№9 რატომ მოეჭრა თავი ჯანო იზორიას შუაგულ ევროპაში და როგორ იდგნენ დილიდან რიგში ფილმის სანახავად მისული ადამიანები
ცოტა ხნის წინ „ბერლინალეს“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექცია „პანორამაში,“ თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის, „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა, რომელმაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა. ფილმმა დადებითი შეფასებები და კრიტიკა მიიღო. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის როლში, მსახიობი ჯანო იზორიაა, რომელიც „თბილისელებს“ „ბერლინალედან“ ესაუბრა.
ჯანო იზორია: სანამ „ჰორიზონტის“ გადაღებას დავიწყებდით, რეჟისორს ვუთხარი: შეიძლება, ბერლინში მოვხვდე, „ბერლინალეზე“-მეთქი. მართლაც ასე მოხდა, დაემთხვა და ასეთ საოცარ ადგილას აღმოვჩნდი. ეს, არ ვიცი, რა ემოციაა, ყველაფერი იმდენად კარგად და სწორადაა შერჩეული, საოცარ ენერგეტიკას ქმნის. ფანტასტიკური გარემოა, გაგიჟდები ისეთი კონოთეატრებია. გავოგნდი, როცა ვნახე, ფილმის დაწყებამდე ეკრანზე როგორ იხსნება ფარდა და შემდეგ იხურება. პირველად რომ გავიგე, ფილმი ფესტივალზე მიდიოდა, სიხარულისგან სალტო გავაკეთე ჰაერში. თან, ჩვენი ფილმი ძალიან მნიშვნელოვან სექციაში, – „პანორამაში“ წარადგინეს. ყველაზე პრესტიჟული სექციაა. გუშინ მოვკარი ყური (ინტერვიუ ჩაწერილია 21 თებერვალს – ავტორი) ხალხი ლაპარაკობდა, უფრო დიდი რიგი „პანორამას“ სექციაში დგას, რადგან შინარსობრივად, აქ უფრო საინტერესო ფილმებს უჩვენებენ, ვიდრე კინოფესტივალის ძირითად სექციაში, სადაც „ოქროს დათვითა“ და „ვერცხლის დათვით“ ჯილდოვდებიანო. ჩემი ახლობლები იყვნენ ჩამოსულები „ჰორიზონტისა“ და ჩემს სანახავადაც. დილიდან რიგში იდგნენ, ფოტოებიც კი გამომიგზავნეს. საოცარი შეგრძნებაა, როცა შენს, ქართულ ფილმზე ბილეთები გაყიდულია, რიგი დგას და თან, „ბერლინალეზე“. ისეთი პრემიერა იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდი. გადატენილი იყო დარბაზი.
– როგორ ჩაიარა პრემიერამ?
– ძალიან კარგად ჩაიარა, როცა სცენაზე აგვიყვანეს, იყო: დიდი ტაში, ბევრი კითხვა-პასუხი, წარდგენა: ვინ ვინ ვიყავით და შემდეგ – ფილმის განხილვა: კრიტიკოსები სვამდნენ კითხვებს. „ჰოლივუდ რეპორტიორში“ აღმოვჩნდით ძალიან კარგი, ერთგვერდიანი წერილით და დადებითი კრიტიკით. ჩვენი სახელები, გვარები მითითებულია და ცოტა არ იყოს, გული სიამაყით მევსება. ეს არის „ჰოლივუდ რეპორტიორი“, პრესტიჟული ჟურნალი და ყველას, ვინც კი ამ ფესტივალზე ჩამოდის, უხარია ამ ჟურნალის ფურცლებზე აღმოჩენა. თავის ქება არ მინდა, გამომივიდეს, მაყურებელი თავად ნახავს ფილმს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, ვთქვა: ფილმი შედგა და ძალიან კარგი გამოვიდა.
– შენც პირველად „ბერლინალეზე“ ნახე?
– კი, საოცარ ეკრანზე. „სინემაკში“ იყო ჩვენება. ყველაზე მაგარ კინოთეატრებში აჩვენეს ფილმი. შენი სახე ისე რომაა გადიდებული, დაბადებიდან თუ პატარა ხალი მაინც გაქვს, ისიც რომ ჩანს; საკუთარ თავს შუაგულ ევროპაში, ყველაზე მაგარ ქალაქში, ყველაზე მაგარ ფესტივალზე რომ ხედავ, უყურებ. წითელ სავარძელში ვიყავი ჩამძვრალი. რომ დადნები, სიხარულიც არის, სიმორცხვეც და იმავდროულად – სიამაყეც. გარდა ამისა, ფანტასტიკური შეგრძნება იყო, როცა ირაკლი კვირიკაძის წარმატება ვნახე საკუთარი თვალით. მთავარ ხალიჩაზე მანქანებით რომ მოიყვანეს ირაკლი და დანარჩენი 9 მსახიობი, „ამომავალი ვარსკვლავების” ათეულით. ხომ იცი: ჩვენი სჯობია, ჩვენიო, – ზუსტად ასე იყო. გულწრფელად ვამბობ, ყველას ჩვენი სჯობდა. არ გეგონოთ, ქართული ტრაბახი, რეალურად ასე იყო. ირაკლი იმდენად თვალშიმოსახვედრი იყო ფოტორეპორტიორებისთვის, რეჟისორებისთვის, რომ მას კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ. როცა შენი კოლეგა, შენი თანამედროვე დგას ასეთ ადგილას და შენ გულშემატკივრობ, ამაზე დიდი სიამოვნება და სიამაყე არაფერია. ჩვენ გვქონდა იმის უფლება, ბილეთები მოეცათ და მეორე დღეს რომ გავიგეთ, დაჯილდოება იყო, წავედით. ჩვენი თვალით ვნახეთ ყველაფერი. შევძახეთ: „ჯორჯია“, „საქართველო“. ირაკლის ისე კარგად ჰქონდა ემოციები განაწილებული, თავი შესანიშნავად ეჭირა. თუმცა, ემჩნეოდა, შიგნით როგორი სიგიჟეები ხდებოდა. მოვიდა ჩვენთან, მადლობა, გენაცვალეთო. ასეთი დიდი წარმატება აქვს ქართულ ფილმს, ქართულ გუნდს: ირაკლი ათეულში წარადგინეს, „ჰორიზონტი“ – სექცია „პანორამაშია“ და ველოდებით ფესტივალის დასრულებას. პირველ დღეს ისეთი დაბნეულები ვიყავით, მეორე დღესაც ჩავუჯექით ფილმს და ბევრად უფრო კარგი სანახავი იყო. როგორც ვთქვი: ყველა ბილეთი გაიყიდა. ბევრმა ჟურნალმა დაწერა და ინტერნეტ-საიტებმა დადეს ფილმის შესახებ ინფორმაცია: რეჟისორს აქებენ, მსახიობებსაც, ქვეყნის ლანდშაფტს. ქუჩაში რომ დავდივართ, იმ ტერიტორიაზე, ხალხი მოდის – გიორგი ბოჭორიშვილთან, ჩემთან, გვეფერებიან, გვიღიმიან, კომპლიმენტებსაც გვეუბნებიან. მაგრამ, მე მივხვდი, საქართველოში რომ ჩამოვალ, ინგლისური უნდა ვისწავლო, თორემ მომეჭრა თავი შუაგულ ევროპაში.
– მომიყევი, როგორ მიდიოდა ფილმის გადაღებები. როგორც ვიცი, საკმაოდ მკაცრ პირობებშიც გიწევდათ მუშაობა.
– გადაღების ძირითადი ლოკაციაა პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორია. 25 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გადაღებები. მოგეხსენებათ, ეს უშველებელი ტბაა და ზამთარში, როცა ამინდები ირევა, არავის ვურჩევ იქ ყოფნას. საკმაოდ მკაცრი ტბაა და ბევრი ადამიანი შეიწირა. ზამთარში მოგვიწია გადაღებები. ურთულეს პირობებში, მაგრამ ერთ-ერთ სახლში იყო ბუხარი, რომლითაც ვარსებობდით და გადავრჩით. ყოველდღე გვქონდა ამ სიმკაცრეში გადაღებები. გზაც კი გაიყვანეს, რომ მანქანები, „მარშრუტკები“ მისულიყო კუნძულზე. წვიმაც იყო, თოვლიც და „ურაგანიც“. მე და გიორგი ბოჭორიშვილს წყალშიც მოგვიწია გადახტომა. წყალი ცივი იყო და თან, ჭაობის მხარე. იქ რამეს ისე რომ არ დაადო ხელი, ან დაეყრდნო, შეიძლება, ცუდად დამთავრდეს ყველაფერი. ეს კადრიც ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში გადავიღეთ. მოკლედ, საინტერესო ამბები განვითარდა. ისე გაკეთდა ეს ფილმი, მიხვდება მაყურებელი, რამხელა შრომა დევს. ჩემი გმირიც საინტერესოა. სამეგრელოში ტობავარჩხილი რომ არის, იქ საცალფეხო ბილიკები, საშიში გზაა. გზა და გზა მწყემსების ხის კარვებია, რომელსაც ბოქლომი არასდროს ადევს. ვინც ბოქლომს დაადებს, ის არაკაცად მიიჩნევა. ვინც იქ მოხვდება, შეუძლია, ღამე გაათიოს. მწყემსი ხვდებათ და უმასპინძლებს. მათ „მთის ანგელოზებს“ ეძახიან, რადგან ბევრი ტურისტი, მგზავრი გადაურჩენიათ. დაახლოებით ასეთი ტიპაჟია ჩემი გმირი. კუნძულის ხალხი ვართ და ვხუმრობდი კიდეც: დაიწერება ასეთი სათაურებით: „ჭაობიდან-„ბერლინალემდე“.
– როგორია ფილმის მომავალი?
– მგონი, ფილმს ძალიან კარგი მომავალი აქვს. როცა ასეთ სტარტს იღებ, ეს უკვე ძალიან მაგარი დასაწყისია. ვხუმრობთ ხოლმე: ე, ბიჭო, მოვემზადოთ კანის ფესტივალისთვისო. ღმერთის წყალობით, ეს ხუმრობა ახდება. ფილმს ნამდვილად აქვს წარმატების შანსი. შემოდგომაზე იქნება საქართველოში ფილმის პრემიერა და იქამდე, ვფიქრობ, კიდევ ბევრი ჯილდოთი დაიხუნძლება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო დათო ტურაშვილის წიგნის წარმატება. გუშინ ქართული ივენთი იყო, ბატონ დათოს მივულოცეთ. ძალიან მაგარი ქართული ივენთი გამოვიდა. ნოსტალგიური ნოტებიც შემოგვეპარა ქართველებს.
– ქალაქი არ დაათვალიერე?
– კი, ჩემი მეგობარი დამხვდა, ყოფილი მოკრივე, დათო შეყლაშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს იქ. მოგვაკითხა და მთელი ბერლინი დაგვათვალიერებინა. ლუდხანაში წაგვიყვანა, სცენაზე ცოცხალი ბენდი მღეროდა. ლუდის კათხების ზომაზე გავგიჟდი – მეგონა, აბაჟური, ჭაღი მეჭირა ხელში. ვიფიქრე: ბერლინში როგორ არ ვიცეკვო-მეთქი და ვიცეკვე კიდეც, ქართული ელემენტებითა და რიტმებით. დიდი სიამოვნება მომანიჭა დათომ. ახლა ველოდები მომავალ ფესტივალს და კანს ვნახავდი სიამოვნებით.