რატომ დატოვა ნელი აგირბამ „კურიერი“ და როგორ დაუდგა გვერდში მას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ილო ბეროშვილი
ბოლო რამდენიმე წელი ნელი აგირბას ცხოვრებაში განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა: განშორება, ტკივილი, იმედგაცრუება, ოცნებების მსხვრევა და მერე – ახალი სიყვარული, ახალი იმედები და წარმოუდგენელი ბედნიერება. ბედნიერება, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ შიში ახლდა – დაკარგვის შიში, რომელიც, სამწუხაროდ, რეალობად იქცა.
– ნელი, შვილებზე საუბრით დავიწყოთ. როგორი გოგონები არიან და შენ როგორი დედა ხარ?
– ჩემები საკმაოდ თავისუფლები არიან. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. ვხვდები, რომ რაღაცებში ვერ „ვუქაჩავ“, მაგრამ ვცდილობ, თავი აღვზარდო. ზოგჯერ არ მყოფნის ენერგია, რომ ბოლომდე გავყვე – ისეთივე შემართებით ვეთამაშო, როგორც ისინი თამაშობენ და ისე მიხარიოდეს, როგორც მათ. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემთან არიან, ჩემთან დაიბადნენ. მათ გამო დავრჩი ცოცხალი, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა. ახლა ვცდილობ, ხარისხიანად ვიყო ცოცხალი, რომ მათ გამოვადგე. ჩემი, როგორც დედის, მისიაა, მათ დიდი დოზით მივცე სიყვარული და რაც შეიძლება, ნაკლები სტერეოტიპით გავზარდო. უფროსმა მითხრა, შენ რომ მომკვდარიყავი, ძალიან ცუდი იქნებოდაო. რატომ-მეთქი? ჯერ ბევრი მაქვს შენგან სასწავლიო. მარტო ეგ არის მიზეზი-მეთქი? არა, ბევრს ვიტირებდიო (იცინის). თუმცა, არ მინდა, მათთვის ცალსახად იდეალური მოდელი ვიყო. სამაგალითო არ ვარ და ვცდილობ, ესეც ავუხსნა.
– შენ და ილო ბეროშვილი ცნობილ ადამიანებს შორის, გამონაკლისი ხართ იმ თვალსაზრისით, რომ განქორწინების შემდეგ, კარგი ურთიერთობის აწყობა შეძელით.
– ილო ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია და მგონი, ისიც ასე ფიქრობს. ერთმანეთისთვის გულწრფელად ახლობელი და ძვირფასი ადამიანები ვართ. თავიდან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა და ყველაფერს ბავშვებისთვის ვცდილობდით. მაგრამ მერე, დროსთან ერთად, დაძაბულობა გადის.
– თქვენს ფოტოებს მოჰყვება ხოლმე ხმები, რომ ისევ ერთად ხართ.
– არა, ცალ-ცალკე ვარ, მაგრამ ვმეგობრობთ. ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები ვართ.
– ბავშვებმა როგორ გამოიარეს თქვენი ამბები?
