№10 მიწათმჭამელები
ბაქიბუქი
საბჭოური პათოსით
არჩევნები უახლოვდება და რაკი ანგარიშზე უკვე აქვს მმართველობის 17-წლიანი პერიოდი და კიდევ შვიდსაც აპირებს (და ვერც ვერაფერი შეუშლის ხელს), პრ. პუტინი თავის ამპლუაშია.
ან კი როგორ არ იქნება, როდესაც, თუმცა რუსი ამომრჩევლის ხმები გარანტირებული აქვს (აქვს, ვინაიდან რფ-ის მოქალაქეებისთვის კაპიტალიზმი კვლავ ყარს და ოღონდ სხვების მიწები მიიტაცონ და თავად გინდამც მიწა უჭამიათ), იმიჯის განსამტკიცებელ-გასაკეთილშობილებლად გასულ კვირას ახალი შეიარაღების სახეობები გაგვაცნო. ჩვენ რა – რუს ამომრჩეველს გააცნო.
ზედაც, აუწყ-გვაუწყა, რომ ეს ახალი რუსული შეიარაღება რუსეთს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს და სრულად დაცულს ხდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისგან. და, თურმე, ასეთი ტიპის იარაღის ფლობა რუსეთს შეიარაღებათა რბოლაში უპირატესობასაც ანიჭებს.
„ამ შეიარაღების სიმძლავრე და სიდიადე, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, უდიდესი იქნება მათი სისწრაფე – ანტისარაკეტო სისტემები მათ უბრალოდ ვერ დაეწევა!“ – ამცნო პრ. პუტინმა ფედერალურ თავყრილობას.
უფრო მეტიც, რაკი, მისი თქმით, მსოფლიოს წამყვანი არმიები ესწრაფვიან, რამენაირად ასეთი იდეალური შეიარაღება ჰქონდეთ, დასძინა: „ძვირფასო მეგობრებო, რუსეთს ასეთი იარაღი უკვე აქვს“!
მხოლოდ სიტყვებს არ დასჯერებია და შეკრებილ საზოგადოებას კადრებიც აჩვენეს, თუ როგორ დასცხებენ „რუსი გმირები ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“ (ანუ ამ შეიარაღების გამოცდის კადრები). კერძოდ, ლაპარაკია სტრატეგიულ-სარაკეტო კომპლექს „სარმატზე“ – შეუზღუდავი მოქმედების ფრთოსან რაკეტაზე, უპილოტო წყალქვეშა აპარატსა და საავიაციო-სარაკეტო კომპლექს „კინჟალზე“ (საგულისხმოა, რომ კავკასიური სახელწოდებაა!).
ერთი სიტყვით, რუსი საზოგადოება (ცხადია, რუსთა ჩვენებური ტრფიალებიც) აღტაცებულია (რაკი დამპალი კაპიტალიზმისგან თავდაცვის დამატებითი საშუალება გასჩენიათ), თუმცა პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ისეც არ წვიმს, როგორც ქუხს (იმას გარდა, დღესავით ნათელია, რომ დასავლეთმა რფ ჩაითრია შეიარაღებულ რბოლაში, რაც სანქციებზე უარესი დარტყმაა რუსული ფინანსებისთვის), ენას კი ძვალი არ აქვს და ყველაფერს იტყვის (მაგალითად, ჩრდილოკორეელი ლიდერი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ჩრდილოკორეელმა ასტრონავტებმა მზე მოიარეს) და ამ პრეზენტაცია-ბაქიბუქის მიზანი წინასაარჩევნო რბოლაა.
თუმცა, მართლაც, რომ შეექმნა ამ ჩვენს ოკუპანტს მსგავსი შეიარაღება, ჩვენ მაინც მშვიდად უნდა ვიყოთ, ვინაიდან საკუთრივ ჩვენთვის რამის წასართმევად ჟანგიანი ტანკიც ეყოფა.