№9 როგორ ექცა გუგული მაღრაძეს 80 ლარი ათასად და რას არ ეკარება ის ბანკში
იმის მიუხედავად, რომ გუგული მაღრაძე ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი დეპუტატია და ქართული პოლიტიკის კულისებისა და პიარტექნოლოგიების ანა-ბანაც კარგად იცის, დროდადრო მისი გამონათქვამები განხილვის თემა მაინც ხდება. დროდადრო „10 ლარად ოთხი ბოთლი ზეთის ყიდვის ამბავს,” ახსენებენ, – წლების წინ ნათქვამ, მოარულ ფარაზად ქცეულს. გამოცდილი დეპუტატი არცერთ თემაზე საუბარს არ გაურბის და როგორც ამბობს, იცის, რატომ ხდება ხოლმე დროდადრო „სამიზნე”.
გუგული მაღრაძე: ვერ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში პასიური ვარ და არ ვჩანვარ. როდესაც ისეთი რამ ხდება, სადაც ჩემი კომენტარია საჭირო, ვაკეთებ ამ კომენტარს. ეს არაა ჩვენი არჩევანი – მოვა მედია, მკითხავს რამეს, ვპასუხობ. საკუთარი ინიციატივით დიდი აქტიურობით არ გამოვირჩევი. ისე არ არის, რომ ვიღაცამ უკან გადაინაცვლა და ვიღაც წინ დარჩა. ასეთი დირექტივები არ არსებობს. საერთოდ, ჩემზე დირექტივები არასდროს ჭრის – მინდა, რამის თქმა, ვამბობ. გამოგონილ ამბებზე: ამან თქვა, იმან თქვა, კომენტარებს არასდროს ვაკეთებ.
– ქალბატონო გუგული, ერთს იტყვით ხოლმე და ისეთს, ორი-სამი თვე ხდება სალაპარაკო. ახლახან კიდევ გახდა აქტუალური, როგორ „დააფასეთ” 10 ლარად ოთხი ბოთლი ზეთი.
– მივხვდი, რომ როგორც კი, რომელიმე ჟურნალისტს ჩემთან დისკუსიაში არგუმენტები გამოელევა, მაშინვე იმას იხსენებს. თქვენ ისიც კი თქვით, რომ 10 ლარად ოთხი ლიტრი ზეთი იყიდება და მარტო ზეთი ეყოფა ადამიანსო? ეს ფრაზა ადრე ვთქვი, ერთ-ერთ გადაცემაში. ჩართვით ვიყავი ქუთაისიდან და ვერ ვხედავდი დარბაზს. პენსიების მომატებაზე იყო საუბარი. გავიგონე, ერთ-ერთმა სტუმარმა როგორ თქვა, ვინ არის ამ ხელისუფლების მათხოვარი, 10 და 30 ლარს იქით მივცემთ ყოველთვეო. მე ვუთხარი იმ ქალბატონს: არ ვიცი, თქვენ რა შემოსავალი გაქვთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც 10 და 30 ლარი ფულია. მაგალითად, 10 ლარად შეუძლია, მთელი თვის მარაგი, 4 ბოთლი ზეთი იყიდოს. მისთვის კი, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, 10 ლარი არაფერს ნიშნავს-მეთქი. ატყდა ამაზე ერთი ამბავი, სად ნახა გუგული მაღრაძემ ორ ლარ-ნახევარდ ზეთიო. არადა, მართლაც წინა დღეს ვნახე „კარფურში,” რომ ლიტრა ზეთი 2, 50 ლარი ღირდა. ზეთზე ატეხილ აჟიოტაჟს მოჰყვა ამბავი, როგორ „მგონია”, რომ ასე ადვილია ცხოვრება. იმისთვის პრესკონფერენციას ვერ გავაკეთებ, ხალხს გავაგებინო, რომ ყველაფრის ფასი ვიცი. ზეთი არის ათლარიანიც, მაგალითად, ყურძნის ზეთი, და – ორლარიანიც. გააჩნია, ვინ რას ყიდულობს.
– თქვენ თავად გიწევთ პროდუქტის ყიდვა? ნამდვილად კარგად იცით ფასები?
– რას ჰქვია არ მიწევს? ან არ ვიცი ფასები? ჩემს შვილსა და სიძეს საყიდლად სად სცალიათ, დილიდან საღამომდე სამსახურში არიან. მე ვცდილობ, ამაში მაინც დავეხმარო. მე უფრო მაქვს თავისუფალი დრო და ოჯახისთვის ყველაფერს მე ვყიდულობ. შაბათ-კვირას მივდივარ სუპერმარკეტში და მთელი კვირის სამყოფს ვყიდულობ. ქართული მზესუმზირის ზეთის ფასიც ვიცი და „სელპაკისაც”. სახლში შაქარი ბევრი არ გვეხარჯება. შესაბამისად, ყავისფერ შაქარს ვყიდულობ. ხორცი 16 ლარიც ღირს, 18-იც, 14-იც. გააჩნია, რისთვის გინდა ეს ხორცი. სარეცხის საშუალებად „პერვოლს” ვიყენებ. არც ეს ღირს მაინცდამაინც ძვირი. საოჯახო ჰიგიენისთვის „დომესტოსს” ვხმარობთ, განსაკუთრებულს – არაფერს. როცა დრო არ მაქვს, სუპერმარკეტში ვერ მივდივარ და უცებ რამე თუ დამაკლდება, ვერაზე, სახლთან, ვყიდულობ პატარ-პატარა სუპერმარკეტებში. ბაზარში სიარულს რა აზრი აქვს, მარკეტშიც იგივე ფასებია. აგერ ჩემთან, მჭადის ფქვილი ორნახევარი ღირს, პომიდორი – ორლარ-ნახევარიც და 9 ლარიც. გააჩნია, რას იყიდი. ვაშლი ორი ლარადაც არის და ხუთადაც. მე საშუალო, სამლარიან გოლდენს ვყიდულობ. თუმცა, ჩემები ვაშლის ჭამით თავს მაინცდამაინც არ იკლავენ. უფრო ბანანი უყვართ ბავშვებს, ოთხი-ხუთი ბანანი საშუალოდ სამ ლარს იჭერს. ჩვენს ოჯახში სადილზე დიდი მოთხოვნა არაა. შვილი და სიძე სულ გარეთ არიან, ბავშვები ცუდად ჭამენ. ასე რომ, სუპისა და ბორშჩის გაკეთება, ძირითადად, ჩემთვის მიწევს. „შეკმაზულ-შემოკმაზული” რთული საჭმელები არც მიყვარს, წვნიანი მირჩევნია. ერთხელ ვიღაც წერდა ჩემზე, მაგას რა ენაღვლება, კვერცხი და მაკარონი, ალბათ, რამდენი ხანია, არ უჭამიაო. არადა, ვგიჟდები, მაკარონსა და კვერცხზე. ორი ცალი შემწვარი კვერცხი ინდაურის კარგ საცივს მირჩევნია. არ ვიცი, რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ მე განსაკუთრებულად ვცხოვრობ. არ ვიცი, რატომ მაქვს ასეთი იმიჯი.
– აშკარად თქვენი „ცნობილი” ქურქის ბრალია.
– გადამაყოლეს ერთ წავის ქურქს, რომელიც წელს არც კი მცმია. ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა: მასეთი ქურქი, ჩემს მეზობელს აქვს, ბაზრობაზე დგას და ჯიხურში წვრილმანებს ყიდისო. მარტო ერთი ქურქის იმედზე კი არ ვარ, მოკლე პალტოც მაქვს და გრძელიც. თუ კარგი ამინდია, მოკლე პალტო მაცვია, თუ ცუდი ამინდია – გრძელი. სხვა პალტოებიც მაქვს, მაგრამ ხშირად ვერ ვიცვამ. არის და არის გარდერობში. როცა ასე მიგროვდება ტანსაცმელი, რომლითაც ვერ ვსარგებლობ, მიყვარს მათი გაჩუქება. მაგრამ, ალალბედზე არ გავაჩუქებ, ვისაც სჭირდება, იმას ვაძლევ. ახლა სულ ვეძებ ჩემს ახლობლებში ვინ არის ისეთი, ვისაც მივცემ რამდენიმე კოსტიუმს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რადგან ქუსლებზე აღარ დავდივარ. 25 წელია, ვმუშაობ, ერთი დღე არ ვყოფილვარ უმუშევარი. უნივერსიტეტის პროფესორობა განსაკუთრებულ სიმდიდრეს არ ნიშნავს, მაგრამ არც გაჭირვებული ხარ. ჩემს ინგლისურზე კი ხუმრობენ, მაგრამ სულ მქონდა კარგი პროექტები. 1992 წლის შემდეგ „ნატოს” გრანტი რომ მოვიგე, იმის მერე სულ ვმუშაობდი პროექტებზე. რაც პარლამენტში ვარ, ახლა ვეღარ ვახერხებ ამ მხრივ აქტიურობას, თორემ ადრე კარგი შემოსავალი მქონდა. კუპონობის პერიოდში, როცა ფულს ფასი არ ჰქონდა, ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვკითხულობდი ლექციებს. დილის ცხრა საათზე რომ ვიწყებდი ღამით, სახლში ლოგინამდე ძლივს ვაღწევდი, ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი. ღამეც გამითენებია ტექსტების თარგმნაში. ბაბუაჩემი მეტყევე იყო, მამაჩემი მაღალი კვალიფიკაციის მშენებელი და ტრესტის მმართველი. ჩვენ საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა. მშობლებისგან კარგი მემკვიდრეობა მივიღე. ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. მაშინაც, როცა მარტო ვზრდიდი შვილს. მეც მთელი ცხოვრება ვიშრომე და რატომ უნდა უკვირდეს ვინმეს რამე? ისეთი ფუფუნება არ მქონია, დღეს რომ დაჰკრავს ვიღაც ფეხს, ხუთ დღეს გაატარებს პარიზში და ჩამოვა. ასეთი ფუფუნების უფლებას თავს ვერასდროს ვაძლევდი. მშობლებისგან კარგი მემკვიდრეობა დამრჩა – სახლი დიდუბეში, სადაც ახლა ჩემი ძმა ცხოვრობს. ერთი სახლი მაქვს პეტრიაშვილზე, ამერიკიდან რომ ჩამოვედი მაშინ ვიყიდე. მაგრამ, არ მიყვარს მარტო ცხოვრება. სიძის სახლში ვცხოვრობ, ჩემს ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად. დროდადრო ჩემს სახლს ვაქირავებ, თუ არა და – დაკეტილია.
– დეკლარაციაში რა გაქვთ შეტანილი?
– ჩემი დეკლარაცია ბოლო წლებში თითქმის არ იცვლება. წელს დეკლარაციის შევსებისას გადამახდევინეს ჯარიმა, 1 000 ლარი, რადგან დამავიწყდა, რომ 2008 წლიდან ბანკში ანგარიშზე 80 ლარი მედო. ეს თანხა საერთოდ არ მახსოვდა და ამ შეცდომის გამო, 1 000 ლარი გადამახდევინეს. მივედი ანგარიშის დასახურად, მაგრამ იმდენი პროცედურის გავლაა საჭირო, თან, ის 80 ლარიც უკვე სადღაც, არქივებშია შენახული, კიდევ ვარ მისასვლელი. ერთი 80 ლარი, რომ 1 000 ლარი დამიჯდა, ფაქტია. ასეა, ვიღაც დეკლარაციას ისე ავსებს, რომ რაღაც შემოსავალს არ შეიტანს, ისიც 1 000 ლარს იხდის ჯარიმას და მეც, ესაა ჩვენ მიერ მიღებული კანონი. თურმე, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ მიხვდები. მარტო მე არ აღმოვჩნდი ამ სიაში, ვინც დაჯარიმდა, დაახლოებით 30 პარლამენტარი დაჯარიმდა ასეთი დარღვევების გამო.
– ყველაზე „მომხიბლავი” დეკლარაციის ის პუნქტია, სადაც სახელმწიფო მოხელემ ხელზე არსებული თანხა უნდა მიუთითოს.
– ეს დიდი სისულელეა. საინტერესოა, ვინ აკონტროლებს მაგას, ვის რამდენი აქვს ხელზე ფული? ვისაც რამდენი უნდა, იმდენს ჩაწერს. მე არ შემიდგენია ეს დეკლარაცია, მაგრამ დიდ უაზრობად მიმაჩნია. ხელზე რამდენი უნდა მქონდეს – სამასი, ოთხასი, ხუთასი. ერთხელ მივლინებაში მივდიოდი და 1 500 ლარი მქონდა, ის თანხა მივუთითე. დეკლარაციაში ის ანგარიშიც კი უნდა მიუთითო, რომელზეც თუნდაც 0 ლარია. მთავარია ანგარიში იყოს მოქმედი, ესეც არ მიმაჩნია სწორად. მე არ მაქვს გახსნილი ბევრი ანგარიშები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ფულის მიმართ საკმაოდ რაციონალური ვარ. არასდროს მქონია სესხი ბანკიდან. არც ვსესხულობ და არც გასესხება მიყვარს. ვფიქრობ, რისი შესაძლებლობაც გაქვს, ისე უნდა იცხოვრო. ჯანმრთელობისთვის, სახლისთვის თუ სჭირდება ადამიანს, კიდევ მესმის ვალის აღება. ადრე უფრო იღებდა ხალხი ვალებს ოპერაციებისთვის, ეს გასაგებია. მაგრამ, მე ხალხი ვიცი, კრედიტით აღებული ფულით „შანელისა” და „ლუი ვიტონის“ ჩანთებს ყიდულობენ. ერთმა, ქორწილში მივდივარო და ხუთასი ლარი აიღო სესხი კაბის საყიდლად. არ მესმის ასეთი ადამიანების. ვალით თუ უნდა ვიყიდო რამე, არ მინდა, როგორმე „შანელის” ჩანთით სიარულის გარეშეც გავძლებ, უმაგისობას როგორმე გადავიტან. სახლში ერთი უსარგებლო ნივთიც კი არ მაქვს. არ ვიცი, რა არის „ბეზძელუშკა”. არ მიყვარს ნივთები, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს. ისე, უბრალოდ სამშვენისად რომ ნივთებს აწყობენ სახლში, რაც ადრე უფრო იცოდნენ, არ შემიძლია. „ბეზდელუშკა” ნიშნავს უსაქმურ რაღაცას, ამისკენ არასდროს მიწევს გული.