№9 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
ისტორია ოცდამეცამეტე
მოულოდნელი კაპიტულაცია
(მოქმედი პირები: ეკა, ლაშა და ვაჟა)
ისე სწრაფად აღმოვჩნდით ჩემს ბინაში, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. ჩემი კარის დაკეტვა და ლიფტის კარის გაღება ერთი იყო. თუმცა ყველაზე ნაკლებად ახლა ამ კაცის დანახვა მინდოდა, თან – ჩემს სახლში. ყველაზე ნაკლებად კი არადა, საერთოდ არ მინდოდა, არც ახლა და არც აღარასდროს. ლანამ გამიჩალიჩა?! არა, ლანა აზრზე არაა, ალბათ, თავისი აზრით, მირიგებსავით. ისე ვერ იტანს იმ თავის რძალს, მე კი არადა, ორნაქმარევსა და ათშვილიანსაც კი გაურიგებს თავის ძმას. კიდევ კარგი, უხერხულად მაინც გრძნობს თავს. ისე, ამის რა ბრალია? ფაქტობრივად, მე თვითონ მივართვი საკუთარი თავი ლანგრით: მე არ ვიყავი, აბრეშუმის ხალათსა და პერანგში რომ ვეყელყელავებოდი?! თუ არ ვიცოდი, რა მოჰყვება ხოლმე ასეთ ცერცეტს?! მერე ერთი დამიქნია ხელი და სხვა ქვეყანაში გავყევი, შუაღამისას. ჰოდა, იდოიტი ცვედანი ხომ არ იყო, ჩვენ შორის ორლესული ხანჯალი ჩაედო?! რაც დავიმსახურე, ის მომართვა. დავიმსახურე რა, რაც მინდოდა, ის მომართვა. მე კიდევ გამიტყდა – არა, რა, ჩემნაირი ჭკვიანი ქალებიც კი სულელები არიან! დედა, რას ვიქებ თავს?!
– ვის უცინი? – ლაშას ფიზიკურად იქ არსებობა სულ დამავიწყდა, იმიტომ რომ, რაც ჩამოვედი, ჩემი ფიქრები მაინც სულ მას უტრიალებდა. არა, მასზე კი არ ვფიქრობდი, მამაკაცს ასეთ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ, ჩემს თავზე ვფიქრობდი, თუ როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში.
– შენ არა, ყოველ შემთხვევაში.
– შალვას რატომ არ მოაყვანინე თავი? გვარიშვილობა ჩამოგერთმეოდა?
– რომ ჩამოგერთვას, უნდა გქონდეს.
– არ დაგიტოვებია კომპლექსიანის შთაბეჭდილება, მაგრამ გატენილი კი ყოფილხარ კომპლექსებით.
– გვაპატიეთ, ბატონო. თქვენ, გვარიშვილიანებმა და უკომპლექსოებმა, ჩვენ, უგვანებსა და კომპლექსიანებს!
– გაპატიებ! შემომიპატიჟე, ცოტა მომემსახურე, მითხარი, იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლშიო.
– მოგემსახურე მე შენ უკვე, თან, უფასოდ და კაი ხანს. ახლა შენ გამოიანგარიშე, რა დაგიჯდებოდი, ცირკის მიმდებარე ტერიტორიიდანაც კი რომ აგეყვანე.
– მეც უფასოდ მოგემსახურე, სხვათა შორის და ძალიანაც მოგეწონა ჩემი მომსახურება. ნუ ელი, რომ რამეს დაგითმობ. თუ პრობლემაა რამე, თქვი, რამდენი და გადავიხდი, – ვიცოდი, რომ შეურაცხყოფას არ მაყენებდა, ჩემი იმ მაზოხისტური პოზიდან გამოყვანას ცდილობდა, რომელშიც, რატომღაც, მომეწონა ყოფნა. უნდა გამოვეფხიზლებინე, ამიტომ არ მინდობდა თუ თავს ვიტყუებდი, ნეტავ?!
