№10 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-9(896)
ისტორია ოცდამეთოთხმეტე
ცოლისა და საყვარლის დიალოგი
- ჩინური ჩაის გაყვავილება
(მოქმედი პირები: თეო და ლანა)
– შემომიშვი, რაკი ასეთი გაბედული ხარ, მით უმეტეს - არ მითხრა, რომ ვერ მცნობ, – ლანამ თეოს გვერდი აუარა და ოთახში შეაბიჯა: ჰო, მყუდრო ბინაა, საკმაოდ მყუდრო.
თეო ისევ კართან იდგა. ცოტა შეცბუნებული მოულოდნელი სტუმრის გამოჩენით, მაგრამ მოულოდნელად მშვიდიც. იყო დრო, ეგონა, ლანას ხმის გაგონებაც საკმარისი იქნებოდა, გული გაჩერებოდა. ახლა კი... ახლა უემოციოდ, ნუ, თითქმის უემოციოდ იდგა და ზურას ცოლს ათვალიერებდა. არ იყო ცუდი სანახავი ნამდვილად. თმა ახალი შეღებილი და საგულდაგულოდ დაყენებული ჰქონდა, ოდნავ მომრგვალებული სხეული კი – ატმისფერ, თექის ხელით ნაქსოვ მოსასხამში გახვეული. მოსასხამი იმდენად ძვირფასი და უზადო ნამუშევარი იყო, თეოს წუთით თვალიც წარტაცა. ოდნავ ქუსლიანი ხორცისფერი შიბლეტები ეცვა და ხელში, რა თქმა უნდა, შანელის ხორცისფერი ციცქნა ჩანთა ეჭირა. კარგია, ერთი ტონით განსხვავდება, – თეომ ავტომატურად შეაფასა ლანას „აღჭურვილობა“ და თითქოს მოუწონაო, ისე გაუღიმა. ეს ღიმილი აშკარად სამოსს ეკუთვნოდა და არა თვითონ ზურას ცოლს. ზურას ცოლი! თეო თითქოს ახლა გამოერკვა, რომ აქ მოდების ჩვენებაზე როდი იმყოფება ეს ქალი – ის სახლში დაადგა და ამდენი წლის მტრობა და საზიარო სიყვარული ერთბაშად გასკდა, ვერსად დაიმალება.
– ასე ხომ არ ვიდგებით. იქნებ ჩაი შემომთავაზო. ხომ არ გწყინს, შენობით რომ მოგმართავ? მაინც არ ვართ შორებლები... – ლანას ხმა აუკანკალდა. ცდილობდა, თამამი, ირონიული და დაუნდობელი ყოფილიყო. მაგრამ დაიღალა, ძალიან მოუნდა დაჯდომა და წყალი. ყელი გაუშრა, სადაცაა ცრემლიც წასკდება. ღმერთო! სადამდე დაეცა, სადამდე მიიყვანეს! ქმრის საყვარლის სახლში დგას შუა დერეფანში და ჩაის ითხოვს. და ეს გოგო როგორი უტიფარია! ხმას არ იღებს და არც ტოკდება, ვითომც არაფერი! მათვალიერებს...
– ჰო, ჩაი მეც უნდა დამელია... მწვანე მაქვს, თუ კარკადე გირჩევნია? – თეოც შენობითზე გადავიდა, თუმცა კი სასტიკად ეძნელებოდა უცხო ადამიანისთვის ასე მიმართვა. მაგრამ ახლა „თქვენობა“ კომიკური იქნებოდა...
– არ აქვს მნიშვნელობა, – ლანას ხმა უცბად დარბილდა და გაიბზარა, მე აქ ჩაის ასარჩევად არ ვარ... მე აქ იმიტომ მოვედი, რომ შენ, რომ ჩვენ... ეს უნდა დასრულდეს! ამას ბოლო უნდა მოეღოს, ასე ვერ გაგრძელდება. ხომ ხვდები, რომ არ გაქვს უფლება... და ასე არ შეიძლება... – ლანა სკამთან იდგა და საზურგეს ხელებჩაფრენილი აწვალებდა. თეო ჩაიდნით ხელში თვალებში მიშტერებოდა ზურას ცოლს და ვერასგზით გარკვეულიყო, რა ხდებოდა: ეს სასაცილო სცენა ესიზმრებოდა, თუ მართლაც მის სამზარეულოში ურჩევდა საქმეს ლანა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეპასუხა, რა უნდოდა, უკვე ესეც კი არ იცოდა თეომ. ნეტა, მაინცადამაინც, ახლა რატომ მომაკითხა? სად იყო ამდენ წელს?
