№10 შეიძლება თუ არა, ეგრეთ წოდებული, შესანდობარის დალევა სასაფლაოზე და რატომ არ შეიძლება საფლავიდან სახლში რაიმეს წაღება, შემთხვევით დავარდნილი საკუთარი ნივთისაც კი
არ არსებობს ადამიანი, რომ არ ჰქონდეს და თუ არა აქვს, არ ოცნებობდეს სახლზე, ანუ საცხოვრისზე ამქვეყნად. თუმცა, ყველას მაინც არ უმართლებს და უსახლკაროც ბევრია. მაგრამ, არის მეორე, სამუდამო „ბინა“ ანუ განსასვენებელი, რომელიც ამქვეყნიურისგან განსხვავებით, იმქვეყნად ყველას შეხვდება: სასაფლაო, სადაც გარდაცვლილთა და ცოცხალთა სამყარო ერთმანეთს ხვდება – იდუმალი და შეუცნობელი არეალი, სამყაროთა ზღვარი, რომლის შიშიც და რიდიც აქვს თითოეულ მოკვდავს. ამიტომაცაა, ალბათ, კაცობრიობის მეხსიერებას ხალხური გადმოცემების სახით ამდენი წესი, ადათი თუ რიტუალი რომ დაუგროვებია. მათი უმრავლესობა მკაცრი გაფრთხილებაა იმისა, რომ სასაფლაოსადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას, გარკვეული წესების დაუცველობას, შეიძლება, ცოცახლთათვის გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. მსგავსი რამ რომ არ დაგვემართოს, საჭიროა, ვიცოდეთ: როგორ მოვიქცეთ, რა წესები და რიტუალები დავიცვათ, რაშიც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი ბატონი ოთარი გაგვარკვევს.
– ამბობენ, სასაფლაოსთან დაკავშირებული ქცევის წესები უბრალო და შეიძლება ითქვას, ბანალურიცაა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თავიდან აიცილოს უსიამოვნებებიო...
– გარდაცვლილთა მაგია ძალიან ძლიერია და ეს იცის ყველამ, მაგრამ სათანადოდ ვერ აღიქვამენ. ამიტომ, დავიწყოთ იმით, რომ უპირველესია თავშეკავება: გარდაცვლილი განსხვავებულად აღიქვამს ემოციებს. ამიტომ, ეცადეთ, თავი შეიკავოთ. როგორც სიცილი არაა მიღებული საფლავზე, ასევე არ არის საჭირო ზედმეტი მოთქმა-ვაება და წივილ-კივილი. არადა, ზოგი ყოველდღე დადის საფლავზე, ტირის და ძირითადად, ამბობს შემდეგ ფრაზებს: „ვის დაუტოვე ჩემი თავი?!“ „როგორ ვიცხოვროთ შენ გარეშე?!“ „რატომ წახვედი ასე ადრე?“ და სხვა. ასეთ საქციელს შეუძლია, არა მარტო მისი ენერგეტიკული გარსი მიაჯაჭვოს ამქვეყანას, არამედ სულსაც შეუშალოს ხელი, გაიაროს თავისი გზა. თქვენი ცრემლებით მას ვერაფერს უშველით, იმქვეყნიდან ვეღარ დააბრუნებთ. საკუთარ ცხოვრებას კი ავნებთ. ემოციური სტრესი კონტროლის მექანიზმს ასუსტებს და შეიძლება, ადვილად მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ.
– ხშირად საფლავზე სასმელ-საჭმელი მიაქვთ და როგორც ამბობენ ხოლმე, შესანდობას სვამენ. რამდენად მიზანშეწონილია ეს?
– დიდი რისკია, რომ ალკოჰოლით დაბინდული გონებაზე საფლავიდან გადმოსულმა ნეგატივმა ადვილად იმოქმედოს და ნეკროზულ არსებათა სულში ჩასახლებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, არც თქვენ დალიოთ სასაფლაოზე და არც სხვას მისცეთ ამის უფლება. სახლში დალიეთ და არა სასაფლაოზე. თუმცა, სასმელი შეიძლება, მიართვათ გარდაცვლილს და იქ დატოვოთ.
– რაც შეეხება საფლავის მოვლისთვის საჭირო ნივთებს?
– ნივთებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სასაფლაოდან რაიმეს წამოღება. ყველა ნივთი, რასაც სასაფლაოს მოსავლელად იყენებთ: ცოცხი, ფოცხი, ბარი და სხვა, მოიხმარეთ მხოლოდ იქ და სახლში არ წამოიღოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ჩვრებთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ამ მიზნით ოჯახის წევრთა ძველი წინდის, მაისურის, კაბისა თუ შარვლის გამოყენება, თორემ ეს ავადმყოფასა და უბედურებას გამოიწვევს. არც განზრახ გაუკეთოთ ეს სხვას, თორემ თქვენთვისვე იქნება ცუდი. უმჯობესია, ეს ნივთები იქვე, სასაფლაოზე შეინახოთ ან იქ მომუშავეებისგან იქირაოთ. თუ საფლავზე ბალახის მოთიბვა გინდათ, ჯერ მიცვალებულს აუხსენით, რომ იქაურობის დალაგება გსურთ. პატივი ეცით მას, თორემ უბედურებას იწვნევთ. მიცვალებულს არ უყვარს, როცა მის სამფლობელოში იჭრებიან და თავიანთ ჭკუაზე ცვლიან იქ რამეს. იგივე ეხება ძეგლსა თუ საფლავის ქვასაც. თუ საფლავზე დაგივარდათ: სიგარეტის კოლოფი, მობილური, სახლის ან მანქანის გასაღები, ეს ნივთები უკვე სასაფლაოს კუთვნილებაა. სიგარეტი, უმჯობესია, აღარ აიღოთ. სხვათა შორის, მიცვალებულებს მოსწონთ თაბაქოს მიღება. მაგრამ, როცა ნივთი გაცილებით ღირებულია, მაგალითად, მანქანის გასაღები, მაშინ მის ნაცვლად, სხვა რამ დატოვეთ, თუნდაც, ერთი კანფეტი. ასევე, თუ გატეხილი ლარნაკი გინდათ, გადააგდოთ, მის მაგივრად, აუცილებლად სხვა დადგით. მაგრამ, სახლიდან არ მოიტანოთ, ახალი იყიდეთ. სახლიდან შეგიძლიათ, წაიღოთ, მაგალითად, ჭიქა, თუ ის მიცვალებულის იყო, ანდა, ნებისმიერი სხვა, მისთვის საყვარელი ნივთი.
