№9 როგორ გადაარჩინა სიკვდილს თამარ მაყაშვილი უცნობმა მამაკაცმა და რატომ არ უნდა რუსკა მაყაშვილს ძიძის გაგონება
თამარ მაყაშვილი უკვე ორგზის ბებიაა და როგორც თავად ამბობს, ბებიობა უფრო ახლა გააცნობიერა. ისე მოხდა, რომ ბოლო პერიოდში უმუშევრობა აწუხებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვს – პატარა ილიას სახით და თან, ამ დროს ახალი პროექტის დასაწყებადაც იყენებს.
თამარ მაყაშვილი: ჩვენს ოჯახში ახალი და კარგი ამბავი ისაა, რომ ბატონი ილია გაგვიჩნდა და ყველანი ვერთობით. სხვათა შორის, მთელი სტუდენტობა პაოლო იაშვილის ლექსებს ვკითხულობდი, მაგრამ როგორც კი ელენე დარიანის ციკლზე გადავდიოდი, ვხვდებოდი, რამდენადაც კარგად ვკითხულობდი პაოლოს, იმდენად ცუდად გამომდიოდა დარიანი. გადის წლები და უცებ ჩემი შვილი მისი შვილიშვილების ოჯახში შედის (იცინის). ვამბობდი, ეს, ალბათ, ნიშანია და ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ მე ოდესმე შევძლო და დარიანის ციკლიც გავაკეთო-მეთქი (იცინის). მეტი ახალი ჩემს თავს არაფერია. უმუშევრობის პიკში ვართ და სახლში ვზივართ. ახალი ამპლუა მაქვს სახლში. ნინუცა დამცინის, ექსტაზს ხომ არ ყლაპავო – დილით ავდგები თუ არა, მტვერს დავწმენდ, იატაკს მოვწმენდ, ჭურჭელს ვრეცხავ და თან, ვცდილობ, ეს ყველაფერი უცებ გავაკეთო. დილიდან გამოვიპრანჭები „ჟაბოებიანი საროჩკით“ და ასე დავდივარ ოთახიდან ოთახში. გასართობი ვიპოვე. ხომ იცი, რაღაც უნდა ჩაიბეჭდო თავში, თორემ, შეიძლება, „გარეკო“. რაც მთავარია, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, გამეკეთებინა მონოტიპის ბიოგრაფიულ-ლიტერატურულ-მუსიკალური სპექტაკლი სალონურ სტილში და როგორც იქნა, თავი მოვაბი. ეს ყველაფერი ცოცხალი იქნება და მსმენელს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბოჰემური თბილისის საინტერესო ადამიანების შესახებ საინტერესო ისტორიების მოსმენის საშუალება ექნება. მაყურებელი შენი ისტორიის მოსმენის გარდა, ამ ყველაფერში საკუთარ თავსაც დაინახავს. ახლა პაოლოზე ვმუშაობთ და ეს იქნება მადლობა, უპირველესად, პაოლოსადმი და ასევე, მადლობა მის ოჯახს, რომელიც ასე ჰყვება თან ჩემს ქალიშვილს.
– ილია როგორი ბიჭია?
– ილია არის ძალიან მსუქანი ბიჭი, დატენილ ტუმბოს ჰგავს. სულ კარგ ხასიათზეა და გაუთავებლად ლაპარაკობს. ნეტა, ვის ჰგავს?! იმ დღეს აქ გვყავდა და წუწუნებდა, ხელში აყვანა უნდოდა. როგორი ასაყვანია ამხელა ბავშვი?! (იცინის) ვუმღერეთ საბავშვო სიმღერები, მაგრამ არცერთი არ მოეწონა და უცებ, დავიწყე საბჭოთა ჰიმნი რუსულ-ქართულად. გადაირია ბავშვი ისე მოეწონა, სიცილით კვდებოდა (იცინის).
– ვის ჰგავს?
– ამბობენ, რომ რუსოს ჰგავს, მე, რაღაც მომენტში, ნინუცას ვამსგავსებ. ძალიან ბევრჯერ ჩემს ძმას მივამსგავსე. ყველა ასეთი პუტკუნები ვიყავით. მე მაინც, სასწაული სისქე მქონდა. ორ წლამდე გაბერილი ბურთი ვიყავი თუ ბავშვი, ვერ გაიგებდი. ერთი ადგილი იმხელა მქონდა, რომ სულ ვეცემოდი.
