№9 რის გამო ესროლა ბესიკ ქადარიამ ოთხი ტყვია სოსო პავლიაშვილის ნათლულს და ვინ გეგმავდა გიორგი გაბედავას მოკვლას მის გასაგონად
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის პროდიუსერს, გიორგი გაბედავას სცემეს და დაჭრეს. გაბედავას სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ამ დროისთვის გიორგი თავს უკეთ გრძნობს და ოპერაციის გაკეთებას ელოდება.
გიორგი გაბედავა: მოსკოვში, მე და ჩემი მეუღლე ბინას ვიცვლიდით. აქ ნორმალური ბინის მოძებნა რთულია, ბევრი მატყუარა დებს განცხადებას და ამიტომ, დრო მჭირდებოდა. სანამ ახალ ბინას ვიპოვიდით, მამაჩემის მეგობარმა შემომთავაზა, რომ მის ბინაში ერთ დიდ ოთახს მომცემდა, რომელიც დაკეტილი ჰქონდა. იქ რომ მივედით, აღმოჩნდა, ბინას ორი მეპატრონე ჰყავდა. მამაჩემის მეგობარი და კიდევ ის, ვისთანაც დაპირისპირება მომივიდა. ამ ბინის მეორე მეპატრონე ბესიკ ქადარიაა. ბარგის ნაწილი მივიტანე და ქადარიას დავუძახეთ. ვანო – მამაჩემის მეგობარი მას შეეკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იყო, რომ ჩვენ დროებით იქ გვეცხოვრა. ქადარიამ უარი განაცხადა – ეტყობა, ჩათვალა, რომ ჩვენ სამუდამოდ იქ ვაპირებდით დარჩენას, ჩვენ კი ოცი დღით გვინდოდა ბინა. მისმა მეუღლემ შვილიშვილს ძალიან მაგრად უბწკინა და ბავშვმა ტირილი დაიწყო, რასაც პანიკა მოჰყვა. უცებ ქადარიას ცოლმა მამაჩემის მეგობარს სახე ჩამოკაწრა, რასაც ვანოსა და ბესოს შორის ჩხუბი მოჰყვა. ვანო ქალს ვერ დაუწყებდა ჩხუბს და ამიტომ, ბესოს უთხრა: გაწიე შენი უზრდელი ცოლიო. მე გაშველება დავაპირე, ერთი ხელით ბესო მეჭირა, მეორეთი – ვანო. ვანო წამოვიყვანე, რომ კონფლიქტი არ გაგრძელებულიყო. იმ დღეს იმ ბინიდან ბარგის წამოღება ვერ მოვახერხე და მხოლოდ ამიტომ მომიწია იქ მეორედ მისვლა. დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ, დავურეკე ბესიკ ქადარიას და ვუთხარი, რომ ჩემი ნივთების წამოღება მინდოდა, რისი დამადასტურებელი „სქრინებიც” მაქვს. დღეს ისინი ცდილობენ, რომ ხალხში სხვა ვერსია გაავრცელონ. თითქოს მე მათ სახლში შევუვარდი. მე მაქვს ვიდეომტკიცებულება, როდორ შევდივარ მათ სახლში, სადაც ბესიკ ქადარიას ნათესავი მხვდება. მამაჩემის მეუღლე იყო ჩემთან ერთად და ყველაფერს ის იღებდა ვიდეოზე. ბინიდან ჩემი ნივთები გამოვიტანე და ქადარიას ნათესავს დავემშვიდობე. სანამ მივიდოდი, ბესოს მანამდე დავურეკე, კართან ვდგავარ, გამიღე-მეთქი, მაგრამ ნათესავმა მიპასუხა, ბესო გასულიაო. ბინიდან რომ გამოვედი, სადარბაზოში ბესოს სიძე შემხვდა. მანამდე მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ თვითონ გამეცნო, დავიდი მქვიაო. ბესოს უნდა შენთან დალაპარაკება და დაელოდეო. მაშინვე დაურეკა, მალე მოდი, მიდიანო. ნივთები ავტომობილში ჩავალაგე და ველოდი. მეგონა, ბოდიშის მოხდა უნდოდათ, რადგან ჩემთან ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. ძალიან დიდი ხანია, მათ ვიცნობ. ადრე ერთადაც გვიცხოვრია. მამაჩემი მათ ოჯახს ეხმარებოდა და მათი მხრიდან ასეთი ქცევა ვერ წარმომედგინა. ამიტომ, მეგონა, იმ ყველაფრის შემდეგ ბოდიშს მოიხდიდნენ. რომ მცოდნოდა პროვოკაციას მიწყობდნენ, არ გავჩერდებოდი. ბესო რომ მოვიდა, შეურაცხყოფა აქეთ მომაყენა. მაშინვე მივხვდი, ჩემს პროვოცირებას ცდილობდა და არ ავყევი. ვიდეოში კარგად ჩანს, რამდენ ხანს მლანძღავდნენ, მაგრამ სანამ ხელით არ შემეხნენ, მე არავისთვის დამირტყამს. როგორც სახეზე შევატყვე, რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თუმცა, ნასვამები არ ჩანდნენ, ამას აუცილებლად მივხვდებოდი სუნით. