№10 როდის ჰქონდა ერთდროულად რამდენიმე ქალთან ურთიერთობა გიორგი პაპკიაურს და აპირებს თუ არა ის მეექვსედ დაქორწინებას
გიორგი პაპკიაური მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. თუმცა, ცოტა ხნის წინ ის ფართო საზოგადოებამ როგორც მომღერალი, ისე გაიცნო. გიორგის სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა აქვს. ახლო მომავალში ევროპულ ტურნეში მიემგზავრება. გიორგი სიმღერისა და ხატვის გარდა, ძალიან კარგი კულინარია და თბილისში დღეს, არაერთ ცნობილ ადგილას, მისი რეცეპტით მომზადებული კერძებიც იყიდება.
გიორგი პაპკიაური: „არტფეისი“ საზოგადოებამ გაიგო ისე, რომ თითქოს ეს ჯგუფია. არ არის ჯგუფი: მე ვარ. „არტფეისი:“ იმიტომ, რომ ვხატავ, ვწერ, ვმღერი. ახლა ბენდთან ერთად მივდივარ ევროპის 4 ქვეყანაში, სადაც 8 კონცერტი ჩატარდება. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, ვგეგმავ კლიპის გადაღებას. ყოველდღე რაღაც ღონისძიება მაქვს და არ ვჩივი, კარგად ვარ.
– არ გიყვარს წუწუნი?
– არ მიყვარს წუწუნი და რომ ვიწუწუნო, მომეცემა? წუწუნის მომენტი მხოლოდ საკუთარ თავთან მქონია. თუ ცხოვრებაში რაღაც არ გამოდის, ეს შენი ბრალია, იმ მომენტში რაღაცაში მოიკოჭლე. საკუთარ თავთან მქონია უკმაყოფილების გრძნობა. ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილა – კარგიც და ცუდიც, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა.
– რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ყველაზე ცუდი?
– თუნდაც ის, რომ უფრო ადრე შემეძლო საკუთარი თავის რეალიზება. მაშინ ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ჩემი ყოფილი ოჯახი, ცოლი. შეცდომად არაფერს მივიჩნევ, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. როცა ოჯახი გაქვს, თან, ხომ გააჩნია, ვინ შეგხვდა მეგზურად? – მხოლოდ ფინანსებზე მქონდა აქცენტი გაკეთებული. შესაბამისად, იმის დრო არ მქონდა, საკუთარ თავზე მემუშავა და თან, ოჯახი მერჩინა. როგორც კი ურთიერთობა გავწყვიტე, მაშინ შევიგრძენი საკუთარი თავი და მივხედე.
– რომელ ქორწინებას გულისხმობ?
– მესამეს. უკვე ასაკიც ისეთი მქონდა, რომ შემეძლო, მეაზროვნა და ვაზროვნებდი კიდეც.
– არც ისეთი დიდი ხარ და ხუთჯერ დაქორწინდი უკვე.
– ჯერ არ გავჩერებულვარ. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ იფიციალურობა აფუჭებს ურთიერთობებს. არ მიყვარს ოფიციალურობა, თუნდაც საქმეშიც. დღეს არავინ და არაფერი გვიშლის ხელს, რომ თავისუფალ ურთიერთობაში ვიყოთ. როცა ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ბუნებრივად, ორივე ვალდებულია არიან ერთმანეთის მიმართ. ოფიციალურობა კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას განიჭებს და ეს აფუჭებს ურთიერთობებს. ვფიქრობ, არ ვარ კარგი მეუღლე. მზრუნველი, თბილი, მოსიყვარულეც ვარ, მაგრამ ოჯახს, ალბათ, სხვა რამ სჭირდება. საკუთარ თავზე ნაკლებად უნდა იფიქრო, უფრო მეტად მეუღლეზე, შვილებზე უნდა იზრუნო. ეს განა არ შემიძლია, უბრალოდ, საკუთარი რაღაცების კეთება გვიან დავიწყე და ახლა იმის დრო არ მაქვს, ეს ყველაფერი დავკარგო. მე, ალბათ, უფრო კარგი საყვარელი ვარ, ვიდრე კარგი მეუღლე.
