეთებდი – სახლს დავალაგებდი, ჭურჭელს დავრეცხავდი, სადილს მოვამზადებდი თუ მაკიაჟს წავისვამდი, შეუბრალებლად „მბრაკავდა“. მერე შევამჩნიე, რომ სადაც კი ჩემს ქმარს მოიხელთებდა, ანუ თავის შვილს, რაღაცას ეჩურჩულებოდა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, იქამდე, სანამ ეს ყველაფერი ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაზე არ აისახა. უფრო სწორად, ჩემი ქმრის დამოკიდებულებაზე ჩემ მიმართ. ნელ-ნელა იმანაც დაიწყო შენიშვნების მოცემა.
– რა ტიპის შენიშვნები იყო?
– ყველანაირი. ჩემი ჩაცმის სტილის, საუბრის მანერის გამო. მიმოწმებდა კერძებს, როგორ ვაუთოებდი ტანსაცმელს, როგორ დავდიოდი, ვის ველაპარაკებოდი. მიკვირდა. იყო დრო, როცა ჩემი ყველაფერი მოსწონდა და აღფრთოვანებული იყო. შემომციცინებდა და ხარობდა ჩვენი ურთიერთობის ბედნიერი წუთებით. დედამისმა მოახერხა და ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით დამინგრია. უკვე იმასაც ვიტყვი, რომ დედამთილს შურდა ჩემი.
– რა შურდა? ანუ, რისი შურდა?
– ჩემი დიდი სიყვარულის, ჩვენი საოცარი ურთიერთობის. ვიცი, უცნაური და არადამაჯერებელი ჩანს, მაგრამ სხვა „სახელს“ ვერ მოვუძებნი. ბუნებრივია, ვნერვიულობ. მე ასე არ წარმომედგინა ჩემი ოჯახი. მომავალი ქმარი ისე მიყვარდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, მისი მშობლებიც მეყვარებოდა. მამაზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. დედამისმა კი ცხოვრება გამიმწარა. შვილზე უზომოდაა შეყვარებული და ვერ მიტანს. ვერასდროს აღმიქვამს საკუთარი ოჯახის ნაწილად. ბევრი ვიწვალე, რომ მესწავლა, როგორ „დამელაგებინა“ ურთიერთობა ქმართან, რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში იდეალად მივაჩნდი. ისტერიკაში ვარდება ჩემი დედამთილი, როცა ქმრის მიმართ სიყვარულს ვავლენ ან, პირიქით – ის ჩემ მიმართ. მასთან ურთიერთობას ვეღარ მოვაგვარებ – გამორიცხულია. ახლა მაგაზე აღარც ვფიქრობ, არ მაინტერესებს ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად მანგრევს. მთავარია ქმართან მოვაგვარო ურთიერთობა.
– როგორ უნდა მოაგვაროთ ეს ურთიერთობა?
– რამდენიმე მეთოდი გამოვიმუშავე და მგონი, ამართლებს. ესეც პრაქტიკამ მასწავლა. თავიდან, როდესაც ვაპროტესტებდი და ჩემს უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოვხატავდი, ქმარი კიდევ უფრო ღიზიანდებოდა, კარს მიიჯახუნებდა და გარბოდა. მივხვდი, რომ დავკარგავდი. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცადე, თავი შემეკავებინა და მომეთმინა. ის მსაყვედურობდა – მე ვდუმდი. ის ყვირილს იწყებდა – მე გავერიდებოდი ან ბოლომდე ვეთანხმებოდი. ვერ ვიტყვი, რომ არ მიჭირდა, მაგრამ ამან უკეთესი შედეგი მომცა. თან, როცა გვერდით გავიდოდი, ჩემთვის ტირილს ვიწყებდი. თავიდან, ქმარი ყურადღებას არ მაქცევდა. იჭმუხნებოდა და თვალს მარიდებდა. მერე შეწუხდა. ეტყობა, ჩუმად რაღაცებს დააკვირდა და ერთ დღეს მითხრა, ცალკე ხომ არ გადავსულიყავით საცხოვრებლადო. ისე გამიხარდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ნაქირავებშიც კი გავყვებოდი. მაგრამ, უცებ წარმოვიდგინე, გამწარებული ჩემი დედამთილი, რაებს ჩაიდენდა და უარი ვუთხარი. იყოს, ვიცხოვროთ აქ და ავიტან-მეთქი. შეიძლება, სულელი ვარ, ძალიან სულელი, რომ ამდენს ვიტან, მაგრამ არ მინდა, ქმრის დაკარგვა.