№10 სად შეძლებენ მწეველები მოწევას ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ და აიკრძალება თუ არა თამბაქოსთან ერთად, ელექტრონული სიგარეტის მოწევაც
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 დეპუტატი 1-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა. კანონი ძალაში 2018 წლიდან ნაწილ-ნაწილ შევა. კონკრეტულად კი, სავალდებულო გახდება სიგარეტის კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების, ეგრეთ წოდებული, პიქტოგრამების დატანა. 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში. ასევე, აიკრძალება ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც. კანონით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც.
ლელა სტურუა
(არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი): მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული კვამლითა და მასთან ასოცირებული დაავადებებით. საქართველოში კი, 1 1400 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით. აქედან 2 100 პასიური მწეველია, ანუ თავად არ ეწევა, მაგრამ იძულებულია, ისუნთქოს თამბაქოს კვამლი. ჩვენი მოსახლეობის მესამედზე მეტი მწეველია. მწეველია, მამაკაცების 57 პროცენტი. ეწევა, ასევე, ქალი მოსახლეობის 12 პროცენტი, მაგრამ ამას მხოლოდ შვიდი პროცენტი აღიარებს. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ რეალურად, იმაზე გაცილებით მეტი ეწევა, ვიდრე აღიარებს, ვგულისხმობ ზრდასრულ მოსახლეობას. საკმაოდ მაღალია თამბაქოს მოხმარება ბავშვებში, რაც ძალიან შემაშფოთებელ პროგნოზს გვაძლევს.
– რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები და როგორ მოხდება ეტაპობრივად მისი განხორციელება. კონკრეტულად, სად აიკრძალება თამბაქოს მოწევა?
– თამბაქოს მოწევა პირველი მაისიდან აიკრძალება შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფე-რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში.
– თამბაქოსთან ერთად ამ ადგილებში ჩილიმისა და ელექტრონული სიგარეტის მოწევაც აიკრძალება?
– დიახ, ყველა ის რეგულაცია, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, კრძალავს, როგორც თამბაქოს, ასევე ჩილიმსაც და ელექტრო სიგარეტსაც.
– განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვა კაფე-რესტორნებში არსებულ აკრძალვებს. ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ ეკონომიკური ზარალის შესახებ.
– ეს არის აბსოლუტური მითი, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ამას ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც უკვე ათწლეულებია, იგივე საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელეს. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ კვლევის შედეგები, რომელმაც დაადასტურა, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არაა. პირიქით, თუკი არაფერს გავაკეთებთ, მაშინ გვექნება განსაკუთრებით დიდი ეკომონიკური დანაკლისი.
– რამდენადაც ვიცი, სავალდებულო ხდება სიგარეტის კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებათა ფოტოების დატანა.
– კვლევის შედეგად, შეირჩა ცხრა პიქტოგრამა. ის დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ და უნდა იქნეს დატანილი სიგარეტის კოლოფზე. პირველი სექტემბრიდან ყველა კოლოფზე პიქტოგრამა იქნება.
– ცვლილებები შეეხება რეკლამასაც.
– აქამდე ტელევიზიით პირდაპირი რეკლამა იკრძალებოდა. არაპირდაპირი რეკლამა, ამ ეტაპზე არ არის აკრძალული, მაგრამ სექტემბრიდან ესეც აიკრძალება. ეს აკრძალვა შეეხება ნებისმიერი სახის რეკლამას: იქნება ეს ბილბორდები, სიგარეტით ხელში ინტერვიუს მიცემა თუ ასე შემდეგ, მოკლედ, სიგარეტი არსად გამოჩნდება.
– კითხვა, რომელიც მწეველებს აწუხებთ – სად შეიძლება მოწევა?
– მოწევა არ არის აკრძალული: ქუჩაში, სახლში, საკუთარ ავტომობილში, ღია კაფე-ბარებში, რომელსაც არ აქვს კედლები და სახურავი. საერთოდ, ღია ტერიტორიაზე ყველგან შეიძლება მოწევა. არის ადგილები, სადაც რეგულაციების შესახებ კონკრეტულმა სისტემამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მაგალითად, პენიტენციალურმა სისტემამ თვითონ უნდა გამოყოს ადგილები მწეველებისთვის. ეს მათი პრეროგატივაა. ერთადერთი, სადაც კიდევ შეიძლება მოწევა, ეს არის სიგარბარი. თუმცა, სიგარბარში მხოლოდ მოწევა და ალკოჰოლის მიღებაა შესაძლებელი. საკვები პროდუქტები იქ არ არის დაშვებული. სამორინეებშიც აკრძალულია. რაც შეეხება აეროპორტს, იქ უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალური მოსაწევი ადგილი. რაც შეეხება სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, ამასთან დაკავშირებით უმჯობესია, ჯანდაცვის სამინისტროს ჰკითხოთ. ჯერჯერობით, დასაშვებია სტადიონზე მოწევა, მაგრამ მოგვიანებით, იქაც აიკრძალება – უშუალოდ სტადიონზე. თანდათან, სასტუმროებიც უნდა გათავისუფლდეს თამბაქოსგან.
– საბოლოოდ, როდის ამოქმედდება ყველა რეგულაცია?
– სხვადასხვა რეგულაცია სხვადასხვა დროიდან შევა ძალაში. ცლილებები ეტაპობრივად განხორციელდება 2022 წლამდე. სწორედ ამ დროისთვის გვაქვს ბოლო ცვლილება განსაზღვრული, ვგულისხმობ სადა შეფუთვას. იმ დროისთვის ყველა სიგარეტი ერთნაირად იქნება შეფუთული. წარწერა ექნება, მაგრამ არა თვალშისაცემი. ყველა თამბაქო იქნება ერთი ფერის, სავარაუდოდ – ნაცრისფერი და მომხმარებელი ერთი შეხედვით ვერ გაარჩევს, კონკრეტულად, რომელ სიგარეტს ყიდულობს. ვინც სიგარეტს არ ეწევა, იმისთვის ფორმა მიმზიდველობას არ განსაზღვრავს, რადგან ყველა ერთნაირი იქნება. ეს რეგულაცია იანვარში უნდა მიგვეღო, მაგრამ გადავადდა. ჩვენ ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ. პირველი მაისიდან თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი გარემოთი ვისარგებლებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები თამბაქოსგან თავისუფალ გარემოში გაიზრდებიან.