№9 რის გამო მისულა ბაია გადაბაძე სასოწარკვეთამდე და გეგმავენ თუ არა ის და მაკა ასათიანი ბარსელონაში საერთო ბიზნესის დაწყებას
ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ ცხოვრება შეეცვალა. 15-წლიანი წარმატებული ჟურნალისტური კარიერა მიატოვა და სრულიად ახალი სფეროს შესწავლა გადაწყვიტა. ახლა, სწავლის პარალელურად, მუშაობს კიდეც. პირველი ნაბიჯები ახალ პროფესიაში რთული, მაგრამ მისთვის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი აღმოჩნდა.
ბაია გადაბაძე: ბარსელონაში, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი საუნივერსიტეტო სწავლის ნაწილი და პარალელურად, ანაზღაურებადი სამსახურია. უბრალოდ, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მე ჩემი უშუალო ხელმძღვანელი მუშაობაში შეფასებას მიწერს.
– რა შედის თქვენს მოვალეობებში?
– სტუმრების მომსახურება, პროფესიონალთან ერთად. მნიშვნელობა არ აქვს, მენეჯერი იქნება თუ სასტუმროს ოფიციანტი, ყველა თანამშრომლის ფუნქციებში უნდა გაერკვე. ამიტომ, ყველანაირ საქმეს მათთან ერთად ვაკეთებ, რაც ძალიან რთულია. ხშირად მიწევს ფიზიკური მუშაობა. როცა მომსახურების სფეროში მუშაობ, რვა საათის განმავლობაში დაჯდომის უფლება არ გაქვს. ეს მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა ვსადილობ, ან ვვახშმობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან დაღლილი იყო, ფორმიდან არ უნდა ამოვარდე და სტუმრებს ბედნიერი სახით უნდა შეეგებო. მოდუნების საშუალება ერთი წუთითაც არ გაქვს. თან, მე ესპანური არ ვიცი, ახლა დავიწყე სწავლა და ამიტომ ზოგჯერ მიჭირს. საერთოდ, ყველაფერი ზეპირად უნდა იცოდე. უცებ ისეთი რამ რომ გთხოვონ, რაც არ იცი, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. რა თქმა უნდა, საოცრად უნდა იცოდე მენიუ და ისიც გაითვალისწინო, რას შეიცავს თითოეული კერძი და რაზეა ალერგიული ესა თუ ის კლიენტი, რა უყვარს, რა – არა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეურჩიო მინიუ. მოკლედ, მილიონი დეტალის გათვალისწინება გიწევს.
– რა იყო მოტივაცია, როცა ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეთ?
– ცნობილი მოვლენების შემდეგ მივხვდი, რომ პროფესიის შეცვლის დრო დადგა. 2002 წელს, ისე როგორც ახლა, სტაჟიორობით დავიწყე ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობა და შემდეგი თხუთმეტი წელი ამ საქმეში გავატარე. ბოლოს, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ტელევიზიის – „მაესტროს“ დირექტორი ვიყავი. თუმცა მივხვდი, რომ უფრო დიდი ტელევიზიის დირექტორობა არ იყო ჩემი ამბიცია. მინდოდა, ის მეკეთებინა, რაც მსიამოვნებს და პარალელურად, სხვასაც მიაჩნია, რომ ჩემი იმ საქმეში ყოფნა მნიშვნელოვანია. ბოლო მოვლენების შემდეგ, ჩავთვალე, რომ ამ ეტაპისთვის, ჩემი თავი მედიაში ამოვწურე. ვერ მივხვდი, სად წავსულიყავი, სად მემუშავა და ამიტომ, პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. მე არასდროს მიმუშავია მხოლოდ ხელფასისთვის. ჩემი საქმე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და მივხვდი, რომ მეორე პროფესიაც ამ პრინციპით უნდა ამერჩია. ვფიქრობ, კარგად გამომდის ხალხთან ურთიერთობა და თან, ძალიან მიყვარს ეს პროცესი. მიყვარს, მასპინძლობა საკუთარ სახლში იქნება ეს თუ სხვაგან. მიყვარს დღესასწაულების ორგანიზება და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მე შემეძლო. სწორედ ამიტომ გადავწვიტე, პროფესიონალურ დონეზე მესწავლა. მინდა, ბარსელონაში მიღებული ცოდნა საქართველოში გამოვიყენო.
– როცა ეს არჩევანი გააკეთეთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო პრაქტიკა იმისთვის, რომ შემდგომ მაკა ასათიანის რესტორანში დაგეწყოთ მუშაობა. მართლა აპირებთ თქვენ და მაკა ამ ნაბიჯის გადადგმას?
– ჩვენ მეგობრები ვართ და მე აქ მასთან ვცხოვრობ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ერთად ვართ. მაკას ბარსელონაში თავის დიდი გეგმები აქვს, მაგრამ ეს მისი პირადი გეგმებია და ამწუთას ის საერთო არაა. თუმცა, სამომავლოდ, ბუნებრივია, არაფერს გამოვრიცხავ.
– როგორც ჩანს, მაკა მართლა აპირებს რესტორნის გახსნას.
– ეს არ არის რესტორანი. თუმცა, მათ შორის, შეიძლება, რესტორანიც მოიაზრებოდეს. მაგრამ უფრო კონკრეტულად, მაკას მაგივრად, მე ვერ ვისაუბრებ.