– როგორ უნდა ჩავიცვათ სასაფლაოზე, დაკრძალვის დროს?
– დაკრძალვის ერთგვარი „დრესკოდია“: ტრადიციული სამოსი – შავი ან თეთრი ფერის. მიუღებელია მკვეთრი, ჭყეტელა ტანსაცმელი. სასაფლაო ხომ ის ადგილი არაა, სადაც ხალხი ისე, სასხვათაშორისოდ მიდის. დაკრძალვისთვის უნდა მოემზადოთ. თუ შავი ტანსაცმელი არ გაქვთ, რუხ ტონებში მაინც შეარჩიეთ. ზაფხულის ცხელი დღეც რომ იყოს, სამოსი მკლავს და დეკოლტეს უნდა ფარავდეს. შესაბამისად, ქვედაბოლოც გრძელი უნდა იყოს ქალისთვის და მამაკაცს თავისთავად შარვალი უფარავდეს ფეხებს. ფეხსაცმელი აუცილებლად დახურული უნდა იყოს. წესია ასეთი, რომ სასაფლაოს მტვერი თქვენს სხეულს არ დაედოს. ვინც ამ ყველაფრის შესახებ არ იცის, ეწყებათ ფეხების ტკივილი, უჩნდებათ იარები. ამიტომ, გაფრთხილდით თქვენც და გააფრთხილეთ ახლობლებიც. თუ გრძელი თმა გაქვთ, იზრუნეთ დაიფაროთ, რადგან შემთხვევით, საფლავზე დავარდნილ თმას შეიძლება, ავადმყოფობა მოჰყვეს. ამიტომ, საფლავთან თმის დავარცხნა და შესწორება კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, არ შეიძლება, გადაფურთხება, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორც არ უნდა გიჭირდეთ.
– რატომ არ შეიძლება ორსულის სასაფლაოზე წასვლა?
– ხალხური გადმოცემების მიხედვით, ბავშვს, რომელიც ჯერ ისევ დედის მუცელშია, არ ჰყავს მფარველი ანგელოზი. ამიტომ, ჯერდაუბადებელი ჩვილი დაუცველია ბნელი ძალების წინაშე. ბავშვი დედის მუცელში გარე სამყაროდან ისრუტავს ყველაფერს. მაგალითად, როცა კვერცხზე აკეთებენ ჯადოს, იმდენად ემორჩილება ის ავ ძალას, რომ მაშინვე, არა მხოლოდ ლაყდება, არამედ იშრიტება კიდეც. ასევეა მუცელში ნაყოფიც, ყველა ნეგატივს, შეუძლია, მას ავნოს.
– მართალია, რომ გარდაცვლილი საფლავზე, რაღაც მინიშნების საშუალებით, ახლობლებთან დაკავშირებას ახერხებს?
– თუ საფლავის ქვა ან ძეგლი დაიბრიცა, ჩამოვარდა, წარწერა წაიშალა, ეს ნიშნავს, რომ მიცვალებულის სულს რაღაც მიზეზი სააქაოს აკავებს და ცდილობს, გაარკვიოს, რაშია საქმე. მსგავსი საშუალებებით დაუკავშირდეს ცოცხალ ახლობლებს, რომ გზასაცდენილი სწორ გზაზე დააბრუნოს. ასევე, არის სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსებიც. მაგალითად, არ ღირს, უცხო საფლავზე ილაპარაკოთ თქვენი წარმატებების შესახებ, რადგან ყველაფერი იქვე დარჩება. თუმცა, არც ისეთ წუწუნს მოჰყვეთ, რომ წასული ადამიანის სიბრალული გამოიწვიოთ, თორემ დიდია შანსი, თავისთან წაგიყვანოთ. გულახდილობა მხოლოდ ისეთი ახლობლის წინაშეა რეკომენდებული, რომელსაც სიცოცხლეში ძალიან აფასებდით და ენდობოდით. ბოლოს კი, უფულოდ რომ არ დარჩეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაითვალოთ ის სასაფლაოზე, თორემ მთელ ცხოვრებას სიღატაკეში გაატარებთ. თუ მაინც ამოიღეთ ჯიბიდან ფული, აუცილებლად ახლობლის საფლავზე დატოვეთ, როგორც ერთგვარი გამოსასყიდი, სიღარიბისა და ურდოოდ სიკვდილისაგან თავდასახსნელად. ამ წესებიდან ერთ-ერთის დაარღვის შემთხვევაშიც კი, გირჩევთ, განწმენდის რიტუალი ჩაიტაროთ, რომ უსიამოვნება თავიდან აიცილოთ.