კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№10 რატომ ელის თბილისს ფეკალიების ამოფრქვევა და რატომ აჭარბებს საკანალიზაციო კოლექტორებში ფეკალური წყლის ოდენობა ზღვრულ ნორმას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


უკვე ვიცით, რომ წვიმის დროს დედაქალაქის დატბორვა სანიაღვრე სისტემის ბრალია (იმიტომაც რომ, საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო წყალსაც იქ ვღვრით ხოლმე); ისიც ვიცით, რომ ახალ-ახალი სახლები ძველ საკანალიზაციო სისტემას უერთდება, რომელიც ამდენ დატვირთვას ვერ უძლებს და ის დღეც არაა შორს, როდესაც ქალაქი შესაძლოა, ფეკალიებით დაიტბოროს; მტკვრის ფერს რომ ვუყურებთ, ვხვდებით, რომ ეს ჩვენი კანალიზაცია მასში უპრაგონოდ ჩაედინება. მეტიც, სისტემის (წყალგაყვანილობისა თუ საკანალიზაციოსი) გაუმართაობის გამო წყალი (სუფთაც და ფეკალიებით დაბინძურებულიც) მიწაშიც იჟონება, რაც შენობებს საძირკველს ურეცხავს, რის ბოლოც, მოგეხსენებათ, ნგრევაა, იმას გარდა, რომ ნიადაგს კოლიბაქტერიებით აბინძურებს.
სურათი ჯერჯერობით სრულად აპოკალიპტური არ არის, მაგრამ, თუ პრობლემას არ მიეხედა, ფეკალური აპოკალიფსი აუცილებლად მოგვიკაკუნებს. მით უფრო, რომ, მაგალითად, თბილისის გენგეგმის პროექტში (რომელსაც ავტორი კერძო კომპანია ძალიან აქებს, ერთი ისაა იმედი, რომ მერიის ახალი შემადგენლობა იწუნებს) თბილისის მიწისქვეშეთი წამლადაც არაა ნახსენები, არადა ამის გარეშე თბილისის მიწისზედა განვითარება ტკბილი ზმანებაა, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუ მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების პრობლემა არ აღმოიფხვრა, მიწის ზემოთ ვერაფერი დარჩება.
თემაზე, თუ რა ხდება დედაქალაქის მიწისქვეშეთში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგების, წყალარინების (ანუ კანალიზაციის), თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის პროფესორი ნუკრი ნაცვლიშვილი გვესაუბრება.

– პირდაპირ დავსვამ მარტივ კითხვას: რა მდგომარეობაშია თბილისის მიწისქვეშეთი?

– მიწისქვეშა კომუნიკაციები უამრავ რამეს განაპირობებს, მათ შორის, გზების სიგანესაც. ისინი ურთიერთდაკავშირებულია და მათი ერთმანეთთან ახლოს გაყვანაც კი არ შეიძლება. არსებობს სტანდარტი, თუ რამდენით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან წყალმომარაგების, საკანალიზაციო, თბომომარგების, მაღალი ძაბვისა და სხვა  ქსელები. მაგრამ თბილისში არის ქუჩები, სადაც წყალსადენის დიდი დიამეტრის მილები ნორმების დაცვის გარეშეა გაყვანილი, იმდენად ვიწროა ქუჩები. ცალკე პრობლემაა კანალიზაციისა და სანიაღვრე  კოლექტორები. მათ შორისაც უნდა იყოს ნორმატიული დაშორება როგორც პარალელურად, ისე ვერტიკალურად. კანალიზაციის მილი არ შეიძლება, მოხვდეს წყალმომარაგების მილის ზემოთ და ამას გარდა უამრავი ნიუანსია.
– არსებობს მოსაზრება, რომ თბილისი, ფაქტობრივად, ფეკალიების ნაღმზე ზის, იმიტომ რომ, საკანალიზაციო კოლექტორებში ფეკალური წყლები უკვე წნევით მოძრაობს. ადასტურებთ?
