№9 როგორ ჩააგდო შოკში მადონა თავისი ფოკუსებით გია ფარადაშვილმა და როგორ „აახია“ მან ბრეჟნევის სიძეს მაჯიდან საათი
ილუზიონისტი გია ფარადაშვილი, 23 თებერვალს 60 წლის გახდა. მრგვალი იუბილე მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ, გუდაურში აღნიშნა და კარგადაც მოილხინა. ამბობს, წლების მატებას ვერ გრნობს და თავს მხნედ და ენერგიულად მიიჩნევს. განვლილ ცხოვრებაში არაფერს ნანობს და ის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურება, ამის საიდუმლო რეცეპტიც აქვს. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ბატონ გიას იუბილეს და საყვარელ ადამიანებთან ერთად, დიდხანს, ჯანმრთელად ცხოვრებასა და თავის საქმეში წარმატებებს უსურვებს.
გია ფარადაშვილი: ძალიან მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ვიყავი. ამის გამო, ხშირად მიწევდა სკოლების შეცვლა. მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავისრულე, ილუზიონისტი გავხდი. არსებობს ხალხი, ილუზიონისტობა ნასწავლი რომ აქვს და მეორე კატეგორიაა, რომელსაც ბუნებრივად დაჰყვა ეს ნიჭი. მე, ამ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. 10 წლის ვიყავი, ფოკუსების კეთება რომ დავიწყე – ბურთებს ვაქრობდი, აკვარიუმში თევზებს ვაჩენდი და კლასელები გადარეული მყავდა (იცინის). მამა საოქრომჭედლო ქარხანაში, წამყვანი ოქრომჭედელი გახლდათ. იქ იყო მისული ცნობილი ილუზიონისტი კიო და იმან ჩაატარა ფოკუსი ბეჭდით. მეც იქ ვიყავი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ჩემი კლასელისა და მეგობრის, გია ალავიძის მამა კი, ცირკში გამომცხადებელი იყო და კიომ რაღაცები ასწავლა. იმან კიდევ, მე მასწავლა ცხვრისახოცით ფოკუსების გაკეთება. იმის მერე, ეს პროფესია ჩემი ცხოვების ნაწილი გახდა. მის გარეშე, ვერ წარმომიდგენია ყოველდღიურობა.
– თქვით, ცელქი ბავშვი ვიყავიო. მასწავლებლებსაც უტარებდით ფოკუსებს?
– (იცინის). როგორ არა. ძალიან სწრაფად შემეძლო ხელებით მანიპულირება. მახსოვს, ინგლისურის მასწავლებელი მყავდა – ქალბატონი დოდო და ერთ მშვენიერ დღეს, ვუთხარი, მასწ, მინდა, ფოკუსი ჩაგიტაროთ და თუ შეიძლება, თქვენი ცხვირსახოცი მათხოვეთ-მეთქი. რას მოიფიქრებდა, მე რა მქონდა გონებაში. ჯიბეში მყავდა თეთრი ზაზუნა და ცხვირსახოცი რომ მომცა, მე ზაზუნა გავაჩინე და შიშისგან გული წაუვიდა (იცინის). დამიბარა დირექტორმა და მითხრა, ამ სკოლიდან უნდა წაბრძანდეო. გადავედი სხვა სკოლაში და იქ, ქიმიის გაკვეთილზე, ხან ბოლს ვუშვებდი და ხან ბურთებს ვაჩენ-ვაქრობდი. მოკლედ, ასე მიწევდა სკოლიდან სკოლაში გადასვლა. თან, კლასელი გოგონები მყავდა ასისტენტებათ და მეხმარებოდნენ. პირველი პროფესიონალური ფოკუსი იყო – აკვარიუმში ვასხამდი წყალს, ვაფარებდი „კასინკას“ და ოქროს თევზები ჩნდებოდნენ. თევზები პარკში მყავდა დამალული და „კასინკას“ რომ მაწვდიდნენ ასისტენტი გოგონები, იმაში იყო გახვეული. ერთ დღესაც, გამიცურდა ხელიდან პარკი და თევზები ძირს დაცვივდა. ეს იყო პირველი, როცა ფოკუსი გამიფუჭდა და გავწითლდი. ძალიან მიყვარდა ცეკვაც. თან, თანამედროვე ცეკვები ახალი ხილი იყო და მე ბადალი არ მყავდა ამაში. ქალბატონების დიდი მოყვარულიც რომ ვიყავი, ესეც ყველამ იცის (იცინის). 45 წელი ვარ სცენაზე, უკვე 60 წლის გავხდი და მაინც მგონია, 20 წლის ბიჭი ვარ.
– საერთოდ არ გემჩნევათ ასაკი და იმასაც ამბობენ, გიამ წლების უკან დაბრუნების ფოკუსიც იცის და ამიტომაც გამოყურება ასეო.
– (იცინის). თქვენ ხუმრობთ და მართლა არ მემჩნევა ასაკი, ისევ ისე ვმოძრაობ, როგორც 20 წლის ასაკში და თავს „ვინახავ“. ხშირად მაჩერებენ ქუჩაში უცხო ადამიანები და მეკითხებიან: გია, ახალგაზრდობის ელექსირი გაქვს თუ რას ისვამ სახეზე, ასე რომ გამოიყურები, ასაკი არ გემჩნევაო. მე კიდევ ვპასუხობ: ეს ჩემი საიდუმლო ფოკუსია-მეთქი (იცინის). რეალურად, ბევრს დავდივარ ფეხით, ვმოძრაობ და გენეტიკაც მიწყობს ხელს. სულ ესაა ჩემი ახალგაზრდობის საიდუმლო. თან, სულ მიყვარდა მოდურად ჩაცმა და ახლაც მიყვარს. იმდენად მოდურად მეცვა ხოლმე, „კლიჩკა“ მქონდა „სტილიაგა“. 75 წელს, „ბონიემის“ მუსიკის თანხლებით, შინდისფერ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, „პლატფორმიან ტუფლებზე” შემდგარი, გრძელი თმითა და მფრინავი ჯოხით რომ გამოვედი ფილარმონიაში, ყველა გაოცებული მიყურებდა. ასეთი ჩაცმული არავინ იყო იმ დროს და სენსაცია მოვახდინე (იცინის). მოკლედ, მუსიკა, ცეკვა, ჩაცმა და ქალები – ჩემი სუსტი წერტილი იყო.
– იპოლიტე ხვიჩიასთან ძალიან ახლოს იყავით და ხშირად ისიც გაგიოცებიათ ფოკუსებით...
– ძალიან კარგად ვიცნობდი იპოლიტე ხვიჩიას. მახსოვს, ზუგდიდში გაიმართა მისი შემოქმედებითი საღამო და მეც იქ ვიყავი. ისეთი იუმორის პატრონი, ჯერ არავინ შემხვედრია. საოცარი ადამიანი იყო იპოლიტე და დიდ პატივს სცემდნენ ყველგან, სადაც მიდიოდა. თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. წვრილი ულვაშები ჰქონდა გადაწკეპილი და გაზეთები უყვარდა, სულ თან დაჰქონდა. ბავშვები მივეპარებოდით, გამოვგლეჯდით ხელიდან გაზეთს და უნდა გენახათ, ყვირილ-ყვირილით როგორ დაგვდევდა (იცინის).
– საათების „აწაპვნის“ დიდოსტატი ხართ და ბევრი ცნობილი ადამიანისთვის და თვით, უცხო ქვეყნის პრეზიდენტისთვისაც ისე მოგიხსნიათ მაჯიდან საათი, გაოცებულები დარჩენილან. როგორ ახერხებდით ამას?
– ასეა, ამის დიდოსტატი ნამდვილად ვარ (იცინის). ბრეჟნევის სიძე, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთ მინისტრი, იყო ჩამოსული თბილისში. დაპატიჟეს ბარათაშვილის ქვეშ მდებარე, მაშინ ძალიან პოპულარულ და ცნობილ, ახალგაზრდულ კლუბ „ამირანში“. იქ გახლდით. კომკავშირის ცეკას მდივანი იყო სოსო ორჯონიკიძე და ის მასპინძლობდა. უშიშროების ხალხიც, თავისთავად იქ იყო და ისე მოვხსენი ბართან მჯდომ მინისტრს მაჯიდან საათი, ვერ მიხვდა. სოსოს ვუთხარი, ნახე, მაჯიდან საათი მოვხსენი-მეთქი და გადაირია: რას ამბობ, კაცო, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება ეგ რომ გაიგოს, სასწრაფოდ მიეციო (იცინის). რასაკვირველია, მივუტანე, ვუთხარი, ილუზიონისტი ვარ და ისე მოგხსენით, ვერ გაიგეთ-მეთქი. გაეცინა. მთხოვა, დაიტოვეო, მაგრამ დავუბრუნე. ფინეთში ყოფნისას კი, 1986 წელს, ფინეთის პრეზიდენტის თანაშემწეს მოვხსენი საათი და ისიც ვერაფერს მიხვდა. თუმცა, იმან აღარ დაიბრუნა და მისახსოვრა. ნოდარ ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძის მამა და ნინო ანანიაშვილის მამამთილი, მინისტრი გახლდათ და აფრიკაში, მოზამბიკში ერთად გახლდით. აფრიკის პრეზიდენტს მოვხსენი საათი და ნოდარი და ჩვენი ელჩი გადაირივნენ (იცინის). ყველა იცინოდა და ფოტოც გადაგვიღეს. ჩვენს გარდა, ყველა შავკანიანი იყო და თეთრი კბილები აქვთ გადმოყრილი სურათზე (იცინის). მოკლედ, საათების მოხსნაში ბადალი არ მყავდა. ამის მაგარი სპეციალისტი ვიყავი, ოღონდ სცენაზე. ფილიპინების ნახევარკუნძულზე კი, აკინომ, პრეზიდენტმა ქალმა მიმიწვია სასახლეში მიღებაზე. ბევრი დაცვა იყო მის გვერდით, შავ სამოსში გამოწყობილი. ვიფიქრე, საათს მოვხსნი-მეთქი და მაჯაზე რომ დავხედე, რკინის სამაჯური ეკეთა. იმას მე ვერ მოვხსნიდი და მოვიფიქრე – კოსტიუმიდან ჯოხი გამოვუძვრინე, გადაირია, აქ საიდან მოხვდა, ჩემს კოსტიუმში ჯოხს რა უნდოდაო (იცინის).
– ამ გადასახედიდან, რას შევცლიდით თქვენს ცხოვრებაში და თუ ნანობთ რამეს?
– არაფერს არ შევცვლიდი. ისე ვიცხოვრე, უკან მიხედვის არ მრცხვენია. უბრალოდ, წლების მატებას ვნანობ და ძალიან განვიცდი. 60 წელი ცოტა არ არის, მინდა, ისევ ის გრძელთმიანი, 20 წლის ბიჭი ვიყო. მაგრამ, წლებს უკან ვერ დავაბრუნებ. აი, ჯადოსნური ჯოხი რომ მომცეთ, წლებს დავიკლებდი (იცინის). სამი წლის წინ, მე და ჩემი მეუღლე მიწვეული ვიყავით ერევანში, საახალწლო კონცერტებზე. დღეში ხუთი კონცერტი მქონდა და 57 წლის ასაკში, ისე ენერგიულად ვიქცეოდი სცენაზე, დაღლას ვერ მამჩნევდნენ. თოვლის ბაბუა იყო სომეხი, გამოვიდოდა მძიმედ სცენაზე და იტყოდა: გილოცავთ! მე კიდევ, გიჟივით გამოვვარდებოდი, ვაკეთებდი ფოკუსებს და და ცეცხლს ვანთებდი (იცინის). მიყურა, მიყურა და მერე ჩემს ცოლს ჰკითხა: გამაგებინე, კაცო, ამას ორგანიზმში „მოტორი“ ხომ არ აქვს ჩადგმული, რომ არ იღლებაო (იცინის).
– მართალია, რომ თქვენი ნიჭით, მადონაც გააოცეთ?
– გერმანიის კედელი რომ დაანგრიეს, იქ ვიყავი დიდ კლუბში, კარელ გოტი და მოდელები გამოდიოდნენ. მადონაც მღეროდა. მითხრეს, მადონას გაოგნება რთულიაო, მაგრამ ისეთი ფოკუსები ჩავუტარე, შოკში ჩავარდა (იცინის).