– ორგზის ბებიობა როგორია?
– სხვათა შორის, ილიასთან უფრო აღვიქვამ ბებიობას. ნოდარიკო უფრო ჩემს შვილად მიმაჩნია. შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენთან გაიზარდა. ბავშვი ვერ ერკვეოდა – ხან დედას მეძახდა, ხან ბებოს. ილია სხვაგან ცხოვრობს, მოდის და მიდის. ამიტომ, ვხვდები, რომ მარტო ჩემი არ არის. ნოდარიკოსთან ჩვეულებრივი მესაკუთრეობა მჭირს.
– რუსკა როგორი დედა აღმოჩნდა?
– სხვათა შორის, არაჩვეულებრივი. აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ძალიან ყოჩაღია, ძიძის გაგონება არ უნდა. მით უმეტეს, რისთვისა ვართ ამდენი უმუშევარი?! ერთმანეთს ვეცილებით ჩვენც და მისი დედამთილი – მაკო. უპირველესად, სანდრიკა ეხმარება ძალიან. ნინუცას მოჰყავს ხოლმე და დღე და ღამე უვლის. ორივეს უყვარს ძილი და პრობლემა არ აქვთ. იმ დღეს, ჭამის დრო რომ მოუვიდა, ნინუცამ თეატრში მიუყვანა. რა მოხდა, ნახევარზე მეტი ბავშვები ასე გაიზარდნენ. როცა რამე არ მოსწონს ან ეჭვი ეპარება, რეკავს და მეკითხება. მე არ ვარ პანიკიორი და წამლის მოყვარული. თუ შეიძლებოდა, წამალი არ გამომეყენებინა და სხვა ბუნებრივი საშუალებებით მემკურნალა, ყოველთვის იმ გზას მივმართავდი. არც რუსას აქვს სიგიჟეები. ორო ბოდე, სამი წინდა და 16 პულოვერით რომ დაჰყავთ პატარები, ისეთი დედა არაა. ახლა ბაკურიანში ჰყავდათ ერთი კვირით წაყვანილი და ბავშვი სულ თოვლში იყო გაგორებული.
– მშობიარობაზე არ გაგაგიჟათ?
– სხვათა შორის, მანამდე უფრო გვაგიჟებდა. ამბობდა, რომ მოვკვდეო?! ყველა გადარია, სოსო ღოღობერიძემ თქვა, ეს მშობიარობის დროს რას გვიზამს, წარმოგიდგენიაო?! ინტერნეტში რომ სისულელეებს წერენ, მშობიარობის დროს სიკვდილიანობა ხშირიაო, ეტყობა, ეგ წაიკითხა და რომ მოვიდოდა, ჭკუიდან გადავყავდი. მე ჩემი შერყეული ჯანმრთელობით კიდევ მაგის ლაპარაკი მინდოდა?! (იცინის) მაგრამ, ბოლოს მეც და სოსოც ხელებაწეული გამოვედით. ოღონდ ერთი მომენტი იყო – რომ გაიგეს, რუსომ უნდა იმშობიაროსო, მთელი სამშობიარო მოვიდა მის სანახავად. ჩუმად მეკითხებოდა, ყველა აქ უნდა იყოს და მიყურონო? თან, რცხვენოდა და ვერაფერს ამბობდა (იცინის). მაგრამ, მერე მართლა გაგვაოცა. ბავშვი რომ დაიბადა, თავიდან ზედმეტად ფრთხილობდა. ბავშვის ძილის გასაკონტროლებელ აპარატს დაიდგამდა და უყურებდა. ჩვენ რომ ვაშაყირებდით, ბრაზდებოდა. მაგრამ, მალე გადაუარა და ახლა სადაც დააგდებენ, იქ სძინავს ბავშვს (იცინის). ყველა ასე გაიზარდა, ჩვენთან სულ ასე იყო. ელიზბარი არაგვზე ჯერ შავ მიწას ჭამდა, მერე წავიდოდა და არაგვის წყალს დააყოლებდა (იცინის).
– პატარები როგორ შეხვდნენ კიდევ ერთ პატარას?
– ელიზბარი სასწაულად ტიროდა, მათხოვეთ ხოლმე ბავშვიო. ნოდარიკომ ვერ აიტანა, ამბობდა – არ მინდა, ნუ მოდის, როდის წავა ეს ბავშვი აქედანო. მერე, რაღაც პერიოდი რომ გავიდა, უცებ შემოვიდა ოთახში და გამოგვიცხადა: მე ილია შემიყვარდაო.