– ოჯახში შეუძლებელია, იყო კარგი მეუღლეც, საყვარელიც და მეგობარიც?
– შესაძლებელია. მაგდას ხშირად ვუკეთებდი პატარ-პატარა სიურპრიზებს, შეიძლება, უმნიშვნელოს ან მნიშვნელოვანს. ქალს, რომელსაც უნდა ისეთი ოჯახი: დილით მეუღლე გავიდა სახლიდან, საღამოს შემოვიდა, ჩაეხუტა ბავშვებს, კინოში წავიდნენ – ეს ყველაფერი მომწონს, მაგრამ მე ასეთი ქალი ვერ გამიძლებს.
– ამ ყველაფერზე თავიდან არ ფიქრობ?
– როგორ არა, ძალიან ღია პიროვნება ვარ. ყველაფერს წინასწარ ვაფიქსირებ, მაგრამ ალბათ, არის ჩემში რაღაც ისეთი, რაც ჩემთან ქალებს აძლებინებს.
– მაგდა ვასაძისა და შენი ურთიერთობა ყოველთვის იდეალური ჩანდა. რა მოხდა თქვენ შორის?
– მე და მაგდას იდეალური ურთიერთობა გვქონდა, პრინციპში, ახლაც ძალიან კარგი, შეგნებული ურთიერთობა გვაქვს. ის უნიჭიერესი ვოკალისტი, კარგი დედა, მეუღლე და შვილია. ყველგან არსებობს უთანხმოება, მით უმეტეს, ერთ სფეროში ვართ, სადაც არის ღამის თენება, უკმაყოფილობები, რაც ერთმანეთთანს გაშორებს. თუმცა, ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ამ ურთიერთობას კამათიც კი უფრო მეტად აძლიერებდა. ყოველ შემთხვევაში, მეც და მაგდასაც კამათის გარეშე არ შეგვეძლო. მე არც მომწონს ძალიან მუდო ტიპები, ცეცხლი რომ არ აქვთ ურთიერთობაში. ჩვენ ვაბალანსებდით ერთმანეთს, მაგრამ მე მაინც არ ვარ კარგი მეუღლე.
– შენ და მაგდა დაშორდით ერთმანეთს?
– მიმაჩნია, რომ ყველაფერს სჭირდება გადატვირთვა. ადამიანები ერთმანეთისგან ვიღლებით. ზოგჯერ სარკეშიც მღლის საკუთარი თავი, რადგან ძალიან ემოციური, ბუზღუნა, ჯუჯღუნა ვარ.
– ანუ, შენ და მაგდა გადატვირთვის რეჟიმში ხართ?
– კი და მიმაჩნია, რომ, რაც ცხოვრებაში იყო და ხდება, ყველაფერი ძალიან ნორმალურია. ახლა ისეთ პერიოდში ვარ, არც დანაკარგი მიკვირს და არც შენაძენი. ყოველთვის უნდა გქონდეს გაანალიზებული, რომ ახლობელი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დაკარგო და ეს არ არის ტრაგედია. ადრე მსგავსი ფაქტების მიმართ უფრო ემოციური ვიყავი. მე მათ ჩემი ცხოვრების ნაწილად მივიჩნევ, მაგრამ არასდროს ვიტირებ. თუ ვინმეს დასაკარგად ვემეტები, მე, მით უმეტეს, არაფერი მაქვს დასაკარგი.
– შენც ხომ ეხმარები იმაში, რომ დაგკარგონ?
– კი. ვეხმარები. ზოგადად, უმტკივნეულოდ ვიცი წასვლაც და მოსვლაც.