– მგონი, პირიქითაა საქმე. მე უნდა გადაგიხადო. შენ ჩემზე პროფესიონალი პროსტიტუტი აღმოჩნდი.
– მართალი ხარ, გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მე შენზე დიდი ხანია, რაც პანელზე ვდგავარ, – გამეცინა, იმდენად გულღიად მიპასუხა.
– დადე ეგ ჩანთა. თავისუფლად იყავი. არ გეცემი, ნუ გეშინია, სანამ ფასზე არ შევთანხმდებით; და რა გითხრეს იქ ექიმებმა ან ის საიდან გაიგე, რაც თქვი? – გულწრფელად მაინტერესებდა.
– შენ მე სიცოცხლე მაჩუქე. მართლა.
– კაი ახლა, ნუ აბუქებ, ვინც უნდა წოლილიყო შენ გვერდით და ეს, ალბათობის თეორიით და იმ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რითაც მე ამარჩიე, შეიძლება, ყოფილიყო ლამის ნებისმიერი, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ახალგაზრდა ან ჩემსავით არც ისე ახალგაზრდა ქალი, გაიღვიძებდა და დაგეხმარებოდა. ასე რომ, ეს მხოლოდ შემთხვევითობაა და სამადლობელიც არაფერია, – გადავაქნიე თავი.
– შენ სულ ასეთი სიგრძის კაბებით დადიხარ?
– და რა, არ შეიძლება?! რა იცი, კიდევ ვის და რას გამოვკრა ხელი?! მაგრამ აწი უფრო ჭკუით მოვიქცევი: ჯერ ფასს დავაზუსტებ და ავანსსაც ავიღებ წინასწარ! – გამომწვევად ვუპასუხე, მაგრამ მე ის ამბავი მაინტერესებდა, ლაშას გაკენწვლას ყოველთვის მოვასწრებდი: მომიყევი, როგორ გაიგე და რა გაიგე?
– მოკლედ, დეტექტივი დავიქირავე წასვლის დღეს, რაღაც საეჭვო მენიშნა და იმის დასადგენად. სატელეფონო საუბარი მოვისმინე და მაინც არ მჯერა ბოლომდე.
– პარალელურად, გაილაღე კიდეც ხომ? როცა მამაკაცი ცუდადაა, რას ეძებს? დიახ, ქალს. აი, ამის წყალობით გამისეირნია მე სტამბოლში. მაგრამ ახლა სიტყვა სიტყვით მომიყევი ყველაფერი!
ჰოდა, მომიყვა სიტყვა სიტყვით, ოღონდ ფრაზა „ჩემი ცოლი“ არცერთხელ არ უხსენებია და ესეც მიაყოლა: არ გამომიყენებიხარ, ზურასთან მივდიოდი, რომ გამომყოლოდა და კიბეებზე ამოსვლისას შენთან დავრეკე ზარი. უარი რომ გეთქვა, არც არაფერი, ზურასთან ავიდოდი. არც შენი წყენინება მინდოდა, არც შეურაცხყოფა მიფიქრია, არც გამოყენება. კი, ისე გამოვიდა, რომ თითქოს გამოგიყენე, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ წამყოლის მოძებნა არ გამიჭირდებოდა.
– ვიცი და უღრმეს მადლობას მოგახსენებ, რომ მე, უღირსი, ამირჩიე, – ჩემი კომპლექსები ისევ იღვიძებდა, საღი აზრი კი ისევ იძინებდა.
– ვერც წარმოვიდგენდი, რომ წამომყვებოდი, ეს ერთი; ვერც დავიჯერებდი, ვისაც უნდა ეთქვა, რომ ჩემთან დაწვებოდი ეგრევე, ეს მეორე და ვერც ვიოცნებებდი, რომ ქალს, რომელსაც, ფაქტობრივად, არ ვიცნობ, ასე შევეწყობოდი ლოგინში, ეს მესამე და მთავარი.
