№10 რა ასტრონომიული მასშტაბის ნაბიჯზე წავიდა მადრიდის „რეალი“ საბჭოთა კავშირთან მიშა მესხის გამო და როგორ კოცნიდა მას ზურგზე შემხტარი პელე
ის გახლდათ ფეხბურთელი, რომლის გამოც მაყურებელი სტადიონზე ორ ბილეთს ყიდულობდა, რათა ერთი ტაიმი ტრიბუნის ერთ მხარეს გაეტარებინა, მეორე ტაიმი – მეორე მხარეს. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ის ალამაზებდა ფეხბურთს, თბილისის „დინამოს“ და საერთოდ, მთელი საბჭოთა კავშირის მშვენება იყო. დღემდე არსებობს მისი ფინტი, რომელიც ჯერ არავის გაუმეორებია. დიახ, ეს განუმეორებელი მიხეილ მესხია, რომლის დღიურებიდან ბევრ რამეს ახლა გაიგებთ. ეს საფეხბურთო ეპიზოდებია, რასაც მან მთელი თავის შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა.
ქართული ფეხბურთის „უიშვიათესი მარგალიტის“ კარიერა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. თუმცა, მიხეილი შესაძლოა, სულ სხვა სპორტს გაჰყოლოდა. ის, ბავშვობაში ჭიდაობაზე ოცნებობდა და შესაბამის წრეზეც დადიოდა. როგორც ამბობენ, მწვრთნელებს ორი გამორჩეული ფალავანი ჰყავდათ: გივი კარტოზია და მიხეილ მესხი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როგორც უძლიერესი მოჭიდავე, 11 წლის მიშამ კი ვარჯიშზე ხელი მოიტეხა. ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს ჭიდაობა, რის გამოც გულგატეხილი გავიდა ეზოში და ბიჭებთან ერთად ბურთი გააგორა. აქედან დაიწყო მიშასა და ფეხბურთის ისტორია. მიხეილი სულ რაღაც 13 წლის იყო, აკადემიაში რომ ჩაირიცხა. მისი პირველი მწვრთნელი არჩილ კიკნაძე იყო, რომელიც ნაკლებადაა
ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა, სწორედ არჩილი გახლდათ მიხეილის პირველი პროფესიონალი თავკაცი და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილი 15 წლის ასაკში ჩაირიცხა თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდში და 1955 წელს შედგა მისი დებიუტი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო კლუბის რიგებში. ცხადია, მიხეილი ასეთ პატარა ასაკში ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს სასტარტოში და ძირითადად,
ვარჯიშებზე უწევდა თავის გამოჩენა… (წყარო: fci.ge) „ჩვენ ფეხბურთის ანბანს გვასწავლიდნენ: დარტყმა ქვემოდან ტერფით, წვეტით, ტერფის გარეთა ნაწილით, ქუსლით, გაჩერებითა და ბურთის ფლობით. თუმცა, ვერ ვიხსენებ ფაქტს, მწვრთნელს საკუთარი საყვარელი მოძრაობის ან ფინტის გაკეთება დაევალებინა ჩვენთვის. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს მართალი იყო, რადგან ტექნიკა უპირველესად, მოთამაშისგან მოდის. ეს მისი ფანტაზიის ნაწილია. მწვრთნელი ფინტს ვერ გასწავლის,“ – მესხის ეს სიტყვები ერთ-ერთი საბჭოური გამოცემის არქივში ინახება. მესხი პირველ გუნდში ლეგენდარული ანდრო ჟორდანიას ინიციატივით დააწინაურეს. მისი წასვლის შემდეგ კი, გაიოზ ჯეჯელავამ თანდათან მიაჩვია მიხეილი ძირითად შემადგენლობას. მომდევნო სეზონში მიხეილ მესხმა სადებიუტო გოლიც გაიტანა და ნელ-ნელა დაიწყო საბჭოური სამყაროს გაოცება. თავად მიხეილი
