№10 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: როგორ წარიმართება 1977 წლის 8 ივნისს დაბადებული მამაკაცისა და 1975 წლის 10 მაისს დაბადებული ქალის ურთიერთობა. შესაძლებელია თუ არა მათი დაქორწინება და რა უნდა დათმოს თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნან?
პასუხი: წლის მიხედვით, მათ შორის შეთავსება ნამდვილად კარგია. თვის მიხედვით კი, ცოტა რთულადაა საქმე. ივნისში დაბადებულისთვის უკეთესია ურთიერთობა: ვერძის, ტყუპების, მერწყულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებთან. კუროსთან კი, ცოტა მეტი სირთულე ელის. მათ შორის ხასიათში დიდი ანტაგონიზმი ვლინდება. მაგალითად, კურო მძიმედ იტანს ტყუპების სულსწრაფობას. კუროს ტყუპებში იზიდავს მისი გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, მაგრამ, იმავდროულად, უნდა გაითვალისწინოს ორივემ, რომ ოჯახი ცოტა სხვა კრიტერიუმებთან და ფაქტორებთანაა კავშირში. ამიტომ, თუ ერთმანეთს არ დაუთმობენ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ეს ორივე ნიშანი, გარკვეულწილად ჯიუტია. ამიტომ, თუ სერიოზულ კომპრომისზე არ წავიდნენ ერთმანეთთან ურთიერთობისას და ზოგიერთ ნეგატიურ თვისებაზე თვალი არ დახუჭეს, სერიოზული კონფლიქტები ექნებათ. ასე რომ, თვის მიხედვით, ურთიერთობა არასასურველია, წლის მიხედვით კი – კარგი. ხუთბალიანი სისტემით, მათი ურთიერთობა შეიძლება, სამიანზე შევაფასოთ. თუ კომპრომისებზე არ წავლენ, ურთიერთობა არ იქნება სტაბილური. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორივემ.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 15 აგვისტოს, დილის ექვს საათსა და ოც წუთზე. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი? რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება და რა არის მისი კარმული მისია? რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება და რომელ უცხო ქვეყანაში მიაღწევს წარმატებას?
პასუხი: ეს პიროვნება ლომის ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული. დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან შესაძლოა, არტერიულ წნევასთან დაკავშირებით შეუქმნას მას პრობლემები. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას: მეტად უნდა გამოავლინოს ხასიათში დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების შესაძლებლობა. არ იყალთაბანდოს და არ იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მიუდგეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს. არჩევნის უფლება დაუტოვოს სხვებსაც. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და მეტად განაპირობებს მის ცხოვრებისეულ წარმატებებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. უცხოეთი მისი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, შვედეთი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი. პროფესიებიდან კი, მისთვის წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური, აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაცია, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.