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდათ და ძალიან აგრესიულები იყვნენ. დაიწყო ჩხუბი, შეურაცხყოფა, ხელის კვრა. რა თქმა უნდა, თავი დავიცავი. ქადარია, მისი სიძე და მათი ნათესავი, რომელიც სახლში დამხვდა, ერთად იყვნენ. ბესოს სიძემ დანა ამოიღო, ჩემთვის უნდა დაერტყა, მაგრამ მოგერიება მოვასწარი. დანა დაბლა დავარდა, თვითონ კი სადარბაზოსკენ გაიქცა. დაახლოებით მეტრნახევრამდე მასიური რკინის ნაჭერი აიღო, ეგრეთ წოდებული, „ყინულის სატეხი” და ცდილობდა, ჩემთვის დაერტყა. მისი შეჩერებაც მოვახერხე, მაგრამ ამ დროს ბესომ სროლა დამიწყო. ერთი ტყვია ორი მეტრის მანძილიდან მესროლა. მეორედ იარაღი მომადო და ისე მესროლა. ამ დროს მისმა სიძემ დრო იხელთა და ის რკინა სამჯერ ჩამარტყა თავში. ბესო ცდილობდა, თავში ესროლა. იარაღი შუბლზე ჰქონდა მობჯენილი. მაგრამ, ამ დროს ინსტინქტურად დავეჯახე და ჰაერში გაუვარდა, მხოლოდ ამიტომ ვერ მოახერხა თავში სროლა. ერთი ჭრილობა მარცხენა მხარში მაქვს, მეორე მუცელში და მესამე ზურგში. ამის შემდეგ ორივეს ხელი ვკარი და წაიქცნენ. მანქანაში ჩაჯდომა მოვახერხე. ბესოს სიძე მანქანას ურტყამდა იმ რკინას და ეს ეტყობა კიდეც ავტომობილს. ექსპერტი არ ვარ და ვერ ვიტყვი, რის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ფხიზლები არ
იყვნენ.
– სასმლის სუნი არ ჰქონდათო, აღნიშნეთ. ფიქრობთ, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ?
– ბესიკ ქადარია ცნობილი ნარკომანია, ეს ყველამ იცის. ამის მიუხედავად, არასდროს დაუკავებიათ. მთელი ცხოვრება პოლიციასთანაა შეკრული. სროლის ხმაზე ხალხი გამოვიდა. ცოტა ხომ არაა, ოთხი ტყვია მესროლა. ხალხმა ყვირილი დაიწყო, ინვალიდ კაცს როგორ კლავდიო. როგორც აღმოჩნდა, ბესიკ ქადარიას მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი აქვს. აქ ჩვეულებრივად იყიდება ეს სტატუსი და მისი გაკეთება თურმე მეც შემიძლია.
– ხალხმა რატომ გადაწყვიტა, რომ თქვენ იძალადეთ მასზე?
– მათ დასანახად სიმულიანტობა დაიწყო, თითქოს მე დავესხი მათ თავს. ცოტა რთული დასაჯერებელი იქნებოდა, რომ ისინი დამესხნენ და ეს რთული დასამტკიცებელიც იქნებოდა, თუმცა საბედნიეროდ, მაქვს ამის მტკიცებულება ვიდეომასალის სახით. როცა მათ დაინახეს, რომ მამაჩემის მეუღლე მათ აგრესიას იღებდა, მასაც ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენეს. ქალზე ხელით იწევდნენ და არაადეკვატურად იქცეოდნენ. როცა ვიდეო შეამჩნიეს, ქადარიას სიძემ ყვირილი დაიწყო, თითქოს მე მის ცოლს ვემუქრებოდი. სინამდვილეში, მე მაქვს მის ცოლთან მიმოწერის „სქრინშოტები” შენახული. ის მწერს, რომ ჩემი ნივთები გარეთ დამხვდებოდა, დროზე თუ არ წავიღებდი. ვუპასუხე, თუ ასე მოიქცეოდნენ, კანონთან ექნებოდათ პრობლემები. მათ ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ვფიქრობ, ბესიკ ქადარია სახლში იმიტომ არ დამხვდა, იარაღის ასაღებად იყო გასული.