– ალბათ, საღ გონებაზე და დამშვიდებულ მდგომარეობაში ყველა ხვდება, რომ ამ პროცესმა ბავშვისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა ჩაიაროს. პატარებს უნდა აუხსნა, რომ დედის და მამის დაშორება მათი ბრალი არ არის; რომ არცერთი მშობელი არ არის ცუდი და უბრალოდ, ასე გამოვიდა. თუმცა, როცა ეს ხდება, ამ პროცესს თან დიდი ვნებათაღელვა ახლავს. ტკივილები, კომპლექსები, წარმოდგენების მსხვრევა, ოცნებების დათმობა და კიდევ ბევრი მტკივნეული მომენტი. ამ დროს ძალიან რთულია საღი გონების შენარჩუნება და ბავშვები ზარალდებიან. თუმცა, მათთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა – საბოლოო ჯამში, ხომ ტკივილები გვზრდის?! ამის მიღება მარტივი არაა, მაგრამ რეალობა ასეთია. როცა ეს ამბები დაიწყო, უმცროსი ექვსი თვის იყო. არ ვიცი, მაშინ ხვდებოდა თუ არა, რამეს, თუმცა ლაპარაკი დაიწყო თუ არა „მამას“ ძალიან ხშირად ამბობდა. რაც შეეხება უფროსს, იმ დროს მე ისეთი გაჭედილი მქონდა, აქეთ მაწყნარებდა. მიტოვებულის კომპლექსი გამიჩნდა. განვიცდიდი, რომ ილომ მიმატოვა. ვფიქრობდი, ესე იგი, მე არ ვვარგივარ-მეთქი. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, წონაში მოვიმატე. დავიწყე დიეტები და „განაშება“ – წითელი პომადები, მოკლე კაბების ჩაცმა და „ფეისბუქზე“ ბევრი სექსუალური სელფის დადება. დავიკელი 13 კილოგრამ-ნახევარი (იცინის). სანამ ამას გავაკეთებდი, უფროსი შვილი, რომელიც მაშინ ოთხ-ნახევარი წლის იყო, მეუბნებოდა: დედა, ახლა შენ ბევრი არ ჭამო, ბევრი იმუშავე, ლამაზად ჩაიცვი და მამა თვითონ მოვაო. მე რომ ნაწყენი ვარ და აღარ მინდა-მეთქი? მაშინ, შენ ბევრი მაინც არ ჭამო, ბევრი იმუშავე, ლამაზად ჩაიცვი და მამა თვითონ რომ მოვა, შენ უთხარი: მე აღარ მინდაო (იცინის). თან, გეგმავდა, რომ გავიზრდები, მე გავყვები მამას ცოლადო, კონკურენტი მომიშორა (იცინის). ის მართლა ძალიან მეხმარებოდა, თან ბევრს მეხუტებოდა. გაუჭირდა მასაც, ილოსაც, მეც – ყველასთვის რთული იყო. თან, იგივე გზა ბავშვობაში მეც გამოვიარე და ვიცი, რამდენად რთულია ეს ყველაფერი.
– როდის გადალახეთ ყველამ ერთად ეს სირთულე?
– ნელ-ნელა. მერე კიდევ ვცადეთ შერიგება, მაგრამ არ გამოვიდა. ამ ამბიდან ნახევარ წელიწადში შედარებით აზრზე მოვედი. დაშორებიდან ერთ წელიწადში მივხვდი, რომ მთელი ის პერიოდი – ამ ჩემი მოკლე კაბებით, სექსუალური სელფებითა და მსგავსი რამეებით, ერთ-ერთ გოგოს ვეჯიბრებოდი, რომელზეც ვეჭვიანობდი,
– პოსტიც დაწერე მაშინ რჩევის სახით გოგოებისთვის, რომ ილოს მოკლეკაბიანი გოგოები მოსწონდა.
– კი. ოღონდ ის პოსტი ისეთ მდგომარეობაში დავწერე, ან თავი უნდა მომეკლა, ან ეგ დამეწერა (იცინის). ისეთი გამწარებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, საშინლად გავჭედე. მაშინ მესმოდა იმ ადამიანების, ეჭვიანობის ნიადაგზე, რომ კრიმინალურ დანაშაულს სჩადიან (იცინის).
– საბოლოოდ, როდის დალაგდით?
– მაშინ, როცა გავთხოვდი. ამან რაღაცები გაამწვავა, მაგრამ ჩემმა ქმარმა ძალიან იყოჩაღა, ილომაც და ბოლოს ერთად აღვნიშნეთ ილოს დაბადების დღე. ჩვენ ვმეგობრობდით. მერე, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა, ბავშვები ერთი თვე ილოს ჰყავდა. მაშინ ილო ძალიან გაყოჩაღდა, როგორც მამა. ისედაც ძალიან მაგარი მამა იყო, მაგრამ ჩვენ შორის არსებული დისტანცია, ხელს უშლიდა. მერე რაღაც სისულელეებმა მნიშვნელობა დაკარგა.
– რაც შეეხება გათხოვებას, ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ამბავი.
– ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. ერთმანეთს „ჯემ ფესტზე“ შევხვდით. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. იქ რაღაც მოხდა, დაახლოებით ისეთი, ელვა რომ დაგეცემა. რაღაც პერიოდი თავს ვიკავებდით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ აღარ შეგვეძლო. მაშინ ძალიან უცნაური განცდა დამეუფლა. პირველად ვიგრძენი, რომ მე არ ვარ ცალკე ადამიანი. ორივეს გვქონდა განცდა, რომ ერთნი ვიყავით დაბადებამდე, სახელებამდე და საერთოდ, ყველაფერ იქამდე, რაც ამქვეყნად პირობითია. ვერ ვამბობდით – „მიყვარხარ“, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა სუბიექტის ურთიერთობაა. ვამბობდით – „შენ ვარ“, იმიტომ რომ, ასე ვგრძნობდით. მას რომ ვეხებოდი, ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვეხებოდი. ამიტომ, გვქონდა განცდა, რომ მეორე ნახევარი არსებობს და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ. მანამდე ორივეს გვქონდა წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება და ამიტომ, ორივე „აცრილები” ვიყავით. ქორწინების გვეშინოდა, მაგრამ მაინც ძალიან გვინდოდა. ყოველდღე ვამბობდით: „ამ პარასკევს ხელს ვაწერთ“. ბოლო-ბოლო, გადავწყვიტეთ და წავედით. მეჯვარეები გზადაგზა ავკრიფეთ, სიღნაღში ჩავედით და სუპერმაგარი ქორწილი გვქონდა. გამოვიდა, რომ ექვსი თვე ვიყავით ქორწინებაში. მერე მოხდა, რაც მოხდა. მაშინ ჩემთვის მთელი სამყარო დაინგრა. ძალიან გამიჭირდა დარჩენა, მაგრამ ლოგიკურად ვხვდებოდი, რომ ბავშვებისთვის საჭიროა ჩემი აქ ყოფნა. ემოციურად აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი და ვეძებდი გზას, აქ დასარჩენად. თეორიულად ვიცოდი, რომ დრო კურნავს. ამიტომ, ყოველდღე ვფიქრობდი – „დღევანდელ დღესაც გაუძელი ბოლომდე” და ასე, ნელ-ნელა შევძელი. თან, ძალიან ბევრს ვმედიტირებდი და ეს მშველოდა. მერე ცოტნეს, ჩემი ქმრის შვილს, გავყევი ტურნირებზე – ის ძალიან წარმატებული ჩოგბურთელია. ამ ტურნირებზე მომიწია თავის ხელში აყვანა, იმიტომ რომ, ცოტნეს ძალიან ვჭირდებოდი. მანამდე სულ მამა ჰყავდა გვერდით. თუმცა, ვგრძნოდით, რომ ჩელეც იქ იყო, უამრავ ნიშანს ვხედავდით და ძალიან კარგი შედეგიც დავდეთ. ეს იყო პირველი კატეგორიის ტურნირები, სადაც მთელი მსოფლიოდან მხოლოდ საუკეთესოები იყვნენ შეკრებილები. ცოტნემ ერთ ტურნირზე წააგო, მეორეზე კი მესამე ადგილი დაიკავა. ეს იყო ძალიან მაგარი შედეგი ქართველი ბიჭისთვის და რეიტინგში ძალიან ავიწიეთ. „მასტერის” რეიტინგში მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა, მოკლედ, ძალიან ვიყოჩაღეთ. ცოტნე საოცარი ადამიანია. ძალიან ნათელი გონება აქვს და მასთან ურთიერთობა ძალიან მეხმარებოდა. ტურნირები რომ დამთავრდა, აქ, ამ რეალობაში დაბრუნება ჩემთვის ძალიან რთული იყო. ძალიან მიჭირდა სამსახურში მისვლა. სანამ ორმოცი დღე გავიდოდა, ლაფერამ მითხრა: მოდი, ჩვენც გვჭირდები, მაგრამ შენ კიდევ უფრო გჭირდებითო. მივედი და ვცადე, მაგრამ როგორც კი ტექსტი ავიღე წასაკითხად, ეგრევე გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა და თავი ძლივს შევიკავე. მეორედ რომ დავბრუნდი, თავი ხელში ავიყვანე და ცოტ-ცოტას ვმუშაობდი. შუალედებში საგრიმიოროში ვმედიტირებდი, ცოტა აზრზე მოვდიოდი და უკან ვბრუნდებოდი. რაღაც პერიოდი ასე გავძელი.