– აუცილებელია შემოწმდეს საკანალიზაციო კოლექტორებში ფეკალური წყლის შევსების სიმაღლე: არსებობს მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები, საკანალიზაციო კოლექტორის 70 პროცენტზე მეტით შევსება დაუშვებელია. დღესდღეობით არის კოლექტორები, რომლებშიც ნორმას აჭარბებს ფეკალური წყლით შევსების დონე.
– თუ გადააჭარბა ნორმას, რა ხდება?
– შეიძლება, გამოიწვიოს საკანალიზაციო ჭების შეტბორვა და გადმოვიდეს გზებზე, რაც ანტისანიტარიის წყაროა. ძირითადად,  მთავარი კოლექტორებია პრობლემა: თუ ისინი შეივსო, გაუთვალისწინებელი რამ მოხდება და ამ პრობლემის აღმოფხვრას ავარიული სამსახური ვერ უშველის. შესაბამისად, სასწრაფოდაა გასატარებელი ქმედითი ღონისძიებები, რაც ძვირი დაჯდება, მაგრამ ამის გარეშე, პრობლემა ვერ გადაწყდება.
– და რა ღონისძიებებია გასატარებელი?
– დღეს მდინარე მტკვრის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროზე კოლექტორები მაქსიმალურ დონეზეა შევსებული და დროული ჩარევაა საჭირო: ან დამატებითი კოლექტორები უნდა ჩაიდოს, ან უკვე არსებულის დიამეტრი გაიზარდოს.
მე არ მსმენია, რომ ახალი კოლექტორები გაყვანილიყო მიწის ქვეშ, არადა თბილისს ლამის ყოველდღე ემატება ახალ-ახალი უბნები. დაანოსნებულია უფრო მეტის მშენებლობაც. ისინი ხომ ძველ საკანალიზაციო ქსელებს უერთდება? ესე იგი, რაც მაღალსართულიანი გახდება თბილისი, მით უარესი მდგომარეობა შეიქმნება თბილისის ქვეშ?
– დიახ, რაც მეტი მაღლივი შენობა აშენდება, მით მეტი დატვირთვა ექნება ამ კოლექტორებსა და წყალსადენებს, რაც შექმნის ჰიდრავლიკურად გაუთვლელ უბნებს ქსელში და ვერ გათვლი, სად ამოვა კანალიზაცია. მარტივად მისახვედრია: თუ ოცსართულიან სახლს დადგამ იქ, სადაც ადრე ორსართულიანი შენობა იყო, მას ათჯერ მეტი ხარჯი ექნება და უკვე არსებულ კოლექტორში რომ ჩავა საყოფაცხოვრებო წყალი, ცხადია, ის კოლექტორი ვეღარ გაატარებს. შესაბამისად, საჭიროა, ოპერატიულად გადალაგდეს სისტემა. თუ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არ ჩაიდო მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარების საკითხი, რომ მათი გამტარუნარიანობა გაიზარდოს, მომავალში ძალიან მძიმედ გვექნება საქმე. ამ პროცესში აუცილებელია მეცნიერების ჩართვა, მათ გარეშე ზუსტად ვერავინ გათვლის მილების დიამეტრს. სწორედ მეცნიერებმა უნდა გასცენ რეკომენდაციები, სად არის შესაძლებელი ახალი მშენებლობები და რა გავლენას იქონიებს ისინი არსებულ სისტემებზე.
– წყალმომარაგების სისტემაში როგორაა საქმე? ეს სისტემა აკმაყოფილებს თბილისის ზრდის ტემპს?
– აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის ზონირებაც დაწნევების მიხედვით. ნორმებით, ერთ მილსადენში ექვს ატმოსფეროზე მეტი წნევის გატარება არ შეიძლება. თუ წნევა მეტია, ახალი ზონა უნდა გააკეთო. თბილისი ხეობაშია განფენილი –  როგორც მტკვრის მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპირო და ამიტომ ზონირებულია. ჭარბი დაწნევა იწვევს გაჟონვებსა და დანაკარგებს.