– ამ დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ ეგონათ, მათთან დიდი ხნით აპირებდით დარჩენას?
– როგორც შემდეგ გავიგე, ისინი მამაჩემის მეგობარს, რომელიც ასევე, მფლობელია, ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. უნდათ, რომ წაართვან ბინა. იფიქრეს, მე, უსაბუთო ქართველი, ხმას ვერ ამოვიღებდი, ვერც პოლიციაში მივიდოდი და ასეთი სკანდალის შემდეგ, ვანო საერთოდ აღარ იფიქრებდა იმ ბინაში მისვლასა და ცხოვრებას. მანამდე, ვანოს ძმას უნდოდა იქ ცხოვრება, მაგრამ არ გააჩერეს. ვანომ იფიქრა, რადგან მე მათი შორეული ნათესავი ვიყავი, ადრე ერთად გვიცხოვრია და ვეხმარებოდით მათ, ჩემი წინააღმდეგები არ იქნებოდნენ.
– რას წარმოადგენენ ქადარიები?
– როგორც ვიცი, ბესიკ ქადარია ნარკომანია და ხშირი ურთიერთობა აქვს ნარკომომხმარებლებთან. პოლიციას აწვდის მათ შესახებ ინფორმაციას და ამით ცხოვრობს. ის პოლიციის ინფორმატორია. სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ, სამოცი წლის კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ნარკომანია და ერთხელად არ ჰქონია პრობლემა სამართალდამცველებთან?! მის სიძეს რესტორნები და სილამაზის სალონები აქვს. ისინიც პოლიციას უხდიან ფულს. გავიგე, რომ მთელი პოლიციის უფროსობა მის რესტორანში უფასოდ ჭამს, რაც აქ პატივისცემაა. ჩემი სამართალდამცველებისადმი უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ, როცა საავადმყოფოში მოვიდნენ, მითხრეს, რომ რაც მათ ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობააო. გამომძიებელი მთავაზობდა, ფული ამეღო და საჩივარი გამომეტანა. თუმცა, ახლა დარეკვასაც ვეღარ ბედავენ, რადგან ადვოკატი მყავს, რომელიც აცილებას ითხოვს. გვინდა, საქმე სხვა განყოფილებას გადაეცეს. ეს ამბავი ძალიან რეიტინგულმა ტელევიზიებმა გააშუქეს და ამიტომ, ასე უბრალოდ, ვერ დატოვებენ ამ ამბავს.
– ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა მისი სოსო პავლიაშვილთან დაკავშირება. თქვეს, რომ ისიც სცემეს.
– სინამდვილეში სოსო პავლიაშვილი საერთოდ არ იყო მოსკოვში, კონცერტზე იყო წასული. რომ ჩამოვიდა, გაგიჟებულმა დამირეკა, რა ხდებაო?! საერთოდ, არ იცოდა, რა მოხდა და არც არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ყველაფერთან. ის ნათლიაჩემია, მის პროექტებზე მიმუშავია და ამის გამო, მისი ამ კონფლიქტში ჩარევა უაზრობად მიმაჩნია. კონფლიქტს ის კი არა, მეც ვერ წამოვიდგენდი. მე, უბრალოდ, ორი კაცი გავაშველე და ამის გამო მესროლეს. იმათ იფიქრეს, რომ მე საბუთები არ მქონდა წესრიგში. უსაბუთოდ და უვიზოდ რომ ვიყო, ახლა აქ, ვერც პოლიციასთან ვისაუბრებდი და ვერც ჟურნალისტებთან.
– წარსულშიც გქონდათ რუს სამართალდამცველებთან შეხება. ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შესახებ წერდით. ახლა ხომ არ შეგიშლით ხელს ეს ფაქტი?