– გოგოებმა როგორ გამოიარეს ეს პერიოდი?
– ზაფხულში, აზრზე რომ მოვედი და ცოტა თვალებში გამოვიხედე, დავინახე, რომ სესი ევას აღზრდით იყო დაკავებული. თან, მეც მეხმარებოდნენ – საწოლიდან თუ ვერ ვდგებოდი, საჭმელი მოჰქონდათ და საოცარ მზრუნველობას იჩენდნენ. ჩემი ქმარი ახალი გარდაცვლილი იყო და ევა მეკითხება: დედა, მე ცოცხალი ვარო. სესილიმ უთხრა: გააჩნია, შეიძლება, ვიღაცისთვის ცოცხალი ხარ, ვიღაცისთვის არაო. მერე ცოტნეს მოვუყევი ამ დიალოგის შესახებ და მან მითხრა: უთხარი, რომ ეგეთ კითხვებზე პასუხები არ არსებობსო.
– რისგან გარდაიცვალა ჩელე?
– ჯერ კიდევ ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, ამიტომ ზუსტად არ ვიცით. სხეული რომ ჩამოვიდა, გაირკვა, რომ ექსპერტიზა ყველა ორგანოზე ჰქონდა ჩატარებული. ასე, რომ პასუხი, ალბათ, ზუსტი იქნება.
– მანამდე არ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები?
– კი, გულზე ჰქონდა პრობლემები და ბოლოს ამბობდა: ალბათ, მალე მოვკვდებიო, რაც ძალიან მწყინდა. ამიტომ, მე აღარ მეუბნებოდა. თუმცა ექიმთან არ ყოფილა, უბრალოდ, ასეთი განცდა ჰქონდა. მეც მქონდა რაღაცის შიში. იმდენად ბედნიერები ვიყავით, სულ გვეშინოდა. ეს, ალბათ, დიდხანს ვერ გაგრძელდება, რაღაც მოხდება-მეთქი, ვფიქრობდი სადმე რომ ვიყავით და ვიშლებოდით: „გთხოვ, ოღონდ ფრთხილად იარე, რამე არ დაგემართოს,“ –ყოველთვის ამ გაფრთხილებებით ვშორდებოდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე გვიფიქრია და გვეშინოდა, მაინც წარმოუდგენლად რთული მისაღებია ეს რეალობა. თუმცა, ახლახან გავაცნობიერე, რომ ერთიანობა, რომელიც ჩვენ ვიგრძენით, არ გამქრალა. რეალურად, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. სიცოცხლე ერთია და ეს აღქმა, რეალურად, გვეხმარება იმაში, რომ გვიყვარდეს.
– ახლა როგორ ხარ, ამ ყველაფრის შემდეგ?
– სიყვარულს ვსწავლობ. ბავშვობაში მქონდა პროტესტი – რატომ არ გვასწავლიან ურთიერთობას, როცა ამდენ სისულელეს ვსწავლობთ-მეთქი. ახლა მივხვდი, რომ ურთიერთობის კი არა, სიყვარულის სწავლაა საჭირო. შეიძლება, გაგიმართლოს და უცებ საოცარ სიყვარულში აღმოჩნდე. მაგრამ, იმისთვის, რომ ეს იყოს მყარი და რეალურად შეგცვალოს, რაღაცების გაცნობიერებაა საჭირო, რისი სწავლაც შეიძლება. ამიტომ, ახლა, ამ პროცესში ვარ – სიყვარულს ვსწავლობ. სიყვარულის სწავლა აწმყოში, აქ და ახლა ყოფნას ნიშნავს, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობაა.
– „კურიერიდან“ წამოსვლა რატომ გადაწყვიტე?
– წამოვედი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა. ბოლოს ცოტა ხანი დავისვენე, აზრზე მოვედი, მაგრამ რომ დავბრუნდი, ისევ ცუდად გავხდი. ვეღარ „გავქაჩე“ და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ჯერ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ველოდები, რომ რაღაც გამოჩნდება.