– ხუთივე ცოლთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
– კი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველა მწერს, მირეკავს. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, ალბათ, ადამიანი უნდა იყო. მე ჩემი პარტნიორების მრჩეველიც ვარ, მეგობარიც, როგორც იტყვიან, საყვარელიც. ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა იყო, რადგან თანაცხოვრება არ არის ხელწამოსაკრავი.
– ერთი ქორწინების მერე, მეორეზეც კი არ ფიქრობენ და შენ – ჯერ არ გავჩერებულვარო.
– ჭკვიანები არიან. ხუმრობით ვთქვი ეს. ყველა ქალს უნდა ოფიციალურობა. რატომღაც ჰგონიათ, რომ, როცა ქმარი გქვია, აღარ დაგკარგავს. ეს ჩემთვის სასაცილოცაა და მიუღებელიც. თუ იცი, რომ კაცი გოთვერანია, ყველა ვარიანტში გოთვერანი იქნება. კაცს, რაც უფრო გაუშვებ, უფრო მეტად დაიჭერ. ვისაც ძალიან იჭერ, ის გარბის. როცა მიჭერენ, ვერ ვსუნთქავ და გავრბივარ. როცა მიშვებული ვარ, ის ეჭვიანობაც მენატრება და ყველაფერი. ჰაერის ნიშანი ვარ, ჰაერივით ვარ – სხვანაირად უნდა დამიჭირო. ხელით არ უნდა შემეხო, ისე უნდა დამიჭირო. ეს რთულია, მაგრამ თუ გიყვარს, უნდა ისწავლო.
– ქალებმა ვერ ისწავლეს?
– მეგობრებმა კი ისწავლეს, მაგრამ პირადში – ვერავინ.
– კიდევ ფიქრობ დაქორწინებაზე?
– არა, მაგრამ შვილს გავაკეთებ. კარგი მამა ვიქნები, თუ ამის საშუალება მომეცა. 3 წლის წინ, ძალიან მინდოდა ბავშვი, ახლა გადამიარა. თუმცა, თუ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან, მე სრუფასოვან მამობას გავუწევ. უფრო მეტი ვიქნები, ვიდრე მამა. არ აქვს მნიშვნელობა, რადგან თუ ქალთან მივედი, ესე იგი, ის მთლად ცუდიც არ იქნება.
– ქალებთან დაკავშირებით რაიმე კრიტერიუმი ჩამოგიყალიბდა?
– ქალები ისეთები ხართ, არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს თქვენთან მიმართებაში. ქალს ვერ ამოიცნობ. შეიძლება, მომეწონოს ძალიან შეუხედავი ქალი და მხოლოდ მე ვხედავდე მის სილამაზეს. მქონია შემთხვევა, ერთდროულად რამდენიმე ქალი მომწონდა: ერთში ხასიათი, მეორეში – პირადი სივრცე, მესამეში – სურნელი.
– და სამივესთან პარალელურად გქონდა ურთიერთობა?
– ეგ ადრე იყო. ჩემი სხეული ჩემი სხეულია, ვისთანაც მინდა, იმასთან ვიქნები. თუ მასთან ვარ, ესე იგი, ეს ადამიანი მსიამოვნებს და სადამდეც მესიამოვნება, იქამდე ვიქნები მასთან ტკბილად და ბედნიერად.
– ერთგული ხარ თუ გიღალატია ქალისთვის?