და რატომ ახლა? რა რატომ? ახლა რატომ უნდა დამთავრდეს?! დამცინის?!
– არა, ახლა რატომ მოხვედი, – თეომ, როგორც იქნა, ჩაი დაასხა და დაჯდა. ლანა ისევ ფეხზე იდგა. ხელები უკანკალებდა და ზედა ტუჩი საბრალოდ უთრთოდა. სადაცაა აბღავლდება, – გაიფიქრა თეომ და ამან, რატომღაც, სრულად აუწეწა ნერვები. ეს ქალი ბედავს და ჩემთან ისე მოდის, ვითომ მე ვიღაც შალავა ვარ?! აი, როგორც მისი რძალია. ახია ჩემზე, ამდენი წელი რომ ქმარი შევუნარჩუნე... მაინც რა თავხედი ყოფილა! არადა, ზურას რომ ჰკითხო, ბუზს არ ააფრენს!
– რა დაგრჩა ჩემთან? ზურა? ზურას მე ვუყვარვარ და შენ ეს იცი. საქმე მასთან არკვიე, მე სახლში არ გივარდებით და არც წილში გიზივარ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ის შენ არ გეხება.
– შენი ცხოვრება! რომელი, ნეტა? ჩემს ქმართან რომ კოცნაობ მანქანაში? ეგ არის შენი ცხოვრება, თუ ჩუმჩუმად რომ მპარავ ჩემი შვილების მამის სიყვარულს... უსირცხვილო ხარ, შენ უსირცხვილო ქალი ხარ და მე შენ ზურას არ დაგითმობ... გამორიცხულია! მე... ჩვენ... იმდენი წელია... ჩვენ შვილები... და შენ ვინ ხარ. რატომ?! რა გინდა? ფული? მე ვეტყვი ზურას და... აბა, რა გინდა? ზურას ვერ მოგცემ, არასოდეს, გესმის?! შენ ზურას მე ვერ წამართმევ. მე უბრალოდ მოგკლავ! ჰო, მოგკლავ და მერე ციხეში წავალ!.. – ლანა უკვე ისტერიკაში იყო და ხმამაღლა ტიროდა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ატმის მოსასხამს ნამივით ედებოდა...
– როგორც გაზაფხულზე ატმის ყვავილები... – თეოს თავში საიდანღაც ფრაზა ამოუტივტივდა... ისეთი სიმშვიდე დაეუფლა, რომ გაოცებული აკვირდებოდა საკუთარ თავს.
– ჩაი გაგიცივდება და თვალები დაგიწითლდა უკვე... მე არავის გართმევ... ლანა, ზურა დიდი ბიჭია და თვითონ გადაწყვეტს, ვინ უნდა. მე რომ წართმევა მდომებოდა, აქამდეც გავაკეთებდი... იცი, მე მგონი... მე აღარ მინდა შენი ქმარი. აი, გაჩუქებ და წაიყვანე. მაგრამ ეჭვი მაქვს, არ წამოგყვება. და, იცი, რატომ? ზურას ახლა ეს აეკვიატა: მე ვუყვარვარ, თურმე და მზად არის, ჩემთან იყოს. ჰო, რატომ მიყურებ ასეთი განცვიფრებული. ამას მიმეორებს რამდენიმე დღეა. აღარ მინდა ცოლ-შვილი, ბიზნესი, ფულებიც აღარ მინდაო და შენთან მინდა მხოლოდო, – თეოს შორიდან ჩაესმოდა ეს უცნობი ინტონაცია, ეს ურცხვი სიტყვები, ეს დაუნდობელი ტექსტი და ვერ ჩერდებოდა. თეოს სძულდა საკუთარი თავი, მაგრამ ეს ქალიც სძულდა. ქალი, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა, რომელიც ყოველთვის მართალი იყო მასთან. ქალი, რომელსაც ახლაც ჰქონდა უფლება, თმით ეთრია, სულ ქუჩის ქალი ეძახა და მეზობლები