№10 გადაუხადა თუ არა მილიონერმა თაყვანისმცემელმა დაბადების დღე დუბაიში ნუცა ბუზალაძეს და რის გამო გადაიფიქრა მან თურქეთში წარმატებული კარიერის აწყობა
ბოლო პერიოდში, 21 წლის მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სექსუალური იმიჯი მოირგო და კრივშიც აქტიურად ვარჯიშობს. ამბობს, რომ ახლა მისთვის ისეთი პერიოდი დგას, როცა საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და ეს პროცესი მოსწონს. ის, რომ მასზე ჭორაობენ და მის პირად ცხოვრებას განიხილავენ, ღიზიანდება და ბრაზობს. ხოლო, რის გამო გადაიფიქრა მან თურქეთში კარიერის აწყობა, ვისთან ერთად გადაიხადა დუბაიში დაბადების დღე და რატომ ვერ აარჩია ბევრი თაყვანისმცემლიდან ერთი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუცა ბუზალაძე: ვაღიარებ, ამბიციური ვარ, მაგრამ ჩემს ამბიციებს სხვებს არ ვახვევ თავზე. ამას, ვერავინ ამჩნევს. ეს ამბიციები, წარმატების მიღწევაში მეხმარება. როცა ადამიანს შენს თავთან გაქვს ამბიცია, ყველაფერს სხვანაირად აკეთებ. უფრო მეტი მოთხოვნა გიჩნდება საკუთარი თავის მიმართ და მეც ასე ვარ. ეს წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, კონცერტები მქონდა და იმედია, სულ ასეთი დატვირთული და აქტიური იქნება.
– ამბობენ, რომ 21 წლის იუბილე საკმაოდ განსხვავებულად აღნიშნე უცხოეთში და იმაზეც ჭორაობდნენ, ნუცას დაბადების დღე დუბაიში მილიონერმა თაყვანისმცემელმა გადაუხადაო...
– მართალია, დაბადების დღე დუბაიში, მეგობრებთან ერთად, განსხვავებულად აღვნიშნე, მაგრამ მილიონერ თაყვანისმცემელს ნამდვილად არ გადაუხდია. ასეთი ჭორები რომ მესმის, იმიტომაც ვიკავებ თავს სოციალურ ქსელში ბევრი რამის დადებისგან. რამეს რომ დავდებ, ისეთი გამოხმაურება და ჭორები მოჰყვება ხოლმე, ლამის მეც დავიჯერო (იცინის). მახსოვს, ერთხელ დაწერეს, თითქოს ვთქვი, ქართველმა ბიჭებმა არ იციან ქალის პატივისცემაო. ძალიან გავბრაზდი, ასე ნამდვილად არ მითქვამს. ჩემი აზრით, ქართველი ბიჭები ყველაზე მაგრები არიან ურთიერთობებში და ამას როგორ ვიტყოდი? რა ვიცი, იმდენი ტყუილი დაწერეს და თქვეს ჩემზე, აღარც კი მახსოვს.
– მანქანა რომ გაჩუქა თაყვანისმცემელმა, ესეც ტყუილია?
– ესეც ტყუილია, რადგან მანქანა შარშან, თვითონ შევიძინე ჩემი მოგროვილი ფულით.
– წარმოუდგენელია, მაგრამ ამბობენ, სახლში საკმაოდ უხასიათო ხარ და ფაქტობრივად, არ ლაპარაკობ, შენთვის, ჩუმად ზიხარ და არავისთან კონტაქტობ. მართლა ასეა?
– (იცინის). მთელი დღის განმავლობაში ისე ვიღლები, სახლში რომ მივდივარ ლაპარაკის თავი აღარ მაქვს. უხასიათოდ კი არ ვარ, უბრალოდ, ვისვენებ. თან, სულ გარეთ რომ მიწევს ყოფნა, სახლში ან ვმეცადინეობ, ან მძინავს (იცინის).
– მახსოვს, საცხოვრებლად თურქეთში აპირებდი გადასვლას და იქ კარიერის აწყობას. რატომ გადაიფიქრე?
– მართალია, მინდოდა თურქეთში საცხოვრებლად გადასვალა და კარიერის იქ გაგრძელება, მაგრამ გადავიფიქრე. დეიდაჩემი და დეიდაშვილი იქ ცხოვრობდნენ და ახლა თბილისში ჩამოვიდნენ. მე კიდევ, თურქეთში მარტო რომ დავრჩი, აღარ მომეწონა. ამიტომ, სანამ ესენი აქ იქნებიან, არც მე წავალ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ერთ დღესაც გადავიფიქრო, წავიდე თურქეთში საცხოვრებლად და კარიერა ავიწყო.
– მსოფლიოს დაპყრობას რომ გეგმავდი, ესეც გადაიფიქრე?
– (იცინის). არა, ეს არ გადამიფიქრებია, მსოფლიოს დაპყრობას ისევ ვგეგმავ და ეს ძალაშია.
