კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№9 როგორ გახდა ირაკლი კვირიკაძე „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოს პირველი ქართველი მფლობელი და რა საერთო აქვს მას „თვითმფრინავის ბიჭთან“ – გეგა კობახიძესთან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

რიგით 68-ე „ბერლინალეზე“, European  Film Promotion-მა, ევროპაში 10 საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავი დაასახელა, რომლებიც 2018 წლის ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის” პრიზით დააჯილდოვა. სია იმ ნიჭიერ ათეულს მოიცავს, რომელიც საერთაშორისო კინოინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს. აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ ამ ათეულში ქართველი მსახიობი პირველად მოხვდა და გაიმარჯვა კიდეც. ეს ირაკლი კვირიკაძეა, რომელმაც რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები” მთავარი როლი შეასრულა. ირაკლიმ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლობდა აშშ-ში, Stella Adller Studio-ში. ევროპული კინოს ქართველი „ამომავალი ვარსკვლავი“, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. გატაცებულია ფერწერით და თხილამურებით. შეგახსენებთ, რომ  „მძევლების” პრემიერა 2017 წელს  „ბერლინალეს“ კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმში, ირაკლისთან ერთად, მთავარ როლებს ასრულებენ: თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე და სხვები. ფილმი 2017 წელს „კინოტავრის” ორგზის პრიზიორი გახდა. აღნიშნული როლი ირაკლისთვის სრულმეტრაჟიან მხატვრულ კინოში სადებიუტო იყო და საერთაშორისო კარიერის საუკეთესო სტარტი გახდა. ჩვენ ირაკლის ბერლინში დავუკავშირდით და პირველ ემოციებზე, იმ განცდასა და სიხარულზე ვესაუბრეთ, რაც მას ნათამაშებმა როლმა მოუტანა.
ირაკლი კვირიკაძე: დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ძალიან გახარებული ვარ. ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ, თუმცა, ვერ გამოვხატავ ხოლმე. მაგრამ, ახლა ემოცია, რაც „ბერლინალეს“ დაჯილდოებაზე მქონდა, იმდენად დიდია, ვერ ვმალავ (იცინის). თან, ასეთ საჯაროობას მიჩვეული არ ვარ და ცოტა უცნაური შეგრძნება მაქვს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას გულშემატკივრობისთვის და იმ ემოციის გაზიარებისთვის, რასაც ახლა მე ვგრძნობ. განსაკუთრებული მადლობა რეზო გიგინეიშვილს და თაკო ტატიშვილს. მათი დიდი დამსახურებაა, რაც ჩემს თავს ხდება. თავიდან, რომ დამირეკეს და მითხრეს, ნომინირებული ხარო, ორი საათი შოკში ვიყავი (იცინის). არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. იმედია, კიდევ მალე გაგახარებთ საინტერესო სიახლეებითა და კარგი ამბებით. დაჯილდოება 19 თებერვალს გაიმართა. ჩემთან ერთად, „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო მიიღო იტალიელმა, შვედმა, ნორვეგიელმა, ნიდერლანდელმა, უნგრელმა, შვეიცარიელმა და ინგლისელმა მსახიობებმა. დაჯილდოებამდე, ოთხი დღის განმავლობაში, ნომინირებულები სხვადასხვა სამსახიობო მასტერ-კლასს ვესწრებოდით, ვხვდებოდით ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და ქასთინგის დირექტორებს. სხვათა შორის, კიდევ ერთი ქართველი, რომელიც „ბერლინალეს“ ფარგლებში დაჯილდოვდა, ალექსანდრე კობერიძეა. მას გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო გადაეცა  საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმისთვის – „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული.” ასე რომ, წლევანდელი „ბერლინალე“ ქართველებისთვის, განსაკუთრებულად შოკის მომგვრელად წარმატებული აღმოჩნდა (იცინის). ამერიკაში, სამსახიობო კურსი Stella Adler Studio of Acting-ის სტუდიაში რომ გავიარე, რომელიც თავის დროზე დაამთავრა რობერტ დე ნირომ, ბენისიო დელ ტორომ და მარკ რუფალომ, მეგობრები მეუბნებოდნენ: აბა, შენ იცი, მაგათ არ ჩამორჩეო (იცინის). მე მათთან სად მივალ, მაგრამ ეს ჯილდო, რაც მომცეს, იმაზე მეტია, ვიდრე მიოცნებია.
– როცა წითელ ხალიჩაზე გადიოდი, ელოდი, რომ ცოტა ხანში, სცენაზე მოგიწევდა ასვლა „ევროპული ამომავალი ვარსკვლავის“ ტიტულის მისაღებად?
