№10 ვისი მოხსენიება არ შეიძლება წირვის დროს საკურთხეველში და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, მიეტევა თუ არა მას ცოდვები
– პირველ ქრისტიანებს, ჩვეულებისამებრ, წმიდა ლიტურგიაზე მიჰქონდათ პური და ღვინო, რაც განკუთვნილი იყო ღვთისმსახურებისთვის. წმიდა საიდუმლოთა შესრულებისთვის საკმარისი გახლდათ ერთი პური და რადგანაც, ყველას სურდა, მათ მიერ შეწირული პური ყოფილიყო არჩეული ტარიგად, ამიტომ, ეკლესიამ დაადგინა: წმიდა შესაწირავისთვის ამოერჩიათ ერთი საუკეთესო პური, ხოლო დანარჩენი პურებისგან ამოეღოთ ნაწილები შემომწირველთა სახელების მოხსენიებით. სეფისკვერი ორნაწილიანი კვერია. სეფისკვერის ორნაწილიანობა სიმბოლურად შეესაბამება მაცხოვრის ორ ბუნებას – ღვთაებრივსა და კაცობრივს. წირვის ჩასატარებლად აუცილებლად მზადდება დიდი ზომის ხუთი სეფისკვერი და ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში, იმ დროს, როდესაც იკითხება მესამე და მეექვსე ჟამის ლოცვები, საკურთხეველში მღვდელი აღასრულებს კვეთას, ანუ, ხუთივე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს. პირველი სეფისკვერიდან, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვარს ამოიღება ნაწილები, რომლითაც, ევქარისტიული კანონის შესრულების შემდეგ, ხდება მორწმუნეების ზიარება. მეორე სეფისკვერიდან ამოიღება ნაწილები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე; მესამე სეფისკვერიდან – ნაწილები წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე, მეოთხე სეფისკვერიდან – ცოცხალთათვის; მეხუთედან კი – მიცვალებულთათვის. ასევე, ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი მცირე ზომის სეფისკვერების კვეთა და მოსახსენიებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება.
– მოსახსენებლებში ძალიან ბევრი სახელი აქვთ ხოლმე ჩამოწერილი. ვინ უნდა ჩავწეროთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს?
– ხშირად უნდათ, საკუთარი ახლობლების მოხსენიება, მათთვის პანაშვიდის, პარაკლისის გადახდა, შეკვეთილი წირვის აღსრულება. მათ უნდა იცოდნენ, რომ, თუ არ აქვთ იმის საშუალება, ყოველივე ეს გააკეთონ, სასურველია, მოსახსენიებელში დაწერონ გარდაცვლილის სახელი და რამდენიმე სეფისკვერთან ერთად, შეგზავნონ საკურთხეველში. თუმცა, ბევრმა არ იცის, ვისი მოხსენიება შეიძლება და ვისი – არა. ჩვენ საკუთარ თავს ხშირად ბევრის უფლებას ვაძლევთ. გვინდა, მთელი საგვარეულო, ნათესავები, მეზობლები მოვიხსენიოთ. სურვილი კარგია, მაგრამ, მთავარია, გვაქვს თუ არა ამის უფლება და ამით უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ყველას მოხსენიება არ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, მოიხსენიება ის ადამიანები, ვინც ნათელ იღეს წმიდა სამების სახელით და ღმერთის გარკვეული სასოება გააჩნდათ, იყვნენ აღმსარებლები, მაზიარებელნი და სასოებდნენ ღმერთს. ჩვენი წინაპრები, შეიძლება, მონათლულები იყვნენ, მაგრამ, ისინი არ ამბობდნენ აღსარებას, ზიარებას არ იღებდნენ, რადგან მაშინ ამის საშუალება არ იყო. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია, მივცეთ თავს უფლება, რომ ისინი მოვიხსენიოთ, რომელთა ცხოვრებაც გვახსოვს. ვიცით, რომ ისინი იყვნენ კეთილი ადამიანები, არ იყვნენ ღვთისმგმობელები, არ ანგრევდნენ ტაძრებს, ხატებს არ წვავდნენ – მათი მოხსენიება შეიძლება. არსებობს მიცვალებულთა სამი კატეგორია: პირველი – ვისაც წმიდანებს ვუწოდებთ და, ჩვენ კი არ ვიხსენიებთ მათ, არამედ პირიქით, ისინი გვიხსენიებენ და ჩვენი მეოხნი არიან ღვთის წინაშე; მეორე კატეგორიის მიცვალებულებზე წმიდა წერილი, კერძოდ კი, იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: მათზე ნუ ილოცებთ. ესენი არიან ღვთისმგმობი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მონათლულები ან შეგნებულად ებრძოდნენ ეკლესიას. ბუნებრივია, მათ გამო ღმერთს ვერ შევაწუხებთ და არც გვაქვს ამის უფლება. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, ესენი არიან ჩვენი უახლოესი წინაპრები, რომელთა ცხოვრებაც გვახსოვს, ვიცით, რომ ისინი იყვნენ მონათლულები, კეთილები და არა ღვთისმგმობელები. როგორც წმიდა წერილში წერია, ვინც აღიარებს ცოდვებს არა ბაგეებით, არამედ სულითა და გულით, მას მიეტევება.
– მამაო, როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, რომ ღმერთმა მიუტევა ცოდვები?
– ყველას თავისი მისტიკური, ინტიმური კავშირი აქვს ღმერთთან და ამ კავშირში აუცილებლად მონაწილეობს მოძღვარი და ღმერთი. ძალიან ბევრი მოძღვარი მკაცრად მსჯელობს, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მძიმე ცოდვის მონანიებას გარკვეული წლები სჭირდება და ეს ასეც არის რჯულის კანონით. მაგრამ, რჯულის კანონში წერია, რომ გარკვეული ცოდვის მოსანანიებლად, 5-10 წელია საჭირო. ბუნებრივია, დღეს ამას ვერ განვახორციელებთ. ადამიანი 5-10 წელი რომ არ ეზიაროს, ის საერთოდ აღარ მოვა ეკლესიაში. სულიერი ზრდის პირველი ფორმულა მამებისგან არის ხშირი აღსარება და ზიარება. როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს: მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ ეზიარები, არამედ, როგორ ეზიარები. ამიტომ, ნუ გათამამდებიან, ისინი რომლებსაც ყოველკვირა უშვებენ ზიარებაზე. ზოგი როგორც კი მოდის აღსარებაზე, მაშინვე უნდა, მიიღონ ზიარება. მაშინვე ითხოვს შენდობას. მაგრამ, მოძღვარი, როგორც კი შეამჩნევს, რომ არ არის სინანულში, შეიძლება, დროებით, ზიარება არ მისცეს. ესეც იმიტომ, რომ მისთვისაა კარგი. გარკვეული დროის შემდეგ კი, თუ ის მოძღვრის დავალებას, მეტანიებს, ეპიტამიას შეასრულებს, მიიღებს შენდობას და წმიდა ზიარებას. თუ ადამიანმა მოუწესრიგებლად, სინანულის გარეშე მიიღო წმიდა ზიარება, ეს მისთვის სასჯელად იქნება და არა საკურნებლად სულისა და ხორცისა. დღეს ხშირად ამბობენ, სინანული არ გაგვაჩნიაო. თუ ადამიანი ინახავს ყველა კალენდარულ მარხვას, იცის, რატომ გაყიდეს ოთხშაბათს მაცხოვარი, რა საშინელი ტრაგედია, მისტერია აღესრულა პარასკევ დღეს, ბუნებრივია, ჩავარდება სინანულში. დღეს ასეთი მდგომარეობაა – სინანული საზოგადოების წინაშე და სინანული უფლის წინაშე. ანუ, პირველ შემთხვევაში ის წუხს, რომ ვინმემ არ გაიგოს და რას იტყვიან მასზე საზოგადოებაში. ეს არის კაცთა პირმოთნეობა. საზოგადოებაშიც უნდა გვქონდეს გარკვეული მოშიშება, მოკრძალება, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ცოდვები უფლის წინაშე უნდა ვაღიაროთ. ძალიან ბევრი ადამიანია დღეს საზოგადოებაში მიღებული, სამაგალითო, საზოგადოებას ის წმიდა და კარგი ადამიანი ჰგონია, მაგრამ, უფლის თვალში ის არარაობაა. ასევე, ბევრია ისეთი, რომელიც ამ სოფელს ცოდვილი ჰგონია, მაგრამ ღვთის თვალში ძალიან დიდი ადამიანია. ისეც ხდება, ხშირად მოდიან ჩვენთან, კითხვებს გვისვამენ, მაგრამ, სინამდვილეში, ცოდვების აღიარება კი არ უნდათ, არამედ, ჩვენი გამოცდა, ჩვენი ცოდნის გადამოწმება აინტერესებთ. ადამიანმა უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი. არადა, პირიქით ხდება – ძალიან ბევრზე ამბობენ: რა აზრის აქვს მის ეკლესიაში სიარულს, როცა ახალ-ახალ ცოდვებს სჩადის და ამბობს: არა უშავს, მივალ ჩემს მამაოსთან, კეთილია და მომიტევებსო... თუ ადამიანი მოაზროვნეა, მას უნდა ჰქონდეს სინანული და არ უნდა სჩადიოდეს ერთსა და იმავე ცოდვას.