შეეყარა ან, სულაც, სამსახურში მივარდნოდა და საკუთარი ძმის ოფისიდან გაეპანღურებინა. ის კი ზის თეოს სამზარეულოში და ბეღურასავით მობუზული სლუკუნებს! თეოს სირცხვილისა და სიმწრისაგან თითები დაეკრუნჩხა და გაულურჯდა. ასე ემართება, როცა გულზე უჭერს დარდი ან ზედმეტად ნერვიულობს. თითებს ვეღარ იმორჩილებდა, არადა სიგიჟემდე უნდოდა სიგარეტის მოწევა. უნდოდა, რამე ეთხლიშა და დაემსხვრია და საერთოდ, ეს ქალი ასეთი საცოდავი, დაუცველი, მობუზული და ბეღურასავით გაწუწული არ ყოფილიყო. თეოს ერჩივნა, პირისპირ დასდგომოდა ავი და კაპასი ცოლი, რომელსაც ეცოდინებოდა, რასაც უპასუხებდა, თავს დაიცავდა, დასცინებდა, ატკენდა. სამაგიეროს დაუბრუნებდა და იმ წლების სანაცვლოდ, ჯავრს იყრიდა, რაც მასზე ფიქრსა და ეჭვებში გაატარებინა. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ლანა ისეთი მრგვალი, ფაფუკი და ბავშვივით სუფთა, თუ ბოთეა... თეო ვერ არქმევდა ზუსტად სახელს ამ განცდას, მაგრამ ფაქტია, ებრალებოდა, ლამისაა თავზე ხელი გადაესვა და მიფერებოდა. აი, ესღა აკლია. ბრაზილიურ სერიალშიც არ ხდება, რომ საყვარელს ცოლი შეებრალოს. არა, თეოს ლანა არ ებრალებოდა! თეო ბრაზობდა, რომ მასში მოწინააღმდეგეს ვერ ხედავდა. არ შეეძლო მისთვის ტკივილის მიყენება და საერთოდაც, აზრს ვერ ხედავდა ლანასთან პაექრობაში. და ეს იყო კატასტროფა. თეო გუმანით ხვდებოდა, რომ წააგო. რომ ასეთ ქალს ვერაფერს დაუპირისპირებდა, რომ მასთან სულ დამნაშავე იქნებოდა. თეო იმასაც ხვდებოდა, რატომ ვერ ტოვებდა ზურა ცოლს, რა აკავებდა მაშინ, როცა თეოზე სული და არა მხოლოდ სული, ელეოდა...
თეომ, როგორც იქნა, თითები გახსნა, მოიფშვნიტა, ჩინური ჩაიდანი გამწარებულმა მოიქნია და კედელს მიანარცხა, კერამიკა ბზრიალით დაიფშხვნა და ცხელ წყალში გადაშლილი ყვავილის კოკრები კედელსა და იატაკზე მიმოიფანტა... რამდენიმე ცალი ლანას თექის მოსასხამზეც მოკალათდა... ლანა შეკრთა. ცრემლი გაუშრა. სახე დაუგრძელდა. თვალებში სიცივე და სიავე ჩაუდგა. უხმოდ წამოდგა. ისევ საზურგეს დააფრინდა.
– მე გითხარი ჩემი სათქმელი. ზურა ჩემი ქმარია და ჩემი შვილების მამაა. მე მას არ დაგითმობ. არც იოცნებო. გზიდან დამეხსენი, ჯობია... – მერე გატრიალდა და კაკუნით მიადგა დახურულ კარს. რა თქმა უნდა, ვერ გახსნის, გაიფიქრა თეომ და არაჯანსაღი ინტერესით შეათვალიერა ლანას მხარზე გადაშლილი ჩაის ყვავილები. თეოს სიცილი მოუნდა – ლანას ატმის ველმა ჩინური ვარდები მოისხა... ცოტაც და ახარხარდებოდა. ამასობაში ლანამ კარი გამოაღო და ისეთი ხმაურით გაიხურა, რომ ახლა უკვე თეო შეხტა. მერე კარს მიაშტერდა და ახარხარდა...
