№10 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მოგეხსენებათ, მრავალგვარი მკრეხელობით აღბეჭდილი ტანისამოსი გამოდის – მაისურები, ქურთუკები და მისთანანი. არის თუ არა მსგავსი სამოსის ტარება ცოდვა?
პასუხი: გამოსახულებები, რომლებიც ცოდვიან გრძნობებსა და უკეთურ აზრებს იწვევენ, არ უნდა იყოს ქრისტიანის ტანსაცმელზე, რადგან ეს გარშემომყოფებისთვის საცდური და ცოდვაა. ასევე, ცოდვაა ისეთი ტანსაცმლის ტარება, სადაც უფალი და ღვთისმშობელია გამოსახული.
კითხვა: ჩემი წინაპარი ათეისტი იყო და სამწუხაროდ, ეკლესიის ნგრევაში იღებდა მონაწილეობას. თვითონ თავის სიცოცხლეშივე დაისაჯა. ეს მძიმე ცოდვა კი, როგორც ჩანს, შთამომავლებზეც გადადის, რადგან მის შვილებს საშინლად ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდათ. მეც მისი შთამომავალი ვარ და რა შემიძლია გავაკეთო, რომ ამ დიდი ცოდვისგან გავთავისუფლდე?
პასუხი: წინაპართა ცოდვები შთამომავლებზე არ გადადის. მაგრამ ისინი გარკვეული წინარეგანწყობის სახით გადაეცემა, რაც ადამიანის სულიერ ცხოვრებას ამძიმებს. სული, მართალია, აღბეჭდავს წინაპართა სულიერი მდგომარეობის გარკვეულ ნიშნებს, მაგრამ ის უფლის ახალი ქმნილებაა, რომელსაც თავისუფალი ნება გააჩნია. მაცხოვარმა, უპირველესად, ადამიანი გაათავისუფლა ეშმაკის ძალაუფლებისგან, ამიტომ მშობელთა ცოდვის გამო მისაგებელი უნდა მივიღოთ, როგორც მძიმე გამოცდა და უნდა მივიღოთ უფლის ნებისადმი მორჩილებითა და მხნეობით. წინაპართა ცოდვები ვერ წაგვართმევენ ყველაზე მთავარს – ჭეშმარიტ რწმენას.
კითხვა: როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიან, დიდმარხვაში ლორცვაც უნდა გავაძლიეროთ. როგორ მოვიქცეთ, რათა ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინოს?
პასუხი: იმისთვის, რომ უფლისთვის ჩვენი ლოცვა სათნო იყოს, ის სუფთა გულით უნდა წარმოვთქვათ. არ უნდა ილოცოთ იმაზე, რაც შეიძლება, სხვისთვის ვნების მომტანი იყოს. ასევე, არ ილოცოთ იმ მიწიერ სიამეთა მისაღწევად, რასაც ვნებების დასაკმაყოფილებლად ესწრაფვით. რწმენით მიმართეთ უფალს, რათა დაძლიოთ ის ცოდვები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული მიდრეკილება გაქვთ. შესთხოვეთ სულიწმიდას, რათა მოგმადლოთ ლოცვის ნიჭი, წინ აღუდექით აზრების გაფანტვას და აფხიზლეთ გონება.
კითხვა: რატომ არ აქვს ქალს ეკლესიაში ქადაგების უფლება?
პასუხი: ეკლესიაში ქალს ქადაგების უფლება მართლაც არ აქვს. პავლე მოციქულის განმარტებით, ეკლესიაში ქალები არ ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, ქრისტიან ქალს შეუძლია იქადაგოს ეკლესიის მიღმა. ქალს ეკრძალება საკურთხეველში შესვლაც. მხოლოდ არსებობს გამონაკლისი, როდესაც ეკლესია ქალთა მონასტერშია, იმისთვის, რათა მონასტერში არ იყოს გარეშე მამაკაცი, მღვდლის დახმარება საკურთხეველში შეუძლია ხნიერ ქალწულ მონაზონს.
კითხვა: როგორ გავაკეთო სიკეთე, რომ უფლისთვის მოსაწონი იყოს ის?
პასუხი: თუ სიკეთის გაკეთება გინდა და უფლის სადიდებლად აღასრულებ საქმეებს, ეცადე, ყოველივე დაფარულად აღასრულო.