№11 როდის ელაპარაკებოდა სანდრო ახმეტელი აგდებულად ბერიას და პირისპირ კახურად აგინებდა მას
„თმა ინგლისურად შუაზე გაყოფილი… პირმოპარსული, დიდრონი თვალებითა და არწივისებური გამოხედვით, თითქოს ვიღაცის გაპობა სურს… გარეგნობით, ინგლისელი, ტლანქი ჯელტმენი, ხოლო შავი მაყვალივით თვალები ეჭვს ბადებს: იტალიელი ხომ არ არის? – ჯერ კიდევ, მაშინ, გიორგი ჯაბადარის სტუდია ყველა თეატრალმა სასიკვდილოდ რომ დასერა, ეს იტალიელი თუ ინგლისელი ქართველ მსახიობთა კავშირის ყრილობაზე დასაცავი სიტყვით გამოვიდა… სითბო ვიგრძენ… მომეწონა… გავეცანი, მაგრამ მისი გვარი ბუნდოვნად დამამახსოვრდა. თუმცა, მისი სიტყვები ჩემს მახსოვრობაში ღრმად აღიბეჭდა,“ – ამას ახმეტელზე აკაკი ვასაძე დაწერს, სამიოდ წელში „ბერდო ზმანიაზე” მუშაობისას კი, ის ამ ინგლისელსა თუ იტალიელში, სანდრო ახმეტელს ამოიცნობს… „ახმეტელმა პირდაპირ ამოხოცა მსახიობები მუშაობაში,“ – წერდნენ ახმეტელის ოპონენტები. ახმეტელი მოშლის რამპას ისე, რომ სცენას და პარტერს გააერთიანებს. სცენას ზემოდან გაანათებს, პირველად შემოიყვანს სიმფონიურ ორკესტრს დრამაში. თეატრში ახალი მოსული ახმეტელი იძულებული გახდება, თეატრიდან წავიდეს, მაგრამ ეს წასვლა დროებითია და ამას ყველა გრძნობს. ახმეტელი რის ახმეტელია, რომ ვინმეს რამე დაუთმოს. იგი გააფთრებით იბრძვის… დროებით ჩინოვნიკი ხდება – თეატრალური განყოფილების უფროსი შალვა დადიანი მას თავის მოადგილედ წაიყვანს. შალვა დადიანი მერე გამოტყდება, რომ ახმეტელი ვერ იყო მაინცდამაინც კარგი ჩინოვნიკი, ახმეტელის ამბოხებული სული ვერ ჰგუობდა ჩინოვნიკობას. მერე ჩამოდის კოტე მარჯანიშვილი. (რ. შატაკიშვილი) გაცნობა, თანამშრომლობა, კონფლიქტები… ამაზე აღარ მოვყვებით. ჩვენ სანდრო ახმეტელის დღიურებში მისი თეატრალური ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებზე გვსურს მოგიყვეთ. თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ცქიტიშვილი:
„სანდრო ახმეტელი არა მარტო თავისი შემოქმედებით, არამედ პიროვნულადაც ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მას მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდა, სანამ საბოლოოდ თეატრის რეჟისორად ჩამოყალიბდებოდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ის პეტერბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ერთი პერიოდი პოლიტიკაშიც იყო აქტიურად ჩართული, წერდა პუბლიცისტურ წერილებს საქართველოზე, მის დამოუკიდებლობაზე. მოგეხსენებათ, 26 მაისს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, სანდრო ახმეტელს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი, როგორც დამფუძნებელი კრების, ანუ მაშინდელი პარლამენტის წევრს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, სანდრო ახმეტელს ავიაციაშიც კი ჰქონდა გამოგონების მცდელობა. (წყარო: for.ge)