იცინოდა თეო და თან ცრემლებს ყრიდა. სიცილის ცრემლი მალე მწარე და მდუღარე ცრემლების ნიაღვრად გადაიქცა. სიცილი ბღავილში გადაიზარდა და სამზარეულოს იატაკზე გაშლილი ჩინური, მაღალმთიანი ზონის ეგზოტიკური და ძვირად ღირებული ყვავილების ჩაის კოკრები უკვე თეოს თვალებიდან გადმონთხეული სიმწრის სისველეშიც დაფარფატებდნენ...
დაძმობა
(მოქმედი პირები: ლანა, ლაშა და ეკა)
მისაღებში დამძინებოდა: იმ საშინელ ქალთან არ იყო, ეს საკუთარი თვალებით ვნახე, მაგრამ სახლშიც რომ არ გამოჩენილა?! არც დაურეკავს. რაღაც ვერ არის ისე; რა სისულელეებს ვამბობ?! რატომ ვერ არის ისე ვითომ? ადამიანი წავიდა მივლინებაში. ასე რომ არ იყოს, ჩემი ძმა ხომ მეტყოდა?! ისე, რა გამწარებული დარბოდა ის ქუჩის ქალი ოთახებში და ლაშას ეძებდა?! ბავშვებიც კი გააღვიძა, დაიხოცნენ სიცილით. და როგორ შურდულივით გავარდა?! უკანმოუხედავად?! ისინი რას შვრებიან, ნეტავ, ქვემოთ?! ლაშა კი ადრე იღვიძებს, მაგრამ ეკაა ძილისგუდა. ბავშვებს შევაღვიძებ და წავალთ სკოლაში. გზიდან დავურეკავ ლაშას. მორიდებულად იქნება, მაინც უცხო სახლშია და ეკაც არაა ტკბილი და რბილი ადამიანი.
– ბავშვებო, ავდექით! დაგვაგვიანდება.
***
გაკვეთილები დამიმთავრდა თუ არა, მაშინვე სახლისკენ გამოვქანდი. ლაშას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ეკასაც, სახლის ტელეფონზეც არავინ იღებდა ყურმილს. გული მიშფოთავდა. ამიტომ ბავშვებს ვუთხარი, რომ მძღოლს დალოდებოდნენ, კიდევ ორი გაკვეთილი ჰქონდათ და მე ტაქსით წამოვედი სახლში. სამივე ნომერზე ვრეკავდი – მაგრამ უშედეგოდ.
იმ კუდიანმა ქუჩის ქალმა გაიგო ყველაფერი ნამდვილად. მიუვარდა და ვაიმე, ხომ არ დახოცა ორივე?! გული ხელით მეჭირა. ლიფტსაც ვერ დაველოდე. ავასკდი კიბეებს და ზარიც არ გამხსენებია, ეკას კარზე ისეთი ბრახუნი ავტეხე, მეზობლებმაც კი გამოიხედეს.
მართალია, მეზობლებმა გამოიხედეს, მაგრამ, აი, ეკას სახლიდან არ ისმოდა ჩამიჩუმი. ყური კარს მივადე და გავირინდე: არა, ნამდვილად ორივე მკვდარია! ღმერთო, შენ მიშველე. საცაა ცრემლები წამსკდებოდა, ყურები მიწიოდა, გული ყელში მირტყამდა და ის-ის იყო, თვალებში უნდა დამბნელებოდა, რომ ეკას კარიც გაიღო: მეძინა და ვერ გავიგე.
დაუპატიჟებლად შევვარდი მისაღებში: ყველაფერი ისე იყო, როგორც წუხელ: დივანზე ლოგინიც კი არ გაეშალათ.
– მოაგნო, ხომ, იმ ქუჩის ქალმა და წაიყვანა?! დავიღუპე, ხომ, ეკა?! – და ჩავიკეცე.
– არა, ლანა, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა, ლაშა კარგადაა, არსად წასულა. აქ ეძინა. არავინ მოსულა საერთოდ. ხომ იცი, მკვდარივით მძინავს და ვერ გავიგონე ზარის ხმა, – ეკამ წამომაყენა და წყალი მომიტანა.
სული, როგორც იქნა, მოვითქვი და გულიც საგულეს ჩამიდგა: უკვე წავიდა? მაგრამ ტელეფონი რატომ აქვს გამორთული? უი, სულ გამოვშტერდი! გამორთული აქვს, აბა, მაშინ ის ქუჩის ქალიც ხომ დაურეკავდა?! მოიცა, სხვა ნომერი არ აქვს ახლა, წუხელ საიდანაც დამირეკა, სანამ მოვიდოდა?! ის აქვს გამორთული.