– თქვით: როგორც 15 წლის წინ გავდიოდი სტაჟირებას, ახლაც იგივე ეტაპია ჩემს ცხოვრებაშიო. მარტივი არ იქნებოდა მრავალწლიანი წარმატების შემდეგ, სხვა ქვეყანაში, ისეთ სფეროში ძალების მოსინჯვა, რომელშიც არანაირი ბეგრაუნდი არ გაქვთ.
– ძალიან რთულია. იმიტომ კი არა, რომ მინდა, აქ ვინმე მიცნობდეს და იცოდეს, რა გამიკეთებია. უბრალოდ, რომ გგონია, ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე, მერე ძალიან რთულია, ისევ პირველი საფეხურიდან დაწყება. ასაკიც მნიშვნელოვანია – ასეთ სიახლეებს სულ სხვანაირად აღიქვამ 22 წლისა და აბსოლუტურად სხვანაირად – 38 წლის ასაკში. თუმცა, ამ სირთულეს აიოლებს ის, რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და რაღაცებს უფრო მარტივად ვაგვარებ. თუმცა, მაინც ძალიან რთულია. პირველად, სტუმრებს რომ ოფიციანტის რანგში ვემსახურებოდი, მეცინებოდა, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი, სწორად ვიქცეოდი თუ არა. მერე ეს პროფესია ძალიანაც მომეწონა და დავაფასე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენად რთული და შრომატევადი საქმე იყო. ვერ აღვწერ, როგორი მძიმეა, როცა საათების განმავლობაში მიწევს ფეხზე დგომა. ზოგჯერ სახლში რომ მოვდივარ, მთელი სხეული მტკივა. თუმცა, შენ რა გტკივა, ეს უმნიშვნელოა. ყოველთვის მხრებში გამართული, მოღიმარი უნდა ემსახურო ყველას და ერთი წუთი არ გაქვს მოსვენების საშუალება. ბევრი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სირთულის გადალახვა დამჭირდა, მაგრამ ყველაფერს შევძლებ, რადგან ჩემი მიზანი ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული. იცით, როგორ დეტალებს მასწავლიან: სად ირეცხება ჭურჭელი, რომელ უჯრაში რა ჭურჭელი უნდა ინახებოდეს, რა წინ დგას და რა – უკან და ასე შემდეგ. თავიდან ვერც კი ხვდები, რა საჭიროა ამის ცოდნა. თუმცა, მერე იგებ, რომ სწორედ დეტალები გამოარჩევს სასტუმროებსა და რესტორნებს ერთმანეთისგან.
– არასდროს გინანიათ გადაწყვეტილება?
– მიფიქრია, რა მინდოდა საერთოდ: ყველაფერს მივატოვებ და წავალ, უკვე აღარ შემიძლია-მეთქი. რამდენჯერმე სასოწარკვეთამდე და ტირილამდეც მივსულვარ. მაგრამ, ჩემი თავი ხელში ავიყვანე და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ამ საქმეს შუა გზაზე არ მივატოვებდი. საკმაოდ ჯიუტი ვარ. თუ რამეს მიზნად დავისახავ, ის რომ არ გამომივიდეს, შეიძლება, ნერვიულობისგან მოვკვდე. ამიტომ, აქაურობა რომ მიმეტოვებინა, გაცილებით მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავვარდებოდი, ვიდრე ვიყავი. ახლა ნახევარზე მეტი გზა უკვე გავლილია და მსგავსი „შემოტევები“ აღარ მაქვს.
– ის მომენტი არ გქონიათ, განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რაღაცების გაკეთება რომ გეუხერხულებოდათ?
– ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ზოგიერთი რამის გაკეთება, რასაც ახლა ვაკეთებ, ოდესმე მომიწევდა. მაგრამ, ზუსტად მსგავსი აზრების დათრგუნვა იყო ჩემი მიზანი. ცხოვრება ასეთია, არასდროს იცი, ხვალ სად აღმოჩნდები და რისი გაკეთება მოგიწევს. ამიტომ, ვებრძოდი ჩემს თავს.
– რაც შეეხება არასაქმიან მხარეს, როგორია თქვენი და მაკას ცხოვრება? როგორ ისვენებთ და ერთობით საქმეების შემდეგ?
– ამისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. იყო პერიოდები, როცა იმდენად დატვირთული გრაფიკი მქონდა, ღამე რომ მეძინა, მეგონა, რაღაცას ვაშავებდი. ახლაც ძალიან დატვირთული ვარ და მაკაც ასეა. ჩვენი გართობა, საღამოს საუბრებია წითელ ღვინოს ან ჩაისთან ერთად. მაქსიმუმ, შეიძლება, გასეირნება მოვახერხოთ. არც მაკა და არც მე ღამის ცხოვრებისა და გართობის მოყვარულები არ ვართ. ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობთ და თერთმეტ საათზე ორივეს გვძინავს (იცინის). ერთმანეთთან ურთიერთობით უფრო ვერთობით, ვიდრე სადმე წასვლით. თუმცა, ზოგჯერ გავდივართ კიდეც. თუ მძიმე პერიოდი მაქვს: აი, რომ ვფიქრობ, ახლა ყველაფერს დავყრი და წავალ-მეთქი, მაკა მაკავებს. მისგან ძალიან დიდ მორალურ მხარდაჭერას ვგრძნობ. ის რომ აქ არის და მე ამ ქალაქში მარტო არ ვარ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.