– პირველად რომ გახდით ბებია, მაშინ როგორი ემოციები გქონდათ?
– ამას მერე და მერე უფრო აცნობიერებ. იმწუთას იმდენად ნერვიულობ, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ. პირველადაც და ახლაც, მე შიგნით ვიყავი, ბლოკში და დავყიალობდი. დიდი საყურებელი იქ არაფერია, მაგრამ მაინც შევიდოდი და გამოვიდოდი. ხან ვხუმრობდი, ხან ვიცინოდი, რომ გამერთო, მაგრამ შინაგანად ვნერვიულობდი. თუმცა, არ მჩვევია პანიკის აყოლა. ეგ კი არა, ბავშვობაში სულ დამტვრეული მოვდიოდი სახლში: ცხვირი, პირი, კბილი, ყველაფერი დალეწილი მქონდა, მაგრამ ჩემს მშობლებს რეაქცია არ ჰქონდათ. ჩემი მეზობლის ბავშვს რომ დამართნოდა რამე მსგავსი, მათი ოჯახის კივილზე ეზო შეიყრებოდა ხოლმე და სულ მშურდა. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ არ არის საჭირო გადარევა. ერთხელ ფეხში ლურსმანგარჭობილი მოვედი, ერთი მითხრეს: „მალადეცო” და „პლასკაგუპცით“ ამომიღეს (იცინის).
– თქვენი მშობიარობაც გაიხსენეთ.
– რუსოზე ორსულობისას მშვენივრად ვიყავი, მაგრამ მერე სასწაული დამემართა, რასაც არ ელოდნენ. საშინელი სისხლდენა დამეწყო, მომყოლი არ მოდიოდა და მოუწიათ ჩემი დაძინება. მე აღარაფერი მახსოვს, მაგრამ მითხრეს, რომ დაკონსერვებულ სისხლს მასხამდნენ და უკან ვასხამდი. ჩვეულებრივად, მაგიდაზე ვკვდებოდი. თბილისობის ღამე იყო და უთქვამთ, რომ ცოცხალი სისხლი სჭირდებოდათ. იმ ღამეს ბევრი მშობიარე ყოფილა და დედაჩემმა მითხრა, ყველამ თანხმობა განაცხადაო. მაგრამ, სისხლი რომ აუღეს იმ ქალებს, მერე ჰკითხეს, ნასვამი ხომ არ ხართო და ყველა ნასვამი აღმოჩნდა – თბილისობა ღამე იყო და... დედაჩემი ჩემს ძმას ეტაკა, თურმე, შენ მიეციო. ის უარზე იყო, რაზეც გაგიჟებულა ქალი, რას ჰქვია, დას სისხლს ვერ მისცემო. ჩემს ძმას სტაფილოკოკის ინფექცია ჰქონდა, მაგრამ ვერ გააგებინა დედაჩემს. დღემდე არ ვიცი, ვინ, ვიღაც რუს კაცს გადაუსხამს სისხლი, ქალიშვილი მოუყვანია სამშობიაროდ. მგონი, ნახევარი ლიტრი ამოუღეს, მაგრამ ვერც გვარი და საერთოდ, ვერაფერი გავიგეთ მის შესახებ, რომ მადლობა მაინც გვეთქვა. ყველაფერმა რომ ჩაიარა, ჟურნალი მოვიპარე და გვარები ვნახე, ვისი სისხლიც გადამისხეს. მერე გამწარებული ვკიოდი, ახლა მე მაყაშვილი ვარ თუ პეტროსიანი-მეთქი?! (იცინის) იგივე გამოვიარე ნინუცაზე, მაგრამ მაშინ დაკონსერვებული სისხლი მივიღე. 21 წლის შემდეგ, ელიზბარის გაჩენის დრო რომ მოვიდა, ექიმი მეუბნება: თამარა, გადასარევად ხარ და იმშობიარებო. სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, იმ ყველაფრის შემდეგ საკეისრო მინდოდა. რომ ვიმშობიარე, იმ დღესვე წამოვხტი, საჭმელი მოვითხოვე და სირბილი დავიწყე. მერე იქ მოსაწევი ადგილიც ვიპოვე, თვითონ რომ არ იცოდნენ, ისეთი (იცინის). ექთნებთან და ექიმებთან ერთად, პაპიროსს ვეწეოდი საკეისროს შემდეგ (იცინის).