№11 რეკორდსმენები
ანუ თუ არ შევიგინე, რაა მამული?!
საქმე ისე გაგვიხდა, რომ შეგონება: „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად – ზრდილობა“ საფუძვლიანად ტრანსფორმირდა და გადავინაცვლეთ განვითარების, ანუ განუვითარებლობის იმ ფაზაში, როდესაც „თუ არ შევიგინე, რაა მამული“?!
იგინება ყველა და ყველგან, სადაც და ვისზეც მიუწვდება ხელი ან ენა: პრემიერ-მინისტრით დაწყებული და აკადემიკოსით დამთავრებული; პოეტი, მწერალი, პოლიტიკოსი, მოქალაქე, ქალი და ბალღიც.
ამ თუ სხვა მიზეზით, წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის რაოდენობა იზრდება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა (ინიციატორი შსს-ა), რის მიხედვითაც, წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად, 500 ლარიდან 1 000 ლარამდე იმერყევებს.
„წვრილმანი ხულიგნობა“ კი (კანონპროექტით) საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედებაა, რაც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს.
ხოლო, თუ სამართალდამცველები საჭიროდ ჩათვლიან, შესაძლოა, დამრღვევს არ აკმარონ 500 და 1 000 ლარით დაჯარიმება და 15 დღემდე ვადით, ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდონ.
ამას გარდა, მაგინებელსა და ავყიას იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთმევა სამი წლით.
ცვლილებებმა სულზე მოგვისწრო (მთავარია, აღსრულდეს და ქაღალდზე არ დარჩეს), რადგან მეტყველების დაბინძურების ტემპი ისეთი ჩქაროსნულია, არც ისაა გამორიცხული, მალე ჩვენი ჩვილების პირველი სიტყვა „დედა“ კი არა, „შენი დედა“ გახდეს.