– ნამდვილად არ ველოდი და ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, სუნთქვა შემეკრა. ვიფიქრე, ხომ არ მომესმა-მეთქი, დავიბენი (იცინის). მერე კი, გზა დარბაზიდან სცენამდე, აღარ მახსოვს, როგორ გავირბინე. ამ ჯილდომ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. ყველა მსახიობი რაღაც პერიოდი მისი გმირის ცხოვრებას გადის. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ბატონმა რეზომ მსახიობებთან. ამ ფილმზე მუშაობა არასდროს დამავიწყდება. მაგრამ, ამხელა აღიარებას თუ მომიტანდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. როცა გამარჯვებულად დამასახელეს, ირგვლივ ვერც ცნობად სახეებს ვხედავდი და ვერც იმ გარემოს აღვიქვამდი, სადაც ვიყავი. ეიფორიაში ჩავვარდი. სხვათა შორის, „მძევლები“ დიდ ეკრანზე 2017 წელს გამოვიდა და „კინოტავრის“ ორგზის პრიზიორი გახდა. უპირველესად, როცა წარმატება მოდის, პირველ რიგში, საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა ჩნდება და ეს მსახიობისთვის მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ამ ფილმში გავიზარდე და ახლა უფრო ზუსტად ვიცი, რა მიზანი მაქვს ცხოვრებაში.
–  თრილერი ტრაგიკულ მოვლენას ეხება, კერძოდ, 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისში, თვითმფრინავი „ტუ-134-ის” გატაცების მცდელობის რეალურ ისტორიას ეფუძნება. ამ ფილმის მთავარი გმირის – ნიკას პროტოტიპი მსახიობი გეგა კობახიძეა, „თვითმფრინავის ბიჭებიდან“ ერთ-ერთი. ვიცი, ამ მოვლენის მთავარი გმირის, გეგას ოჯახთან, შენს ოჯახს გარკვეული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ფიზიკურად საოცრად ჰგავხარ გეგას. არ გაგიჭირდა, გეგა კობახიძის ბედის გათავისება და თამაში?
– გეთანხმებით, გეგა კობახიძის როლის შესრულება ძალიან საპასუხისმგებლო იყო და  ძალიან რთულიც. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა და მას შემდეგ უამრავი რამ მოხდა, გეგა კობახიძე დღემდე ბევრ ადამიანს ახსოვს. 1983 წელს მომხდარი ამბავი კი, დღემდე განხილვის და კამათის თემაა. ბევრი მეუბნება, გეგას ფიზიკურად ჰგავხარო და მეც ვფიქრობ, რაღაცით ვგავარ კიდეც ფილმის პერსონაჟს. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ მე არ ვარ რისკიანი. ვცხოვრობ ამერიკაში, ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, ფერწერითა და თხილამურებით ვარ გატაცებული და ბევრი რაღაცის მეშინია. ზოგადად, თავიდანვე ვიცოდი, რომ ფილმი დიდ ყურადღებას მიიქცევდა. თან, მე ვიცნობ გეგას მშობლებს და მეგობრებს. ბუნებრივია, პასუხისმგებლობას მათ წინაშეც ვგრძნობდი. გადაღებები ძალიან მძიმე იყო, თუმცა, სახალისოც. ბევრი ახლო მეგობარი შევიძინე. ჩვენ ერთ ოჯახად, წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ და მისმა თითოეულმა წევრმა, ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ. ფაქტობრივად, ჩვენი ცხოვრება გვერდზე გადავდეთ და „თვითმფრინავის ბიჭების” ცხოვრება გავითავისეთ.
– ამერიკაში ცხოვრობ. როგორ შეეგუე მის რიტმს და ასეთი პოპულარობის მერე, რა არის შენი ამერიკული ოცნება?
– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით: რა არის კინო? საშუალება, გაიარო ბევრი ცხოვრება, გამოხატო ის, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოხატავ. წლებია, ამერიკაში ვცხოვრობ და ბოლომდე მაინც ვერ შევეგუე აქაურ რიტმს. კულტურა ძალიან განსხვავებულია, საერთოდ არ ჰგავს ჩვენსას. შესაბამისად, ადამიანებიც სხვანაირად არიან განვითარებულები. თუმცა, ვცდილობ, მოვერგო იმ სიტუაციას, სადაც ვცხოვრობ. დავხვეწო აქცენტი, რაც პრაქტიკაში ცოტა რთულია. აქ, ბევრი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩემი ამერიკული ოცნებაა, ვიყო რეალიზებული მსახიობი და ბევრ ფილმში ვითამაშო.
P.S. European Film Promotion – ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ევროპული კინოს გაყიდვას და პოპულარიზაციას ეწევა. ის 1997 წელს, არაკომერციული ორგანიზაციის ათმა წევრმა დააარსა და დღეისთვის მოწინავე, საერთაშორისო სარეკლამო საზოგადოებაა, რომელიც პორტუგალიიდან საქართველომდე 37 ქვეყანაში, 38 ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ირაკლის, მას „ბერლინალეს“ ჟიურის წევრები ასე ახასიათებენ: „ირაკლი ნიჭიერი მსახიობია და „მძევლებში” საკმაოდ შთამბეჭდავი შესრულებით ხასიათდება. პატარა ასაკის მიუხედავად, აქვს უნარი, საოცრად გამოხატოს ვნება და ბრაზი. მისი მოჭარბებული ენერგია თავმდაბლობით ნეიტრალდება.“
скачать dle 11.3