– თვითონ წყალგაყვანილობის მილებში არ შედის გარედან გრუნტის წყლები ან ფეკალური წყლები? თქვით, რომ კანალიზაციის კოლექტორები თითქმის გადავსებულია და სავარაუდოდ, წნევა იქმნება. ეს არ იწვევს კანალიზაციის გაჟონვას მიწაში?
– არის ინფილტრაციული და ექსფილტრაციული პროცესები. ინფილტრაციაა, როდესაც წყალი გამოდის მილებიდან, კოლექტორებიდან და ერევა გრუნტს. ექსფილტრაციაა, როდესაც მილში შედის გრუნტის წყალი. ერთიც ცუდია და მეორეც. საკანალიზაციო სისტემიდან გაჟონილი წყალი აბინძურებს გარემოს, მასში გარედან შესული კი ზრდის ხარჯს, ანუ ავსებს კოლექტორებს. წყლის მილების შემთხვევაში კი, გარედან შესული აბინძურებს, გაჟონილი წყალი კი გამორეცხავს ნიადაგს. ანუ ორივე პრობლემაა.
– მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქი იტბორება. სანიაღვრე სისტემას რაღა სჭირს: წვიმა წვიმაა მაინც და ყოველთვის მოდიოდა და კავშირი არ აქვს ქალაქის სიდიდესთან.
– თბილისში ყოველთვის პრობლემა იყო სანიაღვრე და საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო წყლების შერევა, რაც დაუშვებელია და დღესაც არის უბნები, სადაც ერთმანეთში გადადის ეს წყლები. ადრე, მაგალითად, საწარმოები, რომლებიც თბილისში, მტკვრის გაყოლებაზე იყო ჩამომწკრივებული, პირდაპირ უერთებდნენ თავიანთ საკანალიზაციო ქსელს სანიაღვრე ქსელს.
– მხოლოდ სანიაღვრე ქსელის გადავსებაა პრობლემა თუ რატომ არის დაუშვებელი?
– საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო ქსელი დაბინძურებულია, სანიაღვრე წყალი კი, რადგან წვიმის წყალია, შესაძლოა, პირდაპირ ჩავიდეს მტკვარში. გაწმენდა არ სჭირდება, რადგან არ არის საშიში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. თუ საკანალიზაციო წყალი მოხვდება სანიაღვრე ქსელში, ცხადია, ის პირდაპირ მტკვარში ჩაედინება. და თბილისში, ზოგან, საკანალიზაციო წყლები ჩაედინება სანიაღვრე სისტემაში, ანუ მტკვარში.
– მხოლოდ სანიაღვრე სისტემაში საკანალიზაციო სისტემის მიერთების გამოა ასეთი ბინძური და უსიამო შესახედი ეს ჩვენი მტკვარი?
– მტკვარში წლების განმავლობაში ჩაედინება საყოფაცხოვრებო წყლები. თუ მტკვარს დაათვალიერებთ თბილისის მასშტაბით, ორივე მხრიდან დაინახავთ დიდ მილებს, რომლებშიც მუდმივად მოედინება წყალი და ჩადის მტკვარში. ეს არ არის მხოლოდ საყოფაცხოვრებო წყალი, არის სამრეწველო წყალიც. მართალია, თბილისში მსხვილი საწარმოები დაიხურა და მტკვარში იმდენი რაოდენობის სამრეწველო წყალი აღარ ჩაედინება, მაგრამ მოვა დრო და ისევ აღორძინდება მრეწველობა. ეს პრობლემა ისევ დაგვიდგება. ამიტომ დღესვე უნდა დაისახოს ღონისძიებები, რომ პრობლემას მომზადებული შევხვდეთ.
– მაგალითად, დიღომში გაშენდა ერთგვარი სამედიცინო ცენტრი, უამრავი სამედიცინო დაწესებულებაა თავმოყრილი. სამედიცინო დაწესებულებების საკანალიზაციო ქსელი კონტროლდება?