– ვერც მე, – ჩემში ისევ საღი აზრი იღვიძებდა, – და რა უნდა ქნა ახლა?
– ზურას რომ საყვარელი ჰყავს, იცი? – მისი ეს კითხვა არ მესიამოვნა. თან, ტვინში მირახუნებდა, რომ ლანაც იმავეს უკეთებდა ზურას, რასაც ის დედაკაცი (ოო – უკვე დედაკაცად მოვიხსენიე, ეს დიაგნოზს ჰგავს, ეკა!), უბრალოდ იმის იმედი მქონდა, რომ ლელი სასიკვდილოს არაფერს მისცემდა.
– ეს შენი დის საიდუმლოა.
– ესე იგი, იცი.
– რას აპირებ? ძალიან საშიში ამბავია, რაც გჭირს. ტყუილად იცინი. ახლა სუფთა ხარ და ვეღარ უნდა მოახერხოს, რომ ისევ დაგსვას იმ წამალზე, – გულწრფელად ვღელავდი, – გინდა, წაგიყვანო, ერთი ქალია, მკითხავი კი არ არის, აი, ასეთ რამეებს ხსნის.
გაეცინა: არა, არ მინდა, მე თვითონ მოვუვლი ამ ამბავს და არ გინდა, რამე მაჭამო?
– არა, არ მინდა.
– იმიტომაც ხარ გაუთხოვარი.
– ანუ მარტოხელა?
– არაფერი მარტოხელა შენ არ ხარ. უცებ იშოვე აეროპორტიდან სახლში წამომყვანი და უცებ მიშოვე მე. ერთი სული მაქვს, შემიპატიჟო საძინებელში, – ლაშამ გაურკვეველი ორიენტაციის არსებასავით სასაცილოდ აიქნია ხელი.
– აი, ახლა არ დაიწყო, არ გამაქანო. ისედაც ვერ ვარ საღ გონებაზე, ხომ ხედავ?! და ის შენი ცოლი რომ მომივარდეს და გამჩეჩოს? – სავსებით სერიოზულად ვკითხე.
ხარხარი აუტყდა: მე მეგონა, ჩემი ერიდებოდა, ამას კიდევ რისი შინებია?! – ლაშა ჩაბჟირდა.
– მეშინია, აბა, არ მეშინია?! არ მინდა, ბატონო, გადავყვე შემთხვევით კავშირს.
– ნუ გეშინია. მე დაგიცავ, – ეს თქვა და ტელეფონი ამოიღო, საუბრიდან მივხვდი, ლანას დაურეკა: წავიდა?! ხომ არ ისკანდალა? ძალიან კარგი. ლანა, მე აქ დავრჩები, ეკასთან. შენი ხათრით დამთანხმდა. ასე ჯობია, ეგ ამ სახლთან იტრიალებს ამაღამ. არსად წავა. ამოწმებს, ცოცხალი ვარ თუ არა. კაი, ჩამოიტანე. თორემ მომკლა ამ შენმა მეზობელმა მშიერი და ისეთი თვალებით მიყურებს, საცაა გარეთ გამიძახებს ჩემი ჩანთიანად, – ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა ტელეფონი გათიშა თუ არა, კარისკენ მიმანიშნა, გააღე, ლანა ხაჭაპურებს ჩამოიტანსო.
გაოგნებული ვუსმენდი! ტიპმა მოახერხა, რომ ჩემთან დარჩენილიყო და ვითომც არაფერი. მაგრამ მესმოდა, რომ შარში იყო და ამიტომ კართან მივედი. ლანა შპიონივით შემოვიდა: ჩუმად და საქმიანად: ეკა, გეხვეწები, აჭამე, დააბანინე და დააძინე. არ შეგაწუხებს. უპრეტენზიოა. თავისთვის იქნება. თუ გინდა, თეთრეულს ჩამოგიტან.
