№10 როგორ გადაურჩა აფხაზეთის ომს ქართველი წყვილი, რომელიც ახლა ამერიკაში წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა და რაში მდგომარეობს მათ მიერ მიკვლეული სიმსივნის მკურნალობის მეთოდი
ბავშვობა სოხუმში გაატარა და ცნობილმა მოვლენებმა მისი ბედნიერი ცხოვრება დევნილობად აქცია. ამას ბევრი ტკივილი, გაჭირვება, საკუთარი თვალით ნანახი უამრავი სისასტიკე და გადარჩენისთვის ბრძოლა მოჰყვა. თუმცა, იმ წლებმა სიყვარული აპოვნინა, რომელთან ერთადაც, საერთო მიზნისთვის ბევრი იბრძოლა და საქართველოში დაწყებული სამეცნიერო მოღვაწეობა ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი ამერიკაში, უდიდესი წარმატებით გაგრძელდა.
ირმა შამათავა-შუბითიძე: თავიდან ექიმობა მინდოდა. დედა საავადმყოფოში მუშაობდა და რამდენიმე ოპერაციას დავესწარი, დაახლოებით, მეხუთე კლასში. მაგრამ, მეშვიდე კლასიდან ფიზიკის მასწავლებელმა ისეთი ინტერესი აღმიძრა ფიზიკისადმი, რომ თავში ყველაფერი გადამიტრიალდა და ჩემი არჩევანიც ფიზიკაზე შეჩერდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ჩავაბარე. ომი რომ დაიწყო, 21 წლის ვიყავი და მეორე კურსზე ვსწავლობდი. მერე დაიწყო უნივერსიტეტის გაყოფა. 1989 წელს აფხაზეთის უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები გავიფიცეთ და უნივერსიტეტის ქართული ნაწილის გამოყოფას ვითხოვდით, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. აფხაზები ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ და მათთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. უნივერსიტეტის გაფიცვიდან პირდაპირ აფხაზების ქორწილში აღმოვჩნდი და ერთმა აფხაზმა ქალმა მკითხა: ირმა, რა გინდათ, რატომ იფიცებით? შენ ხომ არ გესმის, რა გინდაო? რაღაც მომენტში, ვფიქრობ, იქნებ, მართალი იყო?! ჩვენ ხომ ერთმანეთის მიმართ მტრული განწყობა არ გვქონია?! გაფიცვას, არ სჯობდა, ახლობლები ერთმანეთს დავლაპარაკებოდით, გვემსჯელა და იქნებ, ეს უბედურებაც აგვეცილებინა თავიდან?! პრინციპში, ყველამ დავაშავეთ. თუნდაც, რატომ არ უნდა ვიცოდე აფხაზური ენა? მე მყავს კლასელი, რომელიც სოხუმში ცხოვრობს – ნონა სანაია. იქ დარჩა, რადგან ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში ერთ აფხაზ ბიჭს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. მაგრამ ის ვერასდროს გადმოვა საზღვარს აქეთ და მშობლებს ვერ ნახავს. თუმცა, მე სიცოცხლე შემინარჩუნა ამ ბიჭმა და ამიტომაც დავრჩიო, ამბობდა.
– იმ რთულ წლებში, თქვენ ცხოვრების სიყვარული იპოვეთ.
– ჩვენს კურსზე ერთი ყმაწვილი – ფრიდონ შუბითიძე, განსაკუთრებით აქტიური იყო. ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა. მე და ის ძალიან ბევრს ვკამათობდით, მარტო მე კი არა, პედაგოგებსაც ეკამათებოდა და ერთი-ორჯერ, წიგნშიც აღმოაჩინა შეცდომა (იცინის). მერე, ნელ-ნელა დათბა ჩვენი ურთიერთობა და ყველამ გაიგო, რომ ჩემ მიმართ სიმპათია ჰქონდა. ბოლო-ბოლო, გამიმხილა, რომ ვუყვარდი და შეყვარებულები გავხდით. სამი წელი იმდენი ვიარეთ სოხუმში, უნივერსიტეტმა კი არა, თურმე მთელმა ქალქმა იცოდა ჩვენი სიყვარულის ამბავი. მერე, იმ საშინელმა ამბებმა რომ ჩაიარა, ხალხი მწერდა: ირმა, გამარჯობა, თქვენ შეუღლდითო? ჩემი მშობლები სოხუმში რჩებოდნენ – დედა ექთანი იყო და დაჭრილები გადაჰყავდა, მამა სოხუმს იცავდა. არდადეგები რომ დაიწყო, ფოთში წავედი. ფრიდონმაც ჩამომაკითხა და დაიჩემა, ომში უნდა დავბრუნდეო. კატეგორიულად ვუთხარი, თუ წავიდოდა, ცოლად არ გავყვებოდი. წინათგრძნობა მქონდა, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდა და მოვთხოვე – ან ცოლად მოვეყვანე, ან სამუდამოდ დავშორებოდით ერთმანეთს. დაურეკა სამტრედიაში თავის მამიდას და უთხრა, ცოლს ვირთავ და შენთან ჩამოვალთო. „ელექტრიჩკით“ გავემგზავრეთ სენაკში. იქ მისი ნათესავები დაგვხვდებოდნენ მანქანით და სამტრედიაში წაგვიყვანდნენ. კომედია იყო, როდესაც იმავე „ელექტრიჩკაში“ სოხუმიდან სენაკისკენ მიმავალ ჩემს მშობლებს შევხვდით. ფრიდონმა მოკლედ აუხსნა: ირმა თქვენი იყო და ახლა მე მიმყავსო. მერე ომის „პერემირიაც“ გამოცხადდა. ყველანი აფხაზეთში დავბრუნდით და ჩვენ ფრიდონის დის ოჯახში დავსახლდით. თუმცა, ერთ კვირაში ყველას – ფრიდონის დას სამი ბავშვით, მამაჩემს, რომელმაც მე – ფეხმძიმე არ მიმატოვა და ფრიდონს, გამოქცევა მოგვიხდა ჭუბერით. დედაჩემი და უმცროსი და მამამ ძლივს შეტენა თვითმფრინავში და სენაკში გაამგზავრა. მოგვიანებით, მათ გაუგიათ, რომ ჩვენ ჩაგვხოცეს და დარდისგან თავადაც ცოცხალ-მკვდრებად იქცნენ... ჩემი და ფრიდონის თაფლობის თვე კი აფხაზეთის ბომბების წვიმით დაიწყო და გაგრძელდა ძარცვისა და სიკვდილის შიშით, გზაზე დაყრილი გაყინული გვამებისა და მშიერ-მწყურვალი ადამიანების გვერდიგვერდ, ჭუბერის უღელტეხილით ზუგდიდამდე. გადმოსასვლელზე რომ არ გავყინულიყავით, მე და ფრიდონს ცელოფანში გადახვეულებს გვეძინა. იქ, იმ სიტუაციაში, ვიღაცები ყაჩაღობდნენ. დევნილებს, რომლებიც აფხაზებსა და ტყვიებს გამოექცნენ, გზაში ქართველი ყაჩაღი აცლიდა ოქროს კბილებს. ეს სრული კოშმარი იყო. მერე სვანებმა გაგვიწიეს ძალიან დიდი დახმარება. იქიდან სამეგრელოში გადავედით. ცოტა ხანს იქ დავრჩით და მერე თბილისში წამოვედით, ისევ უნივერსიტეტში, სადაც ძალიან თბილად მიგვიღეს. ფრიდონმა მუშაობაც დაიწყო, ბაგებში საცხოვრებელი მოგვცეს და ნელ-ნელა, რაღაცას ვახერხებდით. მერე, 1994 წელს, თორნიკეც გაჩნდა. თბილისში 5 წელიწადს ვიცხოვრეთ, რომელიც კოშმარად მაგონდება. ფრიდონმა დისერტაცია დაიცვა, უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, უცხოურ პროექტებში მონაწილეობდა და ასე შემდეგ. მე თორნიკეთი ვიყავი დაკავებული. ბავშვი ორი წლის რომ გახდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში დავიწყე მუშაობა. პირველი ვიყავი, ვინც უნივერსიტეტში კომპიუტერიზაცია შემოიტანა.