– ვიცი, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. მათგან ხომ არ აარჩიე ერთი, რომელმაც შენი გულის მოგება შეძლო?
– ჯერ არ ამირჩევია. მაგრამ, იმედია, მალე ავარჩევ იმ ბევრი თაყვანისმცემლიდან ერთს და ქორწილშიც დაგპატიჟებთ. ჯერ, დაკვირვების პროცესში ვარ, თან კარიერასაც ვიწყობ და მერე, აუცილებლად შევიყვარებ იმას, ვინც ჩემნაირი იქნება (იცინის). თუმცა, ამ ეტაპზე, პირად ცხოვრებაში ახალსა და სერიოზულს, არაფერს ვგეგმავ.
– ბოლო დროს, საკმაოდ შეიცვალე იმიჯი და სექსუალური გახდი. ეს შენ გადაწყვიტე თუ ვინმემ გირჩია, ასეთი სტილი გიხდებაო?
– ერთი და იგივე იმიჯი მწყინდება, მიყვარს ექსპერიმენტები. მოვირგე სექსუალური იმიჯი, ვიფიქრე, როგორ მომიხდება-მეთქი და მომეწონა. ის ასაკი აღარ მაქვს, პატარა არისო, თქვან. გავიზარდე და თუ სექსუალურად გამოვიყურები, რა პრობლემაა? შეიძლება, ჩემი სექსუალური იმიჯი ბევრს არ მოსწონს, ღიზიანდება, მაგრამ მე ვიხდენ.
– სოციალურ ქსელში დადე ფოტო ულამაზეს თაიგულთან ერთად, წარწერით: „უბედნიერესი გამხადა დღეს“. ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები და ვინ გაგაბედნიერა ასე?
– ჩემმა თაყვანისმცემელმა გამომიგზავნა ულამაზესი თაიგული, მაგრამ იმ ბიჭმა კი არ გამხადა ბედნიერი, არამედ იმ ულამაზესმა ყვავილებმა (იცინის). დუბაიში რომ გადავიხადე დაბადების დღე და ფოტოები დავდე, მაშინაც იჭორავეს – მილიონერი კაცი მოიხიბლა ნუცათიო. არ შეიძლება, ჩემი დაბადების დღე თავად გადავიხადო და მეგობრებთან ერთად წავიდე, გავერთო და დავისვენო? ამისთვის მილიონერი თაყვანისმცემელია აუცილებელი? ან რატომ უნდა იყოს ის ადამიანი მილიონერი, ვინც მე შემიყვარებს, ვერ ვხვდები. ძალიან მაღიზიანებს ასეთი ჭორაობა.
– კრივში აქტიურად ვარჯიშობ. ესე იგი, შენი გაბრაზება საშიშია?
– დიახ, დავიწყე კრივში ვარჯიში და ყოველ დღე ერთ საათს ამას ვუთმობ. სხეულიც ტონუსშია და სასწაულ ფორმებს კვეთს. ამ ვარჯიშით, კარგ ფორმაში ჩავდექი და აღარც ზედმეტ კილოგრამებზე ვფიქრობ. თან, შოპინგის გიჟი ვარ და ვერასდროს ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს. ყველაზე ბევრი ფული ჩასაცმელში მიმდის. რაღაც ვიყიდე გაზაფხულისთვის და ბევრიც საყიდელი დამრჩა. ახლა ის პერიოდია, როცა ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ და ეს პროცესი მომწონს. მართალია, ჯერ პირადისთვის ვერ მოვიცალე, მაგრამ ეს დროც დადგება (იცინის).
– ნუცა, დედას დაბადების დღეზე ისეთი საჩუქარი გაუკეთე, ქალი შოკში ჩააგდე. რამ მოგაფიქრებინა, აეროპორტიდან სახლში „ქსოვრელებთან“ ერთად, ტაშ-ფანდურითა და დუდუკებით მისულიყავი?
– ბაქოში მქონდა კონცერტი და დედაჩემის დაბადების დღეზე დავბრუნდი საქართველოში. ვფიქრობდი, რა ორიგინალური საჩუქარი გავუკეთო, რომ გავახარო-მეთქი. გამახსენდა, ერთხელ თქვა, ჩემს დაბადების დღეზე „ქსოვრელებმა“ რომ დაუკრან, რა მაგარი იქნებაო. ხომ იცით, რომ დალევენ, მერე დუდუკები, როგორ „მიდის“ (იცინის). თვითმფრინავიდან მივწერე ჩემს მეგობარს, ქსოვრელების ნომერი მომწერე-მეთქი. გაოგნდა, რად გინდაო (იცინის). მოკლედ, დავურეკე, შევუთანხმდი და სახლში დუდუკებითა და ცეკვა-თამაშით რომ შევედი, დედაჩემი კიოდა, ეს რა შოკისმომგვრელი სიურპრიზი გამიკეთეო. ასე რომ, სტუმრებიც და დედაც, ყველა, დუდუკზე ვაცეკვე (იცინის).