№11 რა ოდენობის ხელფასი აიღო 2016 წელს რეგიონული განვითარების მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, როგორც „დარიალი ენერჯის” დირექტორმა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე 1976 წელსაა დაბადებული ქუთაისში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო (1993-1998 წლებში) და ფინანსებისა და კრედიტის სპეციალისტია. 2007-2010 წლებში კი გრენობლის ბიზნესსკოლაში სწავლობდა და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. მისი სამუშაო გამოცდილება 1995 წელს დაიწყო „გაერთიანებულ ქართულ ბანკში,” სადაც 1997 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობის და დილინგის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. შემდეგ დილინგის განყოფილების უფროსი გახდა, უფრო შემდეგ – „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახაზინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბოლოს – უფროსიც. 1999 წლიდან 2006-მდე ქართული საფონდო კომპანიის გენერალურ დირექტორად მუშობდა. 2000-2008 წლებში ACI საქართველოს ფინანსური ბაზრების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, 2005-2006 წლებში – ისევ „გაერთიანებულ ქართულ ბანკში” გადავიდა – გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2006–2008 წლებში „ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას” გენდირექტორის მოადგილე გახლდათ. 2009 წელს ჩინოვნიკად მოგვევლინა – ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2011–2016 წლებში „დარიალ ენერჯის“ გენდირექტორად მუშაობდა. 2016 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო, 2016 წლის 29 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია.
ზურაბ ალავიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან, ცხადია, მინისტრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე 1988 წელს დაბადებული ნინო ჟღენტი და სამი შვილი: ქეთევანი, თინათინი და ნიკოლოზი. ზურაბ ალავიძის საკუთრებაა: 2007 წელს 168 000 ლარად შეძენილი არასაცხოვრებელი ფართის (თბილისი, ვორონინი,/აკაკი წერეთლის გამზ 27/3, 1 353,5 კვ. მ.) 12 პროცენტი; 2012 წელს 145 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა (თბილისი, თაქთაქიშვილის ქ. 133 კვ. მ.) და იქვე მდებარე ავტოფარეხი (15 000 აშშ დოლარი); 2016 წელს 95 000 ლარად შეძენილი ბინა (თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 83,08 კვ. მ.); 2016 წელს 2 000 ლარად შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი (თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 9,22 კვ.მ) და იმავე წელს 8 000 ლარად შეძენილი არასაცხოვრებელი ფართის 75 პროცენტი. ნინო ჟღენტის საკუთრებაა: 2016 წელს ბაკურიანში 90 000 ლარად შეძენილი ბინა; ასევე, ბინა თბილისში, გოგებაშვილის შესახვევში (270 კვ. მ.); 2005 წელს 25 000 ლარად შეძენილი არასაცხოვრებელი ფართი (თბილისი, ვარკეთილი 3, 282,56 კვ. მ.) და 2009 წელს 2 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი მუხრანში. მასვე ჰყავს 2017 წლის 64 521 ლარად ღირებული „პრადო“.
ზურაბ ალავიძე ,,ვი თი ბი ბანკის“ დეპოზიტებზე ინახავს 146 000-მდე აშშ დოლარს. მისი მეუღლე კი – 10 000 აშშ დოლარს. დეკლარაციის შევსების დროს მინისტრს ნაღდ ფულად 13 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
ზურაბ ალავიძე, აგრეთვე, არის შპს „ქარავან თბილისის“ 20-პროცენტიანი წილის მფლობელი (ამ საქმიანობას მისთვის 2016-ში შემოსავალი არ მოუტანია); იყო 2011 წელს დაფუძნებული სს „დარიალი ენერჯის“ დირექტორი (რამაც 2016 წელს 210 371 ლარი მოუტანა) და არის 2017 წელს დაფუძნებული შპს „დარიალი ტრაიდინგის“ პარტნიორი. ხოლო ნინო ჟღენტი – შპს „გურამ თავართქილაძის სასწავლო ცენტრის“ პარტნიორი (ფლობს 5-პროცენტიან წილს), რამაც გასულ წელს 17 737 ლარი მოუტანა; არის შპს „მეგობრობა-ლენდის“ პარტნიორი (ფლობს 9,27-პროცენტიან წილს) და შპს „ზებრა ქიდსის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი.
2016 წლის განმავლობაში ზურაბ ალავიძემ (ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით), როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, 37 125 ლარი აიღო; როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა (დეკემბერში) – 7 142 ლარი; ფართის გაქირავებით კი – 12 791 ლარი.