მერე ფრიდონს საბერძნეთში შესთავაზეს სამეცნიერო სამსახური და მარტო წავიდა 2 წლით. პროფესორი უზუნოღლუ, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობთ, ისე მოიხიბლა ფრიდონის მუშაობით, ჩემი და თორნიკეს ჩაყვანაც მოითხოვა და ყველანაირად გვიწყობდა ხელს, რომ ფრიდონს მასთან ემუშავა. ამერიკაში მოგვიანებით წავედით. ინგლისურიც კი არ ვიცოდი. ამერიკის ჩრდილოეთში, პატარა და ლამაზ ქალაქ ჰანოვერში დავსახლდით, სადაც ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ახალი ჩასულები რომ ვიყავით, მახსოვს, თორნიკეს სკოლის ავტობუსზე დააგვიანდა, ჩვენ კი მანქანა არ გვყავდა და სკოლაში ვერ მივიყვანე. დაგვირეკეს და რადგან ინგლისური კარგად არ ვიცოდი, ძლივს ავუხსენი, რატომ ვერ მიმყავდა. ერთი ამბავი ატყდა, ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობენ, მანქანაც კი არ ჰყავთო. გაოცებული იყო მთელი სკოლა და ყველა დახმარებას გვთავაზობდა. ძალიან თბილები არიან და დიდი ხნის განმავლობაში გვეხმარებოდნენ. მათთვის კოშმარი იყო: ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც ამერიკაში ჩავიდა, ქალი ძლივს ლაპარაკობს ინგლისურად და ისე უჭირთ, რომ მანქანა არ ყავთო. თან, მე იმ დროს ორსულად ვიყავი. თავიდან მანქანას ვერ ვყიდულობდით, იმიტომ რომ, საერთოდ არ ვიცოდით, რა იყო კრედიტისტორია და ფული ხელზე არ გვქონდა. ბოლოს ერთი პოლონელი გამყიდველი დაგვეხმარა, სიტუაციაში გავრკვეულიყავით. გვასწავლა როგორ უნდა მოვქცეულიყავით, ავტომობილის ყიდვა რომ შეგვძლებოდა. ახლა ის გამყიდველი იმ ფირმის ხელმძღვანელია და ჩვენ ყოველთვის მასთან ვყიდულობთ ხოლმე ახალ მანქანას (იცინის).
– ახლა სად მუშაობთ და რით ხართ დაკავებული თქვენ და თქვენი მეუღლე?
– ორივე მეცნიერებათა დოქტორები ვართ – ფიზიკოსები. ფრიდონი პროფესორია, ფიზიკის დოქტორი და სტუდენტებთანაც მუშაობს დარტმოუთის კოლეჯში. მე – მეცნიერ-თანამშრომელი ვარ. უკვე 18 წელია, აქ ვართ. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მიწისქვეშა, აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და განიარაღებაა, რასაც ელექტრომაგნიტური ველების დახმარებით ვაკეთებთ. პარალელურად, ტექნოლოგიური კომპანიის 25-პროცენტიანი წილის მფლობელები ვართ და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე ვმუშაობთ. ერთ-ერთია ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამული პაკეტებით მიწისქვეშა, აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა, რომელსაც ამერიკის სამხედრო სამსახური აფინანსებს. გარდა ამისა, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელსაც ჰიპერთერმია ჰქვია. ჩვენ ელექტრომაგნიტური ველების დასხივებით ვეძებთ სიმსივნურ კერას, შემდეგ კი ორგანიზმში შეგვყავს თხევადი ლითონები, ვახურებთ 46 გრადუს ტემპერატურამდე, რაც სიმსივნურ უჯრედებს კლავს, ოღონდ ქიმიისგან განსხვავებით, სხვა უჯრედებს სრულიად არ აზიანებს. ამით ბევრნაირ სიმსივნეს შეიძლება, ვუშველოთ. მისი პატენტი გვეკუთვნის ჩვენ, დარტმოუთის კოლეჯს. ექსპერიმენტები ცხოველებზე წარმატებით ჩატარდა, მაგრამ ამერიკაში ამ ექსპერიმენტის ადამიანზე ჩატარებას დიდი დრო სჭირდება. ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, იქნებ დანერგოთ კანონი, რაც ექსპერიმენტების დაფინანსებისა და ადამიანებზე – მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებზე მისი ჩატარების საშუალებას მოგვცემს-მეთქი. მაგრამ ჯერჯერობით რეაგირება არ არის.