– თუ ადამიანი მიყვარს, არასდროს ვღალატობ. სასწაულად მიყვარს ფლირტი და ეს არასდროს დამიმალავს. მაგრამ, არ ვარ ის ტიპი, ბოლომდე გავყვე. როცა უკვე საუბარი პირად კონტაქტზე მიდის, ვჩერდები და ამას ლამაზად, ოსტატურად ვაკეთებ, ისე, რომ ის ვერც ხვდება. ყველას ჰგონია, რომ მოღალატე ტიპი ვარ. არ ვარ, თუმცა მიღალატია. შენ არ უნდა მიმიყვანო იმ დონემდე, სხვა ქალს გავხედო; ან შენ არ უნდა მიგიყვანო იმ დონემდე, რომ სხვა კაცს შეხედო. შემთხვევითი ურთიერთობებიც ყოფილა – საერთოდ რომ არ გაქვს დაგეგმილი და არც გინდა. ქალს ისე შეუძლია კაცის პროვოცირება, რომ დილით გაიღვიძებ მის საწოლში. მე ღალატად უფრო სულიერ ღალატს მივიჩნევ, ვიდრე ფიზიკურს. თუმცა, როცა ოჯახზეა ლაპარაკი, სადაც ყველაფერი კარგადაა, იქ ღალატი მიუღებელია. თუმცა, არასდროს დამიმალავს, თუ მკითხეს: მიღალატეო და მე მიქარული მაქვს, ამას ვაღიარებ. ამ მხრივ, არასდროს ვატყუებ ადამიანს. მეც თუ მიღალატებენ, უნდა მითხრან და გადავწყვეტ – დავრჩე თუ არა. მიღალატა, ალბათ, იმიტომ რომ, ამგვარი არაკაცი ვარ. თუმცა, ვერ გეტყვი, რომ ვაპატიებ, საკუთარი სირცხვილიდან გამომდინარე. იმ ქალს თვალებში ვერ ჩავხედავ, ვინც იმ დონეზე მივიყვანე, რომ მიღალატა. მასაც აქვს უფლება, რომ არ მაპატიოს და ჩვეულებრივ მივიღებ ამას. მე მქონდა შემთხვევა, როცა ცოლი მყავდა და შემიყვარდა მეორე. მივედი და ვუთხარი: იყო ცრემლები, ცოტა სისასტიკეც, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას ჯობია, იცოდეს და არა მერე გაიგოს და ცუდი ტიპი გამოვჩნდე. არადა, არ ვარ ცუდი ტიპი. ემოციებს, ფლუიდებს კარგად ვაკონტროლებ. თუმცა, ზოგჯერ მიჭირს და გააჩნია, რა დროს წამასწრეს. როცა დეპრესიული ფონი მაქვს, მაშინ უფრო მეტად ვნებდები. ახლა საქმეში იმ დონეზე ვარ ჩართული, რა არის ფლუიდი, არც მახსოვს.
– საკამოდ რთული პერიოდი გამოიარე. რა დაგეხმარა იმაში, რომ დღეს სწორ გზაზე დადექი?
– ზოგს ერთი სირთულეც კი კლავს, მაგრამ ზოგი ისე აღიქვამს ყველაფერს, როგორც მე: ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა ავითვისო. მქონდა ყველანაირი შანსი, რომ იქით წავსულიყავი და არანაირი შანსი იმისა, აქეთ წამოვსულიყავი. ცუდისკენ გზა ხსნილი მქონდა, კარგისკენ – არა. მაგრამ, კარგი ინტუიცია მაქვს და შინაგანი ხმა დამეხმარა.
– ნარკოტიკები ყოფილა შენს ცხოვრებაში?
– ბევრი რაღაც უნდა გასინჯო, გამოიარო, რომ ცხოვრების გემო გაიგო. ნარკოტიკები არ ყოფილა, სად მქონდა მაგის ფუფუნება. ალკოჰოლი იყო, მაგრამ არა ლოთობამდე. ნატურალური ბალახი იყო – ბევრი რამ გადამატანინა ამან. გადაჭარბებული არაფერი ვარგა, დოზირებული კარგია. მე არ ვარ წინააღმდეგი არც დეკრიმინალიზაციის, არც ლეგალიზაციის. მთავარია, ზომა ვიცოდეთ. დოზირებულად უნდა იყიდებოდეს კიდეც, თუმცა მესმის, რომ ამის გაკონტროლება რთული იქნება. ყოველდღე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოვწიო „პლანი“, მაგრამ არ ვეწევი. აკრძალული რომ მქონდეს, შეიძლება, უფრო გავაკეთო.