– ვინმე ამოწმებს ინფექციური საავადმყოფოდან ჩამდინარე წყლის ხარისხს?! ჩემი აზრით, არავინ. რომ შეამოწმო, უნდა გააჩერო, მისი გაჩერება კი არ შეიძლება, ანუ მდგომარეობა მძიმეა. წესით, ყველა სამრეწველო საწარმოს უნდა ჰქონდეს თავისი ლოკალური გამწმენდი ნაგებობა. მაგრამ ისინი არ მუშაობს.
– თბილისის საკანალიზაციო ქსელი სად იწმინდება და რა ხარისხით?
– მოსახლეობისგან გასული საყოფაცხოვრებო წყალი უნდა გაიწმინდოს გარდაბნის რეგიონულ საკანალიზაციო სადგურში. წმენდა ორი სახისაა: მექანიკური და ბიოლოგიური. თბილისის საკანალიზაციო წყალი ბიოლოგიურად არ იწმინდება, მხოლოდ მექანიკურად, ისიც ნაწილობრივ, რადგან ზოგიერთი მექანიკური წმენდის ნაგებობა არ მუშაობს.
– სრულად იწმინდება თბილისის საკანალიზაციო ქსელი?
– ჩემი მონაცემებით, თბილისში შემოდიოდა წყალი 20 კუბური მეტრი წამში, მაგრამ გადიოდა 5 კუბური მეტრი წამში.
– ანუ? სხვაობა, უკვე 15 კუბური მეტრი წამში საკანალიზაციო წყალი სად მიდის?
– სადაც იპოვის გზას. ყველაფერი კი, საბოლოოდ მტკვარში ხვდება.
გამოდის, თბილისში მიწაც დაბინძურებულია ფეკალიებით, იმიტომაცაა კოლიბაქტერიებით გაჯერებული ჩვენი საკვები?
– გაჟონვის დროს წყალი, ცხადია, ნიადაგშიც იჟონება და გამორეცხავს შენობების საძირკველს. იჟონება არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო წყალი, არამედ ზოგჯერ სუფთა წყალიც.
– საკანალიზაციო კოლექტორები გადავსებულია, ფეკალური წყლები მოძრაობს ლამის წნევით; იდონება კიდეც, მიწისქვეშა კომუნიკაციების განლაგების წესი ზოგან დარღვეულია, წყალსადენებიდან წყალი ჟონავს ან მას ერევა საკანალიზაციო წყალი, თბილისში სახლები შენდება, მოსახლეობა იმატებს, გრუნტი ჯერდება წყლით, სუფთა და ბინძურითაც. და ეს სიბინძურე ჩადის მტკვარში. საბოლოოდ, რა გველის ყველაზე ცუდი სცენარით?
– მიწისქვეშა კომუნიკაციების მომსახურება ევალება წყლის კომპანიას, რომელიც საავარიო სამუშაოებზეა გადართული, ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში. თუმცა აუცილებელია, დაიგეგმოს გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოებიც, რომ ინახოს, რა მდგომარეობაა კოლექტორებზე. აუცილებლად უნდა გაანალიზდეს ავარიების დინამიკა: თუ იზრდება და არ მცირდება, ესე იგი, პრობლემაა. თუ პრობლემა სისტემურად არ მოგვარდა, ეს გამოიწვევს ანტისანიტარიას, შენობების ჩამონგრევას, რადგან გაიზრდება ნიადაგის გამორეცხვის მასშტაბი და პრობლემა შეექმნება წყალმომარაგებასაც. საკანალიზაციო კოლექტორების დიამეტრი თუ არ გაიზარდა ან ახალი კოლექტორები არ ჩაიდო, ერთ დღესაც ისინი გადაივსება და ვეღარ გაატარებს იმდენს, რასაც, თუნდაც, დღეს ატარებს. დღესვე უნდა ვიცოდეთ, სად უნდა ჩაიდოს სამომავლოდ ახალი კოლექტორები, სად წყალსადენები, როგორი დიამეტრის. შესაძლოა, დაგვჭირდეს რეზერვუარის აშენება, სატუმბი სადგურებისაც. ეს უნდა გამოითვალოს და აისახოს შესაბამის დოკუმენტში.
скачать dle 11.3