№10 ხელგაშლილები
ანუ ხვავდასაბერტყები
ამ ჩვენმა მთავრობამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა (მე მაინც მგონია, რომ მეტად ცოტა), გადაწყვიტა, რომ დემოგრაფიის მხარდასაჭერად, ოთხშვილიან ოჯახებს (რომლებიც სანთლითაა საძებნელი) 20-20 ლარი დაურიგოს, ხოლო ყოველი მომდევნო ბავშვისთვის, ზედაც, ათ-ათი ლარი დაუმატოს (აქვე შევნიშნავ, რომ კანონპროექტით ყველა ოთხ და მეტშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები ვერ ისარგებლებენ).
ამ დიადი კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია. ჰოდა, ამასობაში ოთხშვილიანი და მეტი შვილების პატრონი ოჯახების რაოდენობაც დავადგინეთ: სულ რაღაც, 12 000 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულაც 300 000-ს არ აჭარბებს (300 000-ს რომ აჭარბებს ეს კატეგორია შეძლებულებს მიეკუთვნება და თავიანთ შვილებს თავად არჩენენ მეტად წარმატებით).
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ განგვიმარტა, რომ კანონპროექტის მიზანი სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრა და მათი მხარდაჭერაა (რა გაუძლებს ასეთ ხელგაშლილობას?!).
საბოლოოდ, ციფრებში ეს ამბავი შემდეგნაირია: ოთხშვილიან ოჯახს სახელმწიფო წელიწადში 240 ლარით დაეხმარება, ყოველ მომდევნო ბავშვზე კი ისინი წელიწადში 120 ლარით მეტსაც მიიღებენ.
ბ-ნი ხუნდაძე შენიშნავს, გვესმის, რომ ეს ბევრი არაა, თუმცა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებაო.
ჰოდა, რაკი მნიშვნელოვანი შეღავათია ოთხი ბავშვისთვის წელიწადში 240 ლარი, მეხუთისთვის კი – მთელი 120, სხვა როგორ უნდა გადაუხადო მადლობა მზრუნველებს?!
როგორ და – უნდა უსურვო, რომ ასეთი ხვავი არ მოჰკლებოდეთ. –