– კაი, ლანა, ახლა. ცივ ნიავს არ მივაკარებ შენს ძამიკოს. თუ გინდა, „იავნანასაც“ ვუმღერებ.
– ჰო, კაი, კაი. ლაშა, აბა, შენ იცი. წავედი. ის ალქაჯი არ წამოგვადგეს თავზე.
ლანა გავაცილე და ცოტა დავიბენი, მაგრამ რა გავახურე საქმე. ადამიანს უჭირს, ჩემი თითქმის მეგობრის და ნამდვილად მეზობლის ძმაა. ნუ, რა მოხდა, თუ მისივე დის ჩამოტანილ საჭმელს ვაჭმევ და ღამეს გავათევინებ?! თან, ნორმალურია, ეგ მე არ მეცემა და არაფერს დამაძალებს, – ამ ფიქრებით თავს ვიმშვიდებდი. რა თქმა უნდა, ლაშა მე არ მეცემოდა, მაგრამ აი, იმაზე კი თავს ვერ დავდებდი, რომ მე არ ვეცემოდი. ვიღაც უცნაური იღვიძებდა ჩემში. კონტროლი შემეძლო, მაგრამ იმდენად ახალ, უჩვეულო და ნეტარებამდე მისულ იმპულსებს ვგრძნობდი სხეულსა და გულში, რომ მეეჭვებოდა, მყოფნოდა ძალა ამ ცდუნებასთან გასამკლავებლად.
– სუფრას გაგიშლი და აქ დაგიგებ. შხაპი მიიღე და დაიძინე, – ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა ისე უცნაურად გამიღიმა, რომ გულმა რეჩხი მიყო. არ იყო ლაშა ის კაცი, მისაღებ ოთახში, ტახტზე დაეძინა. და მე რატომ ვერ გავუწევდი ვითომ წინააღმდეგობას? ან რომელი მორცხვი, უბიწო გოგო ვიყავი?! გაგიკვირდებათ და, ისიც კი მეგონა, რომ სწორედ ასეთი ვიყავი.
აბაზანაში შევიდა, მე ამასობაში ლანას მიერ ჩამოტანილი დავაწყვე მაგიდაზე. გამოვიდა, უტიფრად წელზე პირსახოცშემოხვეული და აი, ასე ნახევრად შიშველი არხეინად დაჯდა მაგიდასთან.
– ცოტა რომ მომერიდო, არა?! – აღშფოთებისგან საცაა დავიგრგვინებდი.
– გერიდები და იმიტომ შემოვიხვიე პირსახოცი. თუ გშურს, შენც გაიხადე, შემოიხვიე პირსახოცი ჩემს ჯინაზე და დაჯექი!
– ეს ჩემი სახლია და შემიძლია, უცერემონიოდ გაგაგდო აი, მაგ პირსახოცშემოხვეული.
– შეგიძლია, მაგრამ ამას არ გააკეთებ. მაგრამ მე ახლა მივირთმევ, ამ მაგიდიდან ავდგები და დაგიმტკიცებ კიდევ ერთხელ, რომ არანაირი რიგითი ქალი შენ არ ხარ, არც შემთხვევითი. თუმცა, მგონია, რომ ისედაც მშვენივრად იცი, სულელი არ ხარ და იქაც მიხვდებოდი! და შენივე საძინებელშიც გავიმეორებ – უფრო ხარისხიანად!
ღრმად ჩავისუნთქე – ასეთ თავხედობას მე აღარ ავიტანდი – რომ ჩემმა ტელეფონმაც დარეკა. ცალი თვალით დავხედე ნომერს და ზარს დავუწიე.
– რატომ არ პასუხობ? – ლაშა დაიძაბასავით, ისე, მართლაც, რატომ არ უნდა ვუპასუხო?! – გავიფიქრე უცებ და ტელეფონს დავწვდი.
– მე საძინებელში გავალ, პირადი ამბავია, – ნაჩქარევად ვუთხარი, ტელეფონის ეკრანზე თითი გავასრიალე და საძინებლის კარი მივიკეტე.