– კი, ერთ-ერთ ნასვამ პოლიციელთან მქონდა შელაპარაკება, მაგრამ მისმა უფროსობამაც მომიხადა ბოდიში და მითხრა: ქართველებს ძალიან დიდ პატივს ვცემთო. ის კონფლიქტი მოგვარდა და ამასთან არაფერ შუაშია, უბანიც კი არაა ახლოს. ახლა ვფიქრობ, ნორმალურად წავა გამოძიება. მადლობა ღმერთს, კიდევ ერთხელ გადამარჩინა, ისე, როგორც მიშას დროს. მაშინ ძალიან ბევრჯერ მქონია მსგავსი სიტუაცია. არაერთხელ მოუნდომებიათ ჩემი თავიდან მოშორება. მიშას რეჟიმის დროს სამი წელი ვიყავი დაპატიმრებული, როცა არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია – პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვედი. ციხეში ყოველდღე ველოდით, რომ მოგვკლავდნენ ან რამეს დაგვიშავებდნენ. სულ ორი შარვალი და ორი ჯემპრი გვეცვა იმის გამო, რომ ცემა ნაკლებად გვეგრძნო. დაუჯერებელი რაღაცები ხდებოდა. გვეუბნებოდნენ: ეს დანა შენია და დაიბრალე, ეს მობილური შენია და დაიბრალე – არ დაიბრალებ და უარესი მოგივაო. რთული ასატანია ეს ყველაფერი, როცა უდანაშაულოდ ზიხარ და ოთხ-ნახევარი წელი გაქვს მისჯილი. სანთლის დანთების გამო გცემენ, მარიამობის მილოცვის გამო გცემენ. 27 აგვისტოს, ღამე, გლდანის მერვე საპყრობილეში ყველა ფანჯარასთან სანთლები დავანთეთ ბიჭებმა, რის გამოც მეორე დღეს ყველა პატიმარი სცემეს. დავით ხუროძე, მეტსახელად „ხონსკი“, ხელმძღვანელობდა ამ ამბავს, რომელიც ახლახან დააკავეს. ხშირად მესმოდა ლაპარაკი ჩემ შესახებ: მოვკლათ და მერე ჩამოვკიდოთ, ვთქვათ, რომ თავი ჩამოიხრჩოო.
– გათავისუფლების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში დაიწყეთ მუშაობა და ერთ-ერთი თემა, რომელზეც აქტიურად გამოთქვამთ მოსაზრებებს – დეკრიმინალიზაციაა.
– მოხმარებაზე ადამიანი ციხეში კი არ უნდა ჩასვა, უნდა უმკურნალო, მაგრამ იმის ციხიდან გამოშვება, ვინც ნარკოტიკს ყიდის და ხალხს ღუპავს, ნორმალური არ არის. მამულაჩა წლების განმავლობაში ცნობილი ბარიგა იყო. აუარებელი „წამლით“ დააკავეს, მაგრამ გაუშვეს. მაშინ სხვა ბარიგებიც უნდა გაუშვან. თუ იჭერ, ყველა უნდა დაიჭირო. სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და სხვა რაღაცებით არ უნდა ისაზღვრებოდეს.
– ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა „ჩადების“ საკითხი. „ბახალას“ დაპატიმრებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– „ბახალას“ საქმე არ ვიცი და ვერ ვიტყვი, ჩაუდეს თუ არა. რაც ასი პროცენტით ვიცი, ისაა, რომ „ბირჟა მაფიას“ „წამალი“ ჩაუდეს. ეს თვითონ პოლიციელებმაც აღიარეს პირად საუბრებში, ამიტომაც გაუშვეს საბოლოოდ ეს ბიჭები. „ბახალას“, „ბირჟა მაფიისგან“ განსხვავებით, არც სიმღერით გაუშარჟებია პოლიცია, არაც რამე მსგავსი გაუკეთებია. პირიქით, კარგ ურთიერთობებში იყო „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებთან და არ ვიცი, რატომ უნდა ჩაედოთ მისთვის „წამალი“.
– სექსუალური უმცირესობა – კიდევ ერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც ხშირად აქტიურობთ.
– მათ უნდოდათ, ჩვენში აგრესია გამოეწვიათ და სამწუხაროდ, რაღაც დონეზე მოახერხეს კიდეც. ქუჩაში მე არასდროს არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, იმის გამო, რომ საყურე ეკეთა. პირიქით, ვინმესთვის რომ დაუცინიათ უნივერსიტეტში, მე დამიცავს და მითქვამს, ეს მისი ცხოვრებაა-მეთქი. მაგრამ, მე რომ ბავშვთან ერთად ვსეირნობ, სკოლის წინ და ორი კაცი ერთმანეთს ტუჩებში კოცნის, ეს მიუღებელია. კაცები კი არა, ქალისა და კაცის კოცნაობა არაა ლამაზი ქუჩაში. მსგავსი რაღაცით პირად სივრცეში დაკავდნენ და არა საჯაროდ. ამაზე ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჯარიმაა. ვერ ვხვდები, რას ვამბობთ არასწორად.