აეროპლანივით გააკეთა, რაღაც მფრინავი მოწყობილობა და შემდეგ თვითონვე გამოსცადა. გამოსაცდელად მთაწმინდიდან გადმოხტა და ძლივს გადარჩა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ მინდა, მისი მრავალმხრივი ინტერესები დაგანახვოთ: სად პოლიტიკა, სად თეატრი, იურისპრუდენცია, ავიაცია... აი, ასეთი კაცი იყო…
…თეატრის მიმართ ინტერესს ახმეტელი სულ ამჟღავნებდა. ჯერ კიდევ კახეთში, სამოყვარულო წარმოდგენებს დგამდა. თუმცა, თეატრი მის ცხოვრებაში ოდნავ მოგვიანებით მოვიდა. თავიდან, 1919
წელს, საოპერო სტუდიაში დადგა ერთი სპექტაკლი. მომდევნო წელს, უკვე დღევანდელ რუსთაველის თეატრში დადგა „ბერდო ზმანია”. შემდეგ, უკვე მეორე პიესაზე მუშაობის დროს, იჩხუბა და წამოვიდა… ახმეტელი მაქსიმალისტი იყო. უნდოდა, ყველა მასავით ბოლომდე დახარჯულიყო. არადა, ნახა, რომ დისციპლინა არ იყო თეატრში: ზოგიც იგვიანებდა, ზოგი ნასვამი მოდიოდა, ზოგი ნაბახუსევი და ასე შემდეგ... შეუძლებელია ასეთ პირობებში მუშაობაო, იჩხუბა და წავიდა თეატრიდან… თეატრს კოტე მარჯანიშვილის რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დაუბრუნდა. ამ ორმა ადამიანმა ერთად 4 წლის განმავლობაში იმუშავა. პარალელურად, დამოუკიდებელ სპექტაკლებსაც დგამდნენ. შემდეგ, როცა მარჯანიშვილი კონფლიქტის გამო რუსთაველის თეატრიდან მიდის, ახმეტელი ხდება ხელმძღვანელი. შესანიშნავი სპექტაკლები დადგა სანდრო ახმეტელმა… პოლიტიკური სპექტაკლებიც გააკეთა. ამ მხრივ გამოვყოფდი შილერის „ყაჩაღების” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს. თვითონ პიესას შილერმა „ყაჩაღები” უწოდა და ქვესათაურად მისცა „ტირანების წინააღმდეგ”. სწორედ ეს ქვესათაური გამოიტანა ახმეტელმა მის მიერ დადგმული სპექტაკლის დასახელებად – „ინ ტირანოს”. წარმოიდგინეთ, ეს არის 1933 წელი. ამ სპექტაკლთან დაკავშირებით, ერთ ამბავს ყვებიან: მოგეხსენებათ, რუსთაველის თეატრის შესასვლელს, წინ ვერანდასავით აივანი აქვს. ახლა, სხვანაირად იქცევიან, ძველად კი თეატრის აფიშას ამ ვერანდაზე გამოაკრავდნენ ხოლმე, რომ ქუჩიდან გამვლელთ კარგად დაენახათ თუ რა სპექტაკლი იყო იმ დღეს. თურმე, ერთ-ერთი აღლუმის დროს, სულ სხვა სპექტაკლი ყოფილა დანიშნული. ახმეტელს კი აფიშა შეგნებულად მოუხსნევინებია და თეატრის აივანზე „ტირანების წინააღმდეგ” უზარმაზარი წარწერა გამოუფენია მაშინდელი საბჭოთა ლიდერების – ლენინის, სტალინის, ბერიას, მარქსის, ენგელსის პორტრეტების ქვემოთ. ცხადია, აღლუმზე მისულთაგან, ამ „უნებლიე დამთხვევის” ქვეტექსტი ბევრმა ამოიკითხა, ბუნებრივია, იმ სამსახურმაც, რომელსაც ეს ევალებოდა… როდესაც ბერია საქართველოში პირველი პირი გახდა, ის ცდილობდა, ხელოვან ხალხთან და ინტელიგენციასთან მეგობრული, კარგი
ურთიერთობა ჰქონოდა. ხანდახან პატიჟებდა კიდეც მათ, ქართულად როგორც ხდება ხოლმე. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ბერიას ახმეტელთანაც. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სანდრო ახმეტელი არ იყო ის პიროვნება, რომლის მართვაც შეიძლებოდა. თავისნათქვამა კაცი გახლდათ ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც. ერთი პერიოდი, დღევანდელი ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობდა ლავრენტი ბერია. ასეთ ფაქტს იხსენებდნენ თანამედროვენი: მოპირდაპირედ, ბერიას მეზობლად, ერთ-ერთი მშენებელი ინჟინერი ცხოვრობდა. მასთან იმდროინდელი ინტელიგენცია ყოფილა შეკრებილი და მასპინძლის აივანზე, როგორც ხდება ხოლმე, სუფრის გაშლამდე, ზოგი მუსაიფობდა, ზოგიც ნარდს თამაშობდა. ამ დროს, თავის სახლში მოსულა ბერია. აივნიდან მიუწვევიათ: ლავრენტი პავლოვიჩ, შემოგვიერთდით, ერთად მოვილხინოთო. ბერიას უპასუხია: არ მცალია, მალე მივდივარო. ამ სიტყვებზე ახმეტელს მიუყოლებია, თუ არ გცალია, შენი… კახურად… ასე ყვებიან. თუმცა, ეს ბუნებრივია, ბერიას ვერ გაუგია, მაგრამ ერთ-ერთ მწერალს მის გასაგონად უთქვამს ხმამაღლა: რას, შვრები სანდრო, ჩვენს ლავრენტის როგორ აგინებო… იყო კიდევ ასეთი ფაქტი: შუა რეპეტიციის დროს, ახმეტელმა დარბაზში შენიშნა, რომ უკანა რიგში ვიღაც კაცი ზის და რაღაც ჩანიშვნებს აკეთებს. იკითხა: ეს ვინ არისო. უპასუხიათ: „ზემოდან” არის მოგზავნილიო. კინწისკვრით გამოუგდია ეს „ზემოდან” მოგზავნილი კაცი და თან, დაუბარებია: ვინც გამოგაგზავნა გადაეცი, რომ მე რეპეტიციაზე უცხოს არ ვუშვებო. ყვებიან, ასევე, რომ ერთხელ ქუჩაში, მაშინ ავტომანქანა იშვიათი იყო, მოდიოდა ბერია. მანქანის სარკმლიდან ახმეტელი შეუნიშნავს და შეუჩერებინებია: საშა, დაჯექი წაგიყვანო. ახმეტელს ხელი აუქნევია – მიდი, მიდიო... ასე, აგდებულად… ბერია არ იყო ის კაცი, ასეთი რამ დაევიწყებინა... წლების განმავლობაში ახმეტელზე დოსიე იქმნებოდა… „ლამარა” ოთხმოქმედებიანი სპექტაკლი იყო. ბელადი მესამე მოქმედებაზე მისულა. სპეციალურ სამთავრობო ლოჟაში შესულა მაშინდელი „ბობოლებით” გარშემორტყმული. ბუნებრივია, ახმეტელიც იმ ლოჟაში მიიწვიეს. მეოთხე მოქმედების შემდეგ, ბელადს უთქვამს მისთვის: ძალიან მომეწონა სპექტაკლი და გული მწყდება, პირველი და მეორე მოქმედება რომ ვერ ვნახეო. თქვენ თუ ასე გაინტერესებთ თავიდან ვითამაშებთო, – უპასუხია ახმეტელს. მართლაც, პირველი ორი მოქმედება ხელმეორედ ითამაშეს. შემდეგ კი, თეატრის ფოიეში (სამთავრობო ლოჟის წევრებმა) გადაიღეს სურათი. როცა თბილისში დაბრუნდნენ, ახმეტელმა გაადიდა
ეს ფოტო და თეატრის ფოიეში ჩამოკიდა. ბერიას არ მოსწონდა ეს ამბავი, რადგან ამით ახმეტელმა ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ ქვეყნის პირველ პირთან საუკეთესო ურთიერთობაშია. ბელადსაც მოსწონს მისი ხელოვნება და ასე რომ, მას ბერიასი არ ეშინია. დაახლოებით, ასეთი ქვეტექსტი ჰქონდა ამ ფოტოს გადიდებას და გამოკვრას. ბერიამ რამდენჯერმე შეუთვალა ახმეტელს, ეგ ფოტო ჩამოხსენიო. ახმეტელი კი არ დაემორჩილა. ეს კაცი მკაფიო ინდივიდუალობის მქონე პიროვნება იყო, არ ჯდებოდა მორჩილთა მასის კრიტერიუმებში. მას მარტო ბერია კი არა, ვერც ერთი დიქტატორი ვერ აიტანდა…
1935 წელს, რუსთაველის თეატრი ბაქოში გახლდათ გასტროლებზე. ახმეტელს, რომელიც თეატრში დისციპლინით იყო ცნობილი, სპექტაკლის მიმდინარეობისას ენა მიუტანეს – აკაკი ხორავა მთვრალი თამაშობსო. ჩაამთავრეს თუ არა სპექტაკლი („ლამარა”), ახმეტელმა იქვე დაწერა ბრძანება ხორავას თეატრიდან გაშვების თაობაზე. მივიდნენ, უთხრეს, სთხოვეს, რომ აღედგინა, მაგრამ უშედეგოდ – ერთს თუ აპატიე, ხვალ მეორე იგივეს გააკეთებსო. ჩამოვიდნენ თბილისში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბერია ჩაერია, კატეგორიულად მოსთხოვა ახმეტელს, ხორავას თეატრში აღდგენა. ახმეტელი სასტიკი წინააღმდეგი წავიდა. მეგობრები იყვნენ აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და სანდრო ახმეტელი. ვასაძე გამოესარჩლა ხორავას და ამასაც ჩხუბი მოჰყვა ახმეტელსა და ვასაძეს შორის. შედეგად, ვასაძეც გამოაგდო ახმეტელმა თეატრიდან… საბოლოოდ, ვასაძე და ხორავა აღადგინეს და ახმეტელი გაათავისუფლეს. ახმეტელს 2 თანამდებობა ეკავა თეატრში, შემოქმედებითი და ადმინისტრაციული. ამის შემდეგ ეს თანამდებობები გაყვეს, ხორავა დანიშნეს დირექტორად, ვასაძე კი – სამხატვრო ხელმძღვანელად. ეს იყო 1935 წელს. აქედან მოყოლებული ახმეტელმა არ შეწყვიტა ბრძოლა. ამბობდნენ, სახალხოდ, საჯაროდ აგინებდა ბერიას და ამბობდა, სტალინთან მივალ და იქ დავამტკიცებ ჩემს სიმართლესო. მოსკოვშიც ჩავიდა, მაგრამ სტალინამდე ვინ მიუშვებდა?!. დასწამეს, ფაშისტია და ჰიტლერს თანაუგრძნობს, ნაციონალისტია და ანტისაბჭოთა სპექტაკლებს დგამსო. ახმეტელი ამბობდა, ყველა ერს უნდა ჰქონდეს თავისი ეროვნული თეატრიო. არ შეიძლება, ჩვენ და რუსებს ერთნაირი თეატრი გვქონდეს, რადგან სხვადასხვა ემოციის, მენტალიტეტის, მსოფლმხედველობისა და ტემპერამენტის ხალხი ვართ სამხრეთელები და ჩრდილოელებიო. ასევე, საქმეში დევს ახმეტელის მიერ წლების წინ გამოთქმული ფრაზები. მაგალითად, ოდესღაც უთქვამს სუფრასთან: გერმანელების სახელმწიფო სტრუქტურა უფრო დისციპლინირებულია... გერმანიასთან ომი გარდაუვალიაო... რა იცის მან, თუ გერმანელების აგენტი არ არისო – ასე დააყენეს საკითხი. შემდეგ, სადღაც უთქვამს, გერმანული პისტოლეტი ჯობია საბჭოთასო... კიდევ, საიდუმლო ორგანიზაცია შექმნა თეატრში, რომელსაც გეგმად ბერიასა და სტალინის მოკვლა ჰქონდა. იგულისხმებოდა კორპორაცია „დურუჯი”. ამგვარი უტოპიური ბრალდებები წაუყენეს. ამბობენ, სასტიკად ყოფილა ნაწამები… მრავალი წლის შემდეგ, თეატრმცოდნემ და სანდრო ახმეტელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარმა, პროფესორმა ვასილ კიკნაძემ თავის წიგნში გვიამბო, რომ ერთ-ერთი პიროვნება, მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტი, სანდრო ახმეტელის კამერაში მოხვედრილა. სწორედ მას უამბია: კამერაში, რომ შემაგდეს, იქ სულ ორნი ვიყავით. მე ვერც ვიცანი, მოგვიანებით გავიგე, რომ ახმეტელთან ერთად ვიჯექი. ის იმდენად იყო ნაცემი, რომ ვერ დადიოდა, ფეხები დამტვრეული ჰქონდა, თავ-პირი კი დასისხლიანებული. მირჩია: შვილო, თუ გინდა გადარჩე, ამათ გიჟად მოაჩვენე თავიო. მე, შემეშინდა, რადგან ვფიქრობდი, კამერა ისმინებოდა. ის კი ამბობდა: მე, ხომ ასეთ დღეში ვარ, მაინც ჩემსას დავამტკიცებ და ლავრენტის ასე და ისე ვუზამო და ცხრასართულიანი გინება მიაყოლაო…