– ვერ დაგირეკე, საქმეები გამომიჩნდა… და როდის იყო, ასე ღელავდი ჩემზე ან ყოველდღე ერთმანეთს მოვიკითხავდით?! არ გინდა ახლა ეს რომანტიკა, ზედმეტია… სად ამოხვალ?! რას ჰქვია, ამოხვალ?! მე ამოვდივარ შენს სახლში, თუ საიდან დაადგინე?! მერე შენ რა, დედაჩემი არის თუ არა?!. არ ვბრაზდები… ვერ ვიტან ამ უცერემონიობას… ნუ, რას იზამ, ძალიან არ გაგიმართლა: უხეში და ცივი ვარ. და როდის დაგიშალე ნაზებთან და ცხელებთან ურთიერთობა?! ოჰოჰო, რა ბზიკმა გიკბინა?! დიდი მადლობა, მაგრამ ვერანაირ იბიცაზე მე ვერ წამოვალ… ვაჟა, მომისმინე, ეს ურთიერთობა არ მაწუხებს იმიტომ, რომ ვალდებულებები არ მაქვს. არც შენ გაქვს. თუ გაწყობს, ესაა, თუ არადა – გაკავებ?! ფრიგიდული ვარ და უგრძნობი, სამწუხაროდ. მეტიც, მგონი, ქალები მომწონს, იცი?! რაღაც ცუდად მიმირბის ამ ბოლო დროს თვალები მათკენ. ამ დღეებში მოვნახავ დროს, თუ შენც გამოგიჩნდა, კი ბატონო, შევხვდეთ… ცხლად როდის გამოსულა, რო?! აწი უფრო თუ გავცივდები. მხოლოდ მეგობრობაც არაა ცუდი, მგონი. კი, აუცილებლად შევხვდეთ ამ დღეებში. კაი… როდის იყო, რომ ასეთ რამეებს გეუბნებოდი. არ მიყვარს, ხომ იცი – ეს საყვარელო-მაყვარელო და გკოცნი-მკოცნი. წავედი. არ გექცევი ძაღლივით, თან, მიყვარს ძაღლები ძალიან. კაი, წავედი.
საძინებლიდან რომ გამოვედი, ლაშა ისევ მაგიდასთან იჯდა.
– ჩემი საყვარელი იყო, – ვუთხარი, მის პირდაპირ დავჯექი და თვალებში მივაშტერდი. შანსი მომეცა, ლაშასთვის ჩემი მისამართით ყველანაირი ემოცია ჩამეკლა, თუ, რა თქმა უნდა, რამე მსგავსი აპირებდა გაღვიძებას. ეს მეც დამაბრუნებდა ნაცრისფერ რეალობაში, რომელსაც ჩვენ ვაფერადებთ ილუზიებით, რომ შემდეგ მასში გავიფანტოთ ნამსხვრევებად.
ლაშა დუმდა, სამაგიეროდ, მე გავიკრიფე ენად: კაი ხანია, ურთიერთობა გვაქვს. მსუბუქი, მაგრამ რომანტიკული და ვნებიანი…
საკმაო ხანს ვილაპარაკე, ლაშა არ მაწყვეტინებდა. ის კი შევამჩნიე, რომ ყველაფერი შეჭამა, რაც მაგიდაზე ეწყო. ჭამდა ნელა და ნება-ნება. რომ დაამთავრა, მადლობა გადამიხადა და თვალებში მომაშტერდა: მართლა ქაჯი გგონივარ?! რომ ქალი თუ მომწონს, ის დავითვალო, რამდენთან იწვა ჩემამდე?! დიდი ბოდიში მათთან, მაგრამ შენ არაფერი გეტყობა იმის, რომ ვინმესთან იწექი! გავიწყდება, რომ პროფესიონალ შალავასთან ვცხოვრობდი (აქაც მოახერხა და არ ახსენა „ჩემი ცოლი“)?! შენ მე ამით ვერ დამაფრთხობ, რამე უფრო ჭკვიანური უნდა მოიფიქრო და სანამ შენ მოიფიქრებ, მე სხვა რამეს გაჩვენებ და იქნებ გადაიფიქრო კიდეც. ნუ მებრძვი, ჩვენ მტრები არ ვართ.