საკმაოდ საინტერესოდ ყვება, თუ როგორ გაიარა გზა „ეზოდან-დინამომდე“: „ფეხბურთელი, ბიძაჩემი გახლდათ. ვცდილობდი, არცერთი მატჩი არ გამომეტოვებინა მისი მონაწილეობით და მუდამ თან დავყვებოდი. სწორედ მან მაჩუქა პირველი ბურთი, რაც ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იყო. როგორც მეუბნებიან, ბურთს საწოლშიც კი არ ვეშვებოდი. სავარაუდოდ, სწორედ ბიძაჩემმა მიმიყვანა 35-ე საფეხბურთო სკოლაში. არჩილ კიკნაძესთან ვვარჯიშობდი. ერთხელაც, ვარჯიშზე ანდრო ჟორდანია მოვიდა, მაშინ ის თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი იყო. როგორც ჩანს, ძალიან მოვეწონე და თავის გუნდში მიმიწვია. ორი წელი ვთამაშობდი დუბლებში, შემდეგ კი ძირითადში დავიმკვიდრე ადგილი“… ამბობენ, ის არამხოლოდ ვარჯიშებზე იკლავდა თავს და ავითარებდა საკუთარ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, არამედ მინდვრის მიღმაც. მიხეილს ძალიან უყვარდა ხუთ-ექვს კაცთან ერთად პატარა მოედანზე ბურთის გორაობა, ამით ის დრიბლინგს ივითარებდა… მიხეილი ზოგჯერ იმასაც ახერხებდა, რომ მეგობრები ვარჯიშიდან გამოეტყუებინა და თავისი სავარჯიშო სესიები შეეთავაზებინა… ანდრო ჟორდანიას შემდეგ, „დინამოში“ გაიოზ ჯერჯელავა მივიდა, მან მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა კლუბში და შემდეგ კვლავ ანდრო დაბრუნდა. 1957 წლიდან ჟორდანია უფრო მეტად ენდობოდა მესხს… 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მიხეილმა კინოთეატრში ნახა გარინჩას თამაში ცოცხლად, როცა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს პირველად. 21 წლის თავდამსხმელმა ბრაზილიელი კოლეგის ეფექტური მოძრაობა დაიჭირა და მთელი წლის განმავლობაში ამუშავებდა ფინტს. თუმცა, არ გამოსდიოდა. ამის მიზეზი გარინჩას საოცარი სასტარტო სისწრაფე გახლდათ, რაც მესხს შესაფერისი დონის არ ჰქონდა… პირველად,
მიხეილ მესხმა საკუთარი ფინტი 1959 წლის 6 სექტემბერს „გაიტანა სცენაზე“ და დაანახვა პუბლიკას… 1960 წელს, საფრანგეთში პირველი ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საბჭოთა კავშირმა ნახევარფინალში ჩეხოსლოვაკიის გუნდი გაანადგურა 3:0, ფინალში კი 2:1 დაამარცხა იუგოსლავიის ეროვნული
ნაკრები… ორივე მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა მიხეილ მესხმა, მასთან ერთად კი სლავა მეტრეველმა… მესხმა და მეტრეველმა დამსახურებული ოქროს მედლები მოიპოვეს. ეს მისი პირველი დიდი მიღწევა იყო კარიერაში… ცხადია, თბილისის „დინამოში“ ის უკვე ძირითად წევრად და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მას ყველა მწვრთნელი სცემდა პატივს. მიხეილი მარცხენა ფლანგზე აწამებდა მეტოქეთა დამცველებს, მაგრამ მოსკოვის „ცსკა-ს,” ალბათ, ყველა დროის საუკეთესო განაპირა მცველი – ვლადიმირ პონომარიოვი მესხისთვის საკმაოდ რთულად გადასალახი ბარიერი გამოდგა: „ის ძალიან სუფთად და ზუსტად ასრულებდა „პადკატებს” და უმეტესწილად, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ვლადიმირს ხშირად გამოსდიოდა ჩემი განეიტრალება. ზოგჯერ მეჩვენებოდა - მორჩა, გავცდი-მეთქი. თუმცა, უცბად გამოყოფდა თავის გრძელ ფეხს, ფრთხილად, ისე რომ, მე არ შემხებოდა, აგდებდა ბურთს აუტზე. ნამდვილი ჯენტლმენი და დიდი პროფესიონალი იყო“. თუმცა, მისი გაბითურებაც არაერთხელ მოუხერხებია მიხეილს. „დინამოს“ თამაშების დროს, მაყურებელი ცდილობდა, რომ არა ცენტრში, არამედ კუთხურის ალამთან ეყიდა ბილეთები, რადგან სწორედ აქ უნდა ემოქმედა მიშას. ხალხი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ორმაგი მოტივაციით მიდიოდა, რადგან იქ მესხი დახვდებოდათ… მიხეილის ყველაზე ნაყოფიერი პარტნიორი მინდორზე ზაურ კალოევი იყო. თბილისის „დინამოს“ ტანმაღალ თავდამსხმელს ხშირად გაჰქონდა გოლი, სწორედ მიშას დიდებული გადაცემებით. საკმაოდ ხშირად, მესხი ხუმრობდა: როცა გატანილი გოლის დროს კალოევის გვარს სკანდირებენ, გოლის ავტორი მე ვარო. მოთამაშეებს ჩინებული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდი ჰოლანდიაში გაემგზავრა შეკრებისთვის, ზაური წაიყვანეს, მიხეილი კი - არა. მაშინ გამბრაზებულმა მესხმა აღნიშნა, რომ კალოევს მისი წყალობით გაჰქონდა გოლები. თუმცა, მალევე გადაუარა წყენამ…
1965 წლის ზაფხული… საბჭოთა ეროვნული გუნდი მარაკანაზე ჩავიდა და მსოფლიოს ჩემპიონს, უძლიერეს ბრაზილიის ნაკრებს გაეჯიბრა. შეხვედრის მეორე ტაიმში მოხდა საოცარი რამ. მიხეილ მესხის წინ, უეცრად „ფეხბურთის მეფე“ – პელე აღმოჩნდა. მიშამ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ჩერდებაო,
მაგრამ მოულოდნელად, პირდაპირ ფეხებს შორის გაუტარა ბურთი ბუმბერაზ პელეს და ეს უკანასკნელი გაოგნებული დატოვა. „ფეხბურთის მეფე“ შეცბა,
დაიბნა, ალბათ, შერცხვა კიდეც და ემოციურ ფონზე, საინტერესო რეაქცია გამოავლინა – პელე მესხს გაეკიდა, ზურგზე შეახტა და შუბლზე დაუწყო კოცნა. ამ თამაშს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედის ძმა, რობერტ კენედიც ესწრებოდა. რობერტს ძალიან უყვარდა ფეხბურთი და როგორც ვეტერანი ქართველები იხსენებენ, ის პირადად ეწვია მიხეილს გასახდელში და მასთან ერთად სურათებიც გადაიღო…
საბჭოელები 1966 წლის მუნდიალზე ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ ეს უკვე მიხეილს აღარ ეხება, მისი ისტორია ეროვნულ ნაკრებში დასრულდა. მან დაუვიწყარი თამაშები ჩაატარა ბეუნოს-აირესში, მარაკანაზე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონატზე და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. თუმცა, საბჭოური სისტემის გამო, ვერ მოახერხა ფეხბურთის სამშობლოს მოხიბვლა. არადა, ინგლისში მას ელოდნენ. მესხს ელოდნენ ადგილობრივები, მათ საბჭოთა ნაკრებში სწორედ მიხეილი მოსწონდათ ყველაზე მეტად. ამის შემდეგ, მიხეილ მესხის კარიერა ნელ-ნელა უკან წავიდა… 1969 წლის 26 ივლისს კი, მიხეილ მესხის გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩატარდა თბილისში. „დინამოს“ მეტოქე, ურუგვაული „ნასიონალი“ იყო. სცენარის მიხედვით, 34 წლის მიშას მხოლოდ ერთი ტაიმი უნდა ეთამაშა და ეს ბრწყინვალედ გააკეთა. როდესაც შესვენებაზე პარტნიორებმა მიხეილი ხელში აიტაცეს და მთელი სტადიონის გარშემო ატარეს, „ნასიონალის“ მთავარ მწვრთნელს ეგონა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს წინასწარ აჯილდოებდნენ, მაგრამ როდესაც სიმართლე გაიგო, გაოცებულმა იკითხა: „ეს მიდის და დანარჩენები რჩებიან?“… 1970 წელს, მიხეილ მესხმა ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა და დაასრულა საფეხბურთო კარიერა. მიხეილს არაერთი საბჭოური კლუბი სთავაზობდა საპატიო ადგილს, სთავაზობდნენ სოლიდურ თანხას, მაგრამ მან მხოლოდ ერთი რამ ითხოვა – მიწა. ამ მიწაზე კი 1970 წლიდან მოყოლებული დღემდე არსებობს საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ და ატარებს მიხეილ მესხის სახელს. საამაყო ქართველმა, საკუთარი ხელით ააშენა ეს სკოლა… ასეთია მიხეილ მესხის კარიერა, რომელიც გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა საბჭოთა კავშირი. მიშას ყველგან აფასებდნენ, ის ყველას სურდა. 1959 წელს, საფრანგეთში შეკრების შემდეგ, „რესინგმა“ მიშას და სერგო კოტრიკაძის სანაცვლოდ, სოლიდური თანხა შესთავაზა საბჭოთა ხელმძღვანელობას. ერთი წლის შემდეგ კი მადრიდის „რეალი“ ასტრონომიულ ნაბიჯზე წავიდა და იმ დროისთვის გაუგონარი თანხა – ნახევარი მილიონი დოლარი შესთავაზა საბჭოელებს, მაგრამ პასუხი იყო მტკიცე - არა, ამაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა: შენ რიგითი ჯარისკაცი იყავი, რომლის საქმეც „ზევით“ წყდებოდა…