№10 კითხვა-პასუხი
კითხვა:
მიყვარს მუქი ფერის ტონალური, რომ რუჯის ეფექტი მქონდეს სახეზე. მართალია, რომ კანის ფერი სეზონურად იცვლება და ტონალურიც სეზონურობის მიხედვით უნდა ვცვალოთ?
პასუხი: როცა გოგონები არასწორად არჩევენ ტონალური კრემის ფერს, შესაბამისად, კანიც არაბუნებრივად გამოიყურება, აჭრელებულია. ზოგადად, არასწორი მაკიაჟი და კერძოდ, დიდი ოდენობით მუქი ტონალური, არამიმზიდველია. ტონალურის ფუნქციაა, მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და პატარა ნაკლოვანებების დაფარვა. თუმცა, ამ შედეგის მისაღწევად აუცლებელია ის სახის კანის ფერის მიხედვით შეარჩიოთ და არა, ორი ან სამი ტონით მუქი ტონალობის. როდესაც ტონალურს ირჩევთ, ფერი არასდროს გასინჯოთ ხელის მტევანზე. ფერები, მუქიდან ღიისკენ, ღაწვებზე წაისვით და სინათლეზე გახედეთ. თქვენთვის შესაფერისია ტონი, რომელიც თქვენი კანის ფონზე აღარ გამოჩნდება. რაც შეეხება სეზონურობას, კანის ფერი სეზონის მიხედვით ღიავდება ან მუქდება. ეს ასაკის მატებითაც შეიძლება, იყოს გამოწვეული. ამიტომ, ტონალურის ფერი ყოველთვის უნდა იყოს შესაფერისი. თუ რუჯის ეფექტის შექმნა გინდათ, უმჯობესია, ეს პუდრის ხარჯზე სცადოთ და არა – ტონალურის. იმისთვის, რომ ტონალური სახეზე კარგად დაჯდეს, აუცილებელია, ზემოდან პუდრიც გადაისვათ.
კითხვა: მითხრეს, რომ უნდა გამოვიყენო შამპუნი სულფატების გარეშე. ზოგადად, რა ნივთიერებაა ეს და რატომაა საშიში?
პასუხი: შამპუნი სულფატების გარეშე, არის პროდუქტი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია სტილისტები აქტიურად უწევენ რეკომენდაციას. ტრადიციულ შამპუნებთან შედარებით, მეტი კარგი თვისებით გამოირჩევა. თუმცა, არის უარყოფითი მხარეებიც. სულფატი ნივთიერებაა, რომელიც შამპუნის სქელ ქაფს წარმოქმნის. სულფატები შედარებით იაფფასიანი ინგრედიენტია და გამოიყენება როგორც შამპუნებში და შხაპის გელებში, ასევე საპონში, კბილის პასტაში და ასე შემდეგ. მართალია, სულფატები შედარებით იაფფასიანია, ვიდრე სხვა დეტერგენტები, მაგრამ ზოგჯერ კანს აღიზიანებს. თმის გაუხეშებას, გაფუებასა და საღებავების გამორეცხვას, სწორედ სულფატები უწყობს ხელს. შამპუნის თვალში მოხვედრისას თვალის აცრემლებასა და წვაშიც სწორედ, ეს ინგრედიენტია დამნაშავე. მისი დადებითი მხარეებია: დაბანისას თმა ნაკლებად ზიანდება და შრება; კარგია მგრძნობიარე კანისთვის, არ აუფერულებს შეღებილ თმას; თმა ხდება მორჩილი და არ არის აუცილებელი, დამატებითი ნიღბების, კონდიციონერებისა და ბალზამის გამოყენება. ასეთი შამპუნები უფრო „რბილია”, თმა ნაკლებად ცხიმიანდება და კერატინით გასწორებისას, შედეგი ბევრად უფრო ხანგრძლივია. უარყოფითი მხარეები კი არის: ასეთი შამპუნები შედარებით ნაკლებად ქაფდება და არარეკომენდებულია ძალიან ცხიმიანი თმისთვის. სულფატებისგან თავისუფალი შამპუნი, ყველა ტიპის თმაზე ინდივიდუალურად მოქმედებს.