ეს კაცი ყველა ჩემს სუსტ წერტილს ურტყამდა ერთდროულად. მე კი ვუძლებდი ასეთ მასირებულ შემოტევას, მაგრამ ჩემი სხეული – ვეღარ და საცაა სრულ კაპიტულაციას გამოაცხადებდა. ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება…
– ოღონდ ისევ არ დახუჭო თვალები!
ისტორია ოცდამეთოთხმეტე
ცოლისა და საყვარლის დიალოგი - ჩინური ჩაის გაყვავილება
(მოქმედი პირები: თეო და ლანა)
თეო ის იყო აბაზანიდან გამოვიდა, თმა ოდნავ შეიშრო და ჩვევისამებრ სუნამო შეისხა ნოტიო თმის ძირებში. ამჯერად „მადმუაზელს“ დასწვდა, ნაცნობი სურნელის ტონების დაშლას მიჰყვა და ფიქრებმაც წაიღო. სულ ასე ემართება – ყველა სუნამო, მეტიც, ნებისმიერი სურნელი საკუთარ მოგონებას უნახავს. მერე სად და რომელი დაატყდება თავს, არავინ იცის და თეოც მონუსხულივით მიჰყვება ამ ბილიკებს. ამჯერად ზურასთან დაკავშირებული ერთი სასაცილო ამბავი ამოტივტივდა. „მადმუაზელი“ ახალი აჩემებული ჰქონდა და სულ თან დაატარებდა. ჰოდა, იმ საღამოს ჩანთიდან გადმოუვარდა და ზურას ქურთუკზე დაეცა. ზურამ ზუსტად იმ დროს დაძრა მანქანა, ხელი რომ წაატანა და ფლაკონის საცობი შერჩა ხელში. თან, გვარიანად გაასხმევინა პულვერიზატორს... ზედ ზურას ქურთუკზე... მაშინ ის ქურთუკი თეომ დაიტოვა, სანამ სურნელი არ გაუვიდა ტყავს... მთელი სეზონი ეკიდა თეოსთან, ბოლოს, ზურამ, აქ იყოს, ამას სადღა წავიყვან აწი, შეგეჩვიაო. სინამდვილეში კი... ალბათ, ლანას ვეღარ დაანახვებდა... ჰო, ნეტა, ახლა რას ეუბნება იმ ქალს... თეომ შენიშნა, რომ მას მერე, რაც დუდუ ნახა და ზურას აღსარებაც მოისმინა, ლანას ქათამს აღარ უწოდებდა. თითქოს მის მიმართ სიბრალულიც კი გაუჩნდა... მაგრამ ეს დღეები იმდენად არეულია, მოვლენებითა და ემოციებით ისე დაიხუნძლა, ლანაზე ვერ იფიქრებს ნამდვილად.
თეომ თმა ისევ აიჩეჩა, ისევ ზურაზე ფიქრმა წაიღო, რადგან, როცა სექსის დროს თმა ოფლიანდება, სუნამოს სურნელიც მძაფრდება და...
ნეტა, ვინ არის ასე გვიან? არავის ველოდები და გარკვევით ვუთხარი, მგონი, ორივეს, რომ ჯერ სერიოზული საუბრების დრო არ მაქვს, ბაგრატიჩი ისევ საავადმყოფოშია და არც ირაა საბოლოოდ გამოკეთებული... – თეომ უკმაყოფილოდ გადაატრიალა ურდული და კარი მკვეთრი მოძრაობით გააღო.
– არც იკითხავ, ვინ არის? – ჩემ წინ ლანა იდგა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში