№9 როგორ მოვუაროთ ფეხებს და შევინარჩუნოთ გლუვი კანი
ფეხების მოვლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახის კანის. არსებობს რამდენიმე აუცილებელი წესი, რომელთა დაცვაც მოხდენილი და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
* თუ დღის ბოლოს ფეხები ძალიან დაგეღალათ, ნუ დაიზარებთ, აუცილებლად გაიკეთეთ სამკურნალო ბალახეულის, მაგალითად: პიტნის, ლავანდის ან მარილის აბაზანები. პროცედურის ბოლოს, შეგიძლიათ, ფეხებისთვის კონტრასტული აბაზანაც გამოიყენოთ.
* წყლის აბაზანების შემდეგ, ტერფები დამარბილებელი კრემით დაიზილეთ. მასაჟის დროს მოძრაობა ფეხის თითებიდან ქუსლისკენ მიმართეთ, ძლიერად დაიზილეთ თითების ბალიშები და ფეხისგულები.
* კვირაში ერთხელ ფეხისგულებზე „სკრაბი” წაისვით და ჯაგრისით ან პემზით დაიმუშავეთ.
* უარი თქვით სინთეტიკურ ქსოვილზე. შეარჩიეთ შალის ან ბამბის წინდები და კოლგოტები, ფეხსაცმელი კი – ნატურალური ტყავის. ნატურალური მასალა კარგად იწოვს ოფლს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
ხშირი პარსვა კანს აღიზიანებს, აშრობს, სიგლუვეს უკარგავს და ხშირად, გამონაყარსაც იწვევს. თუ გსურთ, პარსვისგან გამოწვეული დისკომფორტი მოიხსნათ და შეინარჩუნოთ გლუვი და ლამაზი კანი, მაშინ ქვევით მოყვანილი წესები გაითვალისწინეთ:
* გაპარსვამდე, რამდენიმე საათით ადრე, ფეხებზე ზეითუნის ზეთი წაისვით. ეს კარგია იღლიის ზონაზეც, რადგან პარსვის დროს, კანი ნაკლებად ღიზიანდება, რბილდება და პარსვას აადვილებს.
* კარგად დაიმუშავეთ კანი, სანამ გაიპარსავთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სკრაბი ან სხვა საშუალება. რაც უფრო მეტ ჭუჭყს და აქერცლილ კანს მოიშორებთ, პარსვის შემდეგ კანი უფრო გლუვი და სასიამოვნო შესახები გახდება.
* გამორიცხეთ ნებისმიერი საპარსი გელი და კრემი, რომელიც სპირტს შეიცავს, რადგან კანს აღიზიანებენ.
* გამოიყენეთ პარსვის შემდგომ დამამშვიდებელი კრემი. სასარგებლოა, მენთოლის ან ალოეს კრემი, რომელიც კანს სიწითლეს ააცილებს.
* ხშირად შეცვალეთ საპარსი პირები. ეს ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, თავიდან აირიდებთ ბლაგვი საპარსით შექმნილ დისკომფორტს.
* პარსვის შემდგომ, სიწითლის ან დისკომფორტის შემთხვევაში, ცივი კომპრესები შესანიშნავი საშუალებაა.
კონტრასტული შხაპი ფეხის დაღლილობის მოსახსნელად: ამ პროცედურის ჩატარება ძალიან იოლია. ფეხებზე ცივი და ცხელი შხაპი მონაცვლეობით უნდა მიიღოთ მუხლიდან ტერფამდე. პროცედურა 5-10-წუთიანია და აუცილებლად, ცივი შხაპით უნდა დასრულდეს. დაღლილობის მოხსნასთან ერთად, ეს მანიპულაცია ფეხის სისხლძარღვებსაც ავარჯიშებს.
ზღვის მარილის ფეხის კანის დამარბილებელი აბაზანები – აბაზანაში გახსენით 3 სადილის კოვზი ზღვის მარილი და ფეხები 15 წუთით ჩაყავით შიგ. დროდადრო შეგიძლიათ, ცხელი წყალი ჩაამატოთ, აბაზანა რომ არ გაგიცივდეთ. ასეთ აბაზანას მატონიზირებელი და დაღლილობის მომხსნელი ეფექტი ექნება. ასევე, კუნთების დაჭიმულობას მოგიხსნით და ქუსლებზე კანს დაგირბილებთ კეფირის, სოდის, პიტნისა და სალბის აბაზანები.
დატენიანება და კვება – ფეხის კანის დასარბილებლად, შესანიშნავი საშუალებაა მცენარეული ზეთი, მაგალითად, აბუსალათინის. ძილის წინ შეიზილეთ ზეთი და დილისთვის კანი შესამჩნევად რბილი იქნება.
ტერფებზე ბევრი საოფლე ჯირკვალია განლაგებული, რასაც ფეხების ძლიერ ოფლიანობამდე მივყავართ. ოფლიანობას, თავისთავად უსიამოვნო სუნიც ახლავს, რომლისგან გათავისუფლებაც აბაზანებით შეგიძლიათ.
მუხის ქერქის აბაზანა – აბაზანის გაკეთება მიზანშეწონილია ყოველდღიურად. 100 გრამ მუხის ქერქს, დაასხით 3 ლიტრი წყალი და 20 წუთი ადუღეთ. ფეხები ნახარშში უნდა მოათავსოთ, დაახლოებით 20 წუთით.
შავი ჩაის აბაზანები – ოფლიანობისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს. გააკეთეთ შავი ჩაის ნახარში და ჩაყავით ფეხები. შედეგად იგრძნობთ სიმსუბუქეს, მოგემატებათ ტონუსი, გათავისუფლდებით უსიამოვნო შეგრძნებებისა და სუნისგან, მოგეხსნებათ დაღლილობა.