– ეკა, სიმართლე მითხარი! ნუ მიმალავ! – ისევ შემომიტია პანიკამ.
და ახლაღა შევამჩნიე, რომ ეკა დაბნეული იყურებოდა. უცნაურად გამოიყურებოდა: ახალგაღვიძებული კი არა, თითქოს ახლად აფეთქებული იყო, აი, გაზაფხულზე რომ ყვავილობს ატმის ხე, ისეთი. თვალებში სხივი ედგა, მაგრამ იქ სხივჩაფენილ თვალებს არ მისწორებდა.
– გააგდე, ხო, წუხელ სახლიდან? რამე გაკადრა? – გული ისევ გადამიქანდა. ჩემი ძმა კარგი ადამიანია, მაგრამ მაინც ქართველი კაცია, იქნებ ეკას თამამმა სიტყვა-პასუხმა რამე გააბედინა?!
უცებ ყურს მოხვდა წყლის ჩხრიალის ხმა და, როგორც იქნა, მივხვდი: აბაზანაშია! მე კი რა არ ვიფიქრე!
ეკა მიხვდა, რაც გავიფიქრე და გამიღიმა: არ მაცადე სიტყვის ჩაგდება და.
ისევ დივანს შევხედე: ღამით არ უძინია, არა, საერთოდ? ან რა დააძინებდა?!
– ჰო, სავარძელში გაათენა, დამჯდარმა, ფიქრობდა და აღარ დავაძალე, – მითხრა ეკამ.
უცებ აბაზანის კარი გაიღო: აი, ამ წამს თუ აქ არ მოხვალ, მკიდია შენი მეზობლები, იცოდე, გამოვალ, აი, სადაც დაგიჭერ, იქ (მომდევნო სიტყვა ვერ გავარჩიე კარგად) და პირზე ხელს აღარ დაგაფარებ, ყველამ გაიგოს…
ეკამ სახეზე აიფარა ორივე ხელი და გაშეშდა. აშკარად ლაშას ხმა იყო: რა გჭირს? ხმას რატომ არ მცემ? კარგად ხარ? – და ოთახში ჩემი თითქმის შიშველი ძმა შემოვიდა!
ისე დავიბენი, ენა ჩამივარდა და წამოვხტი. ლაშა სასწრაფოდ შებრუნდა აბაზანაში და პირსახოცი შემოიხვია: ლანა, დაჯექი, ყველაფერი კარგადაა და ეკას მიუბრუნდა: შენ კიდევ ჩამოიღე ეგ ხელები სახიდან! არაფერი მომხდარა სასირცხვილო!
ეკა დაემორჩილა, მაგრამ სახეზე ისეთი წითელი იყო, ალმური ასდიოდა.
– ძალიან მომწონს ეს შენი მეზობელი, ლანა. მომკალი და ძალიან მომწონს და იცის, რომ მომწონს. როგორც კი შენ წახვედი წუხელ, მეცა და აი, შენც ხედავ, რა დღეში ჩამაგდო. შემაცდინა. რა ნამუსით დავბრუნდე სახლში?! უთხარი, რომ დამიტოვოს, თორემ მამა სახლიდან გამომაგდებს და ქუჩაში დავრჩები! – ლაშა ისეთი ტრაგიკული ხმით ამბობდა ამას და დამაჯერებლად, ცოტაც და ეკაზე გავბრაზდებოდი. მრისხანედ შევხედე მასპინძელს.
– ლანა, ვხუმრობ, ლანა! დამპირდა, რომ ქმრად შემირთავს, – ლაშა ახარხარდა.
ისე მომეშვა გულზე, ჩემი ძმა რომ საღსალამათი დავინახე, მეც სიცილი ამიტყდა. მხოლოდ ეკა იდგა გაუნძრევლად. ლაშა მივიდა და მიეფერა: ეს ჩემი დაა, უცხო კი არა. ნუ იძაბები. ლანა ყველაზე კეთილი ადამიანია სამყაროში და მე მომიბრუნდა: გახსოვს, ბავშვობაში რომ გეუბნებოდი, ქალი მესიზმრება-მეთქი და გულაჩქარებულს მეღვიძებოდა. იმ ქალს ჰგავს, იცი?! მაშინ იმიტომ გამოვყევი, კარგად მინდოდა, შემეთვალიერებინა. კი, ის ქალია, ოღონდ ის ჩემს სიზმარში სულ იღიმებოდა ხოლმე. ლაშამ ეკას გაუღიმა და ეკამაც ღიმილიანი ხურდა დაუბრუნა. ისე უყურებდნენ ერთმანეთს, მათთვის ხელის შეშლას ღმერთი არ მაპატიებდა.
– მე წავალ და საჭმელს ჩამოგიტანთ, – წამოვდექი.
– არა, დარჩი. მოსაფიქრებელი გვაქვს, რას ვაკეთებთ, – გამაჩერა ლაშამ.
– დედაჩემი ჩამოვა ორ დღეში, სულ მცირე, – გამახსენა ეკამ.
– რა ვქნათ? – შევფიქრიანდი მეც.
– ბინას ვიქირავებ სადმე, არ მგონია, მთლად ეზოში იდგეს. ლაშას ჩემს მანქანაში დავმალავ და იმ ბინაში მივიყვან. მერე თქვენ იცით… – თქვა ეკამ.
– მე მანდ ვერ მოვალ, გამომყვება ეგ, მაგის სახელის ხსენებაც არ მინდა. შენ გაგატან ხოლმე ყველაფერს და ხომ მიუტან, ეკა? – თითქმის შევევედრე, – ხომ დაგვეხმარები?!
ეკამ თავი დამიქნია: თქვენ სალაპარაკო გექნებათ. მე ცოტა ხნით გასასვლელი ვარ და მალე მოვალ. ისე უცებ გასხლტა სახლიდან, თვალიც ვერ მივადევნე.
ეკამ კარი მიიხურა თუ არა, ჩემს ძმას ვეცი: რას აკეთებ?! ამ გოგოსთან ვმეგობრობ, მის ოჯახთანაც. ისეთი კარგი ძმა ჰყავდა, აფხაზეთის ომში დაეღუპა. ენა აქვს მწარე და ცოტა უხეშია, მაგრამ ოქროს გული აქვს. ქალი დაილია, მაინცდამაინც, ჩემს მეზობელს რომ არ დაეტაკო?! დაანებე თავი, მე შენ გეუბნები!
– არავის არ დავტაკებივარ და არავისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ, ჩვენ გავარკვევთ…
ლაშას არ ვაცალე სიტყვის დამთავრება: რა ჩვენ, რის ჩვენ, როდიდან ჩვენ?! არანაირი ჩვენ! ეს ქუჩის ქალი ვერ მოგიშორებია თავიდან და ახალ შარში ეხვევი?! – ენაზე კი ვიკბინე, მაგრამ რაღა დროს.
– რას გულისხმობ? მიდი, მოყევი, დროზე, ნათლად და მოკლედ!
ლაშას მე ვეღარ გამოვეხსნებოდი, ამიტომ ნამუსზე ხელი ავიღე და ეკას დედის მიერ ეკაზე გამჟღავნებული საიდუმლო ლაშასთან დავფქვი: მოკლედ, ის კაცი არც ეშვება, არც არ ეშვება, სულ დასტრიალებს, საჩუქრებს უგზავნის, თავს ევლება, ამას დიდად არ აინტერესებს. საერთოდაც, არ მეგონა, თუ ვინმე დააინტერესებდა. გულგრილია მამაკაცების მიმართ, ზოგადად. მხოლოდ დასცინის.
– და ვინაა ის კაცი? – ლაშა ყურადღებით მისმენდა.
– არ ვიცი, დედამისს ვინაობა არ უთქვამს, მაგრამ ხელისუფლებაშია, მგონი და ამ ჩვენს ეკაზე ძალიან აქვს გული შევარდნილი. ხომ იცი, თქვენ გიყვართ უხეში და თავნება ქალები, რომლებიც ყურადღებას არ გაქცევენ… – ისევ ვიკბინე ენაზე, ამ ჩემი ძმის სახეს რომ შევხედე.
– დიდი ხანია?
– საკმაოდ, ზუსტად არ ვიცი… მგონი, ბავშვობიდან იცნობს თუ რაღაც ასეთი... მოკლედ, თავი შარში არ გაყო. გთხოვ. ის კაცი არ მომწონს, რამეს დაგიშავებს.
– კაი და, მამაკაცები რატომ არ აინტერესებს?
– არ ვიცი, შეყვარებული ჰყავდა თუ იმ ბიჭს უყვარდა, ზუსტად არ ვიცი. 16 წლის იყო თუ რაღაც ამდენის, ის ბიჭი 18 თუ 19-ს, სადღაც წავიდა, ამას არ უნდოდა, რომ წასულიყო. ის მაინც წავიდა და ურეკავდა, თურმე და ეს ტელეფონთან არ მიდიოდა გაბრაზებული. მერე ის ბიჭი დაიკარგა. ცხედარსაც ვერ მიაგნეს. საწყალი. და ეს თავს იდანაშაულებს მას მერე, რომ მეპასუხა, იქნებ ცოცხალი გადარჩენილიყოო. ამის მერე ასეთი გახდა, ვერ გაუგებ.
ლაშა ყურადღებით მისმენდა: გეხვეწები, ძამიკო, არაფერი უთხრა. გადაირევა, რომ გაიგოს, მოგიყევი. ისიც კი არ იცის, რომ მე ვიცი ეს ამბები. დედამისმა მიამბო. ერთხელ ნამტირალევს შემოვუსწარი და გულიც გადამიშალა. არ უნდა მეთქვა. არა… სირცხვილია.
– რა უნდა ვუთხრა, ჭორიკანა ხომ არ ვარ?! კაი, ახლა ჩვენი ამბავი მოვაგვაროთ: მე არ მინდა გამოჩენა, სანამ ბოლომდე არ გავარკვევ, რას ჩალიჩობს ის, ნუ, ვინცაა. მერე ვიცი, რასაც ვიზამ.
– ეკამ სწორად თქვა, ბინა იქირაოს და იქ იყავი ცოტა ხანს. მე გამოვატან ეკას ყველაფერს და მოგიტანს ხოლმე. მოიცა და, მოგიტანს? აქვს ამის დრო ან?..
– მომიტანს და ამის დროც აქვს! თუმცა კი მოვუვლი, მგონია, თავს... – გამიღიმა ლაშამ.
– არა, არა, იმ კაცმა არ გაიგოს და რამე შარი არ აგკიდოს. ვინმეს მოვნახავთ, სხვას.
– არავის არ მოვნახავთ, მოვნახე უკვე. რა მინდოდა, მეთქვა: ზურა ცოტა ხნით არ იქნება და შენ ხომ მოახერხებ მარტო? მარტო რა, მეც აქ ვარ. შალვას მოგამაგრებ და ყველაფერს ის გაგიკეთებს. დედას ხომ არ ვუთხრათ, რომ ცოტა ხნით შენთან გადმოვიდეს?
ზურას და დედაჩემის ერთ კონტექსტში ხსენება, რატომღაც, არ მესიამოვნა: როდის ჩამოვა ზურა?
– არ ვიცი, ცოტა დრო სჭირდება და მიეცი, კაი, ჩემი ხათრით? – ლაშამ რაღაც იცოდა და არ მეუბნებოდა, მაგრამ ახლა ზურაზე ფიქრი არ შემეძლო, ჩემი ძმის სიცოცხლე იყო საფრთხეში.
ამასობაში კარის საკეტმაც გაიჩხაკუნა, ეკა იყო: ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
– არა, რას ამბობ, შენი სახლია, დაგავიწყდა? – გავუღიმე. მისი ის ისტორია არც მე მახსოვდა და ამიტომ სულ დამავიწყდა, რომ სავსებით ჩვეულებრივი ქალი იყო. გული მასაც ჰქონდა, რომლის ტკენაც, მათ შორის, ჩემს საყვარელ ძმასაც ძალიან იოლად შეეძლო.
– ლანა, შენ წადი უკვე, ბავშვებსაც არ უთხრა, რომ აქ ვარ. დავგეგმავ ყველაფერს და დაგირეკავ, – ლაშას თავი დავუქნიე, ეკა უდროო დროს შემოსწრებული, დაუპატიჟებელი შორეული ნათესავივით იდგა ოთახის კუთხეში